"ყველა მშობელს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან კრიმინალის თანამონაწილეები" - კვირის პალიტრა

"ყველა მშობელს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან კრიმინალის თანამონაწილეები"

რას ამბობს განათლების მინისტრი დაზიანებულ წიგნებზე და ე.წ. სკოლის ფონდებზე

განათლების სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო დროს ბევრი კითხვა დაგროვდა."ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს ვთხოვეთ:

- სამზადისი ყველა მიმართულებით გვქონდა. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პედაგოგებთან დაკავშირებული ახალი სისტემის შექმნა იყო, რომლის დანერგვა ახალ სასწავლო წელთან ერთად უნდა დაგვეწყო. სქემაში პედაგოგების ჩართვისა და სქემის ასამოქმედებლად შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის შექმნა, პროგრამაში პედაგოგთა კორპუსის ასახვა, ახალი სახელფასო პოლიტიკის გასატარებლად დაფინანსების წესების შეცვლა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სასკოლო ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ჩვენი ნომერი პირველი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ყველაზე მეტი რესურსი სჭირდება, ინფრასტრუქტურაა. ამაში მხოლოდ სკოლის შენობას არ ვგულისხმობ, არამედ შესაბამის ტექნიკურ, ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და სხვა დამხმარე რესურსებს. რეალური შედეგი მაშინ დადგება, როცა ეს გეგმა ბოლომდე შესრულდება. რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს. დაგეგმილია სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ისე, რომ არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და დაცულ იქნეს უსაფრთხოების ნორმები. მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის. მოსწავლეების ზღვრული რაოდენობა 15-დან 10-მდე დავწიეთ. პირველად გამოიყო დაფინანსება შინ სწავლების ხარისხიანად განსახორციელებლად. მნიშვნელოვანი სიახლეები და წარმატება გვაქვს პროფესიული სწავლების კუთხითაც. ყველა არსებული სტანდარტი განახლდა. ახალი სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა მოდულები. წელს დაიწყება 45 მოდულარული პროგრამის დანერგვა, რომელიც 600-ზე მეტი მოდულისაგან შედგება. ამისათვის გადაიარაღდა პროფესიული სასწავლებლები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტანდარტებისა და მოდულარული პროგრამების შექმნაში დამსაქმებელი და კერძო სექტორიც მონაწილეობდნენ.

ბევრმა მოსწავლემ სწორედ ასეთი სახელმძღვანელოები მიიღო, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზოგიერთ წიგნში დავალებები უკვე ამოხსნილია

- წელს პირველად სასკოლო მზაობის პროგრამა უნდა ამოქმედდეს. რა ეტაპზეა პროექტი?

- პროექტი იმ ნაწილში, რომელიც განათლების სამინისტროს უნდა შეესრულებინა, მზად არის. მერიაში რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტაა საჭირო. ვვარაუდობ, რომ მომავალ კვირას რეგისტრაცია გამოცხადდება. საბავშვო ბაღების აღსაზრდელები პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვებიან. ზოგად განათლებაში სასკოლო მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია. წელს სკოლაში პირველად მივიღეთ 6-წლიანები, აბსოლუტურად შეცვლილი სურათია. ბავშვები პირველი დღიდან სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთვნენ. წარმოიდგინეთ, მომავალ წელს 6 წლის ბავშვი, რომელმაც სასკოლო მზაობის პროგრამა გაიარა, სკოლაში როგორი მომზადებული მივა.

- თქვენმა განცხადებამ პირველკლასელების მობილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

- თუ პირველკლასელის მობილობა ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან განხორციელდება, სადაც სწავლა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თარიღით, მაშინ მობილობა სამინისტროს ჩარევით, საკითხის ინდივიდუალური შესწავლით განხორციელდება. თუ სწავლის დაწყების თარიღები მნიშვნელოვნად განსხვავდება, აუცილებელია შეფასდეს დაძლეული პროგრამის შესაბამისობა. შესაძლოა, საჭირო იყოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეთავაზებაც. ამის გარდა, არსებობს სხვა მიზეზიც. შესაძლოა, მშობელმა ბავშვი კერძო სკოლაში იმიტომ მიიყვანა, რომ 14 სექტემბრამდე 6 წელი არ უსრულდებოდა, ხოლო როცა 6 წლის გახდა, საჯარო სკოლაში გადაყვანა მოინდომა. ეს ხომ ხელოვნურად კეთდება? ასეთი ხელოვნური ნაკადის გადმოდინება სასურველი არ არის. კერძო სექტორის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. მათაც დაგეგმილი აქვთ რესურსი, მასწავლებელი, ხელფასი და ა.შ. მობილობის საჭიროება თუ არსებობს, ამის შეზღუდვაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ მობილობის წესში არსებული ჩანაწერიც იმას გულისხმობს, რომ ეს პროცესები სამინისტროს ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდება.

- სასწავლო წლის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო 496 968 მოსწავლეზე მხოლოდ 41 844 ახალ სახელმძღვანელოს ბეჭდავდა. პროგნოზი, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს მეორადი, გაცვეთილი და უმეტესად დაზიანებული სახელმძღვანელოებით მოუწევდა სწავლა, სამწუხაროდ, გამართლდა. ბევრმა მოსწავლემ სწორედ ასეთი სახელმძღვანელოები მიიღო, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზოგიერთ წიგნში დავალებები უკვე ამოხსნილია.

- სახელმწიფოს პროექტის ფარგლებში ყველა მოსწავლეს აქვს სახელმძღვანელო. ის, რომ წიგნების ნაწილი ახალია, ხოლო ნაწილი მაღალი ქულებით შეფასებული, არ დაგვიმალავს და არც დავმალავთ. ასე იყო 2013-2014 წლებშიც, ამიტომ წელს სიურპრიზი რატომ აღმოჩნდა, გაუგებარია.

ახალი წიგნის პრინციპით თუ მივუდგებით, მაშინ ბიბლიოთეკებიც არ უნდა მუშაობდნენ, რადგან უკვე გამოყენებული წიგნები აქვთ. რაც შეეხება დაზიანებულ და სწავლისათვის გამოუსადეგარ წიგნს, თუკი ასეთი სკოლაში აღმოჩნდება, ეს უკვე გადაცდომაა, რომლის იდენტიფიკაცია მონიტორინგის დროს უნდა მოხდეს. ჩემთვის წიგნის თემა პრობლემას არ წარმოადგენს. დღემდე ვერ გავარკვიე თქვენი გამოცემის პოზიცია. შეკითხვას მუდმივად იმ კუთხით სვამდით, სამინისტრო რატომ ბეჭდავს ცოტა წიგნებს და არა იმაზე, ექნებათ თუ არა ბავშვებს წიგნები.

- ამ პრობლემაზე მხოლოდ ჩვენ არ ვწერდით. როგორც თქვენ ამბობთ, რეზერვში გამოსადეგი წიგნებიც არის, მაშინ გაუგებარია, მოსწავლეებმა ძველი, გაცვეთილი წიგნები რატომ მიიღეს? საკუთარი თვალით ვნახე დაზიანებული, ხშირ შემთხვევაში კი, სწავლისთვის გამოუსადეგარი წიგნები.

- თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სკოლის ადმინისტრაციას უნდა მოეთხოვოს პასუხი. სახელმძღვანელოების რაოდენობის განსაზღვრა სკოლის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის საფუძველზე ხდება. სკოლა აკეთებს განაცხადს, სამინისტრო ახდენს გადამოწმებას, ითვალისწინებს ცვეთის კოეფიციენტს, მობილობას, ფასს სხვადასხვა ტირაჟის დაბეჭდვისთვის და ა.შ.

თუ მართლაც დასაბუთდება ასეთი გადაცდომა, სკოლაც მიიღებს შესაბამის დისციპლინურ სახდელს. თუ გადაცდომა სისტემური და განმეორებადია, შესაძლოა, ვინმეს დათხოვნის საკითხიც დადგეს. ეს გაგვიკეთებია, შენიშვნაც მიგვიცია და დაგვითხოვია კიდეც სხვადასხვა მიზეზის გამო. თუ საჭირო იქნება, მომავალშიც ასე მოხდება. თუმცა ინდივიდუალური შემთხვევების გამო ამხელა პროექტს ჩრდილი არ უნდა მიადგეს. სკოლა ვალდებულია, ასეთი პრობლემა მოაგვაროს. მეტ შეკითხვას ამ საკითხზე არ მივიღებ.

- ბევრ მშობელს შვილისთვის ახალი წიგნის შეძენამ მოუწია. სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობებზე რიგები დღესაც დგას.

- იქნებ კერძო სკოლის მოსწავლის მშობელია? მათ სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელოებით არ ამარაგებს. ამასთან, არის კერძო სკოლები, სადაც სწავლა უფასოა. მაგალითად, საპატრიარქოს სკოლა, სადაც მშობლებს წიგნის ყიდვა უწევთ.

- მე ვისაც გავესაუბრე, კერძო სკოლის მოსწავლის მშობლები არ იყვნენ... რაც შეეხება პირველკლასელებს, ე.წ. მეორადი "დედაენის" სახელმძღვანელოები მათაც მიიღეს. ხომ შეიძლებოდა მათთვის მაინც ახალი "დედაენა" დაბეჭდილიყო? სხვა თუ არაფერი, ბავშვის პირველი შეხებაა სკოლასთან და მაინცდამაინც სხვისი ნახმარი წიგნები უნდა მივცეთ?

- წიგნის რაოდენობისა და მისი მდგომარეობის შესახებ სამინისტრო სკოლიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. სკოლამ უნდა გვითხრას, რამდენი წიგნი სჭირდება, რამდენია გამოუსადეგარი. როგორც აგიხსენით, სისტემა ისეა აწყობილი, რომ სამინისტრო თავისი ინიციატივით რაიმეს მიწოდებას არ უზრუნველყოფს. შესაძლებელია, რომელიმე სკოლის ადმინისტრაციის დაუდევრობით სკოლაში მცირედი დანაკლისი არსებობდეს. თუმცა ისეთი დანაკლისი, რასაც ჩვენი რეზერვი არ ეყოფა, არ არის. სკოლამ, რომელსაც ესა თუ ის სახელმძღვანელო დააკლდა, აუცილებელია სამინისტროს დროულად მიმართოს. სამინისტროს სახელმძღვანელოები რეზერვში აქვს და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ახალიც დაბეჭდოს. მეორეც, მშობელს აქვს უფლება, არ მიიღოს დაზიანებული წიგნი. წიგნის მიღებამდე მშობელი ეცნობა ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტს, რომელსაც სახელმძღვანელოს შეფასების ფურცელი აქვს დართული. თუ წიგნი შესაბამისი ქულით შეფასებული არ არის, მაშინ მშობელმა არ უნდა მიიღოს.

- როგორც ვიცი, წლის ბოლოს სახელმძღვანელო 15-ბალიანი შეფასების სისტემით ფასდება. თუკი კონკრეტული წიგნი შეფასების კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ სკოლამ რატომ დაიბრუნა? მე, როგორც მშობელმა, რატომ უნდა ვარეგულირო წიგნის ხარისხი, როცა ეს სკოლის პრეროგატივაა? პირველ რიგში სწორედ სკოლამ არ უნდა დაიბრუნოს დაზიანებული წიგნი.

- 15-ბალიანი აღარ არის, გავამარტივეთ და 9-ბალიანი შეფასების სისტემაა. წიგნი, რომელიც დაზიანებულია და სწავლისთვის გამოუსადეგარი, ამოსაღებია. სამინისტრო რეგულარულ მონიტორინგს ატარებს და დამერწმუნეთ, ცალკეული შემთხვევები ჩვენც გვაქვს აღმოჩენილი. შესაძლებელია, სკოლას რაღაც შეეშალა, მაგრამ მოგვიანებით მაინც შეუძლია ინფორმაცია მოგვაწოდოს და ხარვეზი გამოვასწოროთ. ეს უზარმაზარი პროექტია, მასშტაბური და რთული ლოჯისტიკით. ამიტომ ერთი უწყებისკენ ხელის გაშვერა არასწორია. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ:"დედაენის" წიგნები კარგ მდგომარეობაშია, რეზერვში ახალიც გვაქვს. ერთადერთი, რაც სკოლამ უნდა გააკეთოს, ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს, რომ სახელმძღვანელო არ ვარგა. თუნდაც წიგნის შეცვლის საშუალება არ იყოს, მაშინ ახალს დავბეჭდავთ. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სტამბასთან გაფორმდა, სახელმძღვანელოების 10% კიდევ შეგვიძლია დავბეჭდოთ.

- სკოლაში დაბრუნდა ე.წ. სკოლის ფონდი, როდესაც მოსწავლეების მშობლებს სხვადასხვა საჭიროების მომიზეზებით ფულის შეგროვებას სთხოვენ. ამას როგორ აკონტროლებთ? სკოლას თავისი ბიუჯეტი აქვს, სადაც ყველა ხარჯი წინასწარ გაწერილია, გამოდის, ბიუჯეტი არ ჰყოფნის?

- სკოლას უფლება არა აქვს, მოსწავლეებს ფულის შეგროვება მოსთხოვოს. გამორიცხულია, სკოლას ბიუჯეტი არ ჰყოფნიდეს. ფულის შეგროვება დანაშაულია. მშობელმა, რომელიც ამის თანამონაწილე ხდება, ამაზე უნდა იფიქროს. ყველა მშობელს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან ამ კრიმინალური ქმედებების თანამონაწილეები. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, რაც კანონით ევალება, შეასრულოს. სამინისტრო ყველა ბერკეტს იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს ასეთი ქმედებების აღსაკვეთად.

- ქალბატონო თამარ, ბოლოს რომელ სკოლას სტუმრობდით გაუფრთხილებლად?

- გაუფრთხილებლად სკოლაში წინა ხელისუფლება კამერების თანხლებით მიდიოდა, რაც პოპულიზმი იყო. კამერების გარეშე ძალიან ბევრს დავდივარ და ყველგან შევდივარ, დღეში ხუთჯერ.

- განათლების სამინისტრომ ახალი წიგნების დაბეჭდვაში დაახლოებით 6 მილიონი ლარი დახარჯა. თქვენი უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თითქმის 4 მილიონი ლარი სამინისტრომ მხოლოდ "მაკმილანის" ინგლისური ენის სახელმძღვანელოებში გადაიხადა, ანუ სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის 70%. "მაკმილანის" სახელმძღვანელოების იმპორტი სახელმწიფოს დაახლოებით 7-8-ჯერ ძვირი უჯდება, ვიდრე ქართული სახელმძღვანელოების ბეჭდვა. ხომ შეიძლება ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შედგენა საქართველოში? რატომ აგრძელებს სამინისტრო შაშკინის მინისტრობისას დამკვიდრებულ პრაქტიკას?

- ჩვენ ვალდებული ვართ, წიგნები "მაკმილანისგან" შევისყიდოთ. ეს ვალდებულება 2011 წელს გაფორმდა და 5 წლით არის გრიფირებული.

ბრძანების ის მუხლი, რომელიც უფლებას გვაძლევს გამოვიყენოთ გრიფი, არ ვრცელდება უცხოელ გამომცემლებზე. როგორც თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ძირითადი რაოდენობა ინგლისური ენის წიგნები ვიყიდეთ, რაშიც კოლოსალური თანხა დაიხარჯა, არასწორია. მე თქვენს რედაქციას დეტალური ფასები გავუგზავნე, რა ღირს ინგლისური წიგნი და ის ქართული წიგნები, რომელთაც პირდაპირ გამომცემლისგან ვყიდულობთ.

- მეც სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით გესაუბრებით...

- როგორც ჩანს, სწორი ინფორმაცია არა გაქვთ... წიგნებს, რომელთა გრიფის გამოყენების უფლებაც გვაქვს, ვბეჭდავთ. ამის გარდა, ქართველი გამომცემლებისგან ვყიდულობთ წიგნების განსაზღვრულ რაოდენობას, რომლებიც გრიფირებული არ არის, მაგრამ სავალდებულო მასალას წარმოადგენს. "მაკმილანის" გარდა, წიგნებს სხვა უცხოური გამომცემლებისგანაც ვყიდულობთ, მათზე გრიფის გამოყენების უფლება არ ვრცელდება. ქართველი გამომცემლების მიერ დაბეჭდილი წიგნების ფასი 14 ლარიდან იწყება და 35 ლარამდე ადის (?!). როგორ მეუბნებით, რომ ქართველი გამომცემლებისგან ნაყიდი წიგნი უფრო იაფია, ვიდრე უცხოელი გამომცემლებისგან?

ნახეთ მაღაზიებში ქართველი გამომცემლების დაბეჭდილი წიგნები რა ღირს. შორს რომ არ წახვიდეთ, ნახეთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შევისყიდეთ წიგნები გამომცემლებისაგან.

სალომე გოგოხია