"მე გადაწყვეტილებებს ვიღებ ფაქტებით და არა - ჭორებით..." - რას პასუხობს ახალი შს მინისტრი ოპოზიციას (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მე გადაწყვეტილებებს ვიღებ ფაქტებით და არა - ჭორებით..." - რას პასუხობს ახალი შს მინისტრი ოპოზიციას (ექსკლუზივი)

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს "კვირის პალიტრამ" ინტერვიუსთვის მიმართა, თუმცა, მინისტრმა ჟურნალისტთან პირისპირ შეხვედრა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით ვერ მოახერხა და კითხვებს წერილობით უპასუხა.

მაშ ასე, კმაყოფილია თუ არა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმით და რა ცვლილებებს გეგმავს შს სამინისტროში? - გიორგი მღებრიშვილი წერილობით გვპასუხობს:

- არსებული ხელისუფლების პირობებში ყველაზე რადიკალური ცვლილებები სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაენგრია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე აგებული სისტემა და ჩამოეყალიბებინა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მძლავრი ინსტიტუტი. სამინისტროში მისვლისთანავე დავიწყე უწყების ინსტიტუციური რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 40-მდე კანონში ცვლილება შევიდა და მიზნად ისახავდა საბჭოური მოდელით აგებული სისტემის დანგრევასა და თანამედროვე, დასავლური სტანდარტების გაზიარებას. სად-ის ლიკვიდაციის შემდეგ პენიტენციარული დაწესებულებები მთლიანად მინისტრს დაექვემდებარა, რამაც შექმნა უწყების მართვის მოქნილი და ეფექტური მექანიზმი.  დაინერგა თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კარიერული სისტემის ახალი მოდელი, იზრდება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები. ამ უწყებაში მუშაობა პრესტიჟული უნდა გახდეს. კვალიფიციური თანამშრომელი ყველა სისტემაში მთავარი დასაყრდენია.

მსჯავრდადებულთა უფლებების უკეთ დასაცავად გაუქმდა შიდაბიუროკრატიული ბარიერები და გამარტივდა ადმინისტრირება, გაუმჯობესდა მათი უფლებრივი მდგომარეობა დისციპლინური სახდელების კუთხით. გაუქმდა ე.წ. ფუქსები და"კარანტინი და შეიქმნა მიღება-განთავსების თანამედროვე განყოფილებები.

შეიცვალა უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის მექანიზმი. დამტკიცდა პენიტენციარული ჯანდაცვის სტანდარტები. მნიშვნელოვანი იყო სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია... დაიწყო მსჯავრდადებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის პროცესი, ასევე სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი სრულწლოვან პატიმრებს შორის.

დიდ იმედს ვამყარებ პროექტზე, რომელიც თითქმის ბოლომდე მივიყვანე - ეს არის მჯავრდადებულთა ელექტრონული (ე.წ. სამაჯურებით) მონიტორინგის სისტემა, როგორც სასჯელის ალტერნატიული ფორმა.

მიხარია, რომ სისტემა უფრო გამჭვირვალე გახდა. გათვალისწინებულია საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც მინიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას შეუწყობს ხელს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცათ. გაიხსნა საწარმოები, სადაც მსჯავრდადებულები არიან დასაქმებული.

დასაქმება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.

ჩემს გუნდთან ერთად, შევქმენი გარემო, რომელიც იმსახურებს საზოგადოების ნდობას, თუმცა, ამ ნდობის შენარჩუნებას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. მჯერა, რომ ახალი ხელმძღვანელი ამას შეძლებს.

- თუმცა შს მინისტრად თქვენს დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც პენიტენციარულ სისტემაში, განსაკუთრებით, ქალთა კოლონიაში არსებულ მთელ დარღვევებზე იყო საუბარი...

- ქალთა კოლონია აღარ არსებობს, ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ყველაფერი კეთდება, რომ მსჯავრდადებულებმა სასჯელი სათანადო პირობებში მოიხადონ.

მოეწყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება ქალებისთვის. მჯავრდადებულები უქმე დღეებში დაწესებულებიდან გავლენ და დროს შვილებთან, ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებენ.

რაც შეეხება საკითხს, რომელიც ქალთა დაწესებულებაში ბოლოს წამოიჭრა და შემოწმების პროცედურას უკავშირდებოდა... მინდა დაგარწმუნოთ, რომ სისტემის ხელმძღვანელობა მსჯავრდადებულთათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას სისტემის მართვის ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევს. მაგალითად, დავიწყეთ მუშაობა, რომ მსჯავრდადებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მივცეთ. ამ სიახლის დანერგვის შემთხვევაში საქართველო იქნება პირველი ქვეყანა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც, სადაც პატიმრები უმაღლეს განათლებას მიიღებენ.

საყურადღებოა, რომ ჩვენ არ გაგვიმკაცრებია დასჯის საშუალებები, პირიქით - 20 დღიდან 14 დღემდე შევამცირეთ ე.წ. კარცერში ყოფნის ვადა. შიშით და დამამცირებელი მოპყრობით ციხეების მართვა მთავრობის პოლიტიკა არ არის.

- შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ ვითარებას სრულად თუ გაეცანით და თქვენი აზრით, რისი შეცვლაა მნიშვნელოვანი?

- ვითარებას, რა თქმა უნდა, უკვე ვიცნობ, თუმცა, რამდენიმე საკითხს ჯერ კიდევ დეტალურად ვაანალიზებ... რაც შეეხება თავდაპირველად გადასაჭრელ პრობლემას, გაგიმხელთ, რომ ბევრს ვმუშაობთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განსამტკიცებლად. მიმაჩნია, რომ პოლიცია, ისევე როგორც ნებისმიერი სტრუქტურა, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ბევრ სიახლეს ვგეგმავ.

- ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შემდეგ უწყების ბერკეტები შესუსტდა, თუმცა, პასუხისმგებლობა იგივე დარჩა. შეზღუდული უფლებებით რამდენად ეფექტურად შეძლებს სამინისტრო კრიმინალთან ბრძოლას?

- ჩვენ ახლაც დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფამდე. ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა, რასაც მთლიანად საპოლიციო ფუნქციები ფარავს. ამ ეტაპზე სწორედ იმას ვაფასებთ, პასუხობს თუ არა ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები მოთხოვნებს, რომელი სფერო უნდა გავაძლიეროთ, სად უნდა მოხდეს ხელახალი განაწილება. თავდაპირველი შეფასების საფუძველზე შეშფოთების საბაბი არ გვაქვს და პოლიცია თავის ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს. საზოგადოებას პოლიციის იმედი აქვს და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მას იმედი გავუცრუოთ.

- რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება უკვე განახორციელეთ. ისიც ითქვა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა, ის უწყებაში სხვა პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს. რატომ ვერ ელევა სამინისტრო კადრს, რომელმაც, საზოგადოების ნაწილის აზრით, პოლიციის ღირსება შელახა?

- მე გადაწყვეტილებებს ვიღებ ფაქტებით და არა - ჭორებით...

- ოპოზიცია მუდმივად აცხადებს, რომ სამინისტროში ძველი, კორუმპირებული კადრები დაბრუნდნენ და პოლიციის ღირსება შეილახა.

- მინდა მივმართო მოქალაქეებს: ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ გვაცნობეთ და ნახავთ, როგორ საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ! ვიმეორებ: გთხოვთ, გვაცნობოთ ფაქტები...

რაც შეეხება ზოგად ლაპარაკს, რომ ვიღაც კორუმპირებულია, მტკიცებულებების გარეშე ეს მხოლოდ შეფასებითი მსჯელობაა და ჩემთვის მიუღებელია.

ვფიქრობ, დღეისთვის პოლიციაში კორუფცია პრობლემა არ არის, თუმცა, პრევენციული მუშაობა მაინც ინტენსიურად მიმდინარეობს.

- კულუარული ინფორმაციით, თქვენი შს მინისტრად დანიშვნამ "რესპუბლიკელები" გაანაწყენა. ადასტურებთ, რომ უწყების თქვენთვის ჩაბარებამ კოალიციაში აზრი ორად გაყო?

- ამ საკითხზე არაფერი ვიცი. თუმცა, რომც ვიცოდე, ვფიქრობ, შს მინისტრი რაც ნაკლებს ისაუბრებს პოლიტიკურ თემებზე, მით უკეთესი იქნება ეს პოლიციის საქმიანობისთვის.

რუსუდან შელია