თავისუფლების 24 საათი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

თავისუფლების 24 საათი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ბევრი იბრძოლეს უგულავამ და მისმა ადვოკატებმა თავისუფლების რამდენიმე საათისთვის და ეს ბრძოლა მათ საკონსტიტუციო სასამართლომ დაუფასა.

უნდა მიეღო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სხვანაირი გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, არა. კანონი, რომელიც გაუქმდა, უსამართლო იყო და პროკურატურას საშუალებას აძლევდა, ადამიანი ციხეში განაჩენის გარეშე ლამის მთელი სიცოცხლე ჰყოლოდა, თუ ყოველ ცხრა თვეში ახალ ბრალს წარუდგენდა. კონსტიტუცია კი ამბობს, პირი განაჩენის გარეშე პატიმრობაში შეიძლება მხოლოდ 9 თვე იყოსო.

იყო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სიჩქარეში პოლიტიკური მოტივი? შესაძლებელია, მაგრამ ასევე პოლიტიკური მოტივი ჰქონდა ტურავას "ავადმყოფობას", რომელიც პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა და მისი ეს საქციელი უფრო ცუდად გამოჩნდა, ვიდრე საკონსტიტუციოს სხვა მოსამართლეებისა! ცუდად რა, კომიკურად! სიტუაციას კომიკურობა "ნაციონალების" ზეიმმაც შესძინა. ზეიმობდნენ, რომ მათი მიღებული კანონი მათ დროს დანიშნულმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა არაკონსტიტუციურად ცნეს.

საკონსტიტუციოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს თუ არა იმას, რომ გიგი ბოლო 6 თვე უკანონო პატიმარი იყო? რა თქმა უნდა, არა, რადგან საკონსტიტუციომ თქვა, კანონი იყო არასწორიო. კანონებს კი სასამართლო არც იღებს და არც ცვლის, ის იმ კანონების მიხედვით მოქმედებს, რომელიც არის. შესაბამისად, თავის დროზე უგულავასთვის მეორეჯერ წინასწარი პატიმრობის შეფარდება უკანონო ვერ იქნებოდა. ეს უბრალოდ, უსამართლობა იყო, რომელსაც კანონი უშვებდა.

უგულავას ერთდღიანი თავისუფლება ნიშნავს თუ არა იმას, რომ დღეს სასამართლო უფრო თავისუფალია, ვიდრე ადრე იყო? რა თქმა უნდა, ნიშნავს. ზოგი ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქალაქო სასამართლოს თეორიულადაც არ შეეძლო სხვანაირი გადაწყვეტილების მიღებაო. ჯერ ერთი, საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო არ არის? მეორეც, გინდათ, გითხრათ, ზეწოლის შემთხვევაში, რისი გაკეთება შეეძლო საქალაქო სასამართლოს? პროკურორების შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების გასაცნობად მეტი დრო სჭირდებოდათ და პროცესს მანამდე გააჭიანურებდა, ვიდრე რიყისა და "თბილსერვისის" საქმეზე განაჩენი არ დადგებოდა! დღევანდელი სასამართლოს თავისუფლება იმაში კი არ გამოიხატა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაში, რომ პროკურორებს არ მისცა საშუალება, დრო გაეყვანათ! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ნაციონალების" დროს თუ გინახავთ პროკურორი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება გაეპროტესტებინოს? მაგალითად, როგორც იმ დღეს, ეთქვას, სასამართლომ დაგვჩაგრა და შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვიაო? საერთოდ თუ გინახავთ სახეზე რომელიმე პროკურორი?

უგულავას ხელმეორედ დაპატიმრება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და უდანაშაულო ადამიანი შეაბრუნა ციხეში? ჩემი აზრით, არა. "თბილსერვისის" საქმე ისეთი საქმეა, სადაც დანაშაულის არსებობა თავის დროზე ადეიშვილმაც კი აღიარა, როცა სასამართლოში წერილი გამოგზავნა და თქვა, მე ჩავიდინეო. დანაშაული არ მომხდარაო კი არ უთქვამს, უბრალოდ, გიგიმ არაფერი იცოდა, კოორდინატორებს თბილისის ბიუჯეტის ფულს ჩემი ბრძანებით ურიგებდნენო. ბუნებრივია, ეს ბლეფი არავინ დაიჯერა, თუმცა ადეიშვილის მიერ დანაშაულის დადასტურება მაინც მნიშვნელოვანი ფაქტია და საფუძველს აცლის მტკიცებას, რომ დანაშაული არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ 40 მილიონის გაფლანგვა არ არის პატარა დანაშაული ("ნაციონალების" მიერ მიღებული კანონით ასეთი დანაშაულისთვის 9 წელია გათვალისწინებული. გიგის "ოცნების" ამნისტიამ უშველა), ციხისთვის უგულავა მაინც შემეცოდა, რადგან ციხისთვის მხოლოდ ის ადამიანები მემეტება, ვისაც მკვლელობა, წამება და სისასტიკეები აქვთ ჩადენილი, ამიტომ პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად შევიწყალებდი, თუ დანაშაულს აღიარებდა და მოინანიებდა.

სახელის გატეხას...

სოციალურ ქსელში გამოჩნდა უკრაინული არხის მიერ მომზადებული გადაცემა ოდესის გუბერნატორის მექალთანეობაზე. ფილმში სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდზე ყველა ჭორ-მართალია თავმოყრილი და განხილულია მისი მოღვაწეობა უკრაინაშიც. ავტორები ამტკიცებდნენ, თუ ოდესაში წარმატების მიღწევა გინდა, მთავარია, იყო ახალგაზრდა, ლამაზი ქალი. მაგალითად ოდესის გუბერნატორის მოადგილე და მისი პრესმდივანი მოიყვანეს. პირველი სააკაშვილმა თურმე სოციალურ ქსელში აღმოაჩინა, მაიდნის ამბების დროს, მეორე კი მოდების არხზე მუშაობდა წამყვანად.

გაჭირდება მსოფლიოში იპოვო პრეცედენტი, რომ მაღალი თანამდებობის პირის პრესმდივნად მოდების არხის ჟურნალისტი დაენიშნოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიშას მის მიმართ ქვენა გრძნობები აქვს? იქნებ ნიჭიერია, პიარის პროფესიონალიც, მოდაზე გადაცემა კი იმიტომ მიჰყავდა, რომ მოდა უყვარს? რას უჩხიკინებენ ამ ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს?! ეჰ, რას იზამ, ჩვენო ყოფილო! ხომ გაგიგია, სახელის გატეხას იმის მოტეხა სჯობიაო!