სანქცია, რომელსაც მალავდნენ?! - კვირის პალიტრა

სანქცია, რომელსაც მალავდნენ?!

ევროკავშირის ვებსაიტზე 28 ივლისს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთს სანქციები 2016 წლამდე გაუგრძელდა. სწორედ ევროკავშირის ვებსაიტიდან შეიტყო საქართველოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომ საქართველო 2014 წლის ივნისში შეერთებია 12-დან ერთ-ერთ სანქციას - ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას. ევროკავშირის განცხადებას ფეხდაფეხ მოჰყვა პუტინის მუქარის შემცველი განცხადებები კონტრსანქციებზე. ამჯერად კლანჭი საქართველოსაც გაჰკრეს: "როსპოტრებნადზორსაც" უცებ აღარ მოეწონა ქართული ღვინის ხარისხი.

რატომ გაიგო საქართველოს მოსახლეობამ ერთი წლის დაგვიანებით, რომ რუსეთისთვის დაწესებულ ერთ-ერთ სანქციას შევუერთდით?

როგორც ირკვევა, ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია. რატომ გაახსენდა ეს სანქციები რუსეთს მაინცდამაინც ახლა და რატომ დაიწყო კონტრზომებზე ლაპარაკი?

საინფორმაციო საშუალებების არქივში იძებნება საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადება, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეეხება. "საქართველოს არ შეუძლია, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის". საინტერესოა, რომ ექსმინისტრმა ეს 2014 წლის აგვისტოში განაცხადა, ანუ მაშინ, როდესაც, როგორც დღეს ირკვევა, საქართველო უკვე იყო ერთ-ერთ სანქციას მიერთებული.

ისმის კითხვა: რას ემსახურებოდა ფანჯიკიძის ეს განცხადება?

ერთ-ერთი ვერსიით, რაკი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს, ამ ინფორმაციის გახმაურებას მოერიდა, მით უფრო, რომ სანქცია აშკარად ფორმალურია, არსებითად არაფერს ცვლის და რუსეთსაც არაფრით აზიანებს. მეორე ვერსიით, "თავისუფალი დემოკრატების" ჯგუფმა, რომელიც იმჟამად სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა და სწორედ მათი წარმომადგენლები თავკაცობდნენ როგორც საგარეო საქმეთა, ასევე ევროინტეგრაციის სამინისტროებს, დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით მიიღო ეს გადაწყვეტილება და მთავრობის სხვა წევრებისთვის ეს მოგვიანებით გახდა ცნობილი.

ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს: - როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები აპირებენ რაიმე განცხადების გაკეთებას, რეზოლუციის მიღებას თუ სანქციის დაწესებას, ყოველთვის უკავშირდებიან წევრ და პარტნიორ ქვეყნებს კითხვით: შეუერთდებიან თუ არა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. არის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღების დროსაც საქართველოს პოზიცია ცალსახაა და არ სჭირდება ფართო მსჯელობა მთავრობაში. არის საკითხები, რომლებიც სამთავრობო განხილვის საგანი ხდება. ეს საკითხი სწორედ ამგვარი იყო. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ სანქციის თაობაზე. მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და გადაწყდა, რომ ჩვენ ამ სანქციას შევუერთდებოდით.

- ეს ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ამას ხელისუფლება მიზანმიმართულად მალავდა.

- ინფორმაცია ამგვარი გადაწყვეტილებების თაობაზე ვერ იქნება დამალული, თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ამა თუ იმ სანქციას შეუერთდნენ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ეს სანქცია არის პოლიტიკური საკითხი და ჩვენ გავიზიარეთ ევროკავშირის პოზიცია. კიდევ ორი მიზეზი რატომაც შევუერთდით ამ სანქციას არის ის, რომ

უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ამასთან, ამ სანქციას რომ არ მივერთებოდით, ეს იქნებოდა არაადეკვატური, რადგან ჩვენც ოკუპაციის რეჟიმში ვართ.

- პრობლემა ის არის, რატომ არ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შარშანვე?

- ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ვებგვერდზე ყველა ინფორმაცია არ ხვდება ხოლმე.

- ბრძანეთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთი სანქციების მიღებისას, როგორც წევრ, ისე პარტნიორ ქვეყნებსაც ეკითხებიან, ეთანხმებიან თუ არა გადაწყვეტილებას. მაშინ 2014 წლის აგვისტოში რატომ განაცხადეთ: "საქართველოს არ შეუძლია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის". უცნაურია ეს განცხადება, რადგან ამ დროს საქართველო ერთ-ერთ სანქციაზე უკვე ყოფილა მიერთებული...

- ჩვენ ევროკავშირის ამა თუ იმ გადაწყვეტილების გაზიარების ვალდებულება არა გვაქვს, შეიძლება გამოვიჩინოთ ნება და განსაზღვრული საკითხები გავიზიაროთ. ჩემი განცხადება სწორედ ამას ნიშნავდა (?!).

მაია ფანჯიკიძის 2014 წლის აგვისტოში გაკეთებული განცხადება გაუგებრად მიაჩნია ექსპერტ მამუკა არეშიძეს: - დარწმუნებული ვარ, რუსეთმა  ყველაფერი მშვენივრად იცოდა შარშანვე და საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა პასუხი ახლა გაეცა? ამ საკითხის წამოწევა და მასზე სავარაუდო ემბარგოს მიბმა, სასაზღვრო ბანერების დამონტაჟება, აფხაზეთში რკინიგზის გაწმენდა, ეს ყველაფერი იარაღის ჟღარუნზე”მიუთითებს. რამდენიმე დღეში ჩვენთან საქართველო-ნატოს სასწავლო ცენტრი გაიხსნება და ეს რომ მოსკოვს არ უხარია, ფაქტია. რუსეთი აშკარად შეფიქრიანებულია თურქეთში შექმნილი ვითარებითა და ირანისა და დასავლეთის ურთიერთობის გააქტიურებით. თურქეთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის პროცესები, რაც იქ მიმდინარეობს, წარმოშობს ვარაუდს, რომ მისი იმიჯი, როგორც ენერგეტიკული ჰაბისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ჩნდება შესაძლებლობა, რომ ირანულმა გაზმა და ნავთობმა აზერბაიჯანის გავლით საქართველოზე გაიაროს და სწორედ ქართული პორტებით გადაიზიდოს ევროპაში. ეს ნიშნავს რუსული ენერგომატარებლების ევროპის ბაზარზე კიდევ უფრო შემცირებას. რუსეთი ბუნებრივია, შეეცდება, გამოიყენოს ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ და ამის მიზეზად მოიდოს ეს სანქცია, რომელიც მას არაფერს უშავებს. თუმცა, არა მგონია, ემბარგო ფართო მასშტაბით აამუშაოს, რადგან ამ ბერკეტის სრულად დაკარგვა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ხელს არ აძლევს.

ნათია დოლიძე