"თუ ქვეყანა წარსულში არ დააბრუნეს, სხვანაირად "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალი არ აქვს" - კვირის პალიტრა

"თუ ქვეყანა წარსულში არ დააბრუნეს, სხვანაირად "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალი არ აქვს"

ამ "ფილმის" პრემიერა არ უნდა შედგეს

გიორგი კუჭავა: "უკვე ნანახი კინოს "რიმეიქს" ვუყურებთ. "ნაციონალური მოძრაობა" ძველი გეგმის გადამუშავებულ ვერსიას ამზადებს".

პოლიტოლოგი გიორგი კუჭავა მიიჩნევს, რომ რუსთავი 2 -თან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ნაწილია ზუსტად გაწერილი სცენარისა, რომლის მიმდინარეობის წინასწარ გამოცნობა შეიძლება.

გიორგი კუჭავა როგორ იდგმებოდა "ძველი კინო?"

2001 წელს, როდესაც უშიშროების სამსახური დემონსტრაციულად შევიდა "რუსთავი 2"-ის ოფისში ფინანსური დარღვევების შესამოწმებლად, ნინო ქაჯაიამ ეთერიდან ხალხს მოუწოდა, გამოდით ქუჩაში, დაგვიცავით, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა არავის დაანებოთო. ხალხი მართლაც გამოვიდა და გვერდით დაუდგა ტელევიზიას, რომელიც იმ დროისთვის დიდი დოზით ახმოვანებდა რეალობას. ამ მხარდაჭერის წყალობით, "რუსთავი 2"-ის, როგორც უმნიშვნელოვანესი ბერკეტის საშუალებით, ახალგაზრდა რეფორმატორებმა გაიმარჯვეს იმ დროინდელ ხელისუფლებაზე.

მოგვიანებით კი, როდესაც "ვარდების რევოლუციის" შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ, პარლამენტის დარბაზიდან დაადასტურეს, რომ "რუსთავი 2"-ს მართლაც ჰქონდა სახელმწიფოს მიმართ 2 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური დავალიანება, მაგრამ როგორც "ვარდების რევოლუციაში" ვალმოხდილ ტელეკომპანიას, ფინანსური ვალი აპატიეს. გამოდის, რომ 2001 წელს ტელეკომპანიის ოფისში სამართალდამცველები უმიზეზოდ არ მისულან, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, უხერხული ფორმით მივიდნენ. შესაძლოა, ასეთი მისვლაც წინასწარ იყო გათვლილი. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები.

დღეს, 2001 წლის მსგავსად, "რუსთავი 2-ის" ეთერიდან გამუდმებით გვიმტკიცებენ, რომ თურმე ის არის ერთადერთი მართალი სიტყვის მთქმელი და სრულიად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელსაც ახშობენ და ხალხის მეტი ვერავინ გადაარჩენს. სინამდვილეში კი საქმე ეხება ბიზნესსუბიექტებს შორის სასამართლო დავას, სადაც არავის უთქვამს, ან გამოუხატავს რაიმე ფორმით, რომ ჟურნალისტებს დაითხოვენ ან შეავიწროვებენ (თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი საკუთარმა სურვილმა შეავიწროვოს).

კარგად გვახსოვს სააკაშვილის და "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვის როგორ აწერინებდნენ ხელს წილების დათმობაზე და გადაფორმებაზე. ამჯერად, სწორედ ერთ-ერთი ამ ტიპის საქმეზე დავობენ სასამართლოში, რის გამოყენებასაც"ნაციონალები" პირადი ინტერესის სასარგებლოდ ცდილობენ, განუსაზღვრელი ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა ახრჩობთ. ამასთანავე, შესანიშნავად იციან, რომ თუ საქართველოში სიმშვიდე იქნა, საზოგადოებას დალაგებულად ფიქრის და პოლიტიკური პრიორიტეტების დახარისხების შესაძლებლობა მიეცა, შესაძლოა არც სახელისუფლებო პარტიას დაუჭირონ მხარი, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობასაც" არ მისცემენ ხმას. ამიტომაც ყოფილმა ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მას დიდი ნადავლის დაჭერა მხოლოდ ქაოსში და მღვრიე წყალში შეუძლია.

ნიკა გვარამიას მიერ გახმოვანებულ პროვოკაციებში, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება თურმე რუსეთისგან დაქირავებულია. არადა, უამრავი ფაქტისა და ვარაუდების მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი სწორედ ბრალმდებელს "კრიშავს".

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს "რუსთავი 2"- ს "როსნეფტთან"?!

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რამდენჯერმე გახმაურდა "ნაციონალების" ოპონენტებისგან ბრალდება, რომ "რუსთავი 2"-ს და მის მაკონტროლებელ პოლიტიკურ ძალას რუსული კომპანია "როსნეფტი", კერძოდ, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რუსი ოლიგარქი დავით იაკობაშვილი აფინანსებდაო. ის იაკობაშვილი, რომელმაც თავის დროზე, სწორედ "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიძინა ფოთის პორტი, მოგვიანებით კი, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში "როსნეფტს", ანუ დანარჩენ აქციონერებს მიჰყიდა, მარჯვენა ჯიბეში რაც ჰქონდა, მარცხენაში გადაიტანა. ამასთანავე, ლოგიკით, რომ ყველა დიდი ინვესტორის უკან "ნაციონალები" იდგნენ, სავსებით შესაძლებელია, რომ "რუსთავი 2: -ის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური დონორი ფოთის პორტი და შესაბამისად, მისი მფლობელებიც იყვნენ.

სააკაშვილი და "ნაციონალები" არ ებრძოდნენ რუსეთს

"ვარდების" ხელისუფლების მოსვლამდე, რუსული ენერგოკომპანიის მართვის ქვეშ იყო ერთადერთი "თელასი", რომელიც ამერიკულმა "ეი-ეს-მა" მიჰყიდა"რაო-ესს". სააკაშვილის და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი კონსტიტუციაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ქვეყანაში არ არსებობს სტრატეგიული ობიექტები და ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი გადადის "რაო-ესის" და "გაზპრომის" ხელში. გაზსადენი მაგისტრალის გაყიდვას ამაერიკელებმა გადაგვარჩინეს, თორემ "ნაციონალები" მაგისტრალის სახით საბოლოოდ მართვის უფლებით გადაგვცემდნენ რუსეთს.

2001 წელს პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ შევარდნაძეს სთხოვა, რომ ჩეჩნეთისკენ გასასვლელად რუსული ჯარისთვის გზა მიეცა საქართველოში. შევარდნაძემ უპასუხა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებ ამას, თუ აფხაზეთში, გალსა და ოჩამჩირეში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სრულ კონტროლს დავამყარებო. ამ პასუხით გაღიზიანებულმა პუტინმა და რუსულმა ხელისუფლებამ ჯერ შევარდნაძეზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, როგორც რუსული ქონების ვერაგულად გამყიდველზე, გაუხსენეს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს ახოტის, თუ ბერინგის ზღვაში, თევზჭერის უფლების ამერიკელებისთვის მიცემა. ამავე დროს საქართველოში "მოქალაქეთა კავშირმა" დაიწყო რღვევა და ახალგაზრდა რეფორმატორები ოპოზიციაში გადავიდნენ. დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები თბილისში, რომელსაც ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა. ამასთანავე, "რუსთავი 2"-მა მოსკოვიდან გადმოსცა მიხეილ სააკაშვილი, ხალხს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ რომ მოუწოდებდა. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, ამ პროცესების სპონტანურობა და შემთხვევითი სინქრონულობა რომ დაიჯერო.

2003 წლის არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე სწორედ "რუსთავი 2" - ის ეთერიდან ხალხს შთააგონებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი არჩევნების" თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი კი გვარწმუნებდა, ჩვენ არავის ვაპატიებთ არჩევნების გაყალბებას და დავიცავთ თქვენს ხმებსო... არსებობს პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა ტექნოლოგია, მათ შორის შემდეგი, იმისთვის, რომ ფაქტებით დაგადანაშაულო, თვითონ შევქმნი ამ ფაქტებს. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ტექნოლოგიებს შესანიშნავად ფლობს, უკვე დიდი ხანია. მთავარ იარაღად კი სწორედ "რუსთავი 2-ს" იყენებს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებამდე და დამარცხების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" "რუსთავი 2"-ის ეთერიდან გამუდმებით გვაგონებდა, რომ "ქართული ოცნება" დაგვაბრუნებს წარსულში, 90-იან წლებში. დიახ, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებაში" არსებული სერიოზული დასაყრდენით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი სცენარი ზუსტად დაიდგას. ქვეყნის მძიმე წარსულში დაბრუნების გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მომავლის შანსი. ამიტომაც ვიმეორებ, "რუსთავი 2-ის" ამბებს, გამოიყენებს იმისათვის, რომ წყალი აამღვრიოს. თუ რა თქმა უნდა, ხალხი და ხელისუფლება წამოეგება მის პროვოკაციებს.

ცოტა ხნის წინ, ნიკა რურუამ განცხადა, რომ თურმე სულხან მოლაშვილი არავის უწამებია. ევროკავშირის ექსპერტებმაც კი ჩაწერეს საკუთარ დასკვნებში, რომ მოლაშვილი აწამეს, რურუა ცრუობს და გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ყველანი ბრმები ვართ. რამდენიმე დღის წინ, თავისუფალი უნივერსტეტის რექტორი ამტკიცებდა, რომ პატიმართა წამების და გაუპატიურების სცენებიც მოგონილი, ამ ხელისუფლებისგან დადგმული ყოფილა?!

ტყუილად ელოდებით ოდესმე ბოდიშის მოხდა "ნაციონალებისგან", რომელთა მთავარი მიზანია საკუთარი ცოდვები გადააბრალონ მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც, სამწუხროდ, ბევრი საჭირო უნარი არ აღმოაჩნდა.

გემახსოვრებათ, 2003 წლის არჩევნებამდე უცხოელ ბიზნესმენებს იტაცებდნენ და შემდეგ უშვებდნენ გამოსასყიდის გადახდის საფუძველზე. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ევროპიდან განაცხადა, რომ მან ამოიცნო, ვინც იყო გამტაცებელი, მაგრამ ის პოლიციელი ჩინოსანი არ დაუკავებიათ. სწორედ ასეთი ფაქტები მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო, რომ შევარდნაძის რეჟიმის დროს პოლიციაში სამართალდამცველების გარკვეული ჯგუფი ჟვანია-სააკაშვილის ინსტრუქტაჟით მოქმედებდა. ვფიქრობ, ამ ჯგუფის ნაწილი შევიდა 2001 წელს "რუსთავი 2-ის" ოფისშიც, რაც სულაც არ იყო აუცილებელი იმ სამართალდარღვევის მოსაკვლევად, რომელიც მოგვიანებით დაუმტკიცდა და ეპატია ამ ტელეკომპანიას. "

ნაციონალური მოძრაობის" ინსტრუქტაჟის მიხედვით მოქმედებენ მთელი რიგი ჯგუფები დღესაც, მთელ რიგ უწყებებში. არჩევნებამდე ქაოსის შექმნა, როგორმე უნდა შეძლონ, რისთვისაც ძველ გამოცდილებას ახალი ხელწერით გამოიყენებენ, თუნდაც, საკუთარ თავზე თავდასხმის სცენებს, როგორც ეს ხდებოდა 2003 წლის არჩევნების წინ, რეგიონებში რომ თავს ესხმოდნენ ერთმანეთს და "ნაციონალებზე" ძალადობად რომ ნათლავდნენ ამ სპექტაკლებს, მოძალადეები კი, შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაასაქმეს და ზონდერებად გაწვრთნეს.

სამწუხაროა, რომ "ნაციონალებს" კვლავ პოლიტიკური მარაზმის შექმნა სურთ და სწორედ ამ მიზნით მოუწოდებენ "რუსთავი 2-ის" ეთერიდან ხალხს, ქუჩაში გამოდითო. მთავარია ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ემოციურად, თუ ცივი გონებით, რომელსაც წარსული ახსოვს და მომავალში არავის მისცემენ უფლებას ქვეყანა კონსტიტუციურ წესრიგს არ ემორჩილებოდეს.

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)