ენდე! აი! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ენდე! აი! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ახლა რაც უნდა იძახოს ხელისუფლებამ, რომ NDI-ს პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვენდობითო, ეს კვლევები ტენდენციებს, ჩემი დაკვირვებით, ზუსტად ასახავს.

აქ "ნაციონალების" მმართველობის დროს ჩატარებული კვლევების მოყვანა სწორი არა მგონია, რადგან, მაშინ სხვა დრო იყო და ბევრი მალავდა საკუთარ არჩევანს. დღეს ამ მხრივ პრობლემა არ არის. დღეს ხელისუფლებამ ისე დააბნია ამომრჩეველი, რომ არ იცის, ხმა ვის მისცეს. აი, ამ კვლევის მთავარი შედეგი: ადრე, თუ ხალხს ეშინოდა, ახლა უბრალოდ არ იცის! "ოცნებამ" იმედი გაუცრუა! ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი რეიტინგი "ნაციონალებისაზე" დაბლა პირველად დაეშვა! რა არის აქ დაუჯერებელი?! ყველა ბოლო კვლევა სწორედ კლების ტენდენციას აჩვენებდა. რავა, ბოლო დროს წინ წავედით? პირიქით, ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ძირითადად დოლარის კურსის გამო. ამიტომ "ოცნების" ასეთი შედეგი სავსებით ლოგიკურია! "ნაციონალებმა" კი ერთხელ რომ დაკარგეს ამომრჩეველი, იმის მერე დასხდნენ ამ 11-13-პროცენტიან ნიშნულზე. ეს მათი ერთგული ხალხია, რომლებიც ბოლომდე მიჰყვებიან. სააკაშვილმა ოდესიდან უკვე გამოაცხადა, არჩევნებს ვიგებთო, თუმცა ეს ისეთივე ბლეფია, როგორიც მისი ბევრი განცხადება!

დღეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს პასუხს "არ ვიცი" - 59 პროცენტი! ფაქტობრივად, პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია ახალი მოთამაშის გამოსაჩენად. "ნაციონალების" სიხარული "ოცნების" რეიტინგის კლების გამო შეიძლება ნაადრევიც აღმოჩნდეს, რადგან დიდი შანსია, ხელისუფლებაში ისეთი ძალა მოვიდეს, რომ ის, რასაც ისინი დღეს "დევნას" და "რეპრესიებს" ეძახიან, მონაგონი აღმოჩნდეს! უდავოდ საინტერესო წელი გველოდება! გამოჩნდება ვინმე ახალი, თუ ამ დაბნეული ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად ისევ არსებულ პარტიებს მოუწევთ ბრძოლა? რას იზამს "ოცნება"? -ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა და ავტორიტარიზმის გზას დაადგება, თუ ისევ გამონახავს გზას ამომრჩევლების გულებისკენ?

არადა, "ოცნებას" ჰყავდა ამომრჩეველი, რომელიც, ფაქტობრივად, ეუბნებოდა: გაპატიებთ, ყველა დაპირებას თუ ვერ შეასრულებთ, საერთოდ ვერც ერთ დაპირებას თუ ვერ შეასრულებთ, ამასაც გაპატიებთ, უბრალოდ, ერთ რამეს გთხოვთ: თუ ჩვენს მდგომარეობას ვერ აუმჯობესებთ, თქვენც ნუ გაზულუქდებით, ნუ ჩაიჯიბავთ ამ პრემიებსო და "ოცნებაში" ესეც ვერ მოახერხეს. აგერ, სულ ბოლოს, ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსს პრემიისა და დანამატის სახით სამ თვეში ხელფასის ათმაგი ოდენობა გამოუწერა. არადა, როგორც ამბობენ, გიორგი ხანიშვილი საკმაოდ მდიდარი კაცია, ფაქტობრივად, მილიონერიაო. ჰოდა, ენდე!

კუჭი თუ ღირებულებები?

ამ კვლევებით გაირკვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა იკლებს, ხოლო ჯერ არარსებულ ევრაზიულ კავშირს მოსახლეობის 31 პროცენტი ემხრობა. ამ მაჩვენებელმა დიდი შეშფოთება და შიში გამოიწვია, თუმცა მე ასე პესიმისტურად არ ვუყურებ ამ საკითხს. ვინც ევრაზიული კავშირის 31 პროცენტის გამო შფოთავთ, გეტყვით, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. კვლევამ აჩვენა, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა წინა კვლევასთან შედარებით არ გაზრდილა, იგივე 31 პროცენტია (კიდევ უფრო შორეულ კვლევებს ვერ შევადარებთ. ადრე ეს კითხვა არ იყო. წინა ხელისუფლების დროს საერთოდ ევრაზიული კავშირის იდეაც კი არ არსებობდა). ასევე გამოკითხულთა უმეტესობა - 68 % მიიჩნევს, რომ რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე"მცირე ან არანაირი" პოლიტიკური გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ეს კვლევა აჩვენებს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევისას მთავარი ეკონომიკური საკითხებია. ევროკავშირის მომხრეთა უმეტესობაც ამბობს, რომ ევროკავშირისგან ეკონომიკურ კეთილდღეობას ელოდება და ევრაზიული კავშირის მომხრეთა უმრავლესობაც ამბობს, რომ ევრაზიული კავშირისგან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება, ანუ საგარეო კურსის არჩევანიც კუჭზე გადის და არა ღირებულებებზე!

ლატვიაში საერთოდ 37 პროცენტი რუსი ცხოვრობს, ეგ კი არა, რიგაში მათი რაოდენობა იმდენია, რომ მერად რუსი აირჩიეს. დღეს ლატვიის დედაქალაქის მერი რუსია და მთავრობას ლანძAღავს ყოველდღე. ლატვიას რომ თავი დავანებოთ, რომელიც ევროკავშირის ქვეყანაა, მოლდავეთში პრორუსული სოციალისტები ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდნენ და ხელისუფლებაში მხოლოდ იმიტომ არ არიან, რომ უმრავლესობისთვის ხმები არ ეყოთ და კოალიცია მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილებზე გასულმა პარტიებმა შექმნეს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ ევრაზიული კავშირის 31 პროცენტი!

ეს კვლევა გვეუბნება, რომ დადგა დრო, ევროკავშირსაც და ნატოსაც გავაგებინოთ, რომ დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს! ეს მაჩვენებელი კარგი გამოსაფხიზლებელი იქნება ევროკავშირისა და ნატოსთვის. აქამდე რომ ეგონათ, საქართველოს მხარდაჭერა ჯიბეში გვიდევს და შეგვიძლია, ვაცდევინოთო, ახლა იქნებ ერთი ადგილი გაანძრიონ!