"რუსი მოდის"? - კვირის პალიტრა

"რუსი მოდის"?

ათწლიანი პაუზის შემდეგ გაეროში პუტინის გამოსვლას მთელი მსოფლიო ინტერესით ელოდება.

ზუსტად ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის წინ რუსეთმა მორიგი მანევრი განახორციელა და სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დასახმარებლად და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციების დასაბრუნებლად ცოცხალი ძალა და სამხედრო შეიარაღება გადაისროლა: თვითმფრინავები, ტანკები და საზენიტო დანადგარები. ამით, ფაქტობრივად, რუსეთი უკრაინის პარალელურად დასავლეთთან მეორე ფრონტს ხსნის. სექტემბერშივე, გაეროში წასვლამდე, პუტინმა მოასწრო შეხვედრები სომხეთის, თურქეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელებთან.

თუმცა სამხედრო შეიარაღებაზე არანაკლებ მძლავრი იარაღი თანამედროვე რუსეთის ხელში საინფორმაციო ომია: რუსული საინფორმაციო პროპაგანდის გავლენა აშკარად იკითხება თურქულ თუ აზერბაიჯანულ, ირანულ თუ არაბულ პრესაში, აღარაფერს ვამბობთ დასავლურ მედიაზე.

ამიტომაც მსოფლიო პრესაში ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ რადიკალურად განსხვავებული განწყობები, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ რუსეთი სირიაში ისეთივე მასშტაბურ ომში ჩაებმება, როგორც თავის დროზე ავღანეთში, რაც საბოლოოდ დაანგრევს მის ეკონომიკას, და მოსაზრებები, რომ რუსეთი ამით ახლო აღმოსავლეთში პოზიციას გაიმყარებს და შედეგად, თავის პირობებს უკარნახებს დასავლეთს. აშკარაა ჩვენი ორი მეზობლის - რუსეთისა და თურქეთის - პოზიციების თანხვედრაც სირიის საკითხში: "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის საფარქვეშ რუსეთი აქტიურად შეუტევს ასადის ოპოზიციას, თურქეთი კი ქურთებს, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოებრიობისთვის ნომერ პირველ მტრად განიხილავს.

რუსეთს, როგორც ჩანს, იმის იმედიც აქვს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავება ნავთობზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს, რაც შვება იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის. ელიან, რომ პუტინი გაეროს ტრიბუნიდან ახლო აღმოსავლეთში რუსეთის საშუამავლო როლზე ილაპარაკებს, რაზეც დასავლეთი უარს ვერ იტყვის მიზეზთა გამო.

ყოველ შემთხვევაში, ანგელა მერკელი უკვე ლაპარაკობს, რომ დასავლეთმა ბაშარ ასადი მოლაპარაკებათა პროცესში უნდა ჩართოს, რაც რუსეთის პოზიციას ამყარებს.

ჩვენი ტერიტორიიდან თითქოს საკმაოდ მოშორებული ამ პრობლემების აქტუალურობა საქართველოსთვის ძალიან მაღალია. დავიწყოთ იმით, რომ სირიის კონფლიქტში რუსეთს უფრო ღრმად შესვლამ მოუწია და თუ სახმელეთო გზის გამოყენება დასჭირდა, ეს გზა ან სომხეთ-საქართველოზე, ან აზერბაიჯანზე გადის. ამიტომ სულ უფრო აქტიურად განიხილება ევროპაზე გულაყრილი აზერბაიჯანისა და რუსეთის პოზიციების დაახლოების თემა მთიანი ყარაბაღის საკითხში. კერძოდ, საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთ-სომხეთის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრისას, სავარაუდოდ, განსახილველი თემა აზერბაიჯანისთვის წართმეული 5 რაიონის დაბრუნებაც იყო, რის სანაცვლოდაც რუსეთი აზერბაიჯანში დროებით სამხედრო ბაზას მიიღებს.

თუმცა ამ დრომდე აზერბაიჯანელები კატეგორიულად უარყოფენ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ნებისმიერ შესაძლებლობას. დამაიმედებელია ისიც, რომ ორ ფრონტზე მებრძოლ რუსეთს დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება მესამე ფრონტის გახსნა და აქედან გამომდინარე, საქართველოს მიმართულებით მკვეთრი და ხისტი ნაბიჯების გადმოდგმის ალბათობა ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ძალიან მცირეა.

რუსეთის მიზანი 2016 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა და საქართველოს ენერგეტიკაზე გადამწყვეტი კონტროლის მოპოვებაა. ამიტომ, ერთადერთი, რისთვისაც რუსეთი არ დაიშურებს რესურსებს, ეს საზოგადოებრივი განწყობის დასავლურიდან პრორუსულისკენ შეტრიალებაა.

თუმცა რუსეთმა საქართველოს ხელშესახები არაფერი შეუძლია შესთავაზოს. ეს სულ ახლახან კახეთში აგორებულმა გლეხთა უკმაყოფილებამაც დაადასტურა, რაც დიდწილად გამოწვეული იყო იმით, რომ რუსული ბაზრის მსყიდველობითუნარიანობა და შესაბამისად, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე გატანა შემცირდა. ამით რუსული ბაზრის, როგორც საქართველოს ეკონომიკის გადამრჩენის მითიც დაინგრა.

ფაქტია ისიც, რომ არც დასავლეთს აქვს დღეს ხელშესახები რამ შესათავაზებელი საქართველოში თავისი მხარდამჭერებისთვის. შესაბამისად, პროდასავლური ძალების პოზიციებიც საკმაოზე მეტად მყიფეა.

ერთადერთი რეალური, რის გარშემოც საქართველოს დასავლური საგარეო კურსის მომხრე ელექტორატის გაერთიანება და დარაზმვა შეიძლება, ეს "რუსი მოდის", ანუ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნების რეალური საფრთხის თემაა, მაგრამ ამას ორი რამ ესაჭიროება: ძალიან კვალიფიციური და მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და პროდასავლური ფლანგისთვის გაცვეთილი სახეების ჩამოშორება, იდეალურ შემთხვევაში კი ამ ფლანგზე ახალი ლიდერის გამოჩენაა.

რუსულ ტანკებსა თუ თვითმფრინავებზე არანაკლებ ძლიერი და საშიში, მისი ჰიბრიდული ომის ტაქტიკაა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის პარალელურად ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მოსყიდვას ითვალისწინებს.

ამ ფონზე 2016 წლის არჩევნები საქართველოში დიდ მნიშვნელობას იძენს.