"არჩევნებში ისევ კოალიციურ ფორმატში წარვდგებით" - რატომ ეძებს ექსპერტებს jobs.ge-ზე პარტია "ქართული ოცნება" - კვირის პალიტრა

"არჩევნებში ისევ კოალიციურ ფორმატში წარვდგებით" - რატომ ეძებს ექსპერტებს jobs.ge-ზე პარტია "ქართული ოცნება"

"ზოგი დაპირება კერძო ინიციატივით გაჟღერდა"

პარტია "ქართული ოცნება" 60 დამოუკიდებელ ექსპერტს 15 სამუშაო დღით ეძებს - ამის შესახებ განცხადება სამსახურის მაძიებელთა საიტ jobs.ge-ზე გამოჩნდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ შემოდგომისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს:

- სანამ jobs.ge-ზე განცხადებას განვათავსებდით, ყველა შესაძლო რისკი ავწონ-დავწონეთ.  გავითვალისწინეთ, რომ ოპონენტები ჩვენი ინიციატივის გაშარჟებას შეეცდებოდნენ, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია,  რადგან სერიოზული მიზნები გვამოძრავებს - გვსურს, საზოგადოებასთან მაქსიმალურად გახსნილად ვიმუშაოთ.

- გაქვთ მოლოდინი, რომ 60 დამოუკიდებელ ექსპერტს იპოვით თუ "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაზე 20/30-ის (ანალიტიკური გადაცემა GDშ-ზე) წევრებიც იმუშავებენ?

- მთავარია, ექსპერტები რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდებოდნენ და წარმატებულ კადრებად ითვლებოდნენ. ქვეყანაში რესურსი ნამდვილად არსებობს, მთავარია, მათი სახელმწიფოს გარშემო კონსოლიდირება შევძლოთ. რაც შეეხება 20/30-ის წევრებს, აპლიკაციის შემოტანის შესაძლებლობა მათაც აქვთ.

- დაახლოებით იგივე პროცესი დაიწყო 2012 წელსაც, წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებაზე ექსპერტების არმია ჩაერთო. წინა გამოცდილებამ გაამართლა?

- შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2011-2012 წლებში ყველა ნაბიჯმა გაამართლა და რევოლუციურ არჩევნებში გამარჯვება შევძელით. მაშინ მიდგომებიც განსხვავებული იყო და აქცენტები ცნობად სახეებზე კეთდებოდა.

ახლა მნიშვნელოვანია არა ცნობადი, არამედ კონკრეტულ სფეროში წარმატებული პირები.

არსებულ ფორმატში ტელეექსპერტების ჩართვასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს.

- ცნობად სახეებს ინტელექტკლუბშიც ეძებდით, ფავორიტად გიორგი მოსიძე სახელდებოდა...

- ინტელექტკლუბის წევრებთან კონსულტაციები გვქონდა, ისინი პარტიულ საქმიანობაში უკვე ჩაერთვნენ. თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება, საამისოდ, ორმხრივი თანხმობა არსებობს. რაც შეეხება ლიდერს, პარტიის იერარქია კარგად არის ცნობილი - ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილია და ჩვენი პოლიტიკური ძალა მისი ხელმძღვანელობით აგრძელებს საქმიანობას. ამ გუნდით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. პარტიის ძირითად ბირთვში დარჩებიან ის ლიდერებიც, რომლებიც "ქართულ ოცნებას" 2011 წლიდან მოჰყვებიან.

- 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას ისევ კოალიციურ რეჟიმში აპირებთ თუ გამარჯვებას დამოუკიდებელი ძალებით შეეცდებით?

- დარწმუნებული ვარ, 2016 წელს არჩევნებში ისევ კოალიციურ ფორმატში წარვდგებით. ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ გამოუთქვამს სურვილი დამოუკიდებლად იმოქმედოს.

- მართალია, დღეს მმართველ პარტიას წარმოადგენთ, მაგრამ 2012 წელს პარტიის ძირითად რესურსს ივანიშვილი წარმოადგენდა. დღეს რა კაპიტალზე დაყრდნობით აპირებთ არჩევნებში გამარჯვებას?

- დღეს ძირითად ოპონენტად "ნაციონალური მოძრაობა" აღიქმება, თუმცა, მასთან შედარებით დიდი უპირატესობა გვაქვს.

ჩვენთვის მთავარი არჩევნებში გამარჯვება კი არა, რესურსის გამოყენებაა. აუცილებელია პარტიული საქმიანობა გავაუმჯობესოთ და მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მისაღებ ძალად ჩამოვყალიბდეთ.

დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი "ქართულ ოცნებას" აქვს. პერიოდულად კვლევებს ვატარებთ, შედეგები მსგავსი დასკვნების შესაძლებლობას გვაძლევს. "ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ 2016 წელს სოლიდური უპირატესობით გავიმარჯვებთ.

- დღევანდელი მდგომარეობით პარტიამ რამდენად გაამართლა მოსახლეობის მოლოდინი?

- "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ ავტორიტარული რეჟიმი დემოკრატიული მმართველობით შეიცვალა და პლურალისტური გარემო ჩამოყალიბდა.

- სხვა დაპირებებიც გქონდათ, სოციალური მიმართულებით, ტარიფების განახევრების თვალსაზრისით.

- სირთულეები არსებობს, რაც არა მხოლოდ შიდა, გარე ფაქტორებით, მათ შორის, რუსეთის კრიზისისა და უკრაინის ომითაა განპირობებული. მიუხედავად ყველაფრისა, მთავრობა პრობლემებს წარმატებით უმკლავდება. მეტიც, 2014 წელს საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის კუთხით პირველ ადგილზე იყო, რაც რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გახლდათ... ზოგი დაპირება კერძო ინიციატივით გაჟღერდა... წინასაარჩევნო პროგრამის შემუშავება მაქსიმალური ჩართულობით სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ არარეალისტური დაპირებები გამოვრიცხოთ.

- ანუ, აღარ მოვისმენთ დაპირებას, რომ ყველა სოფელს მილიონი ლარი დაურიგდება?

- ეს თავიდანვე არარეალისტური იყო და არც პროგრამაში ფიქსირდებოდა.

რაც შეეხება ტარიფებს, არასწორი დაანგარიშება მოხდა, თუმცა ობიექტური გარემოება იყო ასეთი - ბოლო ეტაპზე კოალიცია პრაქტიკულად ომის რეჟიმში იბრძოდა. სამომავლო ხედვებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ, მოსახლეობას რაციონალურ გათვლაზე დაფუძნებული დაპირებები უნდა შევთავაზოთ.

რუსუდან შელია