რუსული ემბარგოს მოლოდინში - კვირის პალიტრა

რუსული ემბარგოს მოლოდინში

როგორ განვითარდება პროცესები ქართულ ეკონომიკაში, თუ რუსეთმა ღვინის ექსპორტი აკრძალა

რუსეთი ქართული ღვინის ინდუსტრიაზე ახალი ემბარგოთი იმუქრება, თუმცა ექსპერტების აზრით, 2006 წლისგან განსხვავებით, რუსული ბაზრის დაკეტვა არა მხოლოდ ღვინის წარმოებაში, ქართულ ეკონომიკაშიც ბევრს ვერაფერს შეცვლის.

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ეკონომიკა ისედაც კომაშია, ღვინის ექსპორტი რუსეთში კი იმ მასშტაბისაა, ცალკეულ ფირმებს თუ დააზიანებს, თორემ ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არა აქვს... თუ ემბარგო განმეორდება, ქართველ ბიზნესმენ-მეღვინეებს მოუწევთ მაღალ სტანდარტებთან დაბრუნება. ჩვენებურ ქსელშიც კი ღვინის პროფანაცია იყიდება, თითო-ოროლა სახის ღვინის გამოკლებით.

რუსული ბაზრის შემყურე ქართველი ინერციით საბჭოთა წარმოების კულტურას არ სცდება და ეს აფერხებს ქართულ ეკონომიკას.

რომც გადაიკეტოს რუსული ბაზარი, ვერ ვხედავ ტრაგედიას. ტრაგედიაა პრიმიტიული დეინდუსტრიალიზებული ეკონომიკა, რომელიც კუმშავს საკუთარ წარმოებას და კლანურ-ჯგუფურ ინტერესებზე აგებულ ეკონომიკას უყრის საფუძველს, სპობს განვითარების პერსპექტივას. რუსული ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში, ერთადერთ გზად რჩება, საკუთარი კონკურენტუნარიანი სფეროების, იმპორტჩამნაცვლებელი წარმოების განვითარება და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გასვლა".

ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: "რუსეთი გამოაცხადებდა თუ არა აკრძალვას, ქართული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებმა ისედაც იკლო. რუსეთში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მსყიდველობითუნარიანობა დაეცა. კარგა ხანია, ვცდილობთ ალტერნატიული ბაზრის მოძიებას. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ქართულ ღვინოსა და რუსეთის ბაზარს, "ალტერნატიული ბაზარი" მცდარი ტერმინია, რადგან რუსეთის ჩამნაცვლებელი ვერ იქნება ალტერნატიული. ღვინო ბრენდული პროდუქტია და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია ბევრ ემოციურ ფაქტორზე - რუსეთში ქართული ღვინის წარმატება დამყარებულია 200-წლიან ცნობადობაზე, უცხო ბაზრებზე კი ახლა გვეცნობიან. შესაბამისად, შედეგი ვერ გვექნება ერთ კვირაში, ერთ თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში. თუმცა პროგრესი გვაქვს. შედეგს მივაღწიეთ აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, ყაზახეთში გაიზარდა მოთხოვნა, ჩინეთში უკვე მილიონი ბოთლი გაიყიდა".

იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე: "რუსული ემბარგოს მოხსნამ გამოიწვია ყურძნის ფასის გაზრდა, რის შემდეგაც გლეხმა ახალი ვენახების გაშენება დაიწყო. მოთხოვნიდან გამომდინარე, გაძვირდა ნერგი, მავთული, ბოძი და ვენახიც საკმაოდ ძვირი დაჯდა... ახლა ემბარგო გააძნელებს ყურძნის შეძენას და პრობლემებს გააჩენს ისედაც მძიმე ეკონომიკაში. თუმცა, სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს მეღვინეებს. ვფიქრობ, კერძო კომპანიებს უფრო გათვლილად უნდა ემოქმედათ, მხოლოდ რუსულ ბაზარს არ უნდა დაჰყრდნობოდნენ... ძნელია სხვა ბაზარზე შესვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. ყველა აღიარებს, რომ 2006 წლის ემბარგოს შემდეგ გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი, რადგან სხვა ბაზრებზე უფრო მაღალი მოთხოვნები იყო. მარკეტინგიც უფრო მოქნილი უნდა გახდეს იმ ბაზრებზე, სადაც დამკვიდრება გვინდა".

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე: "შესაძლო ემბარგოს შემთხვევაში ღვინის ინდუსტრიას ის კომპანიები გამოეთიშებიან, ვინც ბოლო პერიოდში კონკრეტულად რუსული ბაზრისთვის მუშაობდა (2012 წელს, როგორც კი რუსული ბაზარი გაიხსნა, გაჩნდნენ მხოლოდ ამ ბაზარზე მორგებული კომპანიები). მათ უმართებულო სტრატეგია აირჩიეს. ასეთი კომპანიები აქცენტს არ აკეთებენ მაღალხარისხიან, კომპლექსურ ღვინოებზე, ასხამენ ჩვეულებრივ ღვინოებს, რომლებსაც დიდი ღირებულება არა აქვს.

დიდმა კომპანიებმა - "თელავის ღვინის მარანი",“"თელიანი ველი", "ჯივიესი", "თბილღვინო" - მოახერხეს დივერსიფიცირება და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე აღარ არიან დამოკიდებული.

დივერსიფიკაცია შედეგიანი იქნება ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე დაყენებული ღვინოებით, ქვევრის ღვინით, რომელზეც მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება. ქვევრის ღვინოს მწარმოებლები რუსულ და უკრაინულ ბაზრებზე არც კი შედიან და შეკვეთით აწარმოებენ პროდუქციას, რომელიც ლონდონში, ტოკიოსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში იყიდება. მილიონობით ბოთლზე არ მუშაობენ, მაგრამ მომგებიანი ბიზნესი აქვთ.

ემბარგოს განმეორების შემთხვევაში, კრიზისი ძალიან მწვავე ვერ იქნება, მაგრამ უდავოა, ვისაც ამ ბიზნესში დარჩენა სურს, დივერსიფიკაციაზე ზრუნვა, ხარისხის გაუმჯობესება დასჭირდება, ბევრი მოთამაშე კი გაანებებს თავს ღვინის წარმოებას".