"ეს კატასტროფაა!" - 2014 წელს საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა - კვირის პალიტრა

"ეს კატასტროფაა!" - 2014 წელს საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა

"არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგრამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავრობაშიც მწვავედ დგას. საკრებულოს წევრის მუშაობა ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა - ერთმა პირმა".

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს თბილისის საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია და დანამატი დარიგდა, თუმცა, წლის განმავლობაში გაცემული საპრემიო თანხის 90% 2014 წლის 6 თვეშია გაცემული. აუდიტის სამსახურის განცხადებითვე, ზოგჯერ პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200-300%-ის ოდენობით, საკრებულოს თავმჯდომარემ კი 2014 წლის 6 თვეში პრემიის სახით 40.7 ათასი ლარი აიღო. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს ახალარჩეულ საკრებულოს თანამდებობის პირებს პრემიები არ მიუღიათ და დეკემბრიდან საკრებულო სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკაზე გადავიდა.

საკრებულოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას, გაირკვეს, რა დამსახურებისთვის გაიცემოდა პრემია და როგორ განისაზღვრებოდა თანხა. ანგარიშით ირკვევა, რომ პრემიები მიეცათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც იყვნენ შვებულებაში და ვერ შეძლებდნენ საერთო შედეგში წვლილის შეტანას. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სტუმრების მიღებისათვის 2012-2014 წლებში შეძენილია 74 300 ლარის ღირებულების სხვადასხვა პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.). ამასთან, საკრებულოს კუთვნილი ზოგიერთი ავტომანქანისთვის გაწერილი საწვავის ხარჯი 71-89%-ით აღემატება ექსპერტიზის დადგენილ ნორმებს.

დავით ზურაბიშვილი, საკრებულოს წევრი: - არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგრამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავრობაშიც მწვავედ დგას. საკრებულოს წევრის მუშაობა ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა - ერთმა პირმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ საკრებულოში ფულად დახმარებებს გავცემთ! როდესაც ვსვამ კითხვას, რატომ იწერენ ამ ოდენობის პრემიებს, პასუხს ვერავინ მცემს. თავს იმართლებენ, სააკაშვილის დროსაც იგივე ხდებოდაო. სააკაშვილის დროს ავტორიტარული რეჟიმი იყო, მას ხალხის აზრი არ აინტერესებდა, მთავარი იყო, აპარატი ჰყოლოდა მადლიერი. არ შეიძლება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი საპრემიო და სახელფასო ანაზღაურება გქონდეს. როდესაც პრემიებს იწერენ, ფიქრობენ, რომ ხალხი ამას ვერ გაიგებს. "ნაციონალური მოძრაობის" დროს საჯარო სტრუქტურებიდან ინფორმაცია არ გადიოდა. მას შემდეგ, რაც ვითარება შეიცვალა, ხელისუფლება მუდმივად სკანდალში ეხვევა. თვითმმართველობის არჩევნების წინ, როდესაც ამომრჩეველს ვხვდებოდი, ყველა პრემიებზე წუხდა. ამის მოგვარება იოლად შეიძლება, მაგრამ რატომღაც არ გვარდება! სახელისუფლებო ვერტიკალში უმრავლესობას აქვს განცდა, რომ ის ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი არ არის. წინა ხელისუფლების დროს, მართალია, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდნენ, მაგრამ თანამდებობებზე მათი დამნიშვნელების ეშინოდათ. დღეს კი, კოალიციური მმართველობის პირობებში, ვიღაც პასუხისმგებლობას ერთი პარტიის წინაშე გრძნობს, მეორე - ზვიად ძიძიგურის, მესამე - ტყემალაძის, მეოთხე - უსუფაშვილის, პრობლემა კი ვერ გვარდება და ვართ ასე შერცხვენილები და გალანძღულები.

რუსუდან შელია