რა უნდა პაატა ბურჭულაძეს ქართულ პოლიტიკაში?! - კვირის პალიტრა

რა უნდა პაატა ბურჭულაძეს ქართულ პოლიტიკაში?!

უკვე რამდენიმე თვეში გაირკვევა როგორი იქნება მსოფლიო ბანის ახალი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში...

"თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ"

"თუ  ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!"

"თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ", - ეს განცხადება მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა, ქველმოქმედმა პაატა ბურჭულაძემ ამ ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა (იხილეთ ინტერვიუ), მანვე ბრძანა: "ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი... უარს ვამბობდი, რადგან სხვა მიზნები მქონდა. არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება! თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს! ამას ყველა ლიდერი მთხოვდა, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული... რომ მცოდნოდა, ნამდვილად წავადგებოდი ქვეყანას, აუცილებლად დავთანხმდებოდი. მიმაჩნდა, რომ სხვა საქმეებით უფ-რო გამოვადგებოდი ჩვენს საზოგა¬დოებას". კითხვაზე, მისთვის პატრიარქს თუ უთხოვია პოლიტიკაში მოსვლა, პაატა ბურჭულაძემ უპასუხა: - "არასოდეს! პატრიარქი არავის სთხოვს ამას".

მოკლედ, უკვე ამ ინტერვიუში კარგად გამოჩნდა, რომ პოლიტიკაში მოსვლას მსოფლიო ბანი კატეგორიულად არ გამორიცხავს, ამ ორიოდე დღის წინ კი ქართული მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა იმაზე, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს შემოდგომისთვის გადადგამს. მეტიც, პაატა ბურჭულაძე უკვე რეგიონებში აქტიურობს და მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება.

შეგახსენებთ, საოპერო მომღერალი წლებია ქველმოქმედებითაა დაკავებული. "ერთად გადავარჩინოთ მომავალი" - ამ მოწოდებით 2004 წელს პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" დააარსა, რომლის მთავარ იდეად ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების თავშესფრით უზრუნველყოფა გამოცხადდა. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ბურჭულაძე საპატრიარქოს სრული მხარდაჭერით სარგებლობდა და ეკლესიის ფავორიტი იყო.

მართალია, საქართველო ოფიციალურად სეკულარი სახელმწიფოა, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ეკლესიის როლი მაინც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირების ნაწილის სურვილი ჩაერიონ და გავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმდენად დიდია, რომ ისინი წმინდა სინოდის დადგენილებასაც კი უგულვებელყოფენ, რომელიც ეკლესიის მსახურებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას უკრძალავს. თავის მხრივ, არც პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები იხევენ უკან რელიგიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან. ქართული საზოგადოება ამის მაგალითებს თითქმის ყოველ კვირას საკუთარი თვალით ხედავს, როდესაც დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები მისი უწმინდესობის, ილია მეორის ქადაგებებს საკუთარი ინტერპრეტაციით აწვდიან საზოგადოებას და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ამ გზით ცდილობენ.

მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის ამბიციებს უკავშირდებოდეს, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია პოლიტიკურ ველზე ავტორიტეტიანი მოთამაშეების მკვეთრი დეფიციტია. გარკვეული ჯგუფის-მეთქი, იმიტომ აღვნიშნე, რომ საპატრიარქოს სახელით გავრცელებული განცხადების შემდეგ ჩანს, რომ მსოფლიო ბანს სრული მხარდაჭერა საპატრიარქოში არ აქვს. ღვთისმშობლის კვართის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე საქართველოს საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება გაკეთდა - "ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ ზუგდიდელებთან ახლახანს გაკეთებულმა შეთავაზებამ ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, ა.წ. 21 სექტემბერს ჩამობრძანების შესახებ, ამ სიწმინდესთან მიმართებაში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება უფრო გაამწვავა, რადგან საზოგადოების ნაწილმა ეს ნათქვამი საქართველოს საპატრიარქოსთან დააკავშირა. ვაცხადებთ, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ გახმოვანებული ზემოაღნიშნული აზრი არის მისი იდეა. ასეთ თემებზე კი ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა დაუშვებელად და მიუღებელად მიგვაჩნია," - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთ-ერთი ვერსიით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა ბიძინა ივანიშვილის სურვილია. მომავალ არჩევნებისთვის "ქართული ოცნებამ" საკუთარ რიგებში ახალი სახელების გამოჩენაზე ზრუნვა უკვე დაიწყო, ამით პარტიისა და მთელი კოალიციის აშკარად შემცირებული მხრადამჭერების კვლავ შემოკრებას შეეცდებიან.

გარდა ამისა, კვლავ გააქტიურდა ლაპარაკი, რომ პაატა ბურჭულაძესთან ერთად, პოლიტიკაში შესაძლოა ბიზნესმენი ლევან ვასაძეზეც ვიხილოთ - მართალია, ეს უკანასკნელი წლებია იმეორებს, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს, თუმცა საბოლოოდ, ანალოგიურად მოსაუბრე ბიზნესმენი ქართველ ამომრჩეველს საარჩევნო სიის სათავეში არაერთხელ უნახავს!

აღსანიშნავია ისიც, რომ ბურჭულაძის ვინაობამ პოლიტიკაში 2013 წელსაც გაიჟღერა, როდესაც "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ის პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატად დაასახელა. როგორც ითქვა, მომღერალმა მაშინ "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირებისგან თავი შეიკავა, თავად ჯონდი ბაღათურია კი მალევე პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალასთან - ნინო ბურჯანაძის ალიანსში აღმოჩნდა. სხვათა შორის, რუსეთისადმი სიმპათია ბურჭულაძესაც არ დაუმალავს. მეტიც, ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისიც განაცხადა, რომ მსოფლიოში მაყურებლის წინაშე ხშირად რუს ბანად წარადგენენ, რაც მას თურმე სიამაყის განცდას გვრის: "ქართველებს რუს ხალხზე უფრო ახლობელი ერი არ ჰყავთ, დაწყებული რწმენით და დამთავრებული მენტალობით. როგორ შემიძლია, მე თავს არ ვთვლიდე საბჭოთა ადამიანად, თუკი მე გავიზარდე სსრ კავშირში? მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებულად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მთელს მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ".

ასე რომ, ვერ გამოვრიცხავთ ვერსიას, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლას, არამხოლოდ საპატრიარქოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაწილი, არამედ საქართველოში ბოლო ხანს ასე გააქტიურებული პრორუსული ძალებიც ცდილობდნენ.

მოკლედ, მიიღო თუ არა პაატა ბურჭულაძემ უკვე პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა და მიდის თუ არა ნამდვილად პოლიტიკაში, ჯერ უცნობია, თუმცა უკვე რამდენიმე თვეში გაირკვევა როგორი იქნება მსოფლიო ბანის ახალი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში...

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)