"მხოლოდ დონეცკის ოლქში 2000 კაცი ჩამოვიდა. რისთვის?" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ დონეცკის ოლქში 2000 კაცი ჩამოვიდა. რისთვის?"

"მეგობრები ვართ, ერთადაც ვცხოვრობდით, მაგრამ მე ნამდვილად არ გამიზრდია"

უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი საქართველოს მოსახლეობას მეტად აღელვებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მომავალი პრეზიდენტი ქართველის შვილობილი და ქართულ ოჯახში აღზრდილი ყოფილა. რაღა დაგიმალოთ და, მას შემდეგ, რაც ალ კაპონე - ქართველ ალექსანდრე კაპანაძედ, სადამ ჰუსეინი - სტალინის უკანონო შვილად, ჯორჯ ბუში- უფროსი - ქართველ ემიგრანტ გიორგი ყუშიტაშვილის შვილიშვილად მოვნათლეთ, იანუკოვიჩის ქართულ ფესვებზე გავრცელებული ინფორმაცია სასაცილოდ არ მეყო, მაგრამ როცა ედუარდ შევარდნაძემ ეს ამბავი ინტერვიუს დროს მომითხრო, ცოტა არ იყოს, დავფიქრდი და საკუთარი თავიც კი გავკიცხე უნდობლობისთვის.

KvirisPalitra.Geბატონმა ედუარდმა 2003 წელს ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრა გაიხსენა: "იანუკოვიჩი ქართველმა ჯაფარიძემ ბავშვთა სახლიდან იშვილა და ისეთი ღირსეული კაცი აღმოჩნდა, რომ შვილობილს გვარი არც კი შეუცვალა. იანუკოვიჩმა თავად  მითხრა, ქართულ ოჯახში, ქართველი კაცის გაზრდილი ვარო".

შევარდნაძის ამ ვერსიის პარალელურად გავრცელდა მეორე ვერსიაც: როცა ახალგაზრდა იანუკოვიჩი ციხეში მოხვდა, მისი ციხეში და შემდგომაც პატრონობა ქართველ კაცს, გვარად ჯაფარიძეს უკისრია. მათ ციხეში გაიცნეს ერთმანეთიო. იანუკოვიჩის "ქართული ფესვების" შესახებ სიმართლეს შეიტყობთ ექსკლუზიურ ინტერვიუში იანუკოვიჩის დონეცკელ "მამობილ" დიმიტრი ჯაფარიძესთან:

- სულ მაინტერესებდა, საიდან გამოიგონეს ეს ამბავი. არ არის იანუკოვიჩი ჩემი შვილობილი, ახლო მეგობრები კი ნამდვილად ვართ და ნათელმირონობაც გვაკავშირებს. ის, რომ ჩემს ოჯახშია გაზრდილი და ბავშვთა სახლიდან ავიყვანე, ტყუილია. ეს ამბავი რომ ვიქტორს გაეგო ან სადმე წაეკითხა, ძალიან ეწყინებოდა. კი, მეგობრები და ნათლიები ვართ, ერთადაც ვცხოვრობდით, მაგრამ მე ნამდვილად არ გამიზრდია.

- ისიც ტყუილია, რომ იანუკოვიჩი ბავშვთა სახლშია გაზრდილი?

- რა თქმა უნდა. დედა ორი წლისას გარდაეცვალა. მამა და დედინაცვალი ჰყავდა. ბებიასთან ცხოვრობდა და ერთად ზრდიდნენ.

- მეორე ვერსიით თითქოს თქვენ და ვიქტორ იანუკოვიჩმა ციხეში გაიცანით ერთმანეთი, იანუკოვიჩს დახმარება გაუწიეთ და აქედან დაიწყო თქვენი უერთიერთობა...

- ციხეში? ნუ მომკალით სიცილით. ფეხბურთელი კაცი "უგალოვნიკიც" გამხადეს? კომუნისტ კაცს ციხეში ვინ ჩამსვამდა?

- არც ვიქტორ იანუკოვიჩია ნასამართლები?

- ხდება ცხოვრებაში გაუთვალისწინებელი რაღაცები. ვიქტორი  ბავშვობაში სულ ტყუილად  მოხვდა ციხეში - სამართლიანი კაცია და არ უყვარს, როცა ვინმეს ჩაგრავენ. ჩხუბში ვიღაცას გამოესარჩლა და ამის გამო მოხვდა ციხეში. ასეთ მშრომელ ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ. 23 წლის იყო, დირექტორად რომ დანიშნეს, მას მერე სულ დიდ თანამდებობებზე მუშაობდა, ხან  გენერალური დირექტორი იყო, ხან კი გუბერნატორი.

- მაინც სად გაიცანით იანუკოვიჩი, როგორ დამეგობრდით?

- ენაკიევოში, მისი მეუღლე ჩემთან მუშაობდა მთავარ ინჟინრად. იქ გავიცანით ერთმანეთი და  გვერდიგვერდ ვცხოვრობდით. საინტერესოა, ვინ უთხრა ედუარდ შევარდნაძეს ასეთი რამ?

- ედუარდ შევარდნაძემ თქვა იანუკოვიჩმა თავად მითხრა, ქართველი კაცის გაზრდილი ვარო...

- ჩვენ მხოლოდ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. ვიქტორი ჩემზე 6 წლით უმცროსია. ეტყობა, გაზრდაში ეს იგულისხმა.

- რამდენი ხანია იანუკოვიჩთან მეგობრობთ?

- 30 წელია.

- რამდენადაც ვიცი, ენაკიევოს მერიც ქართველი ყოფილა, გვარად რუხაძე, ისიც თქვენი მეგობარია?

- მე და ვიქტორი რუხაძის მამასთან ვმეგობრობდით. მართალია,  ქალაქის მერია, ჩვენზე ახალგაზრდაა. მამამისი მაღაროს უბნის უფროსად მუშაობდა. წარმოშობით წულუკიძიდან (ხონი) არის.

- უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობის საკითხი არ არის ჩვენთვის სულერთი, საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, რას ფიქრობს იანუკოვიჩი ქართველებზე?

- რაღა დაგიმალოთ და, ძალზე გულდაწყვეტილი და ნაწყენია. რა უბედურება იყო 2000 კაცის გამოგზავნა?

- ქართველებზეა ნაწყენი თუ საქართველოს ხელისუფლებაზე?

- როცა ასეთი რამ ხდება, ხალხსა და ხელისუფლებას აღარავინ არჩევს ერთმანეთისგან. ამ ხალხის გამოგზავნის შემდეგ ქართველებს კი არა, მეც კი ალმაცერად შემომხედეს. კიდევ კარგი, კარგად მიცნობენ  და ამან ჩვენს მეგობრობაზე ვერ იმოქმედა. მხოლოდ დონეცკის ოლქში 2000 კაცი ჩამოვიდა. რისთვის? თუ მართლა დაკვირვება უნდოდათ, ვინ დაუშლიდა, მაგრამ მარტო დონეცკი იყო დასაკვირვებელი? სიმართლე ის არის, რომ სპეციალურად გამოგზავნა საქართველოს ხელისუფლებამ 2000 ქართველი დონეცკში, რომ იანუკოვიჩს არ მოეგო არჩევნები.

მას შემდეგ, რაც ქართველები საარჩევნო უბნებზე არ დაუშვეს, ჟურნალისტებად "გადაიქცნენ". მიდიოდნენ საარჩევნო უბნებზე და ძალით, ყოვლად არაკორექტულად და უსინდისოდ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში. ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ასე უნდა მოიქცეთ, ისე უნდა გააკეთოთო! სად გაგონილა, სხვა ქვეყანაში ქართველი დამკვირვებელი თუ ჟურნალისტი თავს ამდენის უფლებას აძლევდეს? ნაწყენი იქნება იანუკოვიჩი, აბა რა?