"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა" (ექსკლუზივი)

"უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს"

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან საბაჟოზე არსებული ვითარება, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გატარებული რეფორმები და მის მიერ ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმღვანელების კანდიდატურებზე უარის თქმა გააკრიტიკა. საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებებს თავად იაცენიუკი ასე გამოეხმაურა: "არ ვაპირებ, სააკაშვილის გამოხდომებს ვუპასუხო". უკრაინის ხელისუფლებაში გაჩენილ კონფლიქტს ქართველების გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექსანდრე კვიტაშვილი გამოეხმაურა და სააკაშვილს კრიტიკული ტონი დაუწუნა. "კვირის პალიტრა" უკრაინის ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს ესაუბრა:

- საქართველოსთან შედარებით, უკრაინაში რეფორმები ნელი ტემპით ხორციელდება, სააკაშვილი სისწრაფეს არის შეჩვეული და ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა. უკრაინის ხელისუფლების მოქმედებებს როგორც მსოფლიო ბანკში, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან, მაგრამ უკმაყოფილება არავის გამოუხატავს. სწორედ აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს.

- მაშ, რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკს?

- მათ შორის გაუგებრობა მოხდა... პრობლემა საქართველოსგან განსხვავებული სისტემაა. გუბერნატორს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, რადგან საბაჟოც და პროკურატურაც ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარება. შეზღუდული შესაძლებლობების გამო სააკაშვილი საბაჟოზე ცვლილებებს ვერ ახორციელებს.

- გაჩნდა ვერსია, რომ სააკაშვილს პორტიდან შემოსული თანხების სრულად კონტროლის სურვილი ამოძრავებს, რის შესაძლებლობასაც იაცენიუკი არ აძლევს. რამდენად რეალურია, სააკაშვილი უკრაინის პრემიერი გახდეს?

- პორტთან დაკავშირებით პრობლემა რეალურად შეიქმნა, როდესაც ბაზარზე იაფი გადამზიდავი შემოვიდა. მოგეხსენებათ, ამას ავიაციის სამსახურის უფროსის გათავისუფლებაც მოჰყვა.

რაც შეეხება სააკაშვილის ამბიციებს, პირად საუბარშიც აცხადებს, რომ პრემიერობის ამბიცია არა აქვს.იურიდიულად უკრაინაში მთავრობის ფორმირება პარლამენტის მხარდაჭერით ხდება. პრემიერის დანიშვნასაც პარლამენტის უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, თუ დეპუტატები სააკაშვილს პრემიერად არ წარადგენენ, მხოლოდ პეტიციის საფუძველზე თანამდებობას ვერ დაიკავებს.

- უკრაინელი დეპუტატების ნაწილი სააკაშვილითა და ზოგადად, უცხოელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით უკმაყოფილოა. ფიქრობთ, რომ უკრაინის პრემიერად სააკაშვილის დანიშვნას რადა მხარს არ დაუჭერს?

- არ ვიცი, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს რადაში. ისე კი, პრეზიდენტს პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს, სიდიდით მეორე ფრაქცია "სახალხო ფრონტს" კი იაცენიუკი ხელმძღვანელობს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე უცხოელები არ უნდა ინიშნებოდნენ, მაგრამ აქ ლიტველები, პოლონელები და ამერიკელებიც მუშაობენ.

- ქართველების მუშაობამ რამდენად გაამართლა?

- ფაქტია, რომ პროცესებისგან შორს მყოფი ადამიანების ჩართვამ უკრაინაში კორუფციული არხები სწრაფად გადაკეტა. პირადად მე აქ ცხრა თვეა ვიმყოფები, მაგრამ მთავრობასთან მუშაობის პრობლემა არასოდეს შემქმნია. სააკაშვილის მოწინააღმდეგეები გაჩნდნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში დემოკრატიის საკმაოდ მაღალი ხარისხია. პრეზიდენტის მხარდამჭერიც კი ხმამაღლა გამოთქვამს პრეზიდენტისადმი კრიტიკას, მაგრამ ამას მტკივნეულად არ აღიქვამენ.

- თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლებაც დანიშვნიდან მალე გადაწყდა. რატომ ვერ გაამართლეთ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე?

- ამ თანამდებობაზე შვიდი თვე ვიმუშავე. ცოტა ხნის წინ გუნდის შიგნით დაიწყო საუბრები, რომ პრეზიდენტს ცვლილებები სჭირდებოდა, გარკვეული კანონებიც უფრო ეფექტურად იყო შესასრულებელი. ამიტომ გადავწყვიტე, არავინ დამებრკოლებინა - განცხადებაც შევიტანე პარლამენტში, ახალმა მინისტრმა გააგრძელოს მუშაობა იმაზე დაყრდნობით, რაც მე დავტოვე-მეთქი, მაგრამ ჩემი განცხადება პარლამენტმა არ დააკმაყოფილა - ჯერ კიდევ ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ვარ. არ გამოვრიცხავ, მომავალ კვირას პარლამენტმა ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოს.

- თავად სააკაშვილმა თანამდებობიდან წასული თანაგუნდელები, მათ შორის ჯაბა ებანოიძეც მკაცრად გააკრიტიკა...

- მიშა იქნება თუ სხვა, ნებისმიერი რეაქციისა და განცხადების მოსმენა შემიძლია.

- საქართველოში დაბრუნებაზე თუ გიფიქრიათ ან ექსპრეზიდენტი თუ ფიქრობს საქართველოში პოლიტიკურ რევანშზე?

- არ ვიცი, სააკაშვილი რას ფიქრობს, თვითონ ისაუბროს...

რუსუდან შელია