ქიბარ ხალვაშის გადამწვარი საწყობის საქმე - რატომ შეჩერდა გამოძიება
19-10-2015
ქიბარ ხალვაშის გადამწვარი საწყობის საქმე - რატომ შეჩერდა გამოძიება
"ადგილზე ორი სახანძრო მანქანა 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა. რაც მთავარია, მანქანებში საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა. როდესაც სახანძრო მანქანები წყლის მილებს მიაერთეს, გაირკვა, რომ კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალი არ იყო. წყლის შესავსებად წასული ორივე სახანძრო მანქანა მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ამასობაში საწყობი დაიწვა"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის­­ გარდა, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დანარჩენი ქონების დაბრუნებასაც ცდილობს. ჯერ კიდევ არ დასრულებულა გამოძიება 2007 წლის 23 დეკემბერს კომპანია "არტის" საწყობში გაჩენილ ხანძარზე, სადაც 4
მილიონი დოლარის ღირებულების ინვენტარი დაიწვა. დეტალებზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია საუბრობს:

- 2006 წელს ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია "რუსთავი 2" შანტაჟითა და მუქ
არით დაათმობინეს - მიხეილ სააკაშვილმა ღიად უთხრა, თუ ტელევიზიას დათმობ, დანარჩენი ბიზნესის გადარჩენას შეძლებო. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენმა ტელეკომპანია უბრძოლველად დათმო, პირობა მაინც არ შესრულდა - 2007 წლის შემოდგომაზე მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არნახული შეტევა დაიწყო.

ყველა ორგანიზაციაში სამხედრო ჯგუფები შევიდნენ, მათ შორის, გორის ბაზასა და გლდანის ციხეშიც, რომლებსაც მაშინ ქიბარ ხალვაშის სამშენებლო კომპანია აშენებდა. ფინანსური პოლიცია შევიდა შპს "არტშიც", რომელიც საქართველოში "პროქტერ ენდ გემბლის" ოფიციალური წარმომადგენელი გახლდათ.
საგადასახადო შემოწმების პროცედურები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ჯერ გვეუბნებოდნენ, 3-მილიონიან ჯარიმას დაგაკისრებთო, მოგვიანებით კი ეს თანხა 24 მილიონამდე გაიზარდა. ინვენტარიზაციის პარალელურად, ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებებს ყოფილი მაღალჩინოსნები აწარმოებდნენ, თუმცა ბიზნესმენი მათ პირობებს აღარ დათანხმდა. სწორედ ამ პერიოდში "არტის" საწყობში ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა.

23 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 10 საათზე, როგორც კი შევიტყვე, რომ "არტის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სათავო ოფისში მივედი. საწყობის თანამშრომლები სახანძროს მალევე დაუკავშირდნენ, თუმცა ადგილზე მხოლოდ ორი სახანძრო მანქანა, ისიც 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა. რაც მთავარია, მანქანებში საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა. როდესაც სახანძრო მანქანები წყლის მილებს მიაერთეს, გაირკვა, რომ კომპანიის ტერიტორიაზე წყალი არ იყო. მოგვიანებით, "თბილისის წყლიდან" მოგვწერეს, რომ იმ საღამოს დიღომში წყალმომარაგება არ შეფერხებულა. წყლის რაოდენობის შესავსებად წასული ორივე სახანძრო მანქანა მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ამასობაში საწყობი დაიწვა. საბოლოოდ, ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზების შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ საწყობის გარეთ საწვავის ავზი და ხელთათმანები იპოვა, თუმცა ვის ეკუთვნოდა ეს ნივთები, არავინ იცის. ცალსახაა, რომ ხანძარი მოლაპარაკებების ჩაშლის გამო ქიბარ ხალვაშის დაშინების მცდელობა იყო. ბიზნესმენს ფიზიკური ლიკვიდაციითაც ემუქრებოდნენ.

- ვინ აწარმოებდა ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებებს?
- კეზერაშვილი, მოგვიანებით კი ძმები ახალაიები ჩაერთვნენ. ქიბარ ხალვაში თანხის გადახდასა და კომპანიების დათმობაზე უარს აცხადებდა, რის გამოც მისი ძმა, მეგობრები და პარტნიორებიც დააკავეს. მაშინ ქიბარ ხალვაში ოპოზიციაში წასული ირაკლი ოქრუაშვილის ერთ-ერთ პოტენციურ დამფინანსებლად აღიქმებოდა. "არტში" გაჩენილი ხანძრის შემდეგ პრობლემები სადაზღვევო კომპანიასთანაც შეგვექმნა - "ალდაგი ბისიაი" ქონების სრულად ანაზღაურებაზე უარს გვეუბნებოდა. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე "ალდაგის" წარმომადგენელმა განაცხადა, საგადასახადო ორგანოდან წერილობითი მითითება მივიღეთ, რომ ხანძრის შედეგად დამწვარი ქონების ანაზღაურებაზე უარი გვეთქვაო.

- თუ გაქვთ მტკიცებულებები, რომ საწყობში ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა და საგადასახადოდან მიღებული წერილებიც საქმეში დევს, გამოძიება ამ დრომდე რატომ არ დასრულდა, დღეს ხომ კეზერაშვილი და ახალაიები ხელისუფლებაში აღარ არიან?
- ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება თითქოს განახლდა, თუმცა მოგვიანებით ისევ შეჩერდა. სარჩელი სტრასბურგში შევიტანეთ. საქმე განსახილველად მიიღეს, თუმცა მისი არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ზაზა კაიკაციშვილი, "არტის" ყოფილი დირექტორი:

"სახანძრო უკვე გამოძახებული იყო, მაგრამ მოსვლას აგვიანებდა. საწყობთან კომპანიის 200-მდე თანამშრომელი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. ხანძრის მასშტაბი ჯერ კიდევ მცირე იყო, მაგრამ სისტემაში წყალი არ აღმოჩნდა. ხანძრიდან რამდენიმე თვეში 24-მილიონიანი ჯარიმა დაგვაკისრეს. როდესაც გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, სასამართლომ გვიპასუხა - ჯარიმა 1783-გვერდიანი დოკუმენტაციის საფუძველზე დაგაკისრეთ, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ წარმოგვიდგინაო. ბუნებრივია, აღნიშნული მასალები ფინანსური პოლიციისგან ჩვენც მოვითხოვეთ. უწყებამ 1 783-გვერდიანი დოკუმენტაცია მართლაც წარმოგვიდგინა, მაგრამ მასში მხოლოდ საწყობში არსებული პროდუქციის ჩამონათვალი იყო მითითებული. დეტალებში გარკვევას დიდ­ხანს ვცდილობდით, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, რომ მაშინ სამართლებრივ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა."

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის ბრალდებების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა როგორც მისმა ადვოკატებმა გვიპასუხეს, დავით კეზერაშვილი მედიასთან კონტაქტს უახლოეს მომავალში არ აპირებს, თავად კი მსგავს საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

რუსუდან შელია
koko
20 ოქტომბერი 2015 09:32
მილიარდები მოიპარეს,წაართვეს,დააყაჩაღეს.მოკლედ ყვლა 70 პროცენტი თაღლითების გარეულია ასეთ სიბინძურეში.საქრთველოს არ უწერია განვითარება უახლოეს მომავალში.
არჩილი
20 ოქტომბერი 2015 09:13
თავს ნუ გვამადლიან რა. სტრასბურგში წასულა ბიჭი. ჩემი გადასახადებით უნდა მეორედ ამოიღოს ფული?. ეტყობა დაავიწყვა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან 140 მილიონიანი კონტრაქტით იშოვა პირველი დიდი ფული. ბიზნესი-ბიზნესია, მარა რაც წეწა სახელმწიფო უნდა ეყოს.
ეკა გადახაბაძე
19 ოქტომბერი 2015 10:30
ეს საქმე მაშიმდელ პოლიციის უფროსს მოკითხეტ და გაიგებთ ყველაფერს, ...............

რედაქტორის რჩევით