"არსებობს ნოღაიდელის ბაბუის ფოტოები მეთერთმეტე არმიასთან ერთად" - კვირის პალიტრა

"არსებობს ნოღაიდელის ბაბუის ფოტოები მეთერთმეტე არმიასთან ერთად"

"ხალხო, რას აკეთებთ, სირცხვილია!"

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა  ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებისთვის სპეციალური მიმართვის მომზადება დაიწყეს. ქართველ პარლამენტართა აქტიურობის მიზეზი "კრემლის მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევის" მცდელობაა - თითქოს ქართველი ხალხი ჩრდილოკავკასიელი ხალხის მტერია. ამ საკითხსა და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან თემებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ხათუნა ოჩიაურს ვესაუბრეთ:

- ყველასათვის ცნობილია კავკასიის ხალხებთან ჩვენი ნათესაობის შესახებ. ჩვენ ერთად ვიზიარებდით ჭირსა და ლხინს. რადგან ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები იმ ქვეყნის შემადგენლობაში შედიან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, საყოველთაო მშვიდობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, კავკასიის ხალხებს შორის არ დაირღვეს ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთობა. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა კავკასიის ხალხების ერთმანეთთან წაკიდებას, მაგრამ  ხალხთა შორის მეგობრობას საზღვარი არა აქვს, ჩვენ ჩრდილოკავკასიელებს გავუწოდეთ ხელი და მათგანაც იმავეს ველოდებით.

ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებს ჩვენს აქტიურობას, მაგრამ ცდა არასოდეს არის უნაყოფო, ეს უკვე საქმეა.

- "კავკასიური სახლის" მშენებლობა ზვიად გამსახურდიას იდეაც იყო.

- ზვიად გამსახურდიამ მხოლოდ გაიმეორა ის იდეა, რომელიც ბევრად უფრო შორეულ წარსულში ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს.

- მინდა გკითხოთ ზვიად გამსახურდიას მთაწმინდიდან გადასვენების მცდელობაზეც...

- ზვიად გამსახურდია მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულია როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი და არა  როგორც ვიღაცის მეუღლე ან მამა. ჩემთვის მიუღებელია საფლავის შეურაცხყოფა, მით უმეტეს, პანთეონში დასვენებული პირველი პრეზიდენტისა. ეს ფაქტი კომენტარსაც არ საჭიროებს. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საფლავის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია.

- რამდენიმე დღის წინ "უცნობმა" განაცხადა, რომ საქართველოში მალე დიდი პოლიტიკური ჭექა-ქუხილი ატყდება.

- გასაგებია, რასაც ნიშნავს ეს განცხადება. ფაქტობრივად, ეს არის იმის გამეორება, რასაც რუსეთი უქადის ქართულ სახელმწიფოს. ოპოზიციამ ისიც განაცხადა, რომ ნოღაიდელთან ალიანსი სურს. რუსეთის ამ სცენარს წარმატება არ უწერია. მისი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა.

ნოღაიდელი, ძიძიგური და დავითაშვილი დაუფარავად არიან რუსული ინტერესების გამტარებლები საქართველოში, გაჩეჩილაძეები კი, რომლებიც ამ არჩევანს არ ემიჯნებიან, თავად აკეთებენ საკუთარ თავზე კომენტარს. ორჯონიკიძეობას ან უნდა გაემიჯნო, ან სიტყვიერად გააფორმო, რომ ჩვენი ქვეყნის მტერთან კავშირი საქართველოსთვის სასიკეთო იქნება.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, ნატოზე ჯვარი არა გვაქვს დაწერილიო. ნატო საქართველოს არჩევანია. არ მაინტერესებს, ვისთან აქვს დაწერილი ჯვარი კობა დავითაშვილს, მაგრამ საქართველოს თავის არჩევანთან ნამდვილად დაწერილი აქვს ჯვარი. ამ არჩევანზე უარის თქმა ჩვენი წინაპრებისა  და იმ პირთა შეურაცხყოფაა, რომელთაც მხარი დაუჭირეს ნატოს და ამით საქართველოს თავისუფლებასაც.

რამდენადაც ვიცი, არსებობს ნოღაიდელის ბაბუის ფოტოები მეთერთმეტე არმიასთან ერთად. დასკვნა მკითხველმა გააკეთოს. რას აკეთებენ? ზოგიერთის ქმედებების შემხედვარემ მინდა ვიყვირო:  "ხალხო, რას აკეთებთ, სირცხვილია!"