ნატოს ცენტრი: საფრთხიდან - უსაფრთხოებამდე და ...
07-09-2015
ნატოს ცენტრი: საფრთხიდან - უსაფრთხოებამდე და ...
ნატოს ცენტრი: საფრთხიდან - უსაფრთხოებამდე

ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის: თუნდაც ის, რომ ჩრდილო კავკასიაში შესაძლო ფართომასშტაბიანი არეულობის შემთხვევაში, რომელიც ძალზე რეალური გახდება, თუ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლული რუსეთი ჩრდილო კავკასიაში უზარმაზარი ფინანსების გადასროლას ვეღარ მოახერხებს, ეს ცენტრი შესაძლოა საქართველოსთვის უსაფრთხოების ბერკეტად იქცეს. თუმცა, იქნება თუ არა ეს ნატოსთან დამაახლოებელი მორიგი ნაბიჯი, ძნელი სათქმელია. თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, ასევე თავდაცვის სამინისტროს ნატოსთან
ურთიერთობის ძალიან აქტიურ პოზიციას ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ, ნათელია, რომ დასავლეთმა საქართველოსადმი ინტერესი არ დაკარგა, რაზეც ძალიან წუხდნენ საქართველოს პროდასავლელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი.
ცენტრის გახსნამდე ბევრს ეშინოდა რუსეთის შესაძლო რეაქციის. გვახსოვს რუსეთის ოფიციალური წრეების განცხადებები, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რეგიონში უსაფრთხოებისკენ გადადგმული ნაბიჯი არ
არის. არანაკლებ მწვავე იყო გახსნის შემდგომი განცხადებები, მაგრამ, საბედნიეროდ, რუსეთს აღარ გააჩნია საკმარისი რესურსები კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შერკინებაში გამოიწვიოს მსოფლიო. მისი შესაძლო ხისტი ნაბიჯები, შესაძლოა, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელ მაგისტრალზე კონტროლის დამყარება ყოფილიყო. ეს დასავლეთისთვის უფრო მწარე სილის გაწვნა იქნებოდა, ვიდრე ყირიმის ანექსიაა. რუსეთი, რომელიც პენსიებსა და ხელფასებსაც კი ვერ არიგებს აფხაზეთში, ასეთ რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს.
დღეს საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი დროის მოგების ტაქტიკაა. ფაქტია, რომ ნატოს არ აწყობს ჩვენი ღია კონფრონტაცია რუსეთთან და მეორე ფრონტის გახსნა. ამასთან, საუბარი იმაზე, რომ მაპ-ი აუცილებელი ეტაპი აღარაა ნატოში შესასვლელად, გვაფიქრებინებს, რომ მაპ-ი დღის წესრიგში კვლავ არ დგას. ვფიქრობ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული სტატუს კვო დღეს დასავლეთსა და საქართველოს თანაბრად აწყობთ.

ქართული მედია:  "ნაციონალებიდან"  "ოცნებამდე"
საქართველო დღეს ხმალამოღებული რომ არ ებრძვის რუსეთს, ამით დასავლეთი ნამდვილად არ გაზომავს საქართველოს პროდასავლურობას თუ პრორუსულობას, მაგრამ მედიისადმი დამოკიდებულება ნამდვილად ის საზომია, რომლითაც დასავლეთი ხელისუფლების პროდასავლურობას შეაფასებს და შესაბამის ვერდიქტსაც გამოუტანს.
გასაგებია მათი გულისწყრომაც და მეც მათ შორის ვარ, ვინც დასავლეთს ორმაგ სტანდარტებს საყვედურობს: სწორედ დასავლეთის უტყვი თანხმობით თუ დუმილით წახალისებული იხურებოდა "ნაციონალური მოძრაობის"დროს არხი არხზე და გადაცემა გადაცემაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დღევანდელი ქმედებები გავამართლოთ.
ქართულ მედიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს: 1. სამწუხაროდ, ქართულ ბიზნესს ნულოვანი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოლიდარობა აქვს და მისთვის მედია მხოლოდ ვაჭრობისა და მანიპულირების იარა­ღია. ამიტომ მის ხელში მედიის თავისუფლება იყო და კიდევ კარგა ხანს დარჩება ილუზიად. ამ პრობლემის დაძლევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკოსების დაუოკებელი სურვილი მედიის გაკონტროლებისა; 2. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მიღწევა მედიისა და სიტყვის თავისუფლებაა, რომელმაც ქართული საზომით კარგა ხანს -სამი წელი გაძლო. სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და 2016 წელს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება "ქართული ოცნების"ხელისუფლების მთავარი წვლილი იქნებოდა ახალი საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ის, რის გამოც, მიუხედავად საგრძნობლად გაუარესებული ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობისა, ამომრჩეველი 2016 წლის არჩევნებში "ოცნებას"მისცემდა ხმას.
თუ ხელისუფლებამ მედიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დაიწყო, ამას უცილობლად მოჰყვება ადამიანის სხვა უფლებების, მათ შორის, ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვა. ხელისუფლების ბუნებაა ასეთი, უბრალოდ, იძულებული გახდება, მედიის თავისუფლების შეზღუდვით აღშფოთებული ხალხის პროტესტი ჩაახშოს და მერე ყველაფერი ისევ ძველ წრეზე წავა.
მაშინ რითი განსხვავდება ის წინამორბედისგან -"ნაციონალური მოძრაობისგან"? ძალიან მინდა, ხელისუფლება ამაზე დაფიქრდეს -ჩემს სასიცოცხლო ინტერესშია, მყავდეს ხელისუფლება, რომ თავისუფლად ვისუნთქო, რომ ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს, ჩემს ქალაქს დაშინებისა და ტერორის საფრთხე აღარ დაემუქრება. და ჩემისთანა უამრავია. ამიტომაც ვთხოვ ხელისუფლებას, სახე შეინარჩუნოს.

საგარეო პოლიტიკა: დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე

დასასრულ, მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე. კვირიკაშვილის დანიშვნით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, როგორც ჩანს, გაძლიერდება ქართული დიპლომატიის "აღმოსავლური" ფლანგი და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაცია მოხდება, რაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან მყარი საძირკველი გახდეს: რაც უფრო მეტი დიდი ქვეყნის ინტერესი ჩაიდება საქართველოში, მით მეტი ქვეყანა იქნება დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით და მით უფრო მყარი იქნება საქართველოს უსაფრთხოება -ეს არის ფორმულა, რომლის ამოქმედებასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა შეეცადოს. საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთსა (ირანი, ჩინეთი და ა.შ.) და დასავლეთს შორის დიდი ფინანსური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ა.შ. ნაკადების მოძრაობის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტად საქართველოს თავზე დაკიდებული საფრთხეების მინიმალიზაციას მოახდენს. ასეთ შემთხვევაში, საქართველო გაცილებით კომფორტული პარტნიორი გახდება დასავლეთისთვისაც -თუ საქართველო მონახავს ისეთ ბერკეტებს, რომლებიც მის უსაფრთხოებას გაზრდის, სასურველი მოკავშირე გახდება, როგორც ნაკლები რისკის მატარებელი ქვეყანა.
პირობითად რომ ვთქვათ: თუკი აღმოსავლეთი და დასავლეთი შეთანხმდებიან, რომ საქართველო უნდა იყოს სტაბილური, რუსეთს გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება საქართველოს დესტაბილიზაციის გზაზე, ვიდრე ჰყავს დღემდე. თუ საქართველოს დესტაბილიზაცია არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ პირობითად, რუსეთის დღევანდელი პარტნიორების, ჩინეთისა თუ ირანის, ინტერესების შელახვაც იქნება, რუსეთი უფრო მეტად დაფიქრდება, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ ხისტი ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტს.
თუკი მთელი მსოფლიო დღეს აღმოსავლეთისკენ იყურება, რაღა ჩვენ უნდა ვიაროთ დინების საწინააღმდეგოდ? მით უფრო, რომ გვაქვს რეალური შანსი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გაცხოველებული ეკონომიკური ინტერესის შუაგულში აღმოვჩნდეთ. როგორ გამოვიყენებთ ამ შანსს და როგორ გადავლახავთ დამაბრკოლებელ ფაქტორებს, ეს კარგა ხნით განსაზღვრავს საქართველოს მომავალს.
luxo
07 სექტემბერი 2015 11:01
საქართველომ უნდა შესძლოს იმეზობლოს მეზობელთან და მხოლოდ მაშინ შესძლებს იმეგობროს მასთან, ვისთანაც უნდა.
"მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო",
ან "ავი მეზობლის ჭირიმე, კარგი რაღა იქნებაო"
ან-"ცუდი მეზობელი გერჩიოს კარგ შორეულ ნათესავსო"
მითუმეტეს, თუ ეს მეზობელი შენზე ძლიერიცაა და შენზე გაიძვერაც.
- ეს მარტო ლირიკა არ არის, ეს გამოცდილებითაა შემოწმებული.

რედაქტორის რჩევით