რატომ ვაპროტესტებ (მერაბ მეტრეველის ფიქრები) - კვირის პალიტრა

რატომ ვაპროტესტებ (მერაბ მეტრეველის ფიქრები)

ძალიან იოლია იყო დემოკრატი, როდესაც არჩევნები ახალი მოგებული გაქვს, შენი რეიტინგი "ცაშია წასული" და შენს სკამს არაფერი ემუქრება. ვითარება ოდნავ იცვლება, როდესაც სამი წელი გადის, მეოთხე - საარჩევნო წელი ახლოვდება და შენს რეიტინგებს "ცაში წასული" აღარ ეთქმის. მერე უკვე შეიძლება ასე უპრეცედენტოდ თავისუფალი მედია აღარ მოგეწონოს. თქვენ გგონიათ "ნაციონალების" პირველ წლებში არ იყო მედიათავისუფლება? როგორ არა.

2007 წლამდე "იმედი" თავზე ამხობდა ყველაფერს ხელისუფლებას. სამი წელი გმირულად ითმინეს ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლოს ტელევიზიაში სპეცრაზმით შემოგვიცვივდნენ. თუმცა მათაც ტოქშოუების დახურივით დაიწყეს. ინგა გრიგოლიას "მზეზე" დაუხურეს გადაცემა და მერე გადმოვიდა "იმედში". დღეს, რა თქმა უნდა, ის ტოტალური კონტროლი ტელევიზიებზე, როგორიც 2007 წლის მერე დამყარდა, ვეღარ იქნება, რადგან ჩვენ, ყველანი, გავიზარდეთ. ბევრი რამ ვისწავლეთ. ბოლოს და ბოლოს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით და იმისთვის, რომ ტელევიზია გახსნა, სულაც არ არის საჭირო სიხშირის მოპოვება, რომ სიგნალი მთელ საქართველოში გაავრცელო. ინტერნეტიც უკვე თითქმის ყველა ოჯახშია. ასე რომ, ინფორმაციის გაკონტროლება უკვე შეუძლებელია, მარგამ მაინც სულ სხვაა მაღალი რეიტინგების მქონე არხები. აი, მათი გაკონტროლების სურვილი შეიძლება უნებურად მაინც მოგეძალოს, რადგან მათ მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებს და გავლენაც დიდი აქვთ.

რა თქმა უნდა, ძნელია რამე დაამტკიცო, რადგან არავის მოეპოვება ფარული ჩანაწერი, თუ როგორ ურეკავს რომელიმე მაღალჩინოსანი რომელიმე ტელევიზიის დირექტორს, ესა თუ ის წამყვანი ეკრანიდან მოაშორეო, მაგრამ ფაქტები უცნაურად მიეწყო: ჯერ "მაესტროდან" გაქრნენ პოპულარული წამყვანები - ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი. სანაიას გადაცემის დახურვას, სხვათა შორის, გახსოვთ, წინ პარტია "ქართული ოცნების" განცხადება უძღოდა, რომ ამ გადაცემაში არაობიექტურად გაშუქდა დაპირებების შესრულების თუ შეუსრულებლობის თემა. ამავე არხზე გაუგებარი მიზეზებით დაიხურა დიანა ტრაპაიძის და თეონა გეგელიას გადაცემა "სუბიექტური აზრი", და საერთოდ, ტელევიზია ოცამდე ჟურნალისტმა დატოვა. მართალია, არხის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ამას პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს, მაგრამ კითხვები მაინც გაჩნდა. მერე "რუსთავი 2"-ის ამბავი, როდესაც მის ყოფილ მეპატრონეს მოულოდნელად გაახსენდა, რომ ეს ტელევიზია მისია და მის დასაბრუნებლად უნდა იბრძოლოს. არადა, ისინი, ვისაც ის ტელევიზიის წართმევაში ადანაშაულებს, უკვე სამი წელია ხელისუფლებაში აღარ არიან. ქიბარ ხალვაშს დავა 2012 წლის 2 ან 3 ოქტომბერს რომ დაეწყო, ამდენი კითხვა აღარ გაჩნდებოდა. ახლა კი ჩნდება, რადგან "რუსთავი 2" მართლაც არის ხელისუფლებისთვის ნერვების მომშლელი ტელევიზია, ის ხომ მკვეთრად ოპოზიციური არხია. ჩემი აზრითაც შორს დგას ობიექტურობისგან და უფრო "ნაციონალების" დაკვეთებს ასრულებს, მაგრამ ამას კანონი არ უკრძალავს. თუ არ მოგწონს, შეგიძლია გადართო.

დასასრულ, ეს "იმედის" ამბები. ბევრს არ მოსწონდა ინგა გრიგოლიას გადაცემა, სულ ჩხუბი და ყაყანი იყოო. ინგაც ამბობს, მეც მინდოდა რაღაცის შეცვლაო და თუ ხელმძღვანელობასაც უნდოდა, შევცვლიდი ფორმატსო, მაგრამ სეზონის დაწყების წინ ხელმძღვანელობა რომ არაფერს ამბობს, არც ფორმატის ცვლილებაზე და არც გადაცემის დახურვაზე და უცებ ერთ დღეს პრესით იგებ, რომ არხზე ერთდროულად ორი ტოქშოუ დაიხურა, კითხვები და ეჭვი როგორ არ გაგიჩნდება?

"იმედზე" პოლიტიკური ტოქშოუ, ალბათ, აღდგება რაღაც ფორმით, რადგან ეს კანონით ევალებათ, მაგრამ წამყვანი, რომელიც ხელისუფლებაში ვიღაც-ვიღაცებს შეიძლება ნერვებს უშლიდა, ეკრანზე აღარ გამოჩნდება.

მთავარი პრობლემა ინგა გრიგოლიას გაშვება კი არ არის, არამედ ის, რომ გაუშვეს მხოლოდ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით თუ ვიღაცის ზარით.

ბევრი "ქართულ ოცნებას", შეცდომებს თუ ვერგაკეთებულ საქმეებს, მეტი დემოკრატიის ხათრით იტანდა. თუ ამ განცდასაც ჩაკლავს "ოცნება", მერე აღარ ვიცი... სად არის პირდაპირი მტკიცებულებები? არის შემთხვევები, როცა ლოგიკა და გონივრული ეჭვი აბსოლუტურად საკმარისია პროტესტის გამოსახატავად. მე მირჩევნია, ვიყვირო, დიქტატურა მოდის-მეთქი და შევცდე, ვიდრე შეცდომის დაშვების შიშით გავჩუმდე და მერე დიქტატურაში გავიღვიძო!

ერთი ფოტო და სამყარო

ასე მგონია, ვერასოდეს დავივიწყებ ნაპირზე გამორიყული სირიელი ბავშვის ფოტოს. ამ დღეებში სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. ჩვენი პრობლემები უცებ ხდება მეასეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც იმ რეგიონში ხდება. ჩვენ ეს ერთი ფოტო ვნახეთ, თორემ ასეთი ტრაგედია ლამის ყოველდღიურობად იქცა. თავი რომ დავანებოთ საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა რაოდენობას, უკვე ორი ათასს აჭარბებს მათი რიცხვი, რომლებიც ევროპისკენ მიმავალნი გზაში დაიხოცნენ. აგერ ავსტრიაში სატვირთო მანქანაში უჰაერობისგან გაგუდული სამოცდაათი კაცი იპოვეს. ადამიანები ცდილობენ, გაექცნენ იმ მდგომარეობას, რაც მათ ქვეყნებშია და ამას ეწირებიან კიდეც, თუ ჩააღწევენ ევროპაში, იქ კიდევ დამამცირებელი მოპყრობა და ბიუროკრატიასთან ბრძოლა ელით. და მაინც, მზად არიან, ყველაფერი აიტანონ და, თუ გადარჩნენ, ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ევროკავშირსაც შეიძლება გაუგო. რომ თქვას, ყველას მივიღებთო, შეიძლება მთელი აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი დაიძრას და ამას ვეღარავინ შეაჩერებს.

თუმცა იმ ერთმა ფოტომ, იმ პატარა სირიელი ბავშვის მოკუნტულმა სხეულმა, ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროპელი მაღალჩინოსნების დამოკიდებულებაში, პირველ რიგში კი ხალხის გულებში. ახლა მთელი ევროპა გამოსავალს ეძებს. ცდილობენ, ყველა ქვეყანა დაითანხმონ, რომ თანაბრად გადაინაწილონ დევნილები. ვეთანხმები აზრს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს ინიციატივას და მზადყოფნას გამოთქვამს განსაზღვრული რაოდენობის დევნილების მიღებაზე.

"მიგრანტების კრიზისმა" ევროპაში კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ვერ იცხოვრებ კეთილდღეობაში ერთ კონტინენტზე, თუ სხვაგან საშინელება ხდება. ამიტომაც უნდა დაეხმარო გაჭირვებულ ქვეყნებს, რომ თავიანთ მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეული პირობები შეუქმნან, ხოლო იქ, სადაც ტერორისტები მძვინვარებენ, უნდა ჩაერიო და ებრძოლო მათ! "ისლამური სახელმწიფო" უდიდესი ბოროტებაა და მსოფლიომ უნდა მოახერხოს მის წინააღმდეგ გაერთიანება. თუმცა ვინმეს დამუნათებას რა აზრი აქვს? სამყარო ყოველთვის სასტიკი იყო და, სამწუხაროდ, ჯერაც ასეთია. შეცვლის ერთი დაღუპული ბავშვის ფოტო სამყაროს?!