"ნოღაიდელი იმ დანაშაულებრივი მთავრობის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ხალხს კლავდა" - კვირის პალიტრა

"ნოღაიდელი იმ დანაშაულებრივი მთავრობის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ხალხს კლავდა"

"კაცზე, რომელიც ფულში გაგცვლის, გული არც უნდა დაგწყდეს"

საზოგადოებას, "ალიასნმა საქართველოსათვის" ახალი ფორმულა შესთავაზა - "ყველა მინუს ერთი", რაც ოპოზიციის ნოღაიდელის გარეშე გაერთიანებას გულისხმობს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნოღაიდელი მარტო არ დარჩენილა. მას მხარდაჭერა და თანადგომა კობა დავითაშვილმა, ზვიად ძიძიგურმა და კახა კუკავამ გამოუცხადეს. "ალიანსის" ახალი ფორმულა ოპოზიციაში განხეთქილების ვაშლად იქცა, თუმც "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ნოღაიდელის სახით განხეთქილების ვაშლი ოპოზიციაში სწორედ ხელისუფლებამ შეაგორა.

- ბატონო დავით, თუ ნოღაიდელს შემოდგომაზე პრაიმერში მონაწილობას სთავაზობდით, ახლა გახდა ის მიუღებელი?

- ზურაბ ნოღაიდელს "ახალი მემარჯვენეები" მწვავედ ვაკრიტიკებდით ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობაში საქმიანობისას, როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო. ნოღაიდელი იყო იმ დანაშაულებრივი მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც ხალხს კლავდა, ქონებას ართმევდა, ციხეებში სვამდა, გაუმჭვირვალე პრივატიზაციას ატარებდა. ტყუილია, რომ ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობის სურვილი მქონდა.

KvirisPalitra.Geარ ვიცი, თანამშრომლობას იმას თუ უწოდებს,  დაჟინებული თხოვნის შემდეგ რომ დავთანხმდი შეხვედრაზე. მე ყველას ვხვდები: ხელისუფლების წარმომადგენელსაც, ოპოზიციონერსაც და დამნაშავესაც, ეს პოლიტიკოსის ვალია. ნოღაიდელი  ყველა ხერხით ცდილობდა, ოპოზიციური ძალებისაგან მიეღო ოპოზიციაში ყოფნის ლეგიტიმაცია. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი და ვეუბნებოდი, ოპოზიციონერები შენ გვერდით ერთ მაგიდასთან არასოდეს დავსხდებით-მეთქი. ნოღაიდელთან არც  ერთი წუთი არ გვითანამშრომლია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ედინაია როსიასთან" ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

- ხელისუფლებასთან ნოღაიდელის თანამშრომლობასაც ხომ არ ეჭვობთ?

-  თუ დავაკვირდებით, როგორ აშუქებენ მის საქმიანობას სამთავრობო ტელეარხები და გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სააკაშვილის კონტროლირებად ტელეკომპანიებში შემთხვევით არაფერი ხდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი პოლიტიკური ფიგურა ოპოზიციისაგან მტრის ხატის შექმნისა და ორი პოლუსის გაჩენისთვის ხელოვნურად გამოიძერწა.

ამ ორი პოლუსიდან ერთი რუსულ ტანკზე შემომხტარი ნოღაიდელია, მეორე კი -  პროდასავლელი სააკაშვილი. ამით უნდათ, რეალური ალტერნატივა "ალიანსის", ირაკლი ალასანიასა და რეალური ოპოზიციური ძალების სახით განზე იქნეს გაწეული და ოპოზიციაში არეულობა და ურთიერთდაპირისპირება შემოიტანონ. სამწუხაროდ, ეს მოახერხა ნოღაიდელმა. პრაიმერის იდეის მხარდამჭერებს ნოღაიდელთან  ურთიერთობამ იმედი ჩაუსახა, რომ პრაიმერი რეალური გახდებოდა. პრაიმერის იდეის გამო წავიდნენ კომპრომისზე, თორემ როდესაც აპრილის აქციების დროს "ფორუმელებმა" განაცხადეს, ნოღაიდელი ჩვენ გვერდით არ იყოსო, ეს არ გაუპროტესტებია არც ძიძიგურს, არც კუკავასა და არც დავითაშვილს. რა შეიცვალა ამის მერე, არ ვიცი.

- მაგრამ საზოგადოებამ წინააღმდეგობა დაინახა "ალიანსის" ლიდერების განცხადებებშიც.

- ოპოზიციასა და "ალიანსს" საზოგადოება მუდმივად სთხოვდა ერთობას. ამიტომაც განაცხადა ირაკლი ალასანიამ,  მზად ვართ, ოპოზიციური ერთობა შედგეს და ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი დასახელდესო.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ვიმსჯელეთ და დავინახეთ საშიშროება, არ აღმოვჩენილიყავით  ერთ გუნდში ნოღაიდელთან, რომელიც დაინტერესებულია ყველა საკუთარ თავსა და  პოლიტიკურ კურსთან  გააიგივოს. ამიტომაც გადაწყდა, რომ მეორე დღეს განმარტება გაგვეკეთებინა. ჩვენთვის მიუღებელია ფორმულა, "ვინც სააკაშვილის წინააღმდეგია, ყველა ერთად". ერთ ბოროტებას მეორით არ უნდა ებრძოლო. ამ პრინციპით რომ გვეხელმძღვანელა, მაშინ ოპოზიცია რუსეთის ტანკებს უნდა შემოსძღოლოდა. არ გვიღირს სააკაშვილის დამარცხება და მისი რეჟიმის შეცვლა ნებისმიერ ფასად.

ახლა პრაიმერის იდეას ემხრობა ნოღაიდელი, რომელმაც 7 ნოემბერს ამაყად გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და  ორ კვირაში გადატრიალებისაგან ქვეყნის გადარჩენისთვის   წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა (რაც სოლიდურ ფულად ჯილდოს,  ხელფასის 300 ოდენობას გულისხმობს.

ნოღაიდელისთვის ამ ჯილდომ 900 ათასი ლარი შეადგინა). ნოღაიდელი საეჭვო წარმომავლობის დიდ ფულს ხარჯავს იმისათვის, რომ ოპოზიციური ერთობა დაშალოს, სხვა პარტიის წევრები გადაიბიროს.

- ნოღაიდელზე იმიტომ ხომ არა ხართ ასე განაწყენებული, რომ "ახალი მემარჯვენეებისა" და რესპუბლიკური პარტიის წევრები მის პარტიაში გადავიდნენ?

- ფაქტია, ეს უზნეო საქციელი  ოპოზიციაში არეულობის შეტანას ემსახურება, მაგრამ კაცზე, რომელიც ფულში გაგცვლის, გული არც უნდა დაგწყდეს. ეჭვს აჩენს ფული, რომელიც ნოღაიდელს კორუფციული გზით აქვს ნაშოვნი. ხელისუფლებამ, ალბათ, ჩვეული სტილით შეაშინა ნოღაიდელი და უთხრა, თუ გინდა, ეს ფული შეგრჩეს, იმისათვის დახარჯე, რაც ჩვენთვის მისაღებიაო. ხელისუფლებასთან ხელჩართული ბრძოლა კობა დავითაშვილთან, კახა კუკავასა და ზვიად ძიძიგურთან ერთად გადაგვიტანია და გული მწყდება, რომ "ახალი მემარჯვენეების" ნაცვლად არჩევანი ნოღაიდელზე შეაჩერეს.

- ოქრუაშვილის განცხადებით, ნოღაიდელი მოღალატის სახელს არ შეუშინდა და რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყო.

- ჩემი და ოქრუაშვილის წარმოდგენები და შეხედულებები ფასეულობებზე კარდინალურად განსხვავებულია. სანამ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილია, მის უფლებებს დავიცავ, მაგრამ პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს არ ვაღიარებ პარტნიორად.

- როდესაც 7 ნოემბერს იხსენებთ, ალბათ, ისიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მაშინ ალასანია სააკაშვილის გუნდში იყო და ლევან მიქელაძესავით არ გადამდგარა.

-  ელჩი მთავრობის საქმიანობაზე პასუხს არ აგებს, რადგან გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობს. თუ რატომ არ გადადგა, ამაზე ირაკლის საფუძვლიანი მიზეზები აქვს. გაეროში სწორედ მაშინ მზადდებოდა რეზოლუცია, რომლის მიღების შემდეგ ჩვენ კიდევ შევინარჩუნეთ იურიდიული უფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

- ითქვა, რომ მერობის კანდიდატად დასახელდება გაჩეჩილაძე, რომელიც საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში მხარს დაუჭერს ალასანიას.

- ასეთი გარიგება არ არსებობს.  ლევანთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა. მას გადაწყვეტილი აქვს, არ იყაროს კენჭი მერად და მზად არის, მხარი დაუჭიროს ირაკლი ალასანიას კანდიდატურას მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად იქნება საჭირო. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც ლევანი საჯაროდ დაუჭერს მხარს ირაკლის კანდიდატურას.

"კვირის პალიტრა" ნოღაიდელის მოკავშირეს, კონსერვატორ კახა კუკავას დაუკავშირდა:

- "ალიანსის" ფორმულა: "ყველა მინუს ერთი" ოპოზიციისთვის მიუღებელია. მას გაემიჯნა ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, "ფორუმი". "ალიანსის" აზრს მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებს. ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ გამოსვლის მიზეზი ამ პარტიებისათვის სხვადასხვა დროს ჯერ ოქრუაშვილი იყო, მერე საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მხარი არ დაუჭირეს ლევან გაჩეჩილაძეს, საპარლამენტო არჩევნებზე კი რესპუბლიკური პარტია გაემიჯნა საერთო ბლოკს. 9 აპრილის აქციებში ბოლო დღემდე არ შეგვიერთდა "ალიანსი" და მიზეზად ნინო ბურჯანაძეს ასახელებდნენ. ეს ყველაფერი მაშინაც და ახლაც საბაბია ოპოზიციური ერთობის დასარღვევად. საქმე ნოღაიდელში არ არის, მასთან ბლოკის შექმნას მათ არავინ ავალდებულებს. პირიქით, ნოღაიდელი ამბობს, რომ ერთიან კანდიდატს დაუჭერს მხარს.

- დისკომფორტს არ გიქმნით ის ფაქტი, რომ ნოღაიდელმა "ედინაია როსიასთან" გააფორმა ხელშეკრულება?

- ლავროვი, რომელსაც ალასანია შეხვდა, სწორედ "ედინაია როსიას" წარმოადგენს და არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. არგუმენტი, რომ ალასანია მიუნხენში შეხვდა ლავროვს და მოსკოვში არ ჩასულა, არასერიოზულია. არის აზრი, რომ უნდა ვეძებოთ რუსეთთან საკითხების დიპლომატიურად მოგვარების გზები, მაგრამ არის მეორეც, რომ უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან  კონფრონტაცია. ხელისუფლება, მისი სატელიტები ოპოზიციაში, რესპუბლიკელები და "ახალი მემარჯვენეები" კონფრონტაციის გზას იზიარებენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე, კონსერვატორები და "ხალხის პარტია" აცხადებენ, რომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია რუსეთთან პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარება. ასე რომ, "ახალი მემარჯვენეებისა" და რესპუბლიკელების ფორმულამ - "ყველა მინუს ერთი", "ალიანსშიც" ვერ პოვა მხარდაჭერა.

საზოგადოებისაგან ოპოზიციის ერთობის იმდენად დიდი დაკვეთაა, რომ "ახალი მემარჯვენეები" და რესპუბლიკელები დაუჭერენ თუ არა ამას მხარს, ერთობა მაინც შედგება. შესაძლოა, ფორმულა "ყველა მინუს ერთი" იქცეს ფორმულად - "ყველა მინუს ორი".

P.S. საზოგადოების წინაშე საკუთარ პოზიციას ლევან გაჩეჩილაძე ორშაბათს გამოხატავს. მანამდე კი მისმა ძმამ, გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია "ალიანსის" ფორმულა - ყველა მინუს ერთი. უცნობის აზრით, ოპოზიციამ "მინუსების გარეშე" ერთობლივად უნდა იბრძოლოს ხელისუფლების შესაცვლელად.