სიამაყე და სირცხვილი - რაგბი და ფეხბურთი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

სიამაყე და სირცხვილი - რაგბი და ფეხბურთი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ფრთხილად!

წელს, როდესაც "იმედში" შემოგვიცვივდნენ, ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, თუ სააკაშვილს არ უნდა, პუტინს დაემსგავსოს, მაშინ "იმედის" დახურვა არ უნდა დაუშვას, რადგან დღეს ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი "იმედი" ერთადერთია, რაც მის რეჟიმს პუტინის რეჟიმისგან განასხვავებს, სხვა ყველაფერში უკვე დაემსგავსა-მეთქი! გახსოვთ, პუტინმაც ნელ-ნელა დაიწყო ყველაფრის გაკონტროლება და ბოლოს ერთადერთი დამოუკიდებელი რუსული ფედერალური არხი ენ-ტე-ვე მის მფლობელს, გუსინსკის წაართვა! სამწუხაროდ, სააკაშვილმაც ზუსტად იგივე გააკეთა. ამის მერე, ფაქტობრივად, ქართველი პუტინი გახდა.

დღეს ყველა ტელევიზია, მიუხედავად მისი ფინანსური შესაძლებლობებისა, უკვე ნაციონალური მაუწყებელია, ანუ მთელ ქვეყანას ფარავს, მაგრამ რეიტინგს, ყურებადობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?! ყველა მაღალი რეიტინგის მქონე ტელევიზიის ირგვლივ მეტისმეტად უსიამოვნო პროცესები განვითარდა, რამაც ეჭვები გააჩინა. ასეთ სიტუაციაში "რუსთავი 2"-ის თუნდაც ისეთი სახით არსებობა, როგორითაც დღეს არსებობს, ამ ხელისუფლების დემოკრატიულობის გარანტიაა. თუ ამას "ოცნებაში" ვერ ხვდებიან, ცუდად ყოფილა მათი საქმე!

რა თქმა უნდა, "რუსთავი 2" ისეთივე თავისუფალი მედიაა, როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორი, მაგრამ ვისაც დღეს ეჭვი ეპარება, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, ნამდვილად ბრმაა. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად. "ქართული ოცნება" იბრძვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ტელევიზია წაართვას. სულ ეს არის მთელი ამ საქმის ალია-ბალია, ხოლო ის, რომ ეს კერძო დავაა, ისეთივე მითია, როგორი მითიც გვარამიას განცხადება აღმოჩნდა, რომ "რუსთავი 2" არადოტაციური ტელევიზიაა და სარეკლამო შემოსავლებით ცხოვრობს!

ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, ხვდება, რომ ეს შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" სავალალოდ დამთავრდეს, რადგან თუნდაც ოპოზიციური პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზია მაინც არის დემოკრატია, ხოლო ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცეული მედია უკვე დიქტატურის ნიშანია!

სიამაყე და სირცხვილი

როგორი ამაყი ვიყავი პარასკევს ღამით, როცა ჩვენი მორაგბეებისა და ახალი ზელანდიის გუნდის სარაგბო ომი დასრულდა. დიახ, "ომი", რადგან სწორედ ეს სიტყვა უხდება იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. მართალია, ჩვენმა ბიჭებმა წააგეს, მაგრამ წააგეს მსოფლიოს ნომერ პირველ გუნდთან, ამიტომ არავის მოუბრუნდება ენა მათ სასაყვედუროდ. ზელანდიის დონეზე ასასვლელად ბევრი დრო გვჭირდება, ამიტომ რაც იმ დღეს ქართველმა მორაგბეებმა გააკეთეს, როცა ზელანდიას რიგ ეპიზოდებში ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ერთი ლელოც დაუდეს, გმირობის ტოლფასია და ყველა სიამაყით აგვავსო.

თუმცა, ეს განცდა დიდხანს არ გაგრძელებულა. სოციალურ ქსელში შევიხედე და რაგბის გარდა მეორე მთავარი თემა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები იყო. უფრო სწორად, არჩევნების წინაღამეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატის დაკავება. არველაძე ამ არჩევნებში ხელისუფლების ფავორიტ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს დაუპირისპირდა. ჰოდა, იმის მომხრეს, ვინც ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდა, არჩევნების წინაღამეს მოულოდნელად ნარკოტიკი აღმოუჩინეს და პოლიციაში გააქანეს. დაკავებულის ცოლი კი აცხადებდა, რომ მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მეუღლეს კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ, ის კი არ დათანხმდა. ასეთ დროს რა უნდა იფიქრო? რა და, ის, რომ "ოცნება" ცდილობს, ყველანაირ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორ საქციელში "ნაციონალებს" მიჰბაძოს. თუ მიშა პუტინის მოსწავლე იყო, ესენი მიშას ღირსეული მოსწავლეები არიან.

თავის დროზე, "ნაციონალურმა მოძრაობამაც" თავისი ნამდვილი სახე სწორედ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე დაგვანახა. მაშინ გიორგი ნემსაძემ ხელისუფლების ფავორიტი ნოდარ ახალკაცი დაამარცხა და მერე ნემსაძეს ერთ საათში გადადგომა აიძულეს.

პატივცემულო ხელისუფლებავ, თქვენ უკვე ლამის ყველაფერში დაემსგავსეთ თქვენს წინამორბედს! ფედერაციის არჩევნები რა შედეგითაც უნდა დასრულდეს (ამ სტატიას შაბათ დილით ვწერ და ჯერ შედეგი არ ვიცი), ის ამის კიდევ ერთი დასტური იქნება!