დონეს ნუ დააგდებთ! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

დონეს ნუ დააგდებთ! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

საქართველოში ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ამერიკული სერიალები, მაგრამ მათთვის ვიღას სცალია, უკვე ეკრანებზე გამოვიდა ქართული სერიალის მორიგი სეზონი სახელად "გადატრიალება და შეთქმულება საქართველოში".

წინა სეზონები სხვადასხვა ეპოქაში ვნახეთ. ჯერ შევარდნაძის დროს, ოღონდ მაშინ სეზონს ერქვა "ლოგინში გადატრიალდით, ბატონებო!", შემდეგი სეზონი მიშას დროს იყო, 2007 წელს, და ერქვა "რუსეთის ჯაშუშები. ოლიგარქები და ტელევიზია ქვეყნის წინააღმდეგ" და აჰა, "ქართული ოცნებაც" ხომ არ მოგვაკლებდა მთავარ გასართობს... როგორც გაირკვა, საქმის აღძვრის მიზეზი ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სააკაშვილისა და ბოკერიას საუბრის ჩანაწერის სტენოგრამაა, ანუ საუბრის ბეჭდური ვერსია, სადაც ისინი ნიკა გვარამიას ცემაზე, ვიღაც შვილებიანი დედის მკვლელობაზე და ამ გზით ქვეყანაში არეულობის გამოწვევაზე საუბრობენ. არსად გავრცელებულა ამ საუბრის აუდიოჩანაწერი, რომ ხალხმა თავისი ყურით მოისმინოს, მართლა იყო ასეთი საუბარი თუ არა. თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ რამდენად სარწმუნოა მხოლოდ დაწერილი ტექსტი? ფარული ჩანაწერი იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ხმა, აბა, ვიღაც სააკაშვილისა და ბოკერიას უკან იჯდა და ბლოკნოტში იწერდა მათ საუბარს?

დღითი დღე ვრწმუნდები, რომ "ოცნების"  საუკეთესო მასწავლებელი "ნაციონალური მოძრაობაა", მაგრამ მოსწავლე აშკარად ჩამოუვარდება მასწავლებელს. ისინი აუდიო ან ვიდეომასალას მაინც აყოლებდნენ, ამათ კი უნდათ, ხმელა პურზე გადაგვატარონ! სერიალის ყოველი ახალი სეზონი მომდევნოს ხომ უნდა სჯობდეს! მართალია, აღარც პოპკორნი მაქვს უკვე და აღარც ნერვები მის საყურებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დონე უნდა დააგდოთ!

ყოველთვის დავარქმევ ყველაფერს თავის სახელს

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პოსტი და სტატიაც კი დავწერე, სადაც ვამბობდი, რომ მართალია, არ მომწონს "რუსთავი 2", მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი გაჩუმება არ შეიძლება, რომ, მართალია, პარტიული ტელევიზიაა, მაგრამ მირჩევნია, ოპოზიციური პარტიული ტელევიზია, ვიდრე სამთავრობო რუპორი, რომ სასამართლო პროცესი არ არის კერძო დავა და ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, მიუხედავად ამისა, მხოლოდ იმიტომ, რომ გავაპროტესტე "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისა და მათი მხარდამჭერების ნათქვამი: მხოლოდ ჩვენ ვართ მთავრობისგან არაკონტროლირებადი ტელევიზიაო. მე სხვა ტელევიზიებს ამ განცხადების გაპროტესტებისკენ მოვუწოდე, რადგან გამოდიოდა, რომ ყველა დანარჩენს მთავრობა აკონტროლებს. ოღონდ მინდოდა, რომ ყოველივე არა დაპირისპირების რეჟიმში, არამედ მხოლოდ განცხადების დონეზე მომხდარიყო, და ვთქვი, რომ სირცხვილია, როცა კოლეგებისგან სოლიდარობას ითხოვდეთ და თან ყველას მთავრობისგან კონტროლირებადს ეძახდეთ-მეთქი. მხოლოდ ამიტომ გადაცემა "არჩევანის" ეთერში ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ჩემზე საოცრებები ილაპარაკეს: თურმე განხეთქილების ჩამოგდებას ვცდილობ, რომ არავის დავდგომივარ გვერდში... ის კი არა, თითქოს ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძის გადაცემების დახურვაზე თვალს ვხუჭავ, როცა სწორედ "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიჯექი და სხვებთან ერთად ვაპროტესტებდი ამას.

მე ხშირად გამიკრიტიკებია "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ არასდროს პირადად ჟურნალისტების მიმართ ღვარძლი არ მიფრქვევია. ყოველთვის ვცდილობდი, ადამიანური ურთიერთობები და პროფესიული აზრთა სხვადასხვაობა ერთმანეთში არ ამერია. არასოდეს გადამიტანია მსჯელობა იმ კონტექსტში, რომ "ესენი ჩვენი კოლეგები არ არიან" და ა. შ., რაც ჩემ მიმართ გააკეთეს. "არჩევანში" ღვარძლი აფრქვიეს და დაივიწყეს ყველა ჩემი ზემონახსენები განცხადება მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცაში არ დავეთანხმე. თან დაგვამადლეს, 7 ნოემბერს ხომ არ დაგვიმალავს, "იმედში" რომ შეცვივდნენ, პირდაპირ ეთერში ვაშუქებდით და დავგმეთ კიდეც ეს მოვლენაო. თითქოს ეს ელემენტარული მოვალეობის შესრულება კი არა, გმირობა ყოფილიყოს. სპეცრაზმი რომ თქვენს ტელევიზიაში შემოვარდეს, დღეს არ მეგულება რომელიმე ტელევიზია, რომელიც ამას პირდაპირ ეთერში არ გადასცემს და არ დაგმობს. სამაგიეროდ, მახსოვს, როგორ გაჩუმდით, როდესაც ჩვენი კოლეგები, ფოტორეპორტიორები დაიჭირეს და არათუ არ აპროტესტებდით, არამედ ჩვენს აქციებსაც კი არ აშუქებდით. არ ვიცი, ოდესმე დამჭირდება თუ არა თქვენი დაცვა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ჩემს პოზიციაზე დავრჩები, რომ ქართული დემოკრატიისთვის უკეთესია, "რუსთავი 2"-ს" მთავრობა არ აკონტროლებდეს და ყოველთვის დავარქმევ ყველაფერს თავის სახელს. ამის გამო მეორე მხრიდანაც ხშირად მსაყვედურობენ, "რუსთავი 2"-ს როგორ იცავო. ქართული დემოკრატია, რა თქმა უნდა, არ დამთავრდება, თუ "რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაში დაიბრუნებს, მაგრამ ამ პროცესში გაჩენილმა კითხვებმა და დაძაბულობამ მას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

სწორად თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა: "გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით".