დავასრულოთ სამარცხვინო დავა! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
24-08-2015
დავასრულოთ სამარცხვინო დავა! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
ამას წინათ ირაკლი სესიაშვილმა თქვა: ის იქნებოდა ცუდი, პრემიერი და პრეზიდენტი ყველაფერზე ერთ აზრზე რომ იყვნენ, თორემ განსხვავებული აზრები რომ აქვთ, კარგიაო. ეს "განსხვავებული აზრების ქონა" კი არა, უკვე მარაზმია. განსხვავებული აზრი შეიძლება გქონდეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ გაუთავებელი დავა, ვინ რომელ ღონისძიებაზე წავა, უბრალოდ, სირცხვილია! როგორ წარმოვიდგენდი, რომ შარშანდელი სამარცხვინო სკანდალის შემდეგ წელსაც იგივე მოხდებოდა და პრეზიდენტი და პრემიერი ისევ დაიწყებდნენ კინკლაობას იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს გაეროში და
ვის ეკუთვნის იქ სიტყვით გამოსვლა. უფრო სწორად, არ ველოდი, თუ პრეზიდენტი ამას კვლავ გახდიდა სადავოდ.
შარშან ხომ იდავეს მაგ თემაზე და აღმოჩნდა, რომ პრემიერი პოზიციებს არ თმობს. რაღა საჭიროა წელს ისევ ამ თემის წამოწევა, რაღა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის მართალი და ვინ -მტყუანი? წავიდეს პრემიერი,
ისიც ხომ არის უფლებამოსილი პირი? რატომ ვქმნით ამისგან პრობლემას და თავს ვიმასხარავებთ? რა აზრი აქვს დავას იმის შესახებ, ვის უფრო მეტად ეკუთვნის იქ წასვლა და სიტყვით გამოსვლა, ვის მეტ უპირატესობას ანიჭებს კონსტიტუცია და ა. შ.? ხომ ვიდავეთ ამაზე უკვე ერთხელ და ვერაფერზეც ვერ შევთანხმდით. ჰოდა, ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვერ ვთანხმდებით და დავასრულოთ ეს სამარცხვინო დავა!
თუმცა, არა! არა მხოლოდ დავა არ დავასრულეთ, არამედ წელს უკვე ორი დელეგაციით მივდივართ ნიუ-იორკში! პრემიერი გაეროს სხდომას დაესწრება, პრეზიდენტი კი ლიტველი კოლეგის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას: "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება". ამ ღონისძიებაზე მოწვევა პრეზიდენტის სახელზე მოსულა, თუმცა დარწმუნებული ვარ, დალია გრიბაუსკაიტემ რომ იცოდეს, ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მისი ქართველი კოლეგა გაეროს სხდომიდან კი არ შეივლის, არამედ სპეციალურად ჩადის ნიუ-იორკში, გაოცებას ვერ დამალავდა ასეთი პატივისცემის გამო. მესმის, რომ მარგველაშვილმა იქ შეიძლება ორმხრივი შეხვედრებიც გამართოს, მაგრამ მე მის ადგილზე ამ ღონისძიებაზე წასვლის პატივსაც პრემიერს დავუთმობდი. არ თმობს გაეროს? მაშინ ქალის როლის გაძლიერებაზეც იმან იმსჯელოს! ბევრი ფული გვაქვს, ნიუ-იორკში ერთდროულად ორ დელეგაციას რომ ვგზავნით? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მიიჩნევა კონსტიტუციით პირველ პირად? რეალური ძალაუფლება პრემიერსა და მთავრობას აქვს და მათ გარეშე პრეზიდენტი ნაბიჯსაც ვერ დგამს! და რადგან ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლება დღეს პრემიერს აქვს, უნდა, რომ ქვეყნის ფარგლებს­ გარეთაც ქვეყნის ლიდერად ის დაფიქსირდეს, რაღას ვხდით ამ თემას საკინკლაოდ და ვიქაჩებით ნიუ-იორკში? ამ დავაში ისე ჩანს, რომ ორივე მხარე მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და ქვეყნის იმიჯი არ ადარდებს, თორემ ერთმანეთში გაარკვევდნენ ამ საკითხს!
მოკლედ, სასახლეში გადასვლა იქნებოდა თუ ვეტოები, სულ პრეზიდენტს ვეთანხმებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი არ მესმის!

რა დარჩება "ოცნებისგან"?
მიხარია, რომ ოპოზიცია ერთ საკითხზე მაინც გაერთიანდა და საგარეჯოს შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს! მართლია, სრული ერთიანობა ვერ დაფიქსირდა, რადგან "პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებში მაინც მონაწილეობს, მაგრამ ამდენი პარტიის ერთ პოზიციაზე ყოფნაც მნიშვნელოვანია. მერე რა, რომ აქ არიან "ნაციონალებიც", რომელთაც საარჩევნო სისტემის უსამართლობა სულაც არ ადარდებდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მაჟორიტარების არსებობასაც კბილებით იცავდნენ, ახლა კი გაუქმებას ითხოვენ. მთავარია, რა არის უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის, ქართული დემოკრატიისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება!
რითი უნდა შევიდეს "ოცნება" ისტორიაში? დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც ძალიან შორეული პერსპექტივაა და ეკონომიკური გარღვევაც არ ჩანს მთლად ახლოს. ერთადერთი, რაც "ქართულ ოცნებას" ახლავე შეუძლია გააკეთოს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესება და ქვეყანაში ევროპული დემოკრატიის დამყარებაა. ამ გზაზე მას მიღწევებიც აქვს, რა თქმა უნდა, მ=აგრამ რაღაც-რაღაცებში გაბედულება აკლია. როგორც სული, ხელისუფლებაც ტკბილია და მისი დაკარგვის შიში ბევრს აიძულებს, დემოკრატიის დამყარება დროებით გადაავადოს. "ოცნება" საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის ვადას 2020 წლამდე ითხოვს. პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინოა დღეს მათი პოზიცია. თუ "ნაცები" ადრე მაჟორიტარებს ემხრობოდნენ და ახლა გაუქმებას ითხოვენ, "ოცნებაში" შემავალი პარტიები ადრე ამ სისტემის წინააღმდეგ გამოდიონენ, ახლა კი მათი პოზიცია რეალურად ასეთია: კი არის ცუდი სისტემა, მაგრამ 2016 წელს მაინც ამ სისტემით ჩავატარებთ, რადგან წაგების გვეშინია და მხოლოდ 2020 წელს გავაუქმებთო.
არადა, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ პარტიას ყოველთვის უპირატესობა ექნება და მისი დამარცხება შეუძლებელი გახდება, თუ არა რევოლუცია ან რევოლუციური სიტუაცია, როგორიც 2012 წელს იყო! გვინდა კი სულ რევოლუციები? რატომ ეშინიათ ასე ხელისუფლების დაკარგვის? თუ "ოცნებას" უნდა ქვეყნისთვის რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი გააკეთოს, გადაიყვანოს დემოკრატია სულ სხვა ხარისხში, თუნდაც ეს ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს, თორემ ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მაინც დაკარგავს და მასზე კეთილად მოსაგონარიც არაფერი დარჩება.
zurabi
02 სექტემბერი 2015 15:26
ერთმა ნიუორკში იაროს,მეორემ მოსკოვში და მესამემ ევროპაში.ერთნაირი აზრი ქვეყნის სასარგებლოთ მაინც არა აქვთ.
Nona
24 აგვისტო 2015 23:09
ყოჩაღ!!!
tvalsazrisi
24 აგვისტო 2015 23:08
თქვენს წერილებში მომწონდა და მომწონს, რომ მხარე არ ხართ, არამედ ჟურნალისტის ობიექტურობით გამოირჩევით.

გეთანხმებით, რომ პირველ პირთა კინკლაობა ბავშვობას გასცდა და მარაზმს დაემსგავსა. და ეს მარაზმი მით უფრო ამაზრზენია, რომ ღიაა!!!
გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ მათი კინკლაობა ხომ გამჭვირვალობისგან შორსაა, არამედ კარებს იქით ვეღარ აჩერებენ?!(ანუ ჭირი თავს ვერ მალავს?!)

ასე რომ, სრულად ვიზიარებ თქვენ ფრაზას:
"ორივე მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და ქვეყნის იმიჯი არ ადარდებს, თორემ ერთმანეთში გაარკვევდნენ ამ საკითხს!"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები