რით ივაჭრებს რუსეთი?!
26-10-2015
რით ივაჭრებს რუსეთი?!
ცნობილია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

ამის შესახებ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუმცა, კრემლი ამ განცხადებას თავშეკავებულად შეხვდა.

"კვირის პალიტრას" ექსპერტი სერგი კაპანაძე ესაუბრა.


- ჩემი აზრით, არაფერი შეცვლილა და ესეც რუსეთის ბოლო წლების პოლიტიკის გაგრძელებაა. ერთი მხრივ, ის თიბილოვის პირით ახმოვანებს სასურველ გეგმას და პოლიტიკურ მესიჯს გზავნის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონი ყოველ
წუთს შეიძლება რუსეთს მიუერთდეს. მეორე მხრივ კი, ახლა ეს საკითხი მის დღის წესრიგში არ დგას. რეფერენდუმის ჩატარების იდეა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალში გაჩენილი მოსაზრება არ არის. პირიქით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ამ იდეას ბევრი არ იწონებს. მოსკოვის თავშეკავება ნიშნავს, რომ რუსეთს ამ საკითხის გადაწყვეტა არ ეჩქარება. მისთვის
ახლა უკრაინისა და სირიის პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის არ სცხელა.

- ესე იგი, ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების ინიციატივა ფსიქოლოგიური შანტაჟია?
- ეს არ არის მარტო ფსიქოლოგიური შანტაჟი. რუსეთს ამ საქმეში ხელშესახები შედეგის მიღწევა შეუძლია. ვიმეორებ - ეს არის მისი პოლიტიკური გზავნილი... რუსეთს შეუძლია ამ თემით ივაჭროს...

- რას გულისხმობთ?
- ახლა ამას ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ვაჭრობა ენერგეტიკულ თემას დაუკავშირდეს (შესაძლოა, ვცდები და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც დგას რუსეთისთვის დღის წესრიგში). საუბარია იმ რეგიონზე, სადაც ნავთობსადენი გადის და საქართველოს შუაზე ყოფს... ამიტომ ამ რეგიონის რუსეთთან შეერთებაზე ლაპარაკია დასავლეთის ქვეყნებისთვის მუქარასაც ჰგავს. რუსეთი როდის როგორ მოიქცევა, არავინ უწყის.
daviti
27 ოქტომბერი 2015 13:49
რუსეთმა ეს თემა შემოაგდო პროვოკაციულად და ელოდება საქართველოს რეაქციას. თუ რეაქცია იქნება თავშეკავებული, მაშინ ეს იდეა იდეად დარჩება, თუ არადა მაშინ ამაზე უფრო ხმამაღლა ალაპარაკდებიან, გააპიარებენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში და რუსებს მეტი რა უნდათ ოღონდ მიწა მიუერთე და ყველა დაეთანხმება. ჩვენ რა, ჩვენთვის ეს მაინც დაკარგულია და ოკუპირებული, რაც შეეხება რუსეთს, სამხრეთ ოსეთის მიერთება ამ ეტაპზე საგარეო-პოლიტიკური კუთხით არ აწყობს; ჯერ ყირიმი ვერ მოუნელებია, ეს ნაბიჯი პუტინმა შეიძლება გადადგას ძალიან გამწვავებულ სიტუაციაში, რომ დასავლეთს კიდევ მორიგი პანღური ამოჰკრას. თუმცა ამას ჯერ მოერიდება, რადგანაც ეს პანღურები ძვირი უჯდება.
ზურაბას
27 ოქტომბერი 2015 13:06
ზურაბა მართალი ხარ ასე ყველანი ივარგებთ ექსკერტებად
ზურაბა
26 ოქტომბერი 2015 12:09
მაგარი ექსპერტი ხართ, "ზუსტად ვერ გეტყვით, არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ვცდები" ეგრე არც მე გამოვრიცხავ და შეიძლება ვცდები. რიგითი ,,ექსპერტი"

რედაქტორის რჩევით