"იმას, რაც რუსეთმა გააკეთა სირიაში, ავანტიურა ჰქვია" - სად გადის რადიკალური ისლამის წითელი ხაზი?! - კვირის პალიტრა

"იმას, რაც რუსეთმა გააკეთა სირიაში, ავანტიურა ჰქვია" - სად გადის რადიკალური ისლამის წითელი ხაზი?!

როგორ ახდენს გავლენას ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები საქართველოზე და, საზოგადოდ, კავკასიაზე, რას გვიქადის სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართვა?

"კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში, გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი დიმიტრი მანჯავიძე, რომელიც ახლახან საქართველოში ჩამოვიდა.

- იმას, რაც რუსეთმა გააკეთა სირიაში, საერთაშორისო ტერმინოლოგიით, ავანტიურა ჰქვია. არც მტერს და არც მოყვარეს საკუთარი განზრახვის შესახებ არაფერი შეატყობინა, ისე გააძლიერა ტარტუსში საკუთარი ბაზა, გადასხა თვითმფრინავები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სიძლიერის შესახებ ბოლო დროს პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, ის მაინც არ იყო საერთაშორისო ასპარეზზე გეოპოლიტიკური მოთამაშე. ამასთან, აშშ-მა წყნარი ოკეანის რამდენიმე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რაც დაახლოებით ნახევარ მილიარდ მოსახლეობას ეხება. ამ სიტუაციაშიც რუსეთი თამაშგარე დარჩა. ჩემი აზრით, რუსეთის ჩართვა სირიის კონფლიქტში გეოპოლიტიკაში შესვლის მცდელობაა. რუსეთის მიზანია სირიის რეჟიმის გადარჩენა (ასადიანად ან მის გარეშე) მხოლოდ იმისთვის, რომ ირანთან მისი ალიანსი გადარჩეს, და რაც მთავარია, რუსეთმა ეს გეოპოლიტიკური თამაში იმისთვის დაიწყო, რომ ნავთობისა და ენერგომატარებლების ფასებსა და მათ განსაზღვრაზე გავლენა მოახდინოს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს უკრაინის გამო პრობლემები შეექმნა, სანქციებმა ყელში წაუჭირა. ჩემი აზრით, უკრაინაში რუსეთმა ომი წააგო. ჯერ ერთი, უკრაინის სახელმწიფო არ ჩამოიშალა და რუსეთმა გადამწყვეტი წინსვლა ვერ მოახერხა (მარტო მარიუპოლი რად ღირს...). ასე რომ, რუსეთის მიზანი აშკარაა, როგორც იტყვიან, ზედაპირზე ძევს...

(იხილეთ ასევე: "რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აბდურაჰმან ალ შიშანთან)

- და მაინც, რუსეთმა ამ ავანტიურით წააგო თუ პირიქით?

- ამას დრო გვიჩვენებს. რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ანტიამერიკული იდეოლოგიით არის გაჟღენთილი. მათი აზრით, ყველაფერი, რაც აღმოსავლეთში ხდება, ამერიკელების მოწყობილია...

- იქნებ ახსნათ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და მართლაც დგას თუ არა მსოფლიო რელიგიური ომის წინაშე?

- სირიაში რელიგიური ომია. სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირებას ისტორიული საფუძვლები აქვს. ორივეს დიდძალი რესურსი აქვს, ირანი ძლიერი ნაციონალური სახელმწიფოა, ჰყავს ბევრი მოკავშირე, არა მარტო ალავიტები, არამედ დღევანდელი ერაყის მთავრობაც. ამის საპირწონედ გვაქვს უმდიდრესი სპარსეთის ყურე, საუდის არაბეთით, კატარით და ა.შ., რომელიც უდიდესი რესურსებით მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ახლო აღმოსავლეთში ორ დონეზე მიდის ბრძოლაL: რელიგიური და ეთნიკური ნიშნით (მაგალითად, თურქებსა და ქურთებს შორის). ამიტომ არის ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები დიდი რისკის შემცველი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში ისლამურ სამყაროში დიდი ცვლილებები მოხდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავის არსით სოციალისტური რეჟიმები ჩამოყალიბდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ერაყსა და სირიაშიც. 90-იან წლებში სპარსეთის ყურეში პირველ ომსა და მით უმეტეს, სსრკ-ის დაშლას ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებების თვალსაზრისით პრინციპულად არაფერი შეუცვლია. შემდეგ იქ დაიწყო სოციალისტური იდეების დაკნინება, რასაც 2003 წელს ერაყში ამერიკელების შესვლა და შემდეგ 2011 წლის "არაბული გაზაფხული" მოჰყვა. ამან არაბულ სამყაროში სეკულარული სახელმწიფოების წარმატებას წერტილი დაუსვა. შემდგომში ამ ტალღამ დაარტყა სირიასაც, რომელიც კონფესიური ქვეყანაა. სირიაა ბოლო გამაგრებული წერტილი, იმის მიუხედავად, რომ დაკარგა ტერიტორიები და უმართავი პროცესები დაიწყო. როცა სახელმწიფოებს კონტროლი ხელიდან ეცლებათ, ეს რაღაცით უნდა ჩანაცვლდეს 700-მილიონიან არაბულ სამყაროში! ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს და გარდაუვალ ისლამურ ტალღებს საჭირო "მომსახურება" სჭირდება.

- ერბილში, სადაც თქვენ საქმიანობთ, როგორი ვითარებაა?

- ძალიან ჰგავს საქართველოს იმით, რომ იქაც განაწილებადი ეკონომიკაა. ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, მაღალი ხელფასები აქვთ, ძირითადი მოსახლეობა კი უკიდურესად ღარიბია. ერაყისა და სირიის სიტუაცია ჩვენსას იმითაც ჰგავს, რომ ორივე ულამაზესი, უმდიდრესი ქვეყანაა, თუმცა ხელისუფლებები კორუფციითა და გაბერილი ბიუროკრატიით გამოირჩევიან... მაისში საქართველოში ვიყავი. ტელევიზორს ვუყურებდი და ერთი ქართველი კაცი გამოვიდა, ხელისუფლება თუ არ მოგვხედავს, ხალიფატში წავალო. გამიკვირდა, იქ რომ გადახვალ, კი, მოგივლიან, მოგანიჭებენ იმ ადგილს, რაც გეკუთვნის, იქაც არის მაღალი, საშუალო და დაბალი კასტა. შესაძლოა, ცოლიც დაგახვედრონ, მანქანაც ან სახლიც, მაგრამ მეორე დღეს საბრძოლველად ისეთ ადგილას გაგიშვებენ, რომ იქიდან მხოლოდ ნაწილებად თუ გამოგიტანენ.

ხალიფატში უფრო მეტად არის კარგი და ცუდი ადამიანური თვისებები გამძაფრებული. ბევრი გასაჭირში ჩავარდნილ იეზიდ გოგონებს ეხმარება, გამოჰყავს და მშობლებს აბარებს... მოსული მილიონიანი ქალაქია. ის მოსახლეობისგან არ დაცლილა, იქაურები ხალიფატთან ერთად ცხოვრობენ... რატომ? იმიტომ, რომ სალაფიდები მათი ცხოვრების წესში არ ჩარეულან. ეს არის მმართველობის სისტემური კრიზისი, რომელსაც თან ერთვის ბევრი საკითხი და ჩარეული არიან გარე ძალები, რომლებშიც შეიძლება მოვიაზროთ ირანიც, აშშ-ც, რუსეთიც (ჩინეთი ყველას აწვდის იარაღს). ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა ეს დაძაბულობა.

- შეიძლება თუ არა საქართველოს რადიკალური ისლამის ტალღები შეეხოს?

- ამ შემთხვევაში თურქეთის სტაბილურობაა გადამწყვეტი. თურქეთს ნატომ დამატებითი ჯარი შესთავაზა, მაშინ, როცა მას ერთ-ერთი უდიდესი სახმელეთო ჯარი ჰყავს. ამან აშკარად წარმოაჩინა ნატოს პოზიცია, კერძოდ, ის, რომ თურქეთთან გადის წითელი ხაზი. თურქეთში დესტაბილიზაცია იქნება ახლოაღმოსავლური პლატფორმის ჩამოშლა, რასაც შეიძლება უკონტროლო პროცესები მოჰყვეს. ლტოლვილთა ნაკადი ჩვენკენაც დაიძვრება. შეიძლება ისინი თურქეთის გავლით წამოვიდნენ...

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ თურქეთში მდგომარეობა გაუარესდეს. ამას შესაძლოა მოჰყვეს გზების გადაკეტვა, ნავთობის ან გაზის მილსადენებთან ტერორისტული აქტები. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად უნდა იყოს. მოსახლეობა მომავალი რისკების შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული. თუ ლტოლვილები მოაწყდებიან ჩვენს საზღვრებს, უნდა ვიცოდეთ, რა პოზიციას დავიკავებთ, სად შემოვუშვებთ. ყველაზე დიდი საშიშროება ის არის, რომ არ ვიცით, ასეთ შემთხვევაში რას გააკეთებს ჩვენი მთავრობა და როგორ იმოქმედებს.

- საქართველოს ამ სიტუაციაში რუსული ინტერვენციის საფრთხე რამდენად ემუქრება?

- ამ ეტაპზე რუსეთს არა აქვს ამის დრო. ახლა მთავარია, თვითონ ამიერკავკასიაში არ დაიწყოს არასასურველი პროცესები, რელიგიურ კონფესიებს შორის დაპირისპირების ხელოვნურად გაღვივება. თუ სადმე გაიელვებს ნაპერწკალი, ხელისუფლებამ მაშინვე მის ჩაქრობაზე უნდა იმუშაოს. მაგალითად, უნდა დაგვარწმუნოს, რომ ინტერკონფესიური თანხმობა არსებობს, რომ თბილისთან ახლოს სალაფიტური მეჩეთების მშენებლობა სიცრუეა, რომ აქ გაურკვეველი მიზნებით არავინ ჩამოდის და ამ მხრივ სიტუაციას აკონტროლებს... ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ პანკისის მუსლიმანი მოსახლეობის ზოგიერთი წევრი სირიაში იბრძოდა, თუმცა ამას მოუარა და ახლა ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევაა. არსებობს საფრთხეები, რომელსაც ვერსად წაუვალთ, თუმცა მზად უნდა ვიყოთ.

რა განსხვავებაა "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოს" შორის?

"ისლამური სახელმწიფოს", იმავე სახალიფოს, მიზანია, აღადგინოს ისლამური ხალიფატი, რომელიც 1924 წელს გაუქმდა. მის იდეოლოგიას პოსტსაბჭოთა სივრცეში ვაჰაბიზმად მოიხსენიებენ, თუმცა უფრო მიღებულია სახელწოდება "სალაფიზმი", რაც ისლამის საწყისებთან დაბრუნებას ნიშნავს. რა განსხვავებაა "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოს" შორის? "ალ-ქაიდას" მეთოდია ჯერ დარტყმების მიყენება და შემდეგ სახელმწიფოს შექმნაზე ფიქრი. "ისლამური სახელმწიფოს" დევიზია: "თან ვიბრძვით, თან სახელმწიფოს ვქმნით". მნიშვნელოვანი განსხვავებაა მებრძოლების რეკრუტირებაშიც. "ალ-ქაიდაში" დიდხანს აკვირდებიან შერჩეულ კანდიდატს, წვრთნიან და ა.შ., "ისლამურ სახელმწიფოში" კი ყველა მსურველს იღებენ. "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოს" შორის კონკურენციაა იმაზე, თუ რომელი უფრო რადიკალურია. არის კიდევ სხვადასხვა ისლამისტური ტიპის დაჯგუფება, რომლებიც ზოგ შემთხვევაში "ალ-ქაიდასთან" ასოცირდება, ზოგჯერ კი დამოუკიდებლად მოქმედებენ. არსებობს ე.წ. სეკულარული სირიის თავისუფალი არმია, რომელიც "არაბული გაზაფხულის" დაწყებიდანვე წინააღმდეგობის მთავარი შემოქმედი იყო. მას ფინანსურად და იარაღით მხარს უჭერდა დასავლეთი.