გაასაჩივრებს თუ არა შუალედური არჩევნების შედეგებს პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

გაასაჩივრებს თუ არა შუალედური არჩევნების შედეგებს პრეზიდენტი?

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ინაშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს"

"კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ, რატომ გაავრცელეს მსგავსი სისულელე"

31 ოქტომბერს საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ჩატარდება, რადგან ორივე რაიონი მაჟორიტარი დეპუტატების გარეშე დარჩა - მარტვილის დეპუტატი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობით გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინათინ ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, მმართველმა კოალიციამ კანდიდატები უკვე წარადგინა - საგარეჯოში საარჩევნო მარათონში თამარ ხიდაშელი ჩაერთვება, მარტვილში კი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად სოსო დანელია იბრძოლებს.

მართალია, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში შუალედური არჩევნები პირველად არ ინიშნება, თუმცა ამჯერად, ერთი შეხედვით, პოლიტიკურად მშვიდი პროცესი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი დაპირისპირების ფარგლებს გასცდა - "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, არჩევნებს ბოიკოტი 11-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოუცხადა, კონსტიტუციონალისტების ნაწილმა კი არჩევნები არალეგიტიმურად ცნო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ამტკიცებს, რომ ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც შუალედური არჩევნები გამოცხადდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს სამოტივაციო წერილის მიხედვით, ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბარი უნდა იყოს, ანუ მანდატებს ერთიანი წონა უნდა ჰქონდეს. კოლეგების პოზიციას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ იზიარებს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოხდეს.

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი: "ვფიქრობ, შუალედური არჩევნები 2012 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე უნდა ჩატარდეს, რადგან დარჩენილ მოკლე პერიოდში მაჟორიტარული ოლქების სამართლებრივი გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია - ორ თვეში ყველა ოლქის მეტ-ნაკლებად გათანაბრება ვერ მოესწრება. თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაშიც მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ვაწყდებით - საბოლოოდ, პარლამენტში სხვადასხვა წესით არჩეული დეპუტატები გვეყოლება. სხვათა შორის, სამართლებრივად პრეზიდენტს, ასევე სახალხო დამცველს, უფლება აქვს არჩევნების დასრულებიდან სამი დღის ვადაში შედეგები გაასაჩივროს. შესაძლოა, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს, თუმცა ვფიქრობ, ეს არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება. კანონის არსზე პოლიტიკური მანიპულაციები არც პრეზიდენტისთვის და არც რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მომგებიანი არ უნდა იყოს".

სანამ კონსტიტუციონალისტები ქვეყნის კონსტიტუციაში გარკვევას ცდილობდნენ, მოულოდნელად "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო განცხადება გაავრცელა - საგარეჯოში თამარ ხიდაშელის ერთადერთ საარჩევნო კონკურენტს, "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატ ირმა ინაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ხმებს ავრცელებს, ბიძინა ივანიშვილი "რესპუბლიკელებს" კი არა, მხარს "პატრიოტთა ალიანსს" უჭერსო.

თამარ ხიდაშელი, საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი: "კონკრეტული მტკიცებულებები არ მაქვს, თუმცა ადგილზე არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ირმა ინაშვილი მოსახლეობაში დეზინფორმაციას ავრცელებს. როდესაც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, საგარეჯოში იდეოლოგიებს შორის ბრძოლა გაიმართებაო, ირმა ინაშვილმა განაცხადა - ბერძენიშვილმა თავი "ქართულ ოცნებასთან" არ გააიგივოსო. ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" საჭიროდ ჩათვალა, რომ პროცესებზე ზუსტი მინიშნება გაეკეთებინა. საგარეჯოში "ქართული ოცნების" მიმართ დიდი მოლოდინი არსებობს. მართალია, ჯერ მოსახლეობასთან შეხვედრები არ დამიწყია, თუმცა მათ განწყობაზე ინფორმაცია გამაჩნია - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!"

კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატის ბრალდებებს ირმა ინაშვილი კატეგორიულად უარყოფს.

ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი: კანდიდატად ჩემმა პარტიამ წარმადგინა და ამით ვამაყობ. როგორც მითხრეს, ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ინიცირებით გავრცელდა, რადგან საგარეჯოში ჩემი პირდაპირი კონკურენტი სწორედ ამ პარტიის წევრია. კოალიციას მივმართავ, რომ კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ, რატომ გაავრცელეს მსგავსი სისულელე და რატომ ავრცელებენ განცხადებას მხოლოდ ჭორის დონეზე".

რუსუდან შელია