ორი ჯობია ერთს (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ორი ჯობია ერთს (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ორი ჯობია ერთს

"გუგლის" საძიებო სისტემაში ინგლისურად რომ ჩაწერთ, "ორი დელეგაცია გაეროში", ამოგიგდებთ ერთ-ერთი უცხოური გამოცემის სტატიას მარგველაშვილსა და ღარიბაშვილზე. ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ყოვლისმცოდნე "გუგლიც" კი ვერ "იხსენებს" სხვა ანალოგიურ შემთხვევას. გაეროში ამ დროს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩადის და რაღაცით ხომ უნდა გამოვირჩეოდეთ?! ჰოდა, გამოვირჩევით - ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიხვდა, რომ ორი ჯობია ერთს! სად ორი რომ იტყვის და სად ერთი? სად შეხვდება ერთი იმდენ დელეგაციას, რამდენსაც ორი?! სად ორი რომ მოივლის ამერიკას და სად ერთი?! გაიშლებიან: ერთი ნიუ-იორკში დარჩება, მეორე ვაშინგტონში გადავა და ასე მოედებიან მთელ ამერიკას! მსოფლიოც შეგვამჩნევს. იტყვიან, ეს ქართველები რა მონდომებული ხალხი ყოფილა, ორ-ორი დელეგაციით დადიან გაეროში, აშკარად ყურადღება უნდა მივაქციოთო. შეიძლება მიმდევრებიც გამოგვიჩნდეს და ჩვენ ჩავუყაროთ საფუძველი ახალ ტენდენციას - გაეროში ორი დელეგაციით სიარულს. ან იქნებ ვიღაცამ რეკორდის მოხსნაც მოინდომოს და მომავალ წელს სამი დელეგაციით ჩავიდეს. მერე ჩვენ ოთხით ჩავალთ და ა.შ. ბოლოს, შეიძლება საქმე იქამდეც მივიდეს, რომ ყოველ წელიწადს მთელი ქვეყანა გაეროში ვივლით. ვინმემ გაბედოს და არ შეგვხვდეს, ან არ მოგვისმინოს! ვინ გაბედავს?! - ვერავინ!

ან კიდევ, სად დახარჯავს ერთი დელეგაცია იმდენ ფულს, რამდენსაც ორი?! ესეც ხომ საქმეა. ყოველ წელიწადს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გარღვევა გვაქვს. ჩვენი მთავრობა ფულს ვერ ხარჯავს. ჰოდა, აგერ პრეზიდენტი ეხმარება! ისე, ერთმანეთსაც რომ შეხვდნენ ამერიკაში, არ იქნება ცუდი. აქ არ მიდიან ერთმანეთის რეზიდენციაში და იქნებ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მაინც გამართონ მოლაპარაკებები. ესეც კიდევ ერთი დადებითი მხარე ორი დელეგაციით წასვლის!

ამათ ვინ უნდა შეაბრუნონ?!

ჯერ დიდის ამბით დაანონსდა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან რუსეთის მომხრეები აქციას გამართავენო. მერე აქციაც გაიმართა და შეშფოთდნენ დასავლეთის მომხრეები, ნახეთ, რუსეთუმეები როგორ გააქტიურდნენ, რუსეთი აქ ბევრ ფულს ხარჯავს და ნელ-ნელა ხალხს იბირებსო და ა.შ. ამას მოჰყვა მათი ლანძღვა სოციალურ ქსელებში, მთავრობის დამუნათება, რომ მიშას დროს ესენი გარეთ ცხვირს ვერ გამოყოფდნენ და ა.შ.

რა თქმა უნდა, რუსული რბილი ძალა დღეს საქართველოში უფრო გააქტიურებულია. რაღაც რადიოსადგურებიც კი გახსნეს და რამდენიმე ისეთ საინფორმაციო პორტალსაც აფინანსებენ, რომლებიც თავიანთ ზრახვებს არ მალავენ. ასევე არსებობს რამდენიმე მედიასაშუალება, ვისზეც ეჭვია, რომ ისინიც პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ. მოკლედ, მიშას დროს მართლაც მიყუჩებული ძალები დღეს აშკარად გააქტიურდნენ. ვიღაცები რეგიონებში ცდილობენ ღარიბი მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ რუსეთი გადაგვარჩენს. ხანში შესული მოსახლეობის ნაწილს მართლაც აქვს ძველი ცხოვრების ნოსტალგია და ყველას უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა. აგერ, გორში თურმე სტალინის ძეგლს აბრუნებენ, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ აწი ოდესმე საქართველოში რუსეთის მომხრეების რაოდენობა პროდასავლურად განწყობილ ამომრჩეველს გადააჭარბებს. რატომ? თქვენ რა, ვერ ნახეთ ის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან?

შეშფოთებული კი არა, ძალიანაც კმაყოფილი ვარ ამ აქციით. თუ ეს ხალხია საქართველოში რუსეთის დასაყრდენი, მაშინ ავშენებულვართ და ეგ არის. კი მესმის, რომ არის ნინო ბურჯანაძე, რომელიც ახლა სწორედ მოსკოვში იმყოფება და გაურკვეველ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაურკვეველი სტატუსით, მაგრამ რამდენია მის მომხრეთა რაოდენობა? 10 პროცენტი?

ერთადერთი, რამაც შეიძლება დასავლურ განწყობებზე ცუდად იმოქმედოს, თავად დასავლეთის პასიურობაა, ნატოში მიღებაზე მუდმივი თავშეკავება. ეს ყველაფერი იმედგაცრუებას იწვევს, ამიტომ პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილები კი არ უნდა ვლანძღოთ, არამედ მადლობა უნდა გადავუხადოთ! იქნებ ნატოში ცოტა ყურები გამოიფხიკონ და მიხვდნენ, რომ მათი უმოქმედობა აქ პრორუსული ძალების გააქტიურებას იწვევს, თორემ ჩვენ რომ რუსეთისკენ ვერც ბურჯანაძე და ვერც ავთანდილ მარგიანი ვერ შეგვაბრუნებს, ამაში წუთითაც ეჭვი არ მეპარება! მაგათი შესაბრუნებელი არ გაიშვა!