"კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა არასერიოზული იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა არასერიოზული იქნებოდა"

სამთავრობო ცვლილებებს თამარ ბერუჩაშვილის სკამი შეეწირა - საგარეო საქმეთა მინისტრი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.

პრემიერმა ისიც კი განაცხადა, ბერუჩაშვილის კარიერული ბედი მე კი არა, საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოსო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვირიკაშვილის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა. იმის გასარკვევად, რა გეგმები აქვს ყოფილ მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს დავუკავშირდით:

- მინისტრის თანამდებობიდან ჩემი წასვლა არაორდინარულ ვითარებაში გადაწყდა, თუმცა, ჩემთვის, როგორც კარიერული დიპლომატისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების რეალიზება შევძლო, - მთავარი მომავალია, დანარჩენს კი ამ ეტაპზე გვერდზე გადავდებ.

- პრემიერმა თქვენი კარიერული მომავლის გადაწყვეტა კვირიკაშვილს მიანდო, თუმცა რამდენიმე დღის წინ მინისტრის მოადგილედ ჯანელიძე დაინიშნა.

- გუნდურობის თემაზე საუბარი სპეკულაციამდე მიგვიყვანს. მინდა, საქმიანობა ქართულ დიპლომატიაში გავაგრძელო. არ არის გამორიცხული, კარიერა ელჩის სტატუსით გავაგრძელო. საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც მინისტრები საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში ამ ხაზით აგრძელებენ. კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა კი არასერიოზული იქნებოდა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრობის შემდეგ მოადგილედ გადანაცვლება, მინიმუმ, საერთაშორისო პრაქტიკაში არ ჯდება.

- არც ის განუმარტავთ, რატომ იყო გუნდი თქვენი მუშაობით უკმაყოფილო, მით უმეტეს, მაია ფანჯიკიძესთან ერთად უწყებიდან წასვლის შემდეგ, სამინისტროში მინისტრად დაბრუნდით?

- სწორედაც რომ გუნდი ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს. ბევრი საინტერესო ინიციატივა გვქონდა და შედეგებსაც მივაღწიეთ... გარკვეული კითხვის ნიშნები მეც მაქვს, მაგრამ ფაქტია, ჯგუფში პოლიტიკური გადაადგილება მოხდა - ჩემი შეცვლა სწორედ პოლიტიკური გადაადგილებების შედეგი იყო. რასაკვირველია, შეიძლებოდა ყველაფერი უფრო ნათლად მომხდარიყო. მე პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ...

- თქვენი არაპარტიულობა ხომ არ იწვევდა გუნდში თქვენდამი უნდობლობას?

- ვერაფერს გეტყვით.

- რომელ ქვეყანაში აპირებთ ელჩობას?

- ვენაში მივფრინავ და ალბათ, ჩემი დაბრუნების შემდეგ გადაწყდება...

რუსუდან შელია