მე რა ვქნა, მე?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

მე რა ვქნა, მე?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ისეთი სისწრაფით ხდება ”ოცნების” ”ნაციონალიზაცია”, რომ ყოველ კვირას მიწევს ამ თემაზე წერა. ”ოცნებამ” იმდენი ქნა, უგულავაც ჩემი დასაცავი გახდა, ”რუსთავი 2”-იც და ახლა უკვე ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებიც. როგორც ჩანს, ”ოცნებას” მართლაც შეუძლია, წარმოუდგენელი რეალობად აქციოს! წარმოვიდგენდით, რომ ირმა ნადირაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს დავეთანხმებოდით?

ან როგორ გინდა, არ დაეთანხმო, როცა ამბობენ, რომ კანონისთვის არ უნდა იყოს განსხვავება ჩიორა თაქთაქიშვილსა და დავით ლორთქიფანიძეს შორის, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ოპოზიციის დეპუტატია, მეორე - უმრავლესობის, რომ არ შეიძლება ერთი დეპუტატის ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯებოდეს, მეორის - დაჭერით! რომ პროკურატურამ იმის მიხედვით არ უნდა იხელმძღვანელოს, შენიანს სცემეს თუ სხვისიანს. გასაგებია, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ქალბატონ ირმასა და ქალბატონ ხათუნას ეს საკითხები არ ადარდებდათ, როცა ორმაგი სტანდარტი მათ მომხრეებს შეეხო, აეწვათ, მაგრამ მე ეს მაშინაც მადარდებდა და დღესაც. ორი უკვდავი კითხვა არსებობს სამყაროში: ერთი შექსპირმა დასვა, მეორე კი ირაკლი ალასანიამ. მე რა ვქნა, მე?!

ვის მოეკითხება ჭკუა?

თბილისის მერიაში უცნაური ამბები ტრიალებს. ადამიანს სისხლს რომ გამოუცვლიან, ისე უცვლიან ნარმანიას ყოველ 6 თვეში კადრებს. დღეს მერიაში იმდენი თანამდებობაა ვაკანტური, გეგონება, არჩევნები ახლა ჩატარდა და მერი გუნდს აკომპლექტებსო. ბოროტი ხმები ამბობენ, მერს მათ არც მოხსნას ეკითხებიან, არც დანიშვნასო. ეგ კიდევ რა არის! ერთ-ერთი სამსახურის უფროსს, რომელიც კალაძის ცოლისძმაა, არააკრედიტებული უმაღლესი დაუმთავრებია და ახლა მისი დიპლომი ფარატინა ქაღალდია, ვიცე-პრემიერმა საჯაროდ ურჩია გადადგომა, მაგრამ არ მიდის...

ამასობაში ნარმანიას გადადგომის მოთხოვნაც დადგა. ეს მოთხოვნა ”ნაციონალებმა” წამოაყენეს, მაგრამ სავარაუდოდ იმიტომ, რომ კულუარებიდან ინფორმაცია მიუვიდათ, თავად ხელისუფლებაში ფიქრობენ ნარმანიას გადაყენებასო, ნარმანია კი მშვიდი სახით გაიძახის, უჩვეულო არაფერი ხდებაო.

ჯერ გაიძახოდნენ, კომუნალური ვაუჩერები მარტო სოციალურად დაუცველებს უნდა დავურიგოთო, ახლა კი გამოაცხადეს, სჭირდებათ თუ არა, ყველას მივცემთ და ვისაც არ უნდა, ღარიბებს გადასცესო. თქვენც დეჟა-ვუ გაქვთ? ალბათ, გაგახსენდათ, წინა ხელისუფლების დროს როგორ დადიოდნენ მაღალჩინოსნები და საჩვენებლად როგორ ურიგებდნენ ხალხს ოცლარიან ვაუჩერებს. ალბათ, ახლა ჯაბა სამუშიას და სხვებს ვნახავთ იმავე მდგომარეობაში.

მილიონამდე ლარი დაჯდება თურმე ”თბილისობის” დღესასწაული. და რაში იხარჯება?! იდიოტურ დღესასწაულში, რომლის არსი არასდროს მესმოდა! ნარმანიამ თქვა: ”თბილისობაზე” აქცენტი თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფციაზე იქნება აღებული, რამაც კიდევ გაზარდა ხარჯიო. ”თბილისობაზე” კონცეფციების წარმოდგენას, ამ თანხით ხეები დაგერგოთ, არ ჯობდა?! მილიონი ხე რომ გაქვთ დასარგავი, დაგავიწყდათ? ყველასთვის დარიგებული ვაუჩერები და ”თბილისობა” ბიუჯეტის გონივრული ხარჯვაა?

მაგრამ ნარმანიას რას ვერჩი, ქვეყნის მთავრობამ პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტი წარადგინა, სადაც ბიუროკრატიის შესანახი ხარჯები გაზრდილია, ხოლო პენსიის მატება არ არის გათვალისწინებული. კარგი, მოხუცებზე არ ზრუნავენ, მაგრამ საკუთარ თავზე მაინც არ ფიქრობენ? მომავალ წელს არჩევნებია და საარჩევნო წლის ბიუჯეტში პენსიების მატებას რომ არ გაითვალისწინებ, ჭკუა მოგეკითხება?!