"ზვიადაურმა მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არისო" - კვირის პალიტრა

"ზვიადაურმა მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არისო"

"ღმერთმა დამიფაროს, ყველას ვუყვარდე".

რა ინტერესები აქვს დავით საგანელიძის ძმას უწერის ტყე-პარკთან დაკავშირებით?

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელად დანიშნეს. გაჩნდა აზრი, რომ დეპუტატი არჩევნების წინ პოლიტიკურ პროცესებს ამ ფორმით ჩამოაშორეს. "კვირის პალიტრასთან" დავით საგანელიძე საუბრობს:

- სანამ პარლამენტი დეპუტატის უფლებამოსილებას არ შემიჩერებს, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა მიკავია - საქმიანობის შესაძლებლობა პარლამენტშიც მქონდა, შესაბამისად, "საპარტნიორო ფონდში" გადასვლის სურვილი არასოდეს გამომიხატავს. მეტიც, ვფიქრობდი, რომ ბატონი კოვზანაძის მმართველობისას ფონდს რეფორმირება სჭირდებოდა - სამი წელია "საპარტნიორო ფონდის" ბაზაზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნას ვითხოვ. როგორც კი მთავრობისგან მოვისმინე, რომ ფონდის რეფორმირება დაიწყება და მის ბაზაზე სახელმწიფო განვითარების ინსტიტუტი შეიქმნება, ფონდის ხელმძღვანელობის შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა.

- ფონდის შექმნაზე მმართველი გუნდი დიდ იმედს ამყარებდა, სამწლიანი მუშაობის შემდეგ კი აცხადებთ, რომ ის უფუნქციო იყო? თანაც სავალუტო ბანკი მსგავსი ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო, რადგან ითქვა, რომ მისი ჩამოყალიბება სახელმწიფო ბიუჯეტთან წინააღმდეგობას შექმნის.

- ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, თუმცა, საბოლოოდ, ქართული ეკონომიკის ანალიზისთვის შარშან მთავრობამ გერმანიის განვითარების ბანკს მიმართა. დასკვნა ორიოდ თვის წინ მოგვაწოდეს, სადაც ხაზგასმით არის მითითებული, რომ სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის შექმნა აუცილებელია. არ ვამბობ, რომ ფონდი უფუნქციო იყო, მაგრამ ახლა მისი ფუნქცია ბევრად ნათელი გახდა.

- "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის პოსტზე ხელფასის სახით თვეში მართლა 24 ათას ლარს მიიღებთ?

- ნამდვილად არ ვიცი, "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის გასამრჯელო რამდენია, მსგავსი დეტალის დასაზუსტებლად თავი არ დამიმცირებია.

შესაძლოა, ჩემს მომავალ თანამშრომლებს ეს განცხადება არ მოეწონოთ, მაგრამ ვიცი, რომ "საპარტნიორო ფონდში" საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, რაც არასწორია.

თუ არაადეკვატურად მაღალი ხელფასი მექნება, აუცილებლად შევიმცირებ. ხელფასი და დიდი შემოსავლები რომ მდომოდა, პარლამენტში ავაწყობდი საქმეს ისე, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა გარეთაც შესამჩნევი იქნებოდა.

- ცოტა ხნის წინ თქვენი შთამბეჭდავი ქონების დეკლარაცია გამოქვეყნდა: 4 ბინა თბილისში, ნაკვეთები, ორი ავტომობილი და ა.შ. ყველაფერთან ერთად, უწერის მოსახლეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კურორტის ცენტრალური პარკი შეიძინეთ და იქ შესვლას ყველას უკრძალავთ.

- 2007 წელს ეკონომიკის სამინისტრომ უწერის ერთ-ერთი სანატორიუმი და დაახლოებით 7 000 კვმ ფართობი გასაყიდად გამოიტანა. ამავე ბაღში წითელ წიგნში შესული რვაასწლიანი ექვსი ხე იდგა. ქონება გასაყიდად აუქციონზე სამჯერ გამოვიდა, მაგრამ ვერ გაიყიდა. საბოლოოდ, ობიექტი შეისყიდა კომპანიამ, რომლის ერთ-ერთი მეწილე ჩემი ძმაც არის. მაშინ ონის დეპუტატი გახლდით. მინდოდა ინვესტორები მეპოვნა და ისე მოხდა, რომ უწერის წყალი ვინმე კლდიაშვილს მიჰყიდეს, არადა, წყლის გარეშე სანატორიუმის აღდგენას აზრი არ ჰქონდა. ვერც ბალნეოლოგიურ სპასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაიწყებდნენ. მოგვიანებით, კლდიაშვილი ფინანსური მაქინაციებისთვის დააკავეს და ვალდებულებები მხოლოდ ორი წლის წინ ჩამოართვეს. დაახლოებით ორი თვის წინ უწერის წყალზე კანონი პარლამენტმაც მიიღო. სხვათა შორის, როინ მეტრეველისა და ჩემი მონაწილეობით ამ ტერიტორიაზე ეკლესია აშენდა, რომელსაც საჩუქრად 2 500 კვმ მიწა გადავეცით. არც ისე დიდი ხნის წინ ვიღაცამ ერთი ისტორიული ხე მოჭრა... რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე ადამიანების შესვლას, თქვენს ეზოში რომ მოვიდეს ვინმე და გითხრათ, სეირნობა მინდაო, კარი უნდა გაუღოთ?

- იმასაც ამბობენ, რომ ამ ტერიტორიის ჩაკეტვის გამო ტურისტების რაოდენობაც შემცირდა, რადგან ეს ადგილი უწერის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

- ლიკანი გაიყიდა და ბორჯომის მოსახლეობა იქ ვერ შედის. ცოტა ხნის წინ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენე, ვინც რვაასწლიანი ხე მოჭრა. რა უფლება ჰქონდათ, კერძო ტერიტორიაზე რვაასწლიანი ხე რომ მოჭრეს? ერთი თვის წინ პრემიერთან ერთად უწერის მოსახლეობას შევხვდი და მათ მადლობა გადამიხადეს. ამ სოფლისთვის უამრავი რამ გავაკეთე.

- ბევრი კოლეგა გსაყვედურობდათ ხისტი გადაწყვეტილებების გამო და თქვენს წინააღმდეგ ხელმოწერებიც კი გროვდებოდა.

- ღმერთმა დამიფაროს, ყველას ვუყვარდე. ვფიქრობ, პარლამენტში 16 წელი ჩემი ყოფნა საკმარისი იყო, არ შეიძლება ერთ ადგილს ჩააჟინდე და სხვა მხარეს არ გაიხედო. ვინც ხელმოწერებს აგროვებდა, მითხრეს, შეცდომაში შეგვიყვანესო. დღეს ისინი ჩემი მეგობრები არიან.

ყველას ვურჩევ, სწორი გზით იარონ და თავიანთი ადგილი მოძებნონ. უადგილო ადგილას ყოფნა არ შეიძლება, ამისთვის თანამდებობაც ცოდვაა.

- კონკრეტულად, ვისზე ფიქრობთ, რომ პარლამენტში მისი ადგილი არ არის?

- ასეთი ბევრია, რადგან მათ თავიანთი სფეროების გაძლიერების მეტი პოტენციალი აქვთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობარ ზურა ზვიადაურს ვესაუბრე, მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას საკუთარი სპორტსკოლა ჰქონდეს. თუ "საპარტნიორო ფონდიდან" შევძლებ დაფინანსებას, კარგი, თუ არა და, ვინმეს ვთხოვ და ზვიადაურს სპორტსკოლას მაინც გავუკეთებ.

- ანუ, აპირებთ, დეპუტატის მანდატზე უარის თქმის სანაცვლოდ ზოგიერთი პოლიტიკოსი "საპარტნიორო ფონდიდან" დააფინანსოთ?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანადაფინანსებაზე ვლაპარაკობ... ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში. ზუსტად ვიცი, რომ მომავალ საარჩევნო სიაში დავით საგანელიძე არ იქნება...

რუსუდან შელია