"არ ვიცოდი, თუ პოლიტიკოსის ცოლობა უხერხული იყო... არ არსებობს კანონი, რომლითაც ეთერიდან გამაგდებენ" - კვირის პალიტრა

"არ ვიცოდი, თუ პოლიტიკოსის ცოლობა უხერხული იყო... არ არსებობს კანონი, რომლითაც ეთერიდან გამაგდებენ"

ეკა მიშველაძე: "ბასა ჯანიკაშვილმა ოჯახის შექმნაც ირონიულად მომილოცა და ისიც მიმანიშნა, რომ თურმე ამის შემდეგ ჩემი პროფესიით მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ მაქვს"

"ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - ასე მიმართა "საზოგადოებრივი მაუწყებლის"დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა გადაცემა "პირველი სტუდიის" წამყვან ეკა მიშველაძეს და ისიც აღნიშნა, რომ თურმე საავტორო გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება.

საინტერესოა, ჟურნალისტის პირადი ცხოვრება როდიდან ქმნის პრობლემას კარიერულ საქმიანობაში, მაგრამ განცხადებაზე განმარტება ბასა ჯანიკაშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია და მასთან დაკავშირება ვერც ჩვენ მოვახერხეთ. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ და "თავისუფალი დემოკრატების"ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა, ცოტა ხნის წინ იქორწინეს. ოფიციალურ განცხადებას "საზოგადოებრივი მაუწყებლისგან" ეკა მიშველაძეც ელოდება:

- არ ვიცოდი, თუ პოლიტიკოსის ცოლობა უხერხული იყო. ბასა ჯანიკაშვილმა ოჯახის შექმნაც ირონიულად მომილოცა და ისიც მიმანიშნა, რომ თურმე ამის შემდეგ ჩემი პროფესიით მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ მაქვს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლისგან" ჯერ კიდევ არ მიმიღია ოფიციალური განმარტება, რეალურად დაიხურა თუ არა ჩემი გადაცემა და იზიარებენ თუ არა ბასა ჯანიკაშვილის აბსოლუტურად უსუსურ არგუმენტს, თუმცა ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ტელევიზია ამ გაუგებარ პროცესებზე მაღლა დადგება. თუ გადაცემას ამ ლოგიკით მაინც ხურავენ, გამოდის, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ნახევარზე მეტი თანამშრომელი დღესვე უნდა დაითხოვონ. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მმართველი გუნდის ოჯახის წევრები დღეს სწორედ ამ ტელევიზიაში მუშაობენ.

თუ მხოლოდ იმიტომ იქმნება პრობლემა, რომ მე ოპოზიციური პარტიის ლიდერის ცოლი გავხდი? ამ პროფესიას 20 წელზე მეტია ვემსახურები და მიკერძოებულობაში არავის არასოდეს შევუმჩნევივარ და არც მომავალში ვაპირებ.

ვინც იცის, ჟურნალისტიკა და პროფესიონალიზმი რას ნიშნავს, ის ჩემს ნათქვამს სწორად გაიგებს. პირველ რიგში ყოველთვის საქმეს ვაყენებ და პროფესია ოჯახისგან აბსოლუტურად გამიჯნული მაქვს. იმედია, ეს გლობალური პროცესის ნაწილი არ არის და "საზოგადოებრივი მაუწყებელი"ბასა ჯანიკაშვილს არ დაეთანხმება. პირადად მე, მსგავს არგუმენტს ვერ მივიღებ.

არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ეთერიდან გამაგდებენ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივად ვიმოქმედებ. რამდენიმე ელჩი უკვე დამიკავშირდა, ჩემი პოზიცია აინტერესებთ. აბსოლუტურად ყველას შევხვდები და არსებულ ვითარებას გავაცნობ. პარალელურად გავგზავნე წერილები მედიამონიტორებსა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, რომელთა რეაგირება მყისიერი იქნება. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ უსამართლობას არასოდეს შევეგუები.

რუსუდან შელია