ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა - კვირის პალიტრა

ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა

გოგა ხაჩიძე: "გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ფრაქციის შექმნაზე კოლეგებთან აქტიურად ვსაუბრობთ"

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესიც გააქტიურდა. კულუარებში ამბობენ, მალე "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერი დავით ბაქრაძე დატოვებსო.

"ნაციონალებიდან" წამსვლელთა სავარაუდო სიაში ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, აბაშის მაჟორიტარი დავით დარცმელიძე და თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძეც სახელდებიან. ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, "თავისუფალი დემოკრატები" შესაძლოა, ვიქტორ დოლიძემ დატოვოს. პარლამენტის ოპოზიციურ ფლანგზე არც იმას მალავენ, რომ ოქტომბრის ბოლოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქციაც გაჩნდება - დიდი ალბათობით, დასახელებული დეპუტატები ყოფილ თანაგუნდელებს: გოგა ხაჩიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძესა და პავლე კუბლაშვილს შეუერთდებიან. თვის ბოლოს ახალი ფრაქციის შექმნას "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "ოთხეულის" ერთ-ერთი წევრი გოგა ხაჩიძეც ადასტურებს:

- ოქტომბრის ბოლოს პარტიის დარეგისტრირებას პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნასაც დავამთხვევთ. გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ფრაქციის შექმნაზე კოლეგებთან აქტიურად ვსაუბრობთ. ამასთან, საარჩევნო კამპანიისთვის დაფინანსებასაც ვეძებთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტიკაში ახალ დასაყრდენს ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც ეძებს. ითანამშრომლებთ მათთან?

- თუ ფინანსებს ვალდებულებებიც არ მოჰყვება, ივანიშვილისგანაც და იაკობაშვილისგანაც ფულს სიამოვნებით ავიღებდი.

- და ვინ იხდის პოლიტიკაში ფულს ვალდებულებების გარეშე?

- ვგულისხმობ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. მართალია, "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს, მაგრამ მათი სეგმენტი არ იზრდება. არც "ქართული ოცნებით" არის საზოგადოების უმრავლესობა კმაყოფილი. ამიტომ პოლიტიკოსს იმდენი ინტუიცია უნდა გქონდეს, რომ საზოგადოების განწყობა რეალურად შეაფასო.

"ნაციონალები" ხშირად ამბობდნენ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიააო, თუმცა სხვებისთვის მაინც ჩაკეტილი იყო.

ვიხვეწებოდი, პარტიას ცვლილებები სჭირდება-მეთქი. ერთ-ერთ აქციაზე ვანო მერაბიშვილმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა, თუმცა საბოლოოდ, პარტიის გასაახლებლად არაფერი გაკეთებულა. დღესაც არათანამიმდევრულად მოქმედებენ: ხან რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, ხან მერის გადადგომას, პარალელურად საარჩევნო ცვლილებებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ. ვისურვებდი, ამ ხელისუფლების ცვლილება დაჩქარდეს, თუმცა რიგგარეშე არჩევნები დღეს ტექნიკურად არ გვაწყობს.

"ნაცმოძრაობიდან" რამდენიმე დეპუტატის წასვლას არც დავით ბაქრაძე გამორიცხავს: - "ნაციონალური მოძრაობიდან" პოლიტიკოსების გადაბირებაზე მოლაპარაკება დიდი ხნის წინ დაიწყო. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ზეწოლასა და ცდუნებას ვერ გაუძლეს. ხელისუფლებას ოპოზიციისთვის დეპუტატების "გამოსაცლელად" ბევრი მექანიზმი აქვს - პოლიტიკოსების ბიზნესის თვალსაზრისით მოტივირება, მუქარა... ღვინიაშვილმაც განაცხადა, ფრაქციიდან გასვლის სანაცვლოდ ჩემს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დახურვა შემომთავაზესო. ამ ფონზე, უმცირესობიდან დეპუტატების გადინებას ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, 3 წლის განმავლობაში ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ქმედუნარიან ძალად რჩება. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, პარტიიდან წასვლას არ ვაპირებ. ყველაზე მძიმე ვითარებაში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დავთანხმდი. მაშინ დავამტკიცეთ, რომ გადარჩენა შეგვიძლია, დღეს კი მთავარ ამოცანად პარტიის გაძლიერებას მივიჩნევ.

"ნაციონალური მოძრაობის" არასწორი ნაბიჯების მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი, პრობლემებზეც საჯაროდ ვსაუბრობდი, თუმცა პარტიის განვლილ წლებზე პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავადაც ვიტვირთე.

მიმაჩნია, რომ შეცდომებზე საუბარი სისუსტე კი არა, სიძლიერეა... დღეს, ძირითადად, მაჟორიტარებს აშანტაჟებენ და უმცირესობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მე რიგგარეშე არჩევნებისთვის ვემზადები - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში მალე დავბრუნდებით...

"კვირის პალიტრა" იმ მაჟორიტარებსაც დაუკავშირდა, რომლებიც კულუარული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის დატოვებისთვის ემზადებიან.

დავით დარცმელიძე, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი: "წასვლაზე არ მიფიქრია და მსგავსი რამ ჩემთვის არც შემოუთავაზებიათ".

პაატა ლეჟავა, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი: "3 წელი ამაზე არ მიფიქრია და მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არც მომავალში ვაპირებ".

კახა ბუცხრიკიძე, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი: "არჩევნებისთვის ვემზადები. თუ ვინმე პარტიიდან წასვლას გადაწყვეტს, თავის გზაზე გაუმარჯოს. მე არსად მივდივარ, მეტიც, თუ პარტიის საბჭო გადაწყვეტს, მომავალ არჩევნებშიც კენჭს ვიყრი".

პარტიიდან წასვლას უარყოფს ვიქტორ დოლიძეც.

რუსუდან შელია