"ვიკიპედია" უნდა იყოს "დაბომბილი" ქართველ ისტორიკოსთა ინფორმაციებით

"მავნე ფანტაზიები"
სეპარატისტებს უცხოელი სტუმრების მოზიდვაზე ფიქრმა  მავნე  ფანტაზია  გაუღვივა. გამოიცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტურისტული ბუკლეტები, რომელშიც ჩვენი კულტურული ძეგლები ოსურად არის მიჩნეული! კონფლიქტურ რეგიონში 500-მდე ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია. გამოდის, მტერს ამ ეკლესია-მონასტრების საქართველოსგან სულიერად მოწყვეტაც  განუზრახავს და მათ ქართულად აღარ აღიარებს(?!). დიდი  მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ამგვარი ბუკლეტების დაბეჭდვის ინიციატორთა შთაგონების წყარო რუსეთია. თავდაპირველად, რუსულმა მართლმადიდებლურმა ენციკლოპედიამ "მონათლა"  ქართული ძეგლები ალანურად, შემდეგ კი "ფხა" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო

ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გამოიჩინეს.

ნაცვლად იმისა, რომ მომხდარის გამო განგაშის ზარი დავარისხოთ და მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ გვგლეჯენ ძარღვებს, არაფრის მომცემი კონცერტებისა და ქრისტეს კვართის ქალაქში დიდი აუზის, იახტკლუბის  და პლაჟის მოწყობის "გრანდიოზული  იდეებით"  ვართ შეპყრობილი(?!).



"დეგრუზინიზაცია"

კავკასიურ საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე
ქართული ძეგლების ალანურად გამოცხადება ე.წ. დეგრუზინიზაციის პროცესის გაგრძელებაა.

მამუკა არეშიძე: - ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 80-იან წლებში საქართველოში გამოცემულ ბუკლეტშიც იმავე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე არ არის მითითებული, რომ ქართულია, თუმცა, იგი არც ალანურად არის წარმოჩენილი. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეთნოსებს შორის დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით ამ საკითხზე სათანადო ყურადღებას არასდროს ამახვილებდა(!).

ახლა კი სულ უფრო ცხადი გახდა, რომ აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც "დეგრუზინიზაციის" პროცესი დაიწყო. კოკოითიმ განაცხადა, - ოსური გვარი დაუბრუნდება ყველას, ვისაც ის გადაკეთებული ჰქონდა და ვისი ეთნიკური კუთვნილებაც გაირკვევაო. აფხაზეთში კი ამგვარ საკითხებს უფრო ფრთხილად ეკიდებიან. მაგალითად, "კულტურის" არხზე მომზადდა უზარმაზარი გადაცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის კულტურის ძეგლებია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვისი კუთვნილებაა და ა.შ.

ამ ძეგლების წარმომავლობის თაობაზე აკადემიკოსმა გამბამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურმე  "თამარის ხიდი", "ბიჭვინთის ტაძარი", "ბედია" და სხვ. ბიზანტიური კულტურის ძეგლები ყოფილა. ე.ი. აფხაზებმა ქართული ეკლესია-მონასტრები მთლად ბოლომდე არ მიისაკუთრეს, თუმცა, ალბათ "ერთ მშვენიერ" დღეს იქაც იტყვიან, რომ მათი კონტროლის ქვეშ რაც არის, ყველაფერი აფხაზურია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე  გვარებისა და  ტოპონიმების შეცვლისა და ე.წ. "დეგრუზინიზაციის" პროცესის დაწყების ავტორია დე ფაქტო პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  ძუსოითი, რომელმაც თავისი მოსაზრებების განსამტკიცებლად მთელი თეორია შექმნა. ძუსოითის "თეორიით", ისტორიულად, დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში არა ქართველები, არამედ გაქართველებული ოსები ცხოვრობდნენ, რომელთაც შემდეგ გვარები შეუცვალეს.

ახალგორში თურმე გაქართველებული სომხები ცხოვრობდნენ და მათ უნდა დაუბრუნდეთ თავიანთი ეროვნება და რელიგია. ძუსოითი ქსნის ერისთავების სასახლე-კომპლექსსაც კი უძველესი ალანური კულტურის ნიმუშად მიიჩნევს. თურმე ნუ იტყვით და, ალანთა თავადური, დიდგვაროვანი ოჯახი გიორგი ბრწყინვალემ აიძულა ერისთავები გამხდარიყვნენ. რა თქმა უნდა, ასეთი თეორიები ისტორიის დამახინჯების მეშვეობით იქმნება.

საერთოდ, იმ ტენდენციასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი თრუსოს ხეობის, კობის ქვაბულის და ყაზბეგის მთელი რიგი უბნების ჩრდილო ოსეთისთვის "მიკუთვნებას" აპირებს, ოსებიც ფრთხილად უნდა იყვნენ.…რუსებმა  ახალი იდეოლოგია შექმნეს  იმასთან დაკავშირებით, რომ  ჯვრის  უღელტეხილს იქით ყველაფერი ჩრდილოეთ კავკასიას განეკუთვნება და აქედან გამომდინარე, რუსეთს ეკუთვნის.

სამწუხაროდ, აფხაზები და ოსები ვერ ხვდებიან, რომ ხვალ თუ ზეგ უკან შეუბრუნდებათ ყველაფერი! მათ ეტყვიან, - ეს მიწა რუსულია და თქვენ არ გეკუთვნითო!..…

- ქართული მხარე როგორ უნდა დაუპირისპირდეს ე.წ. დეგრუზინიზაციისთვის შექმნილ იდეოლოგიას?
-  სახელმწიფო ფული ხშირად იხარჯება კონცერტებში, რომელიც მეორე წუთში დავიწყებას ეძლევა. არადა, იმავე სახსრების გამოყენებით შესაძლებელია კვალიფიციური სპეციალისტების, ისტორიკოსების, მკვლევრების მობილიზება, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ შემუშავებული იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ განათავსებენ ინფორმაციებს საერთაშორისო საიტებზე. მაგალითად, "ვიკიპედია" უნდა იყოს "დაბომბილი" ქართველ ისტორიკოსთა ინფორმაციებით.

როცა ჩრდილო ოსეთიდან გვეკამათებიან იმაზე, რომ ოსების გვარები ხშირად შვილით მთავრდება, რაც მათ "გადაკეთებას" მიანიშნებს, მე ვამბობ, რომ ასევე  არ უნდა მთავრდებოდეს ოსური გვარები ოვ-ზე.…მაგალითის სახით კი კოსტა ხეთაგუროვი მომყავს. ეს უკანასკნელი თავად წერს, რომ იგი არა ოსი, არამედ ყაბარდოელია. მამამისი ზელიმხანი ჩამოვიდა და  დასახლდა ოსებში, შემდეგ კი კარგად იგრძნო თავი ამ ეთნოსის გარემოცვაში და ოსი ხეთაგუროვი გახდა.

ასე რომ, ზოგიერთი ცდილობს თავისი ეთნიკური იდენტიფიკაციის შენარჩუნებას, ზოგიერთი კი ითქვიფება სხვა ეთნოსში და აქ გასაკვირი არაფერია.

- ბატონო მამუკა, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია როგორ ხვდება ქართული ეკლესიების ალანურად გამოცხადებას, მაშინ როცა მას ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე რაღაც ვალდებულებები აქვს აღებული?
- ისინი  ქართული ეკლესიების ალანურად გამოცხადებას ჯერჯერობით არ აპროტესტებენ და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს იმედი, რომ გააპროტესტებენ. და ეს იმიტომ, რომ რუსეთში სახელმწიფოსა და ეკლესიის აბსოლუტური შერწყმა იგრძნობა. ზოგჯერ სახელმწიფო ასრულებს ეკლესიის დაკვეთას, თუმცა უმეტესწილად ეკლესია თვითონვეა სახელმწიფო დაკვეთის შემსრულებელი. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ბაჩკოვოს მონასტერზე (ბულგარეთის ტერიტორიაზეა) იყო ლაპარაკი, რომელსაც ჯერ ბერძნები ითვისებდნენ და მერე სომხებმა მიისაკუთრეს. ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლების თხოვნის მიუხედავად, რუსეთის ეკლესია არ ჩაერია ამ საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა  მშვენივრად იცოდა, რომ ის ქართველების მიერ იყო აშენებული.

ასე რომ, რუსული ეკლესიის იმედი სულაც არ უნდა გვქონდეს. ის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ელოლიავება იმდენად, რამდენადაც ეს თავად სჭირდება. ჩვენ პატარა ქვეყანა კი ვართ, მაგრამ საქართველოს ეკლესიას დიდი სიტყვა ეთქმის მართლმადიდებლურ სამყაროში. საკმარისია, მან ცნოს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთის ეკლესია უზარმაზარ ბერკეტს დაკარგავს პოსტსაბჭოთა სივრცეში.


გასაიდუმლოებული დოკუმენტი

ახლახან "კვირის პალიტრას" ხელთ ჩაუვარდა "იუნესკოსთვის" გადასაცემად  მომზადებული საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კულტურულ-ისტორიული ძეგლების ნუსხა და მათი ფაქტობრივი მდგომარეობა არის აღწერილი. დოკუმენტი მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია და ის არა მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ადგილობრივი მოსახლეობის და მუზეუმის თანამშრომელთა ინფორმაციებს ეფუძნება, არამედ თავად იუნესკოს ეგიდით გადაღებულ სატელიტურ ფოტოებსაც და რუკებსაც მოიცავს. მოგეხსენებათ, კონფლიქტურ რეგიონში უცხოელი დამკვირვებლებისა და ქართული მხარის წარმომადგენელთა შეშვების საკითხი ძალზე გართულებულია, არ არსებობს  სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაშია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართული ეკლესია-მონასტრები.

KvirisPalitra.Ge9 აგვისტოს, საჰაერო დაბომბვების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა ეპისკოპოსის სასახლე სოფელ ნიქოზში (X-XII სს.). 

10 აგვისტოს, დაიბომბა სამონასტრო კომპლექსი სოფელ ნიქოზში (VI-X სს.). აგვისტოს ბოლოს კი ეკლესიის ტერიტორია დაინაღმა. 
10 აგვისტოს, სოფელ თამარაშენში დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი.

12 აგვისტოს ჭურვის ჩამოგდების შედეგად დაზიანდა სოფელ ხეითის მთავარანგელოზის ეკლესია (XIX ს.).

KvirisPalitra.Geასევე, დაზიანებულია იკორთის ეკლესია (XII ს.).






13 აგვისტოს, გიორგი მაჩაბლის სასახლე (XVIII ს.) სოფელ ქურთაში ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი ბოლდოზერით მიწასთან გაასწორეს.





KvirisPalitra.Geქსნის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი (ერისთავის სასახლე ახალგორში) ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულია.


10 აგვისტოს, დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი გაძარცვეს... აფეთქების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსის დაშორებით მდებარე ძეგლები დაზიანებულია.



KvirisPalitra.Geდაბომბვის ადგილიდან 100 მ რადიუსით მდებარეობს: წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ კეხვში (XVII ს.); წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ქურთაში (IX ს.), ციხესიმაგრე (XVI ს.) და წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია სოფელ აჩაბეთში (XVIII ს.).
სამწუხაროდ, ამ დოკუმენტში მითითებულის გარდა სხვა ძეგლებიც შეიძლება იყოს დაზიანებული, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტება ვერ ხერხდება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების შესახებ კი ძალზე საინტერესო მეცნიერული ნაშრომები არსებობს, რომელიც ისტორიული ფაქტების გაყალბებას არ დაუშვებს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწა-წყალზე ჯერ ისევ იგრძნობა თამარ მეფის ნატერფალი, მტერს  წმინდანებად შერაცხილი ქართველთა წინაპრების საფლავებიც მოსვენებას არ აძლევს.

თამარ მეფის ნატერფალი…
გთავაზობთ სხვადასხვა ისტორიული ნაშრომის მიხედვით შეკრებილ ინფორმაციას.

სიძველე ყველაზე მეტად მდინარე ლიახვის ორივე ნაპირზე გაშლილი სოფლის, გუფთას მარცხენა ნაწილს ეტყობა. ერთ-ერთ გორაკზე მრგვალი ციხის ნანგრევია, რომელზეც  ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "სვერიდამ წარვლის მთა ტყიანი ჩრდილოეთ და სადაცა მოდრკების ლიახვი, მოდრკების მთა ესეცა, და წარივლის აღმოსავლეთით და მიადგების გერის მთასა, სვერის ხიდს ზევით ჩამოვარდების ითრაფულა დასავლეთიდამ და მიერთვის ლიახვს. ამას ზეით, გუფთას, არს ნაციხარი. გუფთას ზეით მოერთვის ლიახვს მდინარე ფაწა". ციხე შორიდან კლდეს წააგავს. იქვეა ჭა-დილეგი, რომელსაც ზემოდან ლოდი ფარავს. ჩანს, მასში ტყვეს ან საშიშ დამნაშავეს სვამდნენ - თოკით ან ჭოკით ჩაუშვებდნენ, ტუსაღს ზოგჯერ წყალს ჩაუსხამდნენ და პურს ჩაუგდებდნენ…

კლდოვან გორაკზე აშენებული გალავანი ძნელად მისადგომია. გალავანს დასავლეთიდან ურდოიანი კარი აქვს. მოსახლეობის გადმოცემით, ამ საპყრობილეში თავად მაჩაბელს ქართველი ურჩი ყმა და დამნაშავე ხიზანი ოსიც ჩაუგდია. უწინ ეს თამარის საყარაულო ყოფილა. ხალხური გადმოცემით, თამარ მეფე რომ გარდაიცვალა, წამოუღიათ 20 კუბო, ერთ-ერთში დედოფალი ესვენა, დამმარხველებს კი თავები დაუხოციათ. ეს ციხე-კოშკი XII საუკუნეზე გვიანდელი ჩანს.

გორაკის ერთ ფერდობზე,  ტყეში,  ტაძრის ნანგრევი და სასაფლაოა. ტაძრის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ. ნანგრევში 26 ძირი ბზის ბუჩქია. ტაძრისთვის ოსებს "გუფთაი  ჟუარი" შეურქმევიათ. მისი დღეობა აგვისტოს ერთ-ერთ კვირა დღეს აღინიშნებოდა...



ჯავის კოშკები…

ჯავის ხეობა ერთ-ერთი ულამაზესია საქართველოში, იგი ოდითგან ქართველებით იყო დასახლებული. ჯავასა და მის მიმდებარე სოფლებში არაერთი ისტორიული ძეგლია. თანდილაანთ უბანში (სადაც თანდილაშვილები ცხოვრობდნენ) სათვალთვალო კოშკი დგას. ასეთივე სტილის კოშკია ხუმისართასა და უგარდანთაში. სამწუხაროდ, ჟამთა სიავემ დავიწყებას მისცა ამ დასახლებათა ქართული სახელები. ჯავის მახლობლად შუა საუკუნეების დედაღვთისას გუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც გვერდით სამრეკლო აქვს მიდგმული. ჯავაში არაერთი ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა, ისინი ოსებს ქართული შრიფტით დაბეჭდილ  სახარებას უკითხავდნენ, ასწავლიდნენ ქართულ ენას, ქრისტიანულ ზნე-ჩვეულებებს.



სოფელ ხვწის საიდუმლო…

სოფელი ხვწე გუფთა-ჯავის ზემოთ მდებარეობს. იგი ერთ-ერთი ულამაზესია ლიახვის ხეობაში, ხვწის ხევის შესართავთან ე.წ. "სასუნებელი აბანოა". ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "ხვწის პირისპირ, ლიახვის გაღმა კიდურს არს მიწა სასუნებელი და უდის სუნი ფრიად ძნელი, არამედ ჰკურნებს ქარსა, სევდასა და ინთილას სუნებითა, გარნა მსუნებელი შებნდების სუნითა".


სოფელ ხვწის ხიდის მახლობლად სამი ღრმულია, ნაცრისფერი ტალახით სავსე. იქიდან ამოდის გოგირდმჟავის სუნი, რომელსაც ხალხი ნიშადურის სუნს უწოდებს. ხვწეში, დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე ამოდის მინერალური წყალი, რომელიც განსხვავდება ჯავის წყლისაგან. ჯავიდან ოდნავ ზემოთ, კლდის ძირში, მცირე დავაკებაა. აქ ერთ კლდეს მარიამის ჯვარს (ოსები მარიამ ჟუარს) უწოდებენ. წინათ მასთან შესაწირავი მიჰქონდათ და ვაჟიანობას შესთხოვდნენ. როცა ქალს ვაჟი შეეძინებოდა, ერთი ან ორი წლის შემდეგ ამ კლდესთან ძღვენით მიდიოდა და წმინდა მარიამს ევედრებოდა, - ეს ვაჟი გამიზარდეო.

ხვწის დასავლეთით, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარულ მაღალ გორაკს მაცხოვრისას უწოდებენ. მის მწვერვალზე მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნანგრევებია. მაცხოვრის ტყიდან ხალხი ფიჩხის გატანასაც კი ერიდებოდა. ეკლესიის გზაზე ლოდი ძევს, რომელსაც თქმულების მიხედვით დევის ქვას უწოდებენ.

სოფელ ხვწის ერთ-ერთ უბანში კოშკიც მდგარა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "გუგუთის ხევისა და ლიახვის შესართავს ზევით აღაშენა ციხე მაჩაბელმა, შეუმუსრეს ურუმთა (თურქთა), რომელი იყო მაღალ კლდესა ზედა". ხვწის თავზე კი, კიმასის გორაკზე პატარა ნიშისა და კოშკის ნანგრევებია.
ხვწიდან როკისკენ პირველი სოფელი ვანელია. ქართველთა მიგრაციის შემდეგ აქ ძირითადად ოსები ცხოვრობენ. ვანელში ქართული კულტურის რამდენიმე საყურადღებო ისტორიული ძეგლია, რომელთაგან აღსანიშნავია ჯვრის ფორმის გუმბათიანი ქვის ეკლესია. აქვეა ციხე, სოფლის მთაზე სათვალთვალო კოშკი და ძველი ნასაყდრალი. სამწუხაროდ, ეს ძეგლები (ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ძეგლთა უმეტესობა), ე.წ.

სამხრეთ ოსეთის კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადეს. ცნობილი მეცნიერის, იოსებ მეგრელიძისთვის, რომელმაც კარგად შეისწავლა ლიახვის ხეობის სიძველეები, ადგილობრივ ოსებს უამბიათ ლიახვის მარცხენა ნაპირზე არსებული კლდოვანი მთის შესახებ, რომელსაც ოსები ქუძ-აფარაბს (ძაღლსაგდებს ეძახდნენ). თურმე, აქედან ბებერ ძაღლებს და დამნაშავეებს, რომელთაც უხუცესთა საბჭო ძაღლად აცხადებდა, ხელფეხშეკრულებს ყრიდნენ. ასეთივე სახელწოდების მთა ყოფილა სოფელ ქუშითაშიც.



კუსირეთელები - თავად თაქთაქიშვილის ყმები...

ვახუშტი ბატონიშვილი კუსირეთს "დიდი ლიახვისა და მით მრწყველი" ადგილების სახელწოდებებში მოიხსენიებს. კუსირეთელები, ბატონყმობის გადავარდნამდე ხვითელი თავადის, თაქთაქიშვილის ყმები ყოფილან. აქ დღემდეა შემორჩენილი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომლის კარის თაღზე წარწერაა ამოტვიფრული: "ქრისტე, შეიწყალე თეკლა". იქვე დგას კოშკი. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, კუსირეთელი მალხაზ ივანეს ძე თიგიევის პაპა ზეკარის ქეშელთიდან (ჯავის რაიონი) კახეთში წასულა. იქ სამ წელიწადს დარჩენილა, მაგრამ ფეხი ვერ მოუკიდია, ცხინვალისთვის მიუშურებია და ქვემო ხვითელი თაქთაქიშვილისთვის უთხოვია, - შენს მიწაზე დამასახლე და გასარგებლებო (როგორც გვასარგებლეს მათმა შთამომავლებმა კარგად დავინახეთ). ამ თავადს ეკუთვნოდა ნიქოზი, წუნარი, ზემო და ქვემო ხვითი და კუსირეთის ნაწილიც.



როკა

ქვემო როკაში ეკლესია დგას. 1872 წელს აქ მღვდლად ყოფილა ქართველი მოძღვარი მამა გრიგოლი. მას მშვენივრად სცოდნია ოსური ენა და ოსების ზნე-ჩვეულებანი. იგი დღენიადაგ ოსების მართლმადიდებლობაზე მოსაქცევად იბრძოდა. განსაკუთრებით კი მამა გრიგოლი თურმე ოსებს ქურდობისადმი მიდრეკილებას უწუნებდა. ეკლესიასთან ხეზე დიდი ზარია. მდინარის გაღმა, მაღალ გორაკზე, ძნელად მისადგომი, კედელჩამოშლილი სათვალთვალო კოშკი დგას.



"სიზღვრინ ძუარ"
- ოქროს ჯვარი…
სბის წყლისა და ლიახვის შესართავთან სოფელი ზღუბირია (იგივე ზღუბერი, ზღუდერი). ზღუბირში ჯვრის ფორმის ქვის თითქმის ისეთივე ეკლესიაა, როგორიც როკაში. სოფელში ერთ გორაკზე ხის ნიშია, ორბოძიანი სამრეკლოთი, სადაც ორი პატარა და ერთი მოზრდილი ზარი ჰკიდია. აქვეა მოგრძო, ხისტარიანი დროშა, რომელზეც ოცამდე პატარა ზარი, ეჟვნები და ჯვრები ჰკიდია. ერთ-ერთ ჯვარზე ქართული მხედრული წარწერაა: "სიზღვრინ ძუარ" - ოქროს ჯვარი.

ნასაყდრალს ზემოთ, ხატის ტყეშიც არის ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც თამარ დედოფლის ჯვარს უწოდებენ. მოხუცები ამბობენ, ის ადგილი ისეთ სიწმინდედ მიგვაჩნდა, იქ ქალი და ცოდვილი კაცი ვერ მიბედავდა, რადგანაც ასეთს სოფელი დასჯიდაო.

სოფლის მთას კოზორს უწოდებენ, სოფლის ჩრდილოეთით, მაღალ მთაზე სამების ეკლესიაა.



ედისში დარწეული წმინდანის აკვანი

ედისი (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ვეძისი) დიდი ლიახვის სათავესთან მდებარეობს, რომელიც ამჟამად ნასოფლარია. თურმე, სოფელში, ცარცათის გორაზე მცხოვრები ოსები, ცარცათები ანუ ცარციათები (შარაშიათები) შავ ჭირს ამოუწყვეტია. გაუკაცრიელებული ადგილები სხვა ოსებს დაუკავებიათ.

ედისის ეკლესიას ქალაჩი-ძუარს - ქალაქის ჯვარს (საყდარს) უწოდებენ. პირველი მღვდელი ედისში დისეველი დავით ოქროპირიძე ყოფილა, რომელიც ოსების არამართლმადიდებლურ და არაქრისტიანულ ქცევებს ეწინააღმდეგებოდა. მამა დავითი იქ ოჯახით ცხოვრობდა. სწორედ აქ დაიბადა დავითის ვაჟი წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი, რომელიც შემდგომ ქართული ეკლესიის ბურჯი გახდა. ედისში ილია წინასწარმეტყველის სახელობის პატარა ეკლესიაცაა. ამგვარად, ისტორიული ძეგლების ქართული წარმოშობის დაზუსტება სავარაუდოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის 500-ივე ძეგლზე შეიძლება, თუმცა ამას სჭირდება მუშაობა და მსგავსი ინფორმაციების ბეჭდური სახითაც გამოცემა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უკვე ზრუნავს იმაზე, ასეთი ინფორმაციები მათ ვებსაიტზე მაქსიმალურად იყოს განთავსებული. 



"მრევლი გამოდევნეს და ავტოკეფალია ვისთვის უნდათ?!"

მეუფე ანანია ჯაფარიძე: - ის, რასაც ახლა სამხრეთ ოსეთს ეძახიან, საქართველოს გული იყო. ქართლის სამეფოს ცენტრიც იქ გახლდათ და ჩვენი კულტურის მთავარი ძეგლებიც ამ ტერიტორიაზეა განთავსებული. ქსნის ერისთავები - შალვა, ელიზბარი და ბიძინა ჩოლოყაშვილი წმინდანები არიან, რომლებიც ამ მხარეშივე დაიკრძალნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეკლესიებში წირვა-ლოცვა ყოველთვის ქართულ ენაზე ტარდებოდა. ჩვენი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ალანურად გამოცხადების ტენდენცია ახალი არ არის. არცთუ დიდი ხნის წინ მოსკოვში მართლმადიდებლური ენციკლოპედია გამოსცეს, სადაც ზემოთ ხსენებული ტერიტორია ალანიის ეპარქიის კუთვნილებად მიიჩნიეს.

ჯავის, ყაზბეგის რაიონის ძეგლებიც კი ზემოთ ხსენებული ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ "მოაქციეს". საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ყოველივე ამას საპროტესტო წერილით უპასუხა. საერთოდ, ოსური ეკლესიები ბუნებაში არ არსებობდა. რუსები კი ცდილობენ შექმნან მითები ამის შესახებ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ჯერ ერთი, ამ ეკლესიების მრევლი ქართველი მოსახლეობა იყო, რომლისგანაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაცარიელებულია. წყალი არ გაუვა, რომ ისტორიული ფაქტების გაყალბების წინააღმდეგ სერიოზული მუშაობაა საჭირო.

მამუკა არეშიძე: - არის ასეთი გერმანელი მეცნიერი, გიულ დენ შტეფტი, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის საიმპერატორო აკადემიის დავალებით მოგზაურობდა კავკასიაში. მან თავისი შთაბეჭდილებები დაწერა გერმანულ ენაზე. იგი წერს, რომ ეს არის ქართული მხარე, სადაც ოსები, როგორც მოძალადეები ცდილობენ ქართველებისთვის გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნას. მეცნიერი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯავის რაიონს, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოსთვის ქართველებით იყო დასახლებული. ჯავა ქართველებისგან შემდეგ თანდათან დაიცალა.

- შესაძლებელია თუ არა იუნესკოსთვის გადასაცემად მომზადებული დაბომბილი და დაზიანებული ძეგლების სია უფრო ვრცელიც იყოს?
- შესაძლოა ეს სია უფრო ვრცელიც იყოს. რატომ არ უშვებენ საერთაშორისო დამკვირვებლებს ჩვენს ხალხთან ერთად ამ ტერიტორიაზე? ეს ჩვენს ეჭვებს აძლიერებს.…ვფიქრობ, ტაძრების შესახებაც ისევე გვიმალავენ სიმართლეს, როგორც დახოცილების თაობაზე. მათ ხალხიც ამოხოცეს იქ, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით და ეკლესიებიც დაგვინგრიეს.

- რა შეფასებას მისცემთ იმას, რომ ეს ეკლესიები რუსული ბომბებითაა დაზიანებული. იქ მოღვაწე სასულიერო პირები კი რუსეთის პატრიარქს მფარველობასა და მათი ავტოკეფალიის აღიარებას სთხოვენ?

- ამ ეკლესიებში ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე რუსეთის ეკლესიის მღვდლები იყვნენ შესული. ეს გავაპროტესტეთ, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქომ განმარტა, - ეს ჩვენი კი არა, საბერძნეთის რუსული ეკლესიის მღვდლები არიან, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილებიანო(?!). სინამდვილეში ასეთი მხოლოდ ერთი თუ ორი მღვდელი იყო. ტაძრებიდან მართლმადიდებელი მრევლი გამოდევნეს და ახლა საინტერესოა, ვისთვის ითხოვენ ავტოკეფალიას.

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, პატრიარქი კირილე სტუმრად ბაღაფშს იღებს და მასთან მოლაპარაკებას მართავს?
- სამწუხაროა, თუ რუსეთის საპატრიარქოს სეპარატისტებთან ექნება ურთიერთობა.…ვფიქრობ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოფრთხილება სჭირდება.

საქართველოს პატრიარქი უდიდესი ავტორიტეტია და ბევრს იღვწის კონფლიქტურ რეგიონებში ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლების დასაცავად. ჩვენ უნდა გამოვცეთ წიგნები ან ბუკლეტები, სადაც ამ ძეგლების წარმომავლობას ისტორიული დოკუმენტებით დავასაბუთებთ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს თითქოს ეს საკითხი არც აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი წიგნებისა თუ ბუკლეტების გამოცემაზე არაფერი მსმენია.

მერაბი
11 ივლისი 2012 10:03
ნაცვლად იმისა, რომ მომხდარის გამო განგაშის ზარი დავარისხოთ და მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ გვგლეჯენ ძარღვებს, არაფრის მომცემი კონცერტებისა და ქრისტეს კვართის ქალაქში დიდი აუზის, იახტკლუბის და პლაჟის მოწყობის "გრანდიოზული იდეებით" ვართ შეპყრობილი(?!).ქალბატონო ეკა თქვენ რატომ არ ბომბავთ ვიკიპედიას? ვინ გიშლით? ეგ ხომ თქვენი პირდაპირი მოვალეობაა? დაანებეთ თავი პლაჟებს და იახტკლუბებს, საჭიროა ისინიც. თარგმნეთ ეგ თქვენი კარგი სტატია და მიაწვდინეთ ხმა ყველას
lexo
25 თებერვალი 2010 09:18
ეს ისეთი თემაა, ერი და ბერი ერთად უნდა იდგეს .სტატიაშიც ეს პათოსი იგრძნობა.
irakli
24 თებერვალი 2010 09:36
დიდი აჟიოტაჟი გამოუწვევია ჩემს კომენტარს როგორც ვხედავ, ბატონო თამადა თქვენ მარტო ხართ აქ თუ მოადგილეც თან გყავთ? ერთი უბრალო უმუშევარი ადამიანი ვარ, რომელმაც ჩემი უმუშევრობა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავს დავაბრალე და მეტი არავის, არ მიყვარს არავიზე არაფრის გადაბრალება, ალოგიკურად და არაადეკვატურად ვმსჯელობ ალბათ ეხლა მარა რას ვიზამ, ყველა ვერ ფიქრობს ალბათ ისე როგორც უმრავლესობა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები