"სად არის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრს ამ ადამიანების სამსახურში აღდგენას დაავალებს?! არსად" - კვირის პალიტრა

"სად არის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრს ამ ადამიანების სამსახურში აღდგენას დაავალებს?! არსად"

გასულ კვირას განსჯის საგანი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება გახდა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოს გადახდით შეეცვალათ. შეგახსენებთ, რომ გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს (ნუგზარ კაიშაურთან, გიზო ღლონტსა და დავით წიფურიასთან ერთად) ბრალად 4 მლნ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ. ისინი სასამართლომ პოლიტიკოსების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მათი სამსახურში დაბრუნების მიზეზი ასე განმარტა: ”თავდაცვის სამინისტროს ნახსენები თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული - წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული და, შესაბამისად, ჩემი წინამორბედის ბრძანებით, პატიმრობის გამო, ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. ახლა კი, სასამართლომ მათი აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ამრიგად, სასამართლო გადაწყვეტილებისა და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ. ვინმეს დამნაშავეობა-უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კანონის უზენაესობის სამსახურში ვიდგებით”.

დავით ლორთქიფანიძე, უმრავლესობის წევრი: - ამ ადამიანების სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა მიეღოთ, როცა სასამართლოს ვერდიქტი გახდებოდა ცნობილი. პირველი ინსტანციის სასამართლოსაც კი საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ამ ადამიანებს ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ედებათ. ჩვენ ვსაუბრობთ სტრუქტურაზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული და ვერდიქტის გამოტანამდე მათი სამსახურში აღდგენა ნაჩქარევად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელი კარგი იურისტია და კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ არაფერს ჩაიდენს, მაგრამ მას ასევე კანონის დაცვით, საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაც შეეძლო.

- ე.ი. თვლით, რომ ამჟამინდელ მინისტრს ლობჟანიძისა და ალავიძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება შეეძლო ისე, რომ კანონთან წინააღმდეგობაში არ მოსულიყო?

- დიახ. სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა. მაგრამ სად არის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრს ამ ადამიანების სამსახურში აღდგენას დაავალებს, ან პირიქით?! არსად.

ამიტომ ნაადრევად მეჩვენება მათი უწყებაში დაბრუნება. ვთქვათ, მომავალში მათი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ისევ ავტომატურად უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება?! ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ახლა თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ ადამიანები, რომელთაც შესაძლოა, ხვალ ბრალი დაუმტკიცდეთ. ამასთან,

ეს თემა თავიდანვე ხელოვნურად იყო ”აწეული” და აჟიოტაჟის საგნად ქცეული. ამ ყველაფერმა ისეთი ფონი შექმნა, თითქოს თავდაცვის სამინისტროს ეს თანამშრომლები პრემიერ-მინისტრის პირადი პატიმრები ყოფილიყვნენ. ზედმეტმა აჟიოტაჟმა პრემიერ-მინისტრის იმიჯი დააზარალა. არადა, არ მახსოვს, რომ მას ან რომელიმე თანამდებობის პირს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების დანაშაულზე ცალსახად და მტკიცებით ფორმაში ესაუბროს.

მიუხედავად ამისა, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა და ”კაბელების საქმემ” თავიდანვე უფრო პოლიტიკური განხილვის ელფერი შეიძინა, ვიდრე სამართლებრივი. ის, რომ დაკავებულები სამსახურში დაბრუნდნენ, საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ მათთან ხელისუფლება ტყუოდა... თუმცა, ეს ადამიანები მსგავს სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ წინა ხელისუფლებისას, თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებაზე ვერც იოცნებებდნენ!