რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არეულობის ტალღა საქართველოს არ გადმოეცეს?! (ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი) - კვირის პალიტრა

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არეულობის ტალღა საქართველოს არ გადმოეცეს?! (ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი)

პრობლემები ჩვენს საზღვრებთან სულ უფრო მრავლდება: სირიაში სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთმა რამდენჯერმე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე, რის გამოც თურქეთმა "ნატოს" მოსთხოვა, ეს დარღვევა შეფასებულიყო როგორც ნატოს ერთიანი საჰაერო სივრცის ხელყოფა.

შეფასებამაც არ დააყოვნა და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ის დაიცავს თურქეთს, როგორც ამას ითვალისწინებს მისი წესდების ფუძემდებლური მე-5 მუხლი, რომელიც წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, გარე აგრესიისგან დაიცვან წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი. თურქეთი რუსეთს რუსულ გაზზე უარის თქმითაც დაემუქრა.

პარალელურად, სირიის გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსეთს ”ჯიჰადი” გამოუცხადა, რაც თავად რუსეთში ტერორისტული აქტების გადმოტანის ალბათობას დიდად ზრდის. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ ჩრდილო კავკასიაში მთავარი ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფოს” დანაყოფი - ვილაიეთი გაიხსნა, არ უნდა გამოვრიცხოთ ჩრდილო კავკასიაში სიტუაციის აფეთქების სცენარიც. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს საზღვრებთან არეულობის ტალღა საქართველოს არ გადმოეცეს?!

მოსალოდნელია, რომ სირიაში რუსეთის ავიადარტყმების ფონზე, მილიონობით ლტოლვილთა ნაკადები კვლავ მიაწყდნენ ევროპას, რისთვისაც ის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება: არავინ იცის, რამდენი ტერორისტი შეჰყვა ლტოლვილებს, რის გამოც ევროპაც ერთ-ორ წელიწადში შესაძლოა დენთის კასრად იქცეს ტერორისტული ოპერაციების ფართო ფრონტით.

ამასთან, ევროპელებს ისიც ვერ გაურკვევიათ, რა უყონ უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომლებიც მათაც ყელზე აქვთ მიბჯენილი. მიუხედავად სირიაში რუსეთის ავანტიურისა, ახალი ძალით დაიწყო საუბარი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების ან სულაც გაუქმების თაობაზე, განსაკუთრებით, გერმანიასა და საფრანგეთში. მოკლედ, ევროპას თავად ვერ გაურკვევია, პრობლემებს როგორ გაუმკლავდეს, ამიტომ ევროპის დახმარების იმედად ყოფნა სრული ილუზიაა. ერთადერთი, რაც შეუძლია და უნდა მოგვცეს ევროკავშირმა 2016 წლის არჩევნებამდე, უვიზო რეჟიმია. მაშინ როცა ევროკავშირმა ფართოდ გაუღო კარი ახლო აღმოსავლეთიდან - დემოკრატიასთან სრულიად შეუსაბამო გარემოდან - მომავალ მილიონობით ლტოლვილს, ჩვენ რით ვერ გაგვწვრთნა დემოკრატიის გზაზე ისე, რომ უვიზო მიმოსვლა გვიბოძოს?! რომელი ტერორისტის ტრანზიტი უნდა მოახდინოს საქართველოს გავლით ევროპაში თუნდაც ”ისლამურმა სახელმწიფომ”, როცა ვინც ჰყავდა და უნდოდა, ყველა ბითუმად გადაისროლა შუაგულ ევროპაში ლტოლვილებთან ერთად. ამიტომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმა, რაც უნდა მოიმიზეზო, იქნება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქართველოს მომავლისადმი. სწორედ ასე უნდა დააყენოს ეს მოთხოვნა საქართველომ თავის ევროპელ კეთილისმყოფელებთან.

კიდევ ერთი საფრთხე, რასაც ევროპა შეშფოთებული მოლოდინით უყურებს, რუსული დაბომბვების გამო ახლო აღმოსავლეთში ”საღვთო ომში” წასული, ევროკავშირის ტერორისტებად ქცეული მოქალაქეების მასობრივი დაბრუნებაა. სხვათა შორის, შესაძლოა, ეს პრობლემა საქართველოსაც დაუდგეს.

ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა დასავლეთს აჩვენა, რომ დროა, თავი დაანებოს კლიშეებით აზროვნებას: ახალი და ინოვაციური ხედვებია საჭირო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგივე გვეხება ჩვენც: მაშინ როცა ევროპას ჩვენთვის არ სცალია და ვერც მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ დაგვაზღვევს ტერორისტული საფრთხეებისგან, აუცილებელია თემატური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმისა და მიმართულების მოძიება.

ამ შემთხვევაში შეიძლება გამოგვადგეს ფარი ისლამური ქვეყნების სახით, რაც რთული ამოცანაა, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ჩვენ არ განვიცდით მუსლიმანი მეზობლებისა და პარტნიორების ნაკლებობას, თუნდაც თურქეთისა თუ აზერბაიჯანის სახით და მათი კეთილგანწყობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მათაც პრობლემური ურთიერთობა აქვთ სირიის ოპოზიციასა და განსაკუთრებით ”ისლამურ სახელმწიფოსთან”. მიუხედავად ამისა, ურთიერთობების გააქტიურება ჩვენს მეზობლებთან ისლამური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად, აუცილებელია.

იმ დროს, როცა საქართველო გაიხსნა სხვადასხვა, მათ შორის, ჩინური თუ რუსული ფინანსური ნაკადებისთვის, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დიდი ოდენობით ამერიკული კაპიტალის მოზიდვას ქვეყანაში. მხოლოდ კვირიკაშვილის სურვილი, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოიზიდოს საქართველოში, სურვილად დარჩება, თუ ჩვენ აშშ-თან ურთიერთობაში არსებული ფორა არ გამოვიყენეთ. როგორც ირკვევა, ამერიკელები გვთხოვენ, ჯერჯერობით თავი შევიკავოთ ირანთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან ჯერ კიდევ არსებული სანქციების გამო. ეს ჩვენ ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დაგვაზარალებს, თუმცა სტრატეგიული პარტნიორობა გვავალდებულებს, რაღაც დანაკარგებზე წავიდეთ. მაგრამ რადგან პარტნიორობა ორმხრივია და არა ცალმხრივი სიყვარულივით გაუზიარებელი, ჩვენმა პარტნიორებმაც საკომპენსაციოდ ვირტუალური მაპ-ის დაპირების გარდა, რეალური ეკონომიკური დახმარებაც უნდა აღმოგვიჩინონ: არა სახელმწიფოს ჯიბეში დალექილი გრანტების ან კრედიტების, არამედ რეალური ინვესტიციების, საქართველოში წარმოების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახით. ამ მხრივ კი სამუშაო ძალიან ბევრია.

ოღონდ ჯერ უნდა გავიგოთ, რა უნდა ”გაზპრომს” საქართველოში და საქართველოს ”გაზპრომისგან”.