"მაგფერები" - კვირის პალიტრა

"მაგფერები"

ჩვენი გუნდი მთლიანად ნაძირალებისგან შედგება! - ბოლო დროს თითქმის ყოველდღე ამას გვიმტკიცებს ხელისუფლება. როგორ? ახლავე მოგახსენებთ. პირველი ოქრუაშვილი იყო: სააკაშვილმა ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ თავისი სიამაყე - ოქრობიჭი ნაძირალა ყოფილა; მერე მას ნინო ბურჯანაძე მოჰყვა, - პოლიტიკოსი, რომელსაც სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მყარი ფოლადისგან ნაჭედი უწოდა.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავიდა, აღმოჩნდა, რომ ისიც ნაძირალაა; ბურჯანაძეს ნოღაიდელი მოჰყვა, რომელიც თანამდებობიდან წასვლის წინ პრეზიდენტმა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ახლა კი რა ეპითეტებით ამკობენ მას ხელისუფლების წარმომადგენლები, აღარ შეგახსენებთ. ამით ეს ჩამონათვალი არ სრულდება. "რეალ-ტვ" უკვე ორი კვირაა ატრიალებს ერთსა და იმავე მარაზმატულ სიუჟეტს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეზე, სადაც იმის შესახებ ჰყვებიან, თუ რა ცუდი კაცი, ქმარი და მამაა აწ უკვე შვეიცარიაში გადახვეწილი ქართველი ჟურნალისტი. ვახტანგ კომახიძე რევოლუციის დროს დღევანდელი ხელისუფლების წევრებთან მეგობრობდა.

ერთი პერიოდი მათი თანაგუნდელიც იყო, როდესაც უშიშროების სამინისტროში დაიწყო მუშაობა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვეღარც ვიხსენებ, კომახიძე სააკაშვილის მერამდენე თანამებრძოლია, რომლის შესახებაც ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ნაძირალაა. თითქმის ყველა, ვინც მათთან იყო და დღეს აღარაა, მათივე მტკიცებით, საშინელი კაცი ან სამშობლოს გამყიდველია. მოკლედ, ხელისუფლება ყოველდღე გვეუბნება, ყველა ჩემი თანაგუნდელი, ვინც ჩემგან წავიდა, ნაძირალა იყოო. ასეთი ქმედებით სააკაშვილი გვაჯერებს, "ნაძირალებთან" ერთად მოვედი ხელისუფლებაშიო. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ამდენი ნაძირალა იდგა თქვენ გვერდით, რა გარანტია გვაქვს, რომ კიდევ არ არიან თქვენს გუნდში "მაგფერები", ან მთელი თქვენი გუნდი "მაგფერებისგან" არ შედგება?

ოპოზიციის სამი გზა

ამ კვირაში ოპოზიციურ სპექტრში ალბათ, ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება. ყოველ შემთხვევაში, ასე გვპირდებიან თავად ოპოზიციონერები. რაღაც-რაღაცები გაირკვევა, თუმცა მეეჭვება, ოპოზიციურ სპექტრში სიტუაცია დალაგდეს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ დღეს ოპოზიციაში ისეთი ვითარებაა, ისიც კი გაურკვეველია, ვისი ლიდერი ვის გაერთიანებაშია.

წინა კვირას ერთადერთი მყარი გაერთიანება "ალიანსი საქართველოსთვის" კინაღამ ხელში შემოგვეშალა. ჯერ ალასანია უფროს "გრეჩიხას" ლამის ჩაეხუტა. უსუფაშვილმა და გამყრელიძემ ასეთი პერსპექტივა ნოღაიდელის ფაქტორის ამოტივტივებით ჩაშალეს. გამოაცხადეს, ყველას მინუს ნოღაიდელიო. საღამოს ალასანიას თანაგუნდელმა ზურაბ აბაშიძემ თქვა, - არაფერიც, ნოღაიდელთან ვითანამშრომლებთო. მეორე დღეს კი ალასანია გამყრელიძესა და უსუფაშვილს დაეთანხმა, ნოღაიდელი არაო. მოკლედ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ სიტუაცია მძიმეა. ალბათ ამ კვირაში ლევან გაჩეჩილაძე ინებებს და საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. იტყვის, ბოლოს და ბოლოს, რას აპირებს - ალასანიას უჭერს მხარს, თუ საკუთარ კანდიდატურასაც აყენებს.

დღეს ოპოზიციას სამი გზა აქვს: 1. გაერთიანდეს ერთი კანდიდატის გარშემო; 2. ყოველგვარი გაერთიანებისა და მოლაპარაკებების გარეშე ნაკლებრეიტინგულმა კანდიდატებმა გამოიჩინონ კეთილგონიერება და არჩევნების წინადღეს მოხსნან კანდიდატურები ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ; 3. ყველაზე ძლიერმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხოს, არჩევნებამდე შედარებით სუსტი ოპოზიციური ძალები ჩაძიროს და ამ გზით დარჩეს მარტო სახელისუფლებო კანდიდატის (თუ კანდიდატების) წინაშე. სხვა ყველა შემთხვევაში იმარჯვებს ხელისუფლება. რაც მთავარია, დღეს ოპოზიციურმა ძალებმა რაც შეიძლება მალე უნდა აირჩიონ, ამ სამი გზიდან რომელს დაადგებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დრო არაფრისთვის აღარ ეყოფათ. წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლებას უკვე გახურებული აქვს.

KvirisPalitra.Geმტრული მედია

ბატონო პრეზიდენტო, მაინტერესებს, მე თქვენი მტერი ვარ? საინტერესოა, ვინ იგულისხმეთ, როდესაც ლონდონში გამოსვლისას ბრძანეთ, რომ საქართველოში ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი მედიაა. არა, მართლა ძალიან მაინტერესებს: მე უფრო დიდი მტერი ვარ თქვენი, რომელიც გაკრიტიკებთ, თუ "რეალ-ტვ", რომელიც თავს გჭრით? საინტერესოა, მტრების ძებნას, მოკავშირეების ძებნა ხომ არ ჯობია. თუ თქვენთვის მოკავშირე მხოლოდ ის არის, ვინც გაქებთ და თავს გიქონავთ? წინა კვირას დავწერე, ქართული მედიის ნაწილი შავრაზმულია-მეთქი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ ოპოზიციურ მედიას ეხებოდა? იქვე განვმარტე, რომ დღეს სახელისუფლებო მედიასაშუალებები ოპოზიციურს აჭარბებენ შავრაზმულობაში. ახლა მივხვდი, ეს რატომ ხდება. იმიტომ, რომ ყველგან მტრებს ხედავთ და მათი დამარცხების გზებს ასე პოულობთ.

დავუშვათ, რომელიმე ჟურნალისტი თქვენი მტერია. ვინ აქცია ის ასეთად? თქვენ ხომ არა, რომელმაც მთელი ტელესივრცის მონოპოლიზაცია მოახდინეთ და მას თავისუფლად სუნთქვის საშუალება არ მიეცით? იქნებ, თუ ხელს არ შეუშლით, ბორკილებს არ დაადებთ და პირიქით, ხელს შეუწყობთ საქართველოში ჭეშმარიტად თავისუფალი მედიის ჩამოყალიბებას, მტრული მედიისთვის საერთოდ ადგილი აღარ დარჩეს? ამაზე არ გიფიქრიათ? თუმცა საკითხავია: იყავით კი გულწრფელი, როდესაც ამბობდით, რომ საქართველოში მტრული მედია არსებობსო? იქნებ თავადაც არ გჯერათ ამის? ამას იმიტომ გეკითხები, რომ იმავე გამოსვლაში განაცხადეთ: საქართველოს მთავრობა ცდილობს თავისუფალი პრესის პრინციპების ერთგული იყოსო. თუ მტრულ მედიაზე საუბრისას ასეთივე გულწრფელი იყავით, მაშინ სულ ტყუილად დამიწერია ამდენი...