ვართ დემოკრატიული ქვეყანა? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
10-08-2015
ვართ დემოკრატიული ქვეყანა? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
მიმაჩნია, რომ დღეს "რუსთავი 2" ქარ­თულ ტელესივრცეში ერთადე­რთი ტელევიზიაა, რომელიც პროპაგანდითაა დაკავებული. შეიძლება სხვა ტელევიზიებსაც აქვთ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები, მაგრამ პროპაგანდა სულ სხვაა, თან მდარე ხარისხის. ამის დასტურად მარტო "ქერის უბნისა" და "ვანოს შოუს" დასახელებაც კმარა, სხვა პოლიტიკურ გადაცემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასევე მიმაჩნია, რომ საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი უფლებაა და ქიბარ ხალვაშს ვერავინ აუკრძალავს, იბრძოლოს ამ უფლებისთვის, მაგრამ... მაგრამ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არ დაიწყო ბრძოლა ამ უფლების აღსადგენად მაშინ,
როცა "ნაცმოძრაობა" გავისტუმრეთ? ხომ არ იყო მაშინ დუმილი პოლიტიკური გადაწყვეტილება?

თუ ასეა, ახლა ბრძოლის დაწყება ასევე პოლიტიკური თამაში გამოდის. თავის დროზე რომ დაეწყო ბრძოლა, ამდენი ეჭვი არავის გაუჩნდებოდა, ახლა კი ბევრი ვარაუდის საფუძველი ჩნდება. მაგალითად, ხომ არ მოხდა ისე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შემთხვევაში, როდესაც
ივანიშვილმა (მისივე აღიარებით) ის არ დააჭერინა და ახლა მისი ისე ეშინიათ, რომ მზად არიან, კანონი შეცვალონ და ეროვნული ბანკი დაანგრიონ, ოღონდ მათი აზრით საშიში ქადაგიძე გაანეიტრალონ. თუ ადამიანი დასაჭერია, არ შეიძლება პოლიტიკოსმა გადაწყვიტოს, უნდა აღსრულდეს თუ არა კანონი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეშიც იგივე მოხდა. ხალვაშს თავიდან მოცდა სთხოვეს, ჯერ არ ქმნის საფრთხეს ეს ტელევიზია და არ გვინდა ზედმეტი პრობლემები, ყვირილი, იტყვიან, მედიას ებრძვიანო, ამიტომ არ იბრძოლო მის დასაბრუნებლად. თუ რამე საფრთხეს შექმნის, სარჩელის შეტანას ყოველთვის მოასწრებო. ახლა კი, როცა არჩევნები ახლოვდება და ამ ტელევიზიის გააქტიურებასაც ხედავენ, ეს გადანახული იარაღი ამოქმედდა.

ეს ყველაფერი ვარაუდია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დასაბუთებული და ლოგიკურია. სხვანაირად მიჭირს ავხსნა, რას ელოდებოდა ბატონი ხალვაში 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე. თუ ეს ჩემი ვარაუდი მართალია, ეს ბრძოლა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გამოდის. ძალიან სახიფათოა, როცა სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკური თამაშის ნაწილი ხდება, მით უმეტეს, როცა საქმე მედიას ეხება!

მეორე საკითხია თავად ხალვაშის ფიგურა. თავის დროზე, მასაც უცნაური მეთოდებით ჩაუვარდა ხელში "რუსთავი 2", ეროსი კიწმარიშვილის ყოფილი პარტნიორებიც, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, დაობენ, რომ მათაც უკანონოდ ჩამოართვეს ეს ტელევიზია. თან დღეს ბატონი ქიბარის და "ქართული ოცნების" წევრია. რას უნდა ველოდოთ, თუ "რუსთავი 2" მის ხელში აღმოჩნდება? სამართლიანობა აღდგება? და პირველი მფლობელების პრეტენზიებს რა ვუყოთ? "რუსთავი 2" ობიექტური გახდება? და იმას რა ვუყოთ, რომ ქიბარ ხალვაშის და "ოცნების" წევრია? ხომ არ მივიღებთ მაინც წართმეულ ტელევიზიას უკვე ხელისუფლების სასარგებლოდ მომუშავეს? ჩემი აზრით, ეს უარესი შედეგი იქნება: არჩევანი ძალიან მარტივია (თუ მხოლოდ ასეთი არჩევანი გაქვს): ხელისუფლების არაობიექტური კრიტიკა ჯობია ხელისუფლების "ობიექტურ" ქება-დიდებას! ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმის არც ერთ ჩვენს ხელისუფალს! თუ ფიქრობ, რომ ტელევიზია იტყუება, მის წინააღმდეგ ძველი მეპატრონე კი არ უნდა აამუშაო, არამედ მის ყველა გადაცემაში მიხვიდე და მისივე ეთერით ამხილო. უთხრა, რასაც ფიქრობ მასზე. ეს ერთადერთი სწორი გზაა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ ტელევიზიასთან საბრძოლველად, თუ, რა თქმა უნდა, ვართ დემოკრატიული ქვეყანა.

გაკვეთილები


ჩემთვის აგვისტოს ომი პირველ რიგში სამეგრელოს ოკუპაციასთან ასოცირდება, რადგან მთელი ომი იქ გავატარე როგორც ჟურნალისტმა და ჩემი თვალით ვიხილე, როგორ ბედის ანაბარა იყო მიტოვებული ქვეყანა, როგორ თავისუფლად დანავარდობდნენ რუსი ოკუპანტები სამეგრელოში, ისროდნენ გაუგონარი სიდიდის ბომბებს, აფეთქებდნენ გემებს, ანგრევდნენ ბაზებს... ხელის შემშლელი არავინ იყო. ასეთი უმწეობის განცდა არასოდეს მქონია! გაორებული გრძნობა მქონდა: ცალკე რუსები მძულდა, ცალკე ჩვენს ხელისუფლებაზე მეშლებოდა ნერვები, რომელმაც რამდენიმე დღეში დაამთავრა ომი და ხალხი რუსების პირისპირ დატოვა.

აგვისტოს ომის ყველაზე სამარცხვინო ლაქაა ის, რომ ჯარისკაცებზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დავკარგეთ, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ჯარს უკან დახევა ისე უბრძანა, რომ მოსახლეობის ევაკუაციაზე არ უზრუნია. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: სააკაშვილის მთავარი დანაშაული ამ ომში ხალხის ასე მიტოვება და გაწირვა იყო. როგორც კი ომის სუნი იგრძნეს, ოსებმა მაშინვე დაიწყეს ცხინვალიდან ხალხის გაყვანა, ჩვენმა ხელისუფლებამ კი იმის შიშით, ომის დაწყება არ დაგვაბრალონო, ხალხი წინასწარ არ გაიყვანა საშიში ზონებიდან. მთავარი მათთვის ის აღმოჩნდა, ვის დაჰბრალდებოდა ომის დაწყება! დღემდე ასეა. ამაზე აქვთ აქცენტი გადატანილი და სხვა არაფერი აინტერესებთ. არადა, მთავარი ის კი არ არის, ომს ვინ იწყებს, არამედ ის, ომს ვინ იგებს ან აგებს. სამწუხაროდ, ჩვენ 2008 წელს კიდევ ერთი ომი წავაგეთ! კიდევ ერთხელ დავკარგეთ ხალხი და დავკარგეთ დამატებით ტერიტორიები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დავმარცხდით ყველასთან, ვისთანაც დამარცხება შეიძლებოდა: ოსებთან, აფხაზებთან, რუსებთან! მართალია, ყველა ომში ჩვენ სინამდვილეში რუსეთი გვებრძოდა, მაგრამ ჩვენზე გამარჯვების დღეებს სწორედ აფხაზები და ოსები ზეიმობენ.

მთავარია, გაკვეთილი თუ ავითვისეთ. რაც ამ ყველაფრიდან უნდა ვისწავლოთ, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: წინასწარ წაგებულ ომში არ უნდა ჩაება; მაშინ არ უნდა გაისროლო, როცა შენს მტერს აწყობს; სხვის პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგო; რისი მიღწევაც ომით არ შეგიძლია, ჭკუით უნდა მიაღწიო და ა.შ.
გელა
21 აგვისტო 2015 12:39
მერაბ, "რუსთავი-2"-ის გადაცემები მდარე ხარისხის არის თუ არა, შეფასება გემოვნების საკითხია (რომელშიც, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე, ძალუმად ერევა წინაწარი განწყობის ფაქტორი - თქვენ მიერ ნახსენები პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებიები)!

ტელემაყურებელო, არ მოგწონს ესა თუ ის არხი? გადართე სხვაზე, მარტო ქართულიც კი უამრავია, შეარჩიე რომელიმე "ა პ რ ო პ ა გ ა ნ დ ი ს ტ უ ლ ი ", უადვილესი საქმეა - თქვენივე მტკიცებით, პროპაგანდის გამწევი საქართველოში ე რ თ ა დ ე რ თ ი რუსთავი-2 ყოფილა! (ისე, საინტერესოა, რა ტელევიზორი გაქვთ ასეთი, ამ დასკვნამდე რომ მიგიყვანათ?).

რაო, ამ ხელისუფლებას მხოლოდ ის ადარდებს, "მდარე" ხარისხის იუმორით შებღალვისაგან ქართველი ტელემაყურებლის ფაქიზი გემოვნება ვიხსნაო?!

ისე, ესეც ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი გადაცემა ეს არის პ რ ო პ ა გ ა ნ დ ა. მაგალითად, როდესაც მტერი გიტევს და ამ დროს საყურებლად თუნდაც ძალიან სასიამოვნო, ყველასთვის საყვარელ, სრულიად აპოლიტიკურ ფილმებს აჩვენებ, ესეც პ რ ო პ ა გ ა ნ დ ა, დიახ, ერის დაჩმორების პ რ ო პ ა გ ა ნ დ ა!

გეთანხმებით:

"თუ ტელევიზია იტყუება, მის წინააღმდეგ ძველი მეპატრონე კი არ უნდა აამუშაო, არამედ მის ყველა გადაცემაში მიხვიდე და მისივე ეთერით ამხილო... ეს ერთადერთი სწორი გზაა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ ტელევიზიასთან საბრძოლველად, თუ, რა თქმა უნდა, ვართ დემოკრატიული ქვეყანა".

ვაააართ კი დემოკრატიული ქვეყანა?!!

მარტო თქვენი კოლეგის - ა რ ა ნ ა ც ი ელისაშვილის ფუჭი მცდელობების ეპოპეა ნუთუ არ გაძლევთ შესაბამისი დასკვნის გამოტანის საშუალებას?!!

ეგ არაფერი, ბატონო მერაბ! როგორც გნებავთ, ისე ჩათვალეთ, მაგრამ უ მ ძ ი მ ე ს შთაბეჭდილებას ახდენს თქვენი ახსნა-განმარტებები ა გ ვ ი ს ტ ო ს ო მ ი ს თაობაზე!!!

არც ისე ბავშვი ხართ, რუსული გეცოდინებათ (სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ამას საჭიროდ არ თვლის!).
ჰოდა, გაეცანით მათივე მასალებს ამ ომის თაობაზე, თუნდაც პუტინისას! კაცი პირდაპირ ამბობს, რომ სსრკ უნდა აღვადგინოო, ამ ომისათვის მზადება კი 2006 წელს დავიწყეო, ცხინვალიდან მოსახლეობა გაიყვანა და იქ სპეცნაზი გადაისროლა, რომელსაც რუსებისვე ე. წ. სამშვიდობო კონტიგენტი უნდა გაენადგურებინა, რათა ეს "პირსისხლიან" ქართველებს დაბრალებოდათ!
ის თუ იცით მაინც, რატომ ვისი რჩევით, დაქტობრივად, არ მიიღო, ქართულმა ავიაციამ ამ ბრძოლებში მონაწილეობა?!! რატომ აპრიორი გამოაცხადეს რუსებმა, რომ ქართველებმა 2 ათასი ოსი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს?!! რატომ არ ჰქონდა გამოსაცნობი ნიშანი ზოგიერთ მათ თვითმფრინავს?!!

ჩანს, ძალიან ბევრი რამე არ იცით (გაცილებით უარესი, თუ იცით და მაინც ამ პოზიციაზე დგებით!!!)

დაბოლოს, მეგობრული რჩევა:

ნუ უწმინდავთ რუსებს ნისკარტს! მოდით, ეს საქმე სხვებს დაუტოვეთ!!!
(არიან ამ საქმისათვის დაბადებულნიც).

tngh
16 აგვისტო 2015 19:40
ხალვაშმა მაშინ შეიტანა სარჩელი, როცა ჩათვალა, რომ მტკიცებულებები მზად ჰქონდა. რა არის ამაში უცნაური და გასაკვირი პატივცემულო ჟურნალისტო. კაცია და გუნება. ხომ გაგიგიათ. ნუ ეძაბთ ყველგან "კლიაოზას".
Tamaz1957
16 აგვისტო 2015 10:52
ალბათ უფრო ობიექტური ტელეკომპანია იმედია, რომელსაც ჯგროდ გამოყავს 'ექსპერტები" რომლებიც უსუსურად გვიმტკიცებენ რომ ლარის გაუფასურებაში დამნაშავეა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო გენიალურ ფინანსისტს ნოდარ ხადურს ხოტბას ასხამენ. თუ მართლაც დამნაშავეა ბანკის პრეზიდენტი მაშინ სახელმწიფო დამნაშეავე გამოდის და დაიჭირე. მაგრამ თქვენც გაწყობთ ბატონო მერაბ და მთავრობასაც. მერე ვის დააბრალებან უნიათობას
მე უფრო ობიექტური მეგონეთ. სამწუხაროა
რაც შეეხება ყველა ომებში შვენს დამარცხებას ეს უფრო პოპულისტური ლამაზი სიტვებია. ჩვენი უბედურებაა ჩვენი მეზობლები, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა. თქვენი გენიალური დასკვნა კი ომში შეწირულების ნათელი ხსოვნის შეურაცყოფაა
და ბოლოს, ყველა პარტია და ყველა მთავრობა მკიდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მხოლოდ თავიანთ ცხორების უზრუნველყოფაზე ზრუნავენ და მე უმრავლესობა ხალხისა კიდიათ


რედაქტორის რჩევით