რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები?

ქართული პოლიტიკური სპექტრი ქალბატონების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. ზოგი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ზოგი არასამთავრობო სექტორიდან, ზოგიც მედიიდან. მათი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ბევრისთვის უცნობია, რა ქონებას ფლობენ ქართველი პოლიტიკოსი ქალები.

მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის სახელზე თბილისში ორი ბინა არის რეგისტრირებული - 95 კვმ-იანი ბინა აბაშიძის ქუჩაზე და 180 კვმ ბერბუკის ქუჩაზე. დეპუტატს "ქართუ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 366 ლარი აქვს, ხოლო ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 76 845 ლარი მიუღია. 2013 წელს დეპუტატმა ბინა იყიდა, რომლის ღირებულებამ 130 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, ზაზა გოგიჩაიშვილი მსუბუქი ავტომანქანა HONDA CRV -ს მფლობელია, ნაღდი ფულის სახით 25 000 ლარს ფლობს და შპს "ქართულ ბროილერში" მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობისთვის, ერთი წლის განმავლობაში 24 765 ლარი მიუღია.

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელმა დეკლარაცია ბოლოს 2015 წლის 5 იანვარს შეავსო. მის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, ფანასკერტელზე. მისი მეუღლის, დავით უსუფაშვილის სახელზეა ავტომობილი Lexus RX330. თავდაცვის მინისტრისა და მისი მეუღლის, პარლამენტის თავმჯდომარის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, დაახლოებით 134 ათასი ლარი, 15 ათასი ევრო და 50 ათასი დოლარია. ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილს ნაღდი ფულიც აქვს - 5 ათასი ლარი თინას და 8 ათასი ლარი ბატონ დავითს. პარლამენტის წევრობიდან ხიდაშელის ერთი წლის შემოსავალმა 55 989 ლარი შეადგინა, მისმა მეუღლემ კი ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 79 083 ლარი მიიღო.

ირმა ნადირაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის ქონება კი ასე გამოიყურება: 56 კვმ ფართობის ბინა თბილისში და ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ჯამში ირმა ნადირაშვილს და მის მეუღლეს 4 სახლი აქვთ, მათ შორის აგარაკები შინდისში. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისმა სახელფასო შემოსავალმა 60 285 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი, რომელიც მან ჩუღურეთის რაიონის გამგებლად მუშაობისას მიიღო, 44 680 ლარია. დეკლარაციის შევსებისას ნადირაშვილს "თიბისი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 1 959 ლარი აქვს, მის მეუღლეს კი ანაბარზე 31 000 დოლარი.

ანი მიროტაძე

უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე დეკლარაციის მიხედვით უძრავ ქონებას არ ფლობს. მის საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ 1997 წელს გამოშვებული ავტომობილი MITSUBISHI PAJERO, JQQ-00, გამოშვების წელი 1997I. დეკლარაციის შევსებისას "საქართველოს ბანკში"" სახელფასო ანგარიშზე მიროტაძეს 258 ლარი ჰქონდა, ნაღდი ფულადი თანხა კი 5 785 ლარი. პარლამენტში გაწეული სამუშაოსთვის მიროტაძეს 62 597 ლარი აქვს მიღებული.

ირმა ინაშვილი

ბოლო 2-3 წელია, რაც მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში, ირმა ინაშვილი დაცვით დადის. წარსულში ჟურნალისტის, ამჟამად კი პოლიტიკოსი ქალის განმარტებით, დაცვა მას "ობიექტივის" გამგეობის გადაწყვეტილებით დაენიშნა, მას შემდეგ, რაც ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა. ამბობდნენ, რომ ამ კადრების გავრცელებისთვის მან ბიძინა ივანიშვილისგან სოლიდური გასამრჯელოც მიიღო. მოგვიანებით ინაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით უპასუხა: "ჩემი მეუღლე პროფესიით მხატვარია. წლების მანძილზე უმუშევარი იყო. ცოტა ხნით კერძო ტელევიზიაში მუშაობდა. ახლა კვლავ არ მუშაობს. ანგარიშზე ამ ეტაპზე 600 ლარი მიდევს. რამდენიმე თვეა, ხელფასი დამენიშნა, რადგან პარტიის გენმდივანი ვარ. ხელზე 650 ლარს ვიღებ. ყოველთვიურად 100 ლარს ვწირავ სოლიდარობის ფონდს. ვფლობ ბაზალეთზე მამაჩემის დატოვებულ მიწის ნაკვეთს და ოროთახიან ბინას ბორჯომში. კრედიტით მაქვს გამოტანილი გაზქურა..." ინაშვილს არაფერი უთქვამს "ობიექტივის" სამაუწყებლო ლიცენზიაზე, რომელსაც არაკომერციული პირი მედიაკავშირი "ობიექტივი" ფლობს, რომელსაც ირმა ინაშვილი, რეგან თელოიანი, მამუკა გობეჩია და ირაკლი ცილიკიშვილი წარმოადგენენ. გავრცელებული ინფორმაციით, არხის ექსპლუატაციას კომერციული იურიდიული პირი შპს "მედიასახლი "ობიექტივი"" ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე 28,5%-იანი წილით, ირმა ინაშვილია.

ნინო ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პოლიტიკოს ქალად მიიჩნევა, თუმცა ოფიციალური ცნობები მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ 2008 წლით თარიღდება. იმდროინდელ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ბურჯანაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ 350 ათას ლარად ჰქონდა შეფასებული. მის სახელზე იყო 30 ათას ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში. მისი მეუღლე, ბადრი ბიწაძე კი ფლობს საცხოვრებელ სახლს ცხრუკვეთში, აგარაკს ბორჯომში და მიწის ნაკვეთს საგურამოში. დეკლარაციაში, ცხადია, ვერ მოხვდა ნინო ბურჯანაძის მამის, ანზორ ბურჯანაძის ქონება, რომელიც 90-იან წლებში პურპროდუქტების მაგნატად იწოდებოდა. დეკლარაციის მიღმა აღმოჩნდა ბურჯანაძეების ძვირად ღირებული ავტომობილებიც. ქონებრივი დეკლარაციის არასრულმა შევსებამ ნინო ბურჯანაძეს ერთხელ უკვე შეუქმნა პრობლემები. მან სახელმწიფოს მიერ 1 ლარად ნაჩუქარი წყნეთის აგარაკი ოფიციალურ დეკლარაციაში არ ასახა და შესაბამისად, თავი აარიდა ქონების გადასახადის გადახდას, რის შედეგადაც მილიონებად შეფასებული აგარაკი მას ჩამოერთვა. დეკლარაციის შევსების მომენტში ბურჯანაძის სახელზე გერმანულ "დოიჩე ბანკში" ფიქსირდება 42 ათასი, "თიბისი ბანკში" კი 6 560 აშშ დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით ნინო ბურჯანაძეს 4 500 ლარი, ბადრი ბიწაძეს - 2 000 ლარი, უმცროს ვაჟს, რეზო ბიწაძეს კი 3 500 ლარი ჰქონდათ.

თამარ სანიკიძე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს ბოლო დეკლარაცია მიმდინარე წლის 6 იანვარს აქვს შევსებული. რომლის თანახმად, მინისტრი უძრავი ქონების სახით, ბათუმში 91 კვმ ფართობის ბინას ფლობს. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW X5. რაც შეეხება სანიკიძის საბანკო ანგარიშებს, მას "თიბისი ბანკში" სადებეტო ანგარიშზე 10 470 დოლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 7 600 ლარი ერიცხებოდა. გასული წლის განმავლობაში მინისტრს ხელფასის სახით 81 250 ლარი აქვს მიღებული. რაც შეეხება სანიკიძის მეუღლე დავით ბარძიმაშვილს, ის მცხეთაში 1000 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. მის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომობილები Nissan Patrol და Toyota Landcruiser. საბანკო ანგარიშებზე განთავსებული რამდენიმე ათასი ლარის გარდა, სანიკიძის მეუღლეს ნაღდი ფულიც აქვს - 28 000 ლარი. საკმაოდ შთამბეჭდავია განათლების მინისტრის მეუღლის სახელფასო შემოსავლები - შპს "საქგაზპროექტის" დირექტორობიდან, 38 387 ლარი ერთი წლის განმავლობაში და სს "საქორგგაზში" დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მიღებული 71 143 ლარი.

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი ფლობს საცხოვრებელ სახლებს საქართველოსა და საფრანგეთში. მის საკუთრებაშია სოფელ დიღომში, მარიამ უგრელიძის პირველ ჩიხში არსებული სახლი, რომლის ფართობიც 400 კვადრატული მეტრია. იქვე აქვს 30 კვადრატული მეტრი ავტოფარეხი და 1900 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ასევე 120 კვადრატული მეტრი ბინა სტრასბურგში. მინისტრს ჰყავს საკუთარი ავტომობილი, 2003 წელს გამოშვებული Mini Cooper, ნომრით RER 099. მინისტრმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ სტრასბურგში ბინა 248 500 ევროდ აქვს შეძენილი, რომელიც ბანკში აღებული კრედიტით იყიდა. ამჟამინდელი მონაცემებით, კრედიტის ნაშთი 85 318 ევროს შეადგენს. იპოთეკური სესხით აქვს შეძენილი სოფელ დიღომში მდებარე სახლიც. სესხის მოცულობა 39 840 დოლარს შეადგენს. "საქართველოს ბანკში" მინისტრს 12 000 ლარის სამომხმარებლო სესხიც აქვს. 2014-2015 წლებში სტრასბურგის ბინა გაქირავებული ჰქონდა, აქედან მიღებულმა შემოსავალმა 14 400 ევრო შეადგინა. 2014 წელს სამშენებლო სამუშაოებში 12 000 ლარი დახარჯა. თეა წულუკიანს 2014 წელს იუსტიციის მინისტრის პოსტზე მუშაობის სანაცვლოდ, ხელფასის სახით აღებული აქვს 87 500 ლარი.

ხათუნა გოგორიშვილი

112 კვმ ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, 2.143.94 ლარი საბანკო ანგარიშზე და ერთი წლის განმავლობაში დეპუტატობისთვის მიღებული ჯამაგირი 69 885 ლარი - ასე გამოიყურება საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის ქონებრივი დეკლარაცია.

ეკა ბესელია

ეკა ბესელია ერთ-ერთია პოლიტიკოს ქალებს შორის, ვის ქონებაზეც არაკებს ჰყვებიან. რთულია იმის გარკვევა, რა ქონებას ფლობდა ის პარლამენტში შესვლამდე, თუმცა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია ასე გამოიყურება: ორი ბინა თბილისში და არასაცხოვრებელი ფართობი 150 კვმ, 2007 წელს გამოშვებული ავტომობილი - RAV4, სერიითა და სანომრე ნიშნით EKA 041, 12 საბანკო ანგარიშზე ბესელიას დაახლოებით 79 ათასი ლარი, 24 ათასი დოლარი და 4 ათასი ევრო აქვს. ბესელია დეკლარაციაში ნაღდ ფულსაც უთითებს - 37 000 დოლარს. პარლამენტში მუშაობიდან მიღებულმა მისმა შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 66 401 ლარი შეადგინა. პარლამენტის წევრობამდე ეკა ბესელია საადვოკატო კომპანიასაც ფლობდა, თუმცა ახლა, როგორც საჯარო მოხელეს, კერძო სექტორში აქტიურ საქმიანობას კანონი უკრძალავს და კომპანიის მმართველობას ჩამოსცილდა.