ჟვანიას საქმე - "ძაძამიამ მითხრა, ნეტავ რატომ არ ვკვდებიო" - კვირის პალიტრა

ჟვანიას საქმე - "ძაძამიამ მითხრა, ნეტავ რატომ არ ვკვდებიო"

"სპექტაკლი დამთავრებულია"

"რა მნიშვნელობა აქვს,  ახლა საკანში იქნება თუ გარეთ?! რა აზრი აქვს ხარშილაძის სიცოცხლეს? ამაზე უარესი, რაც ახლა მის თავს ხდება, არაფერი შეიძლება იყოს"

ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს, კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტი დაადასტურეს. საბოლოო გადაწყვეტილებით, ხარშილაძეს პატიმრობის ვადა 24 დეკემბერს ეწურება (ძველმა სასჯელმა, რომელიც მას "გრინსერვისის" საქმეზე აქვს შეფარდებული, ახალგანსაზღვრული სასჯელი შთანთქა), ძაძამიას კი წინასწარი პატიმრობა გირავნობით შეეცვალა.

გოგლა ჟვანია: - მათი მიზანი სასამართლო პროცესის შოუდ გადაქცევა და ოჯახისთვის ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენება იყო. საზოგადოებამ უკვე მოისმინა ეს ყველაფერი და სიბინძურედ შეაფასა. სპექტაკლი დამთავრებულია და ყველაზე საინტერესო წინ გველის, რასაც ზურაბ ჟვანიას საქმის არსებითი განხილვა ჰქვია. მალე გავიგებთ, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ზურა...

ნაფიცმა მსაჯულებმა დაინახეს მთელი აბსურდულობა იმისა, რაზეც დაცვის წევრები საუბრობდნენ, ბრალდებულები თავიანთ ვერსიებსვე ეწინააღმდეგებოდნენ. როცა გამომძიებლები კონკრეტულ შეკითხვებს უსვამდნენ, მაშინ იწყებოდა ხარშილაძე-ძაძამიას "არევა"... პასუხები არადამაჯერებელი, ურთიერთგამომრიცხავი იყო. მათ არ იციან, იუსუპოვის ფეხსაცმელი ნაპოვნია თუ არა. ამიტომ ერთ დღეს თქვეს, იუსუპოვის გვამი რომ გაგვქონდა, მაშინ დაიკარგაო, მეორე დღეს თქვეს, არ დაკარგულაო. ისიც თქვეს, გვამი მანქანაზე მივაყუდეთო. არადა, მათივე ჩვენებით ის ახალგარდაცვლილი იყო და გაშეშებული ვერ იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ მიაყუდებდნენ...

სისულელეებს ამბობენ, რითაც სიცრუის ქსელში კიდევ უფრო იხლართებიან.

მარინა მოლოდინი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი: - კარგი იქნებოდა, ყველას საკუთარი თვალით ენახა, როგორი დაბნეულები იყვნენ სასამართლოზე ძაძამია და ხარშილაძე. მათ უნდა გაეცათ პასუხი შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა იუსუპოვს დასვრილი შარვალი, ფეხსაცმელი კი დაკარგული. თქვეს, რომ დაბნეულობის გამო იუსუპოვის გვამი გარეთ გაიტანეს, შემდეგ შემოიტანეს.

ჯერ თქვეს, გვამი სადარბაზოში დაგვივარდა და დასვრილი ამიტომ იყოო. როცა ჰკითხეს, ტალახით როგორ დაისვარა სადარბაზოშიო, "გაიჭედნენ" და თქვეს, მანქანაზე მივაყუდეთ და მაშინ დაისვარაო...

იუსუპოვის ფეხსაცმელი სად დაკარგეს, ვერ გაიხსენეს. ალბათ, იქვე დაგვივარდაო, განაცხადეს. თუ სადმე დავარდა, ან ბინაში უნდა ყოფილიყო, ან სადარბაზოში, ან მანქანაში და არ უნდა დაკარგულიყო...

პროკურორმა ძაძამიას ჰკითხა, თუ ზურა და რაული შიშვლები ნახეთ, როგორ მიხვდით, ვისთვის რომელი ტანსაცმელი ჩაგეცმიათო? ამან უპასუხა: რა მიხვედრა უნდოდა, ერთს პიჯაკი და პერანგი ეცვა, მეორეს კი სპორტული ტანსაცმელიო. არადა, ფირში ჩანს, რომ ორივეს თეთრი პერანგი აცვია(?!).

პროცესებზე დასწრებით კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ზურა მოკლულია. მაგალითად, მათ გაიხსენეს, რომელ საათზე დაურეკეს იუსუპოვს და შეხვედრაზე შეუთანხმდნენ. მერე მათი მონაყოლიდან გაირკვა, რომ ამ ზარის შემდეგ ძაძამიამ სულ რაღაც ორ წუთში მოახერხა საბურთალოს 53-ში მისვლაც, მანქანის გაჩერებაც, ბინაში შესვლაც, ღუმელის ანთებაც, ოთახების შემოწმებაც. წამი-წამზე მოსულა იუსუპოვიც... რასაკვირველია, ეს ყველაფერი ორ წუთში წარმოუდგენელია. პროკურორმა ჰკითხა კიდეც, ორ წუთში როგორ ჩაეტიეო. ძაძამიას პასუხი არ ჰქონდა და გაჩუმდა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ იმ ბინაში გამათბობელი არ ყოფილა ჩართული და გაზით როგორ გაიგუდებოდნენ? ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, ღუმელს მურის კვალი არ აღენიშნებოდა... ძაძამია ჰყვებოდა, რომ ფანჯარაზე აძვრა და დაინახა, რომ ზურა სავარძელში გაუნძრევლად იჯდა, ე.ი. უკვე გარდაცვლილი იყო და ხარშილაძესთან დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ ტელეფონი დაუჯდა, წავიდა, დატენა, სადღაც იბოდიალა და საათისა და 40 წუთის შემდეგ შეაღწია ბინაში. რატომ მაშინვე არ შეამტვრია ფანჯარა? მათი მონათხრობიდან გამოდის, რომ პრემიერის სიცოცხლეზე წინ მისი რეპუტაციის დაცვა დააყენეს და გვამის გატანით საქმის გაყალბებაც კი სცადეს... ცხადია, ნაფიცმა მსაჯულებმა კარგად შეაფასეს მათი მონათხრობის აბსურდულობა და ადეკვატური ვერდიქტიც გამოიტანეს.

ხარშილაძე-ძაძამიას ადვოკატი მათი განცხადებების გამო ისე იყო დაბნეული, რჩევა-დარიგებების მისაცემად ხან ერთთან მირბოდა, ხან - მეორესთან.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ძაძამია მომესალმა, მე კი გამარჯობის ნაცვლად ვკითხე: შენც იმის სათქმელად ხომ არ მოხვედი, რომ ზურასგან ინტიმური შემოთავაზება გქონდა-მეთქი? მე არავითარი შემოთავაზება არ მქონია და ნეტავ რატომ არ ვკვდებიო, მითხრა და გამეცალა. შემდეგ მთელი სხდომის განმავლობაში თავჩაქინდრული იჯდა და ხანდახან ნიანგის ცრემლებს ღვრიდა...

აღსანიშნავია ისიც, რომ ძაძამიას გარდა, არავინ აღმოჩნდა დაცვის თანამშრომელი, რომელსაც ოდესმე კონსპირაციულ ბინაში ზურა მიუყვანია...

"თქვენ კაცად დარჩენის შანსიც დაკარგეთ!"

კახა გოჩაშვილი, ზურაბ ჟვანიას დაცვის პირველი უფროსი: - ზურასთან 1995-დან 2003 წლამდე პირადი დაცვის უფროსად ვმუშაობდი, შემდეგ "ბურჯანაძე-დემოკრატებიდან" დიდი ლიახვის ხეობაში ვიყარე კენჭი, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. ვიყავი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ცხინვალის რეგიონის საკითხებში. ერთხანს ფინანსურ პოლიციაშიც ვმუშაობდი. ზურა უაღრესად ზნეობრივი ადამიანი იყო. თუ ვინმე კარგად იცნობდა, ერთ-ერთი მე ვიყავი. არასდროს, წამითაც კი, მის ორიენტაციაში ეჭვი არ შემიტანია. ხარშილაძის განცხადებები თავზარდამცემი იყო. როგორ თქვა ასეთი სიბინძურე (შემოთავაზება მქონდაო) ან თავში აზრად როგორ გაივლო? არ ვიცი, ამით რას მიაღწია. ადამიანები ციხეშიც ცხოვრობენ და გარეთაც და კაცებად რჩებიან, მან კი ამ სახელით როგორ უნდა იცხოვროს?! რა მნიშვნელობა აქვს, ახლა საკანში იქნება თუ გარეთ?! რა აზრი აქვს ხარშილაძის სიცოცხლეს? ამხელა ცოდვა როგორ უნდა ზიდოს?! ამაზე უარესი, რაც ახლა მათ თავს ხდება, არაფერი შეიძლება იყოს და არც ნაფიცი მსაჯულებისა და არც მოსამართლის ვერდიქტს აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. მათ რაც დასაკარგი ჰქონდათ, უკვე დაკარგეს - ამქვეყნად კაცად ცხოვრების შანსი! ზურას კი ის ტალახი, რაც ესროლეს, არ შეეხება. ისტორია ყველაფერს აფასებს და ის დარჩება საზოგადო მოღვაწედ, რომელზეც ურთულეს წლებში ქვეყნის ბედი იყო დამოკიდებული და რის გამოც მოიცილეს. მე ვახლდი ლიახვის ხეობაში და ვიცი, ქართველებიც და ოსებიც როგორ სცემდნენ პატივს. დარწმუნებული ვარ, ის ტალახი, რომელსაც მის ხსოვნას ესვრიან, ზურაბ ჟვანიას სახელს ვერაფერს დააკლებს.

- სოციალურ ქსელში აღნიშნეთ, ეტყობა, ღმერთმა იმიტომ გადამარჩინა, ზურას სახელს ეს ლაფი ჩამოვაცილოო. რას გულისხმობდით?

- შარშან ამ დროს ანევრიზმა გამისკდა, ურთულესი ოპერაცია გამიკეთეს და გადავიტანე. ასეთი შემთხვევები ანალოგიურ სიტუაციაში იშვიათია.

"მე მეცოდინებოდა!"

რეზიკო ოთარაშვილი, ინვალიდთა დახმარების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი: - "ნაციონალურ მოძრაობაშიც", რომლის წევრიც ვარ, ბევრს სჯერა, რომ ზურა მოკლულია, უბრალოდ, საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ. ხარშილაძის განცხადებებმა აღმაშფოთა, რადგან მაშინვე მივხვდი, რომ ტყუოდა. კარგად მახსოვს, ის და ძაძამია, როცა გარდაცვლილი ზურა ჯერ სახლში და შემდეგ ტაძარში ესვენა, ყველას გასაგონად ამბობდნენ, რომ ზურა მოკლულია და თავში ხელს იცემდნენ. ახლა კი გაოგნებული ვარ მათი განცხადებებით. ზუსტად ვიცი, რომ ზურა ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცი იყო და ამასთან, ძალიან ზნეობრივი ადამიანი. თუ მას განსხვავებული ორიენტაცია ჰქონდა, პირველ რიგში მე მეცოდინებოდა.

- რას გულისხმობთ?

- ცერებრალური დამბლის გამო ხელის მოძრაობა მაქვს შეზღუდული. მძიმე ეკონომიური პირობების გამო ერთხანს "ნდობის ტელეფონზე" ოპერატორად მუშაობას დავთანხმდი. ამ საქმიანობის დროს ბევრი დაფარული რამ შევიტყვე...

"ნდობის ტელეფონებს" ხელისუფლების წარმომადგენლები ლობირებდნენ. სადაც მე ვმუშაობდი, რეალურად ირაკლი ოქრუაშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის ერთ-ერთი ბიზნესი იყო.

იმხანად "ნდობის ტელეფონების" ბუმი იყო, რადგან არც ინტერნეტი არსებობდა და არც ეროტიკული საიტები. მე ვიყავი მამაკაცი ოპერატორი, მეტსახელად "ბექა", რომელთანაც როგორ ქალები, ასევე მამაკაცები რეკავდნენ. მაგრამ ეს საქმიანობა დღითი დღე ფსიქიკას მინგრევდა. თავად გამოვცადე, რა ძნელი იყო, როცა ჩემს ორიენტაციაში ეჭვი შეჰქონდათ... მაქვს განსხვავებული ხმის ტემბრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ცისფერი" ვარ. მეც ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ და 5 წლის ქალიშვილი მყავს. მოკლედ, მაშინ განსხვავებული ორიენტაციის ხალხზე ბევრი რამ შევიტყვე.

პეროვსკაიაზე იყო ბარი, სადაც ასეთი ადამიანები იკრიბებოდნენ. იქ დადიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები, რომლებსაც განსხვავებული ორიენტაცია ჰქონდათ. მოკლედ, ზურა რომ არატრადიციული ორიენტაციის ყოფილიყო, ეს ჩემი კავშირების მეშვეობით აუცილებლად მეცოდინებოდა. ]

მერე მოხდა ის, რომ "რუსთავი 2"-ის "პოსტსკრიპტუმში" და გადაცემა "ტაბუში" გააკეთეს სიუჟეტი, სადაც მალაპარაკეს, თუ რა სატელეფონო მომსახურებას ვუწევდი კლიენტებს. სახე დაფარული მქონდა, მაგრამ ჩემმა მეზობელმა (დუშეთში) მარინა მოლოდინმა ხმით მიცნო და დამირეკა, პარლამენტში უნდა მოხვიდეო. რატომ-მეთქი? შუაზე უნდა გაგხიო და იმიტომო, მიპასუხა. რას მერჩის-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მაინც მივედი, მან კი ზურას შემახვედრა. ეს ბავშვი ჭაობიდან უნდა ამოვიყვანოთ, არ უნდა იყოს იმ სიბინძურეშიო, უთხრა მარინას ზურამ. აქედანაც ჩანს, როგორი მაღალი ზნეობისა იყო პრემიერი. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია "ინვალიდთა დახმარების ასოციაცია" შემაქმნევინეს და მხარში ამომიდგნენ.

ზურას მადლობელი ვარ, რომ ჭაობიდან ამომათრია. მას ხშირად ვხვდებოდი, იყო უშუალო, კონტაქტური. ვიცი, რომ

ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მახსოვს, ერთხელ მერაბიშვილის დანახვაზე ზურას მიცვალებულის ფერი დაედო...

რა იყო ამის მიზეზი, მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ ძალიან არ მოეწონა მერაბიშვილის შემოსვლა კაბინეტში, სადაც ზურა და მარინა მოლოდინი მთის კანონზე საუბრობდნენ. ზურას სიცოცხლის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა მითქმა-მოთქმა მისი ორიენტაციის შესახებ, რაც მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა, დღეს კი უკვე მის ხსოვნას შეურაცხყოფენ. წარმომიდგენია, რამხელა სტრესია ზურას ოჯახისთვის ეს ყველაფერი. ზურას სამი შვილი ჰყავს და მათ ფსიქიკაზე ეს, ალბათ, მძიმედ აისახება. იმედია, ოჯახი ამ ფსიქოლოგიურ დარტყმას გაუძლებს და სამართალი იზეიმებს.