"გვარამიას ეშინია, კონტროლი არ დაკარგოს და არ გაუგონ, რამდენი მიითვისა" - რას გეგმავს "რუსთავი 2"- ს ხელმძღვანელობა - კვირის პალიტრა

"გვარამიას ეშინია, კონტროლი არ დაკარგოს და არ გაუგონ, რამდენი მიითვისა" - რას გეგმავს "რუსთავი 2"- ს ხელმძღვანელობა

"გია ყარამანაშვილს ვიცნობ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მასაც არა უშავდა"

ნიკა გვარამია: "იმედთან" დაკავშირებული პროცესები შეცდომა იყო, მაგრამ "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ძველ შეცდომებზე აპელირებით ვერ მოიხსნის"

"ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა", - ეს განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე "რუსთავი 2"-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს "ტელეკომპანია საქართველოც" დაყადაღდა. გვარამიას განმარტებითვე, საჯარო რეესტრმა ორი დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ფინანსური ტრანზაქცია, რომლითაც "რუსთავი 2"-მა 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. მას არც ის დაუმალავს, რომ ტელეკომპანიაში 6-მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი გეგმავდა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატების განცხადებით, სასამართლოში მიმართვის საფუძველი ტელეკომპანია "საქართველოს" წილის გასხვისება გახდა, რაც "რუსთავი 2"-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას იწვევდა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "საქართველოს" მფლობელები ძმები ლევან და გია ყარამანაშვილები არიან.

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი: - ივანიშვილმა ეს პროცესი დიდი ხნით ადრე დაგეგმა და დააანონსა კიდეც. ამისთვის ჩასვეს თავის დროზე საარჩევნო სიაში ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაშიც, რომელსაც, ალბათ, საკუთარი მეზობლების გარდა, ქვეყანაში არავინ იცნობდა. თუმცა, მერწმუნეთ, თითოეული მათგანი ყველა კანონდარღვევაზე პასუხს აგებს. ქიბარ ხალვაში დღეს განსაკუთრებული უპირატესობებით სარგებლობს. მას "ქართუ ბანკიდან" კრედიტები აქვს გამოტანილი, თბილისის აეროპორტშიც სამთავრობო კარიდან აცილებენ და სახელმწიფო მანქანით ემსახურებიან. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს მხოლოდ თითიდან გამოწოვილი მოთხოვნაა, თუმცა ისიც ვიცი, რომ მოსამართლე ურთმელიძე ხალვაშის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

- საქალაქო სასამართლომ მსგავს შეფასებებზე საგანგებო განცხადებით გიპასუხათ, რომ ამ გზით სასამართლოზე ზეწოლას ცდილობთ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებთ.

- მოსამართლე ურთმელიძე ჩვეულებრივი ჯიბის აგენტია და მას დიდი ფული აქვს აღებული. მისი მეუღლის "ფეისბუკზე" რომ შეხვიდეთ, მხოლოდ "რუსთავი 2"-ის წყევლა-კრულვის პოსტებს წაიკითხავთ. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში სხვა ინსტანციებიც არსებობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "რუსთავი 2" ხალხის სამსახურში იყოს! აქციებს დავიწყებთ და ვიცი, რომ გვერდით ასიათასობით ადამიანი დაგვიდგება. პარლამენტის წინ ჩატარებული აქცია ტელეკომპანიის მხარდამჭერებმა თვითნებურად დაგეგმეს და მადლობა მათ, თუმცა ჩვენ გაცილებით მასშტაბურ აქციებს ჩავატარებთ.

- სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს ვიდეორგოლი, სადაც "იმედის" დარბევის გამართლებას ცდილობთ, დღეს კი მედიის თავისუფლების დამცველად გვევლინებით.

- როდესაც "იმედთან" დაკავშირებული განცხადება გავაკეთე, მაშინ სახელმწიფო მოხელე გახლდით და ამის საფუძველიც მქონდა. უკანონო განცხადება რომ გამეკეთებინა, დღეს ამ ხელისუფლების წყალობით ციხეში აუცილებლად აღმოვჩნდებოდი. თუმცა, ვფიქრობ, მაშინ ეს პროცესი თავიდან უნდა აგვეცილებინა. ეს მიზანშეწონილი ნაბიჯი არ გახლდათ. დიახ, ეს იყო შეცდომა, მაგრამ "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ძველ შეცდომებზე აპელირებით ვერ მოიხსნის.

შოთა მინდელი, დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატი: "დიმიტრი ჩიქოვანთან დადებული კონტრაქტით იგეგმებოდა "რუსთავი 2"-ის გაძლიერება. ეს იყო წმინდა ინვესტიცია, რომელიც ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა. საჯარო რეესტრი, სასამართლო და ქიბარ ხილვაშის ადვოკატები ორკესტრირებულად მოქმედებდნენ. რეესტრში 29 სექტემბერს ჩაბარებული ხელშეკრულება აბსურდული მიზეზებით გამოაცხადეს ხარვეზიანად, მეორე დღეს კი, ე.წ. ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, პასუხი არ გაგვცეს... ეს იყო ხელოვნურად მოგონილი პროცედურა, რათა ჩიქოვანისთვის ინვესტიციის შესაძლებლობა არ მიეცათ".

პაატა სალია, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: "ჩვენ მხოლოდ იმ ქონების გასხვისების აკრძალვა მოვითხოვეთ, რომლის არარსებული ვალდებულებებით დატვირთვა უკანონო გზებით ხდებოდა. დღეს "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი აჟიოტაჟს ქმნის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. არადა,

სიცრუეა, თითქოს ქონების დაყადაღებით ტელეკომპანიის ფინანსური წყაროები ჩაიკეტა.

დაყადაღებამდე ტელეკომპანიას საბანკო ვალდებულებები ჰქონდა, ამიტომ კრედიტის გაზრდის მიზნობრიობის დასაბუთება ბანკთან მოუწევდა. ჩვენც სწორედ ამ რეჟიმში გვინდოდა მათთან ურთიერთობა. მართალია, ვედავებით, მაგრამ თუ დაგვისაბუთებდნენ, რომ მაუწყებლობას ყადაღის გამო ხელი ეშლებოდა, შეზღუდვებს შევამცირებდით.

დღეს ტელეკომპანია შეუფერხებლად მაუწყებლობს. ზღაპარია, თითქოს ფული არა აქვთ და ფინანსების მიღებას სამი თვის შემდეგ შეძლებენ. ტელეკომპანია "საქართველოს" დაყადაღებით "რუსთავი 2"-ის დამატებითი ვალდებულებებით დატვირთვის სქემა ჩავშალეთ.

კეზერაშვილის ცოლისძმა ტელეკომპანიაში 6 მილიონს დებს მაშინ, როდესაც იცის, ხვალ შეიძლება "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდეს.

სწორედ ეს იყო მიზანი - ამ კონტრაქტის საფუძველზე, სასამართლო დავის დასრულების შემდეგ, ხალვაშისგან 6 მილიონის დაბრუნება მოეთხოვათ და ამ სქემით "რუსთავი 2"-ის გაკოტრების პროცესი დაეწყოთ".

ჩვენ ვცადეთ ძმებ ყარამანაშვილებთან დაკავშირება, თუმცა მათზე ყოფილმა მაღალჩინოსნებმაც არაფერი იციან. როგორც გვითხრეს, ძმებს ბიზნესი მოსკოვსა და საფრანგეთში აქვთ, მათზე ინფორმაციას კი მხოლოდ კეზერაშვილი და სააკაშვილი ფლობენ.

ვცადეთ ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებაც. ის ვრცელ ინტერვიუზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელში დავუკავშირდით და მცირე კომენტარი ექსკლუზიურად მივიღეთ:

- ვინ არიან ძმები ყარამანაშვილები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი "რუსთავი 2"-თან კავშირში?

- გია ყარამანაშვილს ვიცნობ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მასაც არა უშავდა. ის მიშას ჯგუფელია. მეორე ძმას არ ვიცნობ.

- გია ყარამანაშვილთან საქმიანი კავშირი თქვენც გქონდათ?

- გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე ვიცნობდი. მიშასთვის ის ყველაზე სანდო ადამიანი იყო, "რუსთავი 2"-იც მას სწორედ ამიტომ ანდო. გვარამიას კი ეშინია, კონტროლი არ დაკარგოს და არ გაუგონ, რამდენი მიითვისა.

- გავრცელდა ვერსია, რომ სააკაშვილსა და კეზერაშვილს ტელეკომპანიაში ჩიქოვანის შემოყვანით ყარამანაშვილების ჩაჩოჩება უნდოდათ.

- მათ რომ გაუგო, მათსავით ტვინნაღრძობი უნდა იყო. მიშასა და "ნაციონალებს" უნდათ, ტელეკომპანია ზედმეტი ვალდებულებებით დატვირთონ.

მთავარი მოქმედი პირი ოდესაშია, რა მნიშვნელობა აქვს, ყარამანაშვილები სად არიან?!

- გვარამია მთავარ მოქმედ პირად ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. ამბობს, რომ თქვენც მისი დავალებით მოქმედებთ.

- 1992 წლის შემდეგ დავალება არავისგან მიმიღია, ამიტომ ვერიდები საჯარო და სხვის სამსახურში ყოფნას. ასე რომ, ეს სიტყვა ძალიან "ნაცურად" ჟღერს... ნეტავ იცოდეთ, გვარამიას ბრალდება როგორ არ მენაღვლება.

რუსუდან შელია