"ყველაზე საშიში მესამე ძალაა" - ცრუ განგაში თუ სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე?! - კვირის პალიტრა

"ყველაზე საშიში მესამე ძალაა" - ცრუ განგაში თუ სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე?!

მამუკა არეშიძე: "სოციალურ ქსელში მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის გამო "ნაციონალური მოძრაობის" ფიზიკურ ანგარიშსწორებას ითხოვენ. თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირება დაიწყო, ეს ადამიანები ქუჩაში აუცილებლად გამოვლენ და პარტიას ფიზიკურად გაუსწორდებიან"

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, საგამოძიებო მსვლელობას საფუძვლად კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაედო. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე მოდულის შენობაში მოწმის სტატუსით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც დაიბარეს.

ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: - როდესაც სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, სამართალდამცავებისგან ადეკვატური და დროული რეაგირება აუცილებელია. "ნაციონალებისგან" მსგავსი პროვოკაციები არ უნდა გამოვრიცხოთ - ანალოგიურ სცენარებს ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ხშირად გვთავაზობდნენ. საზოგადოებას კარგად ახსოვს "მოდელირებული ქრონიკა", ლაფანყურის სპეცოპერაცია, მუხროვანის ამბოხი და სხვა. ბუნებრივია, გამოძიების დასრულებამდე არა გვაქვს უფლება, პარტიის წევრები დამნაშავეებად გამოვაცხადოთ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების წარმოება და შესაძლო მოწმეების დაკითხვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ფონს თავად "ნაციონალური მოძრაობა" ძაბავს. არაერთხელ მოვისმინეთ არაკანონიერი მოწოდებებიც - კანონს არ დავემორჩილებით და ტელეკომპანიას ძალის გამოყენებით დავიცავთო. თუ ამ განცხადებებსაც გავითვალისწინებთ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში ლოგიკურად ჯდება. შესაძლოა, უშიშროების სამსახურში მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც არსებობს, თუმცა ამაზე გამოძიებამ თავად უნდა ისაუბროს.

დავით ბაქრაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

- ვიმედოვნებ, ხელისუფლების თამაში ქართველი საზოგადოებისთვის გასაგებია - მას ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე საზოგადოების საპროტესტო ტალღა აშინებს. ამიტომ ცდილობენ, სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამოსული ადამიანები სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებად გამოაცხადონ. პრიმიტიული გეგმაა - ჯერ ერთი, ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს და გამოძიება რუსეთში დარეგისტრირებულ საიტზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე დაიწყო. ამ საიტზე იმასაც წაიკითხავთ, რომ სააკაშვილი მაკკეინთან ერთად ბავშვების ორგანოებით ვაჭრობს. პოლიტიკოსობას რომ თავი დავანებოთ, მსგავს ინფორმაციაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შემდეგ ამის საფუძველზე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაკითხვაზე დაბარება 1937 წლის მმართველობის სტანდარტში ჯდება. რომელ შეთქმულებაზე უნდა ვსაუბრობდეთ იმ ხელისუფლებასთან, რომლის პოლიტიკური რეიტინგი 14%-ს ვერ სცდება?

- იზორიას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარდა, შეთქმულების მუხლით გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზეც დაიწყო.

- ეს დამატებითი შეშფოთების საფუძველს გვაძლევს - გამოდის, ბოკერიასა და სააკაშვილს უკანონოდ უთვალთვალებდნენ? წარმოადგინოს უშიშროების სამსახურმა, რა იურიდიული საფუძველი არსებობდა თვალთვალისთვის, ან რა მტკიცებულებები მოიპოვა კონტრდაზვერვამ? რეალურად ეს მხოლოდ სიტყვის მასალად გამოიყენეს და გამოძიება რუსეთში დარეგისტრირებული საიტის საფუძველზე დაიწყეს.

- თქვენი პოლიტიკური ძალა არ მალავს, რომ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირებას დაიწყებთ.

- არსებობს წითელი ხაზები, რომლებზეც უკან დახევას არ ვაპირებთ - სიტყვის თავისუფლება სწორედ ასეთი წითელი ხაზია. იგივე განწყობაა საზოგადოებაშიც - "რუსთავი 2"-ის დასაცავად ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვა. პიკეტირება კი ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და მიკვირს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც ამას გაოცებული სახით აპროტესტებენ. წლების წინ იმავე ადამიანებს თვეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტი ჰქონდათ გადაკეტილი და არც პროვოკაციულ ნაბიჯებს ერიდებოდნენ. ამის მიუხედავად, მაშინ დაკითხვაზე არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ დაუბარებიათ.

ხელისუფლების დანაშაულებრივ ნაბიჯებზე საპასუხო რეაქცია გვექნება. თუმცა ვეცდებით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს არ გავცდეთ. თუ თავად ხელისუფლება არ წააქეზებს მოსახლეობას ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ, ზიზღის გენერირებასა და ასლან აბაშიძის მეთოდებზე უარს იტყვის, ესკალაციის საფრთხე არ იარსებებს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი ხანია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის სურვილი აქვს. მთავარია, ხელისუფლება მოვლენების ესკალაციისთვის მზად იყოს - მმართველ გუნდზე ზეწოლა კიდევ უფრო აგრესიული გახდება. მეტიც, არ გამოვრიცხავ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პროცესში ხელისუფლებაში მყოფი ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენლებიც ჩაერთონ. სახელმწიფო სტრუქტურებში, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში, მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ორ ფრონტზე იბრძვიან - ხელისუფლების მიმართ ლოიალურობას აფიქსირებენ, რეალურად კი, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებენ. თუმცა, ყველაზე საშიში მესამე ძალაა - წინა ხელისუფლებისგან გამწარებული ხალხი.

სოციალურ ქსელში მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის გამო "ნაციონალური მოძრაობის" ფიზიკურ ანგარიშსწორებას ითხოვენ. \თYუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირება დაიწყო, ეს ადამიანები ქუჩაში აუცილებლად გამოვლენ და პარტიას ფიზიკურად გაუსწორდებიან.

ამ მიმართულებით სახელმწიფოს მეტი სიფრთხილე მართებს.

რუსუდან შელია