"ბადაშვილის მოხსნა უნდოდათ და გადაიფიქრეს" - კვირის პალიტრა

"ბადაშვილის მოხსნა უნდოდათ და გადაიფიქრეს"

"შესაძლოა, მთავარი პროკურორი წინასაარჩევნო პერიოდში მოხსნან..."

შეინარჩუნებს თუ არა გიორგი ბადაშვილი ქვეყნის მთავარი პროკურორის სავარძელს? - გასულ კვირას ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. მთავარი პროკურორის მიმართ კითხვები საპარლამენტო ურავლესობის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ექსჩინოვნიკების (გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის) წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. რატომ იქცა პროკურატურა ახალი ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლად? "კვირის პალიტრას" ექსპერტი თამარ კიკნაძე ესაუბრა:

- "ქართული ოცნების" გამარჯვება, ძირითადად, იმან განაპირობა, რომ მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდნენ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ "ნაციონალები" პოლიტიკური ავანსცენიდან ჩამოვიდოდნენ, მაგრამ საპირისპირო მოხდა. გასაგებია, რომ ხელისუფლება პარტნიორი ქვეყნების რჩევებს ითვალისწინებს, მაგრამ ეს ხშირად ქვეყნის მოქალაქეთა მოთხოვნებს არ ემთხვევა. ამ ფონზე ხელისუფლების ქმედებები საზოგადოების დაბნეულობას იწვევს, სამთავრობო გუნდის უგერგილობას უფრო თვალში საცემს ხდის. ამის მაგალითია "კაბელების საქმეზე" დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება და სამსახურში აღდგენა, გიგი უგულავას ერთდღიანი თავისუფლება და სხვ. შედეგად "ოცნება" ამომრჩეველს კარგავს, რომელიც, მართალია, "ნაცმოძრაობას" არ ემატება, რადგან საზოგადოებას არ დავიწყებია მათი დანაშაულები, მაგრამ ვერც სხვა ოპოზიციური ძალები აქტიურობენ და პოლიტიკური ვაკუუმი იქმნება. პოლიტიკური პროცესები ხალხს აღარ აინტერესებს, მით უფრო, რომ თანდათან მძიმდება ეკონომიკური და სოციალური ფონი, ამასთან დემოგრაფიული მდგომარეობაც, რადგან დიდი ნაწილი სარჩო-საბადებლის ძებნას საზღვარგარეთ ცდილობს. ამ დროს კი რა ხდება?! ერთი ძროხის ქურდობისთვის ადამიანებს აპატიმრებენ, ექსჩინოვნიკებს კი, რომლებმაც ქვეყანა გაძარცვეს, ბრალი არ უმტკიცდებათ(?!). კეზერაშვილის გამართლებამ უამრავი კითხვა გააჩინა. ისიც კი ითქვა, რომ "ოცნება" "ნაციონალებს" შეეკრა, რამაც მოსახლეობის ნიჰილიზმი გააღრმავა.

- მთავარი პროკურორის შეცვლა იგეგმება?

- ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა, ხელისუფლებამ ამ ეტაპზე არ ისურვა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ბადაშვილი თანამდებობას დიდხანს შეინარჩუნებს. შესაძლოა, მოგვიანებით ის მაინც გაათავისუფლონ. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვეს...

ბადაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანი არც არის. მთავარი პროკურორები იყვნენ - კბილაშვილი, ფარცხალაძე... არც ერთი დამოუკიდებლობით არ გამოირჩეოდა. ისინი გამბედაობისა და კვალიფიკაციის მიხედვით არც არავის დაუნიშნავს.

- კულუარებში საუბრობდნენ, რომ ამ პოსტზე, შესაძლოა, კახა კახიშვილი დაინიშნოს...

- ამ პოსტზე კახიშვილის დანიშვნას მეც მივესალმები, თუმცა, ამ ეტაპზე არარეალური მეჩვენება. კახას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ პროკურატურის მახინჯი სისტემა შეცვალოს. მას აქვს ამის უნარიც და პროფესიონალიზმიც, გამბედაობაც და წესიერებაც, მაგრამ მოქმედებებისთვის კარტბლანში მაინც ხელისუფლებამ უნდა მისცეს, მე კი ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავ...