ჩინეთი მოდის!
15-09-2015
ჩინეთი მოდის!
"ჩინეთი წყნარად, ჩვეული გოლიათური ნაბიჯებით მიიწევს კავკასიის რეგიონის და შავი ზღვის გავლით ევროპისკენ"

ვიდრე ახლო აღმოსავლეთიდან გამოქცეული ლტოლვილების ზღვაში ჩამხრჩვალი ევროპის უსუსური პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, უწყალობოს თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლა და სანამ რუსეთის ძალოვანი მანქანა მსჯელობს, ხელს შეუწყობს თუ არა პრორუსულ ძალებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, ჩინეთი მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის თაობაზე.

წმინდა წყლის ჩინური პოლიტიკაა:
სანამ დასავლეთი და რუსეთი ძიძგილაობენ და აღმოსავლეთ ევროპასა თუ სირიაში ერთმანეთს თავ-პირს ახოკავენ, ჩინეთი წყნარად, ჩვეული გოლიათური ნაბიჯებით მიიწევს კავკასიის რეგიონის და შავი ზღვის გავლით ევროპისკენ. მეტიც, ანაკლიის პორტით ჩინელების დაინტერესება უკიდურესად აშფოთებს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს: მიიჩნევენ, რომ ამით ჩინეთს შავ ზღვაზე პორტი
და, შესაბამისად, პირდაპირი გასასვლელი ექნება ევროპაში. ისე, მართლაც საოცარია: ახლო აღმოსავლეთში დატრიალებული უმძიმესი პროცესების ერთ-ერთი მთავარი რეალური მიზეზი ის არის, რომ ამერიკამ შეძლოს ამ უმდიდრესი რეგიონის ენერგორესურსების კონტროლი, მანამ, სანამ მას ჩინეთის გავლენა დაეპატრონება. ჩინეთმა კი შეატოვა ცეცხლმოკიდებული ახლო აღმოსავლეთი დასავლეთსა და რუსეთს და თავად შუა აზიისა და კავკასიის გავლით ზურგიდან მოუარა ევროპას. თუმცა, ის, რომ კონკურენცია განვითარებას აჩქარებს, ჩვენს შემთხვევაშიც დადასტურდა. ზუსტად წინა ორშაბათს, საქართველოში გაიმართა ძალზე მნიშვნელოვანი კონფერენცია: "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ფრონტისპირა ქვეყნებში". ამ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არც მეტი, არც ნაკლები, განაცხადა: ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში განლაგებული ამერიკის სამხედრო ძალების სარდალმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოში საგაისოდ დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგისა, იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე გამომგზავრების ადგილიდანო. ეს არის ის, რასაც საქართველო ლამის ორი ათწლეული ელოდა. მართალია, სიტყვა სხვაა, საქმე სხვა, "შუა უზის დიდი მზღვარი", მაგრამ ამერიკელების სიტყვიდან საქმემდე ყოველთვის მოკლე მანძილია. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ამერიკელები ამაზე არა მარტო ფიქრობენ, არამედ პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, საქართველოში საგაისოდ ტრენინგებსაც გეგმავენ.

მაშინ, როცა ბოლოს სამი წლის მანძილზე ქვეყნის დასავლური საგარეო კურსის მხარდამჭერი საზოგადოება არცთუ უსაფუძვლოდ ვწუხდით, რომ საქართველოსადმი დასავლეთის ინტერესი და მხარდაჭერა შენელდა, დღეს რამ განაპირობა ასეთი მკვეთრად მხარდამჭერი, ძალისმიერი განცხადების გაკეთება?! ვფიქრობ, არა მარტო უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა და რუსეთის ფაქტორმა, არამედ სწორედ ჩინეთის ძალიან სწრაფმა და მზარდმა დაინტერესებამ საქართველოთი და ზოგადად, რეგიონით. ამერიკელების სასიცოცხლო ინტერესია: ერთი ნაბიჯით მაინც შეასწრონ ყველგან ჩინეთს. ნებისმიერი სახის ურთიერთობებში სიახლე და ინტერესი თუ არ შეიტანე, ეს ურთიერთობა თანდათან ინავლება და კვდება; ასეა საერთაშორისო ურთიერთობებიც: ჩინეთის მზარდმა ინტერესმა საქართველოს მიმართ ამერიკელების ინტერესიც განაახლა.

ასე რომ, ორი უზარმაზარი პოლიტიკური მოთამაშის: ამერიკისა და რუსეთის პარალელურად, საქართველოთი მესამე გიგანტური ქვეყნის - ჩინეთის დაინტერესება ამ ხელისუფლების უდავო დამსახურებაა: ჩინური ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სასიკეთოდ უნდა წაადგეს, ხოლო ჩვენ მიმართ ამერიკის ინტერესის გაღვივება - ჩვენსავე უსაფრთხოებას.

მესიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიტანა ჩინეთში, ზუსტად ასახავს საქართველოს უაღრესად პერსპექტიულ ფუნქციას: როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, - მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთსა და საქართველოს საერთო ინტერესი გვაქვს - ეკონომიკა. საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების, მშვიდობის ადგილი ევროპისა და აზიისათვის.
OTARI
16 სექტემბერი 2015 20:11
ჩინეთი, რომ მოდის ძალიან კარგია.შემოვა ინვესტიციები აშენდება პორტი, რკინის გზები, ხალხს სამუშაო გაუჩნდებათ. ეკანომიკა, საწარმოები, ქარხნები აშენდება.
რუსეთთან აღვადგინოთ ურთიერთობა. აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დაინახავს ასე მაგრად განვითარებულ საქართველოს, რუსეთის მეშვეობით დაგვიბრუნდებიან.
რაც შეეხება ევროპას და ამერიკას , მათთან უნდა ვიყოთ როგორც პარტნიორები. არავითარ შემთხვევაში მათი წევრი. ევრისაიუზს და ნატოს ჩვენ ერთმანეთს არ ვ ჭ ი რ დ ე ბ ი თ!!!!!!!
ამკ
16 სექტემბერი 2015 13:26
ამერიკა 20 წელი ელოდა რომ საქართველო იაფი გამხდარიღო. ინფრასტრუქტურა ააგეს - ხარჯები საქართველოს ვალში ჩაიწერა, და ახლა ყოფილ საბჭოთა ბაზებსაც გამოიყენებენ.
(დდზალის ყოლა ტერიტორიაზე კარგი ბერკეტია "ლაგამის" ამოდებისა)

იაპონია, კორეია, გერმანია სდილობენ მათი ბაზების გაყვანას და ვერ ახერხებემ. ჭამა-სმით (სიზარმაცით) განთქმულ საქართველოს იმის თავი არ ექნება რომ, სხვისი ჯარის არსებობის შემთხვევაში, ეკონომოკურად განვითარდეს.
კლოსს
15 სექტემბერი 2015 18:51
1 377 583 156 (მილიარდ ოთხასი მილიონი)ჩინეთი რომ გაიკვალავს გზას,3 400 (სამი მილონ ოთხასი ათასი) -ან საქართველოში,მერე ნახეთ თქვენ გიტარა და ჩქარი ტაში.

რედაქტორის რჩევით