ბევრი დალიეთ და გვეშველებაო... (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...) - კვირის პალიტრა

ბევრი დალიეთ და გვეშველებაო... (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...)

ყოველ შემოდგომას მთელი ქვეყანა შიშით ელოდება, აბა, წელს რა ეღირება ყურძენი, კახელები კმაყოფილი იქნებიან, თუ წელსაც აქციებს გამართავენ და ვაზის აკაფვით დაგვემუქრებიანო.

ყველა ხელისუფლებასთან გასდით ეს შანტაჟი და ისინიც ყოველ წელს ყვირიან. გამონაკლისი, მგონი, გასული წელი იყო, როცა ყურძნის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, წელს კი იმდენი აღარ ღირს და დაიწყო ქუჩების გადაკეტვა. საერთოდ, მევენახეობაც ისეთივე ბიზნესია, როგორიც ყველა სხვა. ერთ წელს შეიძლება კარგი მოგება ნახო, მეორე წელს ნაკლები, ან საერთოდ ჩაგივარდეს. ბიზნესი იმის რისკია, ვინც ამ ბიზნესს აწარმოებს, ხოლო ყურძნის მოყვანაც ბიზნესია! ეს ვერ გაიგეს კახელმა გლეხებმა და მთელ ქვეყანას გვავალდებულებენ, მათ ბიზნესს ვუშველოთ. გაჭირვებულის დახმარების წინააღმდეგი სულაც არა ვარ, მაგრამ რატომაა მთავრობა ვალდებული ფასის სუბსიდირება მოახდინოს, ვერ გავიგე. მაშინ იქნებ კარტოფილის ფასსაც დაამატოს რამდენიმე თეთრი, ან კომბოსტოს, ან ვაშლს. სუბსიდირება ხომ ნარკოტიკივითაა, ერთხელ რომ შესვამ, მერე ვეღარ გადააჩვევ.

მთავრობა, იმის მაგივრად, გლეხებს ასწავლოს, როგორ გახადონ თავიანთი ბიზნესი მომგებიანი, როგორ გაერთიანდნენ კოოპერატივებში და ყურძენი კი არ ჩააბარონ, არამედ თავად ჩამოასხან ქვევრის ღვინო, რომელიც საზღვარგარეთ სულ უფრო პოპულარული ხდება და გაყიდონ, ან ბევრი ჩურჩხელა გააკეთონ, ჩვენს ფულს აძლევს მათ, აზარმაცებს და სამაგიეროდ მაინც გინებას იღებს. ახია, არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით სუბსიდირებაზე უარს რომ ვერ ამბობენ და შანტაჟს ეგებიან.

წელს კი დგანან ცოტა მაგრად და მეტს არ დავამატებთ ფულსო, ამბობენ, მაგრამ 35 თეთრს ხომ მაინც ამატებენ? თუ ბევრია ყურძენი და ფასი აღარ აქვს, გაჩეხონ, რა პრობლემაა და სხვა რამე მოიყვანონ. და თუ ვაზი ისე უყვართ, რომ სხვა კულტურის მოყვანა არ უნდათ, მაშინ გაჩეხით რაღას გვემუქრებიან?!

მოკლედ, სანამ ხელისუფლება არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით სუბსიდირების პოლიტიკას გააგრძელებს, მანამდე ვერც კახელი გლეხები ისწავლიან რამეს და ვერც პრობლემა მოგვარდება! ამის მაგივრად, ღვინის სააგენტო ქართველებს ღვინის მოხმარების გაზრდისკენ მოგვიწოდებს და ზედმეტი ყურძენიც აღარ დარჩებაო. მოკლედ, ბევრი დალიეთ და გვეშველებაო. ეს ყოფილა ხელისუფლების სტრატეგია!

რატომ?

ჩინეთში პრემიერ-მინისტრს და მთელ დელეგაციას ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდათ. რაც იქ ილაპარაკეს, ყველაფერი თუ გაკეთდა, ავშენდებით, მაგრამ ჩემი ყურადღება კიდევ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ღარიბაშვილის გამოსვლამ მიიქცია. ღარიბაშვილმა ჩინელებს უთხრა: "ჩვენ ვიყავით ევროპაში პირველი ქრისტიანული სამეფოო". მაშინვე გულმა რეჩხი მიყო და ვინატრე: იმედია, სომხებმა არ მოისმინეს ეს, თორემ ხომ გადაგვეკიდებიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ-მეთქი! დღემდე მიიჩნევა, რომ სწორედ სომხეთია არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს მეოთხე საუკუნის პირველივე წლებში მოხდა. ბიზანტიასაც კი დაასწრეს! აბა, ბიზანტიელები ისედაც ვეღარ მოისმენდნენ და მათზე აღარ ვნერვიულობ, მაგრამ აი, სომხებისგან მინიმუმ საპროტესტო ნოტას ველოდები. თუმცა ერთ რამეს ვერ მივხვდი: რა საჭიროა ასეთი განცხადებები და მით უმეტეს, კომუნისტურ ჩინეთში? რა, თუ დაიჯერებენ, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქრისტიანული ქვეყანა, ისე გაუხარდებათ, რომ ინვესტიციებს მოგვაყრიან?! ნეტავ ვინ უწერს პრემიერს გამოსვლის ტექსტებს?

შეჩვენება რაჭულად და თურქული წიწილა

თუმცა ღარიბაშვილს ვინ ჩივის, რაც დეპუტატებისგან გასულ კვირას მოვისმინეთ... ჯერ გოგი თოფაძემ დაგვზაფრა ქართველი მამაკაცები: რატომ უნდა შემოდიოდეს თურქული წიწილა, რომელზეც მამაკაცებს გვაფრთხილებენ, იმპოტენციას იწვევსო. წიწილა თუ იმპოტენციას იწვევს, წარმომიდგენია, თურქული ქათამი რას გვიზამს! არა, თოფაძეს მართლაც ორიგინალური გზა აურჩევია სამამულო წარმოების დასაცავად. ნეტავ ბრაზილიური წიწილა რას შვრება? საუკეთესო შემთხვევაში, ალბათ, თმას აცვენს.

თოფაძეს არც ონის დეპუტატი ჩამორჩა. ბატონი ჯაფარიძე პარლამენტში გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ როგორმე უნდა ალაგმოს ბრაკონიერები, რომლებიც დენის აპარატით თევზაობენ. ეს მართლაც საგანგაშო პრობლემაა, მაგრამ ის, რასაც შემდეგ მოჰყვა, მგონი, უფრო საგანგაშოა. როგორც დეპუტატმა განაცხადა: "წინა ხელისუფლების დროს, როცა ონის მუნიციპალიტეტში დენით თევზაობა გამძაფრდა, სულიერმა მოძღვარმა პოლიციის უფროსის ხელმძღვანელობით დაიბარა ყველა, ვისზედაც ეჭვი ჰქონდათ და შეაჩვენა". პარლამენტის წევრი ამბობს, რომ"ამან ცოტა ხნით უშველა. ახლა წარმოიდგინეთ სურათი: პოლიციის უფროსს, იმის მაგივრად, კანონის დამრღვევები დაიჭიროს, მოძღვართან რომ მიჰყავს შესაჩვენებლად!