"2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ობამა რომ ყოფილიყო, რუსეთი საქართველოს მთლიანად დაიპყრობდა"
01-03-2010

საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, რუსეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ უფლებადამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა.


- ქალბატონო ვალერია, რუსეთში თქვენ ხშირად გაკრიტიკებენ საქართველოსადმი გამორჩეული კეთილგანწყობის გამო. რა განაპირობებს საქართველოსადმი თქვენს დამოკიდებულებას და რა არის თბილისში თქვენი ჩამოსვლის მიზანი?
- მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა რუსეთის სატელიტად ყოფნაზე, რუსეთის ფეხქვეშ ერთგვარი ხალიჩის როლზე და სსრკ-დან შორს დგომის გზა აირჩია, საქართველოს რუსეთში ცოტა
მეგობარი დარჩა. თუ ბოლომდე გულწრფელები ვიქნებით, იმათგან, ვინც ოდესღაც პოლიტიკით იყო დაკავებული, რუსეთში საქართველოს ერთგული მე და კონსტანტინ ბაროვოი დავრჩით. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩვენ საქართველოს მხარდამჭერთა წინა ხაზზე ვიდექით. იცით ალბათ, რომ ბაროვოიმ საქართველოს მხარდამჭერი საიტი შექმნა.

2008 წლის აგვისტოში მე „"ეხო
მოსკვიში" იმის გამო ამიკრძალეს გამოსვლა, რომ საქართველოზე სიმართლეს ვლაპარაკობდი. გახსოვთ ალბათ, როგორ დაიბარა პუტინმა სოჭში „"ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ვენედიქტოვი, დააშინა  და სულ ქვეყნის მტერი ეძახა. რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველებმა კრემლის ქმედებების წინააღმდეგ მაშინ ამოიღეს ხმა, როცა ქართველებს მოსკოვში, როგორც კრევეტებს, ისე აგროვებდნენ და სამშობლოში გზავნიდნენ. მაშინ რუსეთში არავის უნდოდა იმის გაგონება, რომ საქართველოს თავის ტერიტორიაზე ჰქონდა უფლება, იარაღით ხელში დაეცვა თავისი ტერიტორია. 

ყველა საფუძველი მაქვს, ვიამაყო საქართველოთი იმის გამო, რომ არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა, ქვეყანაში რეფორმები შესანიშნავად განახორციელა, აქვს ღირსების გრძნობა და არ უნდა ისევ საბჭოთა კავშირის აღდგენა.  ვამაყობ საქართველოთი, შეიძლება ითქვას, მოგებული ომის გამოც. მოგებული იმიტომ, რომ რუსეთს მარტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მითვისება კი არა, მთლიანად საქართველოს დაპყრობა უნდოდა, მაგრამ საქართველომ შეძლო რუსეთის შეჩერება.

საქართველო იმიტომაც წარმოადგენს სიამაყის საგანს, რომ  რუსეთის წინაშე ნავთობისა და გაზის მისაღებად არ დაიწყო მათხოვრობა და თავის დამცირება, როგორც ეს გერმანიამ და უკრაინამ გააკეთეს. საქართველომ ღირსება მაშინაც კი შეინარჩუნა, როცა არც კი იცოდა, ზამთარში რით შეძლებდა გათბობას. ვამაყობ საქართველოთი იმის გამოც, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც, რაც კი რუსეთის იმპერია არსებობს, გაბედა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის გაკეთების საფუძველი ჰქონდა უკრაინას, პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ამის გაკეთება ვერ გაბედა.

რაც შეეხება თბილისში ჩამოსვლის მიზანს. თბილისში კახა ბენდუქიძის მოწვევით ჩამოვედი. მონაწილეობა უნდა მივიღო მრგვალ მაგიდაში, რომელზეც პოსტსაბჭოთა სივრცის პერსპექტივები განიხილება. გარდა ამისა, დაგეგმილია ჩემი ლექციებით გამოსვლა თბილისის ეკონომიკურ სკოლასა და გორის უნივერსიტეტებში. მიუხედავად იმისა, რომ მე, პრაქტიკულად, არსად დავდივარ, საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ვერაფრით ვიტყოდი. სამწუხაროდ, არც ოლიგარქი ვარ და არც სამხედრო პირი, რომ საქართველოს ფინანსებით ან სამხედრო ძალით დავეხმარო, ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. თბილისში საქართველოს მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ჩამოვედი. თუ ამის საჭიროება იქნება, მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო.

- რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფას.
- აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პროცესები ისევე განვითარდება, როგორც  - რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებში. ახლა რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტიდან ისმის პროტესტისა და ტირილის ხმა. ამის კარგი მაგალითია ბაშკირეთი, ყალმუხეთი, თათრეთი, აღმოსავლეთ ციმბირი, კალინინგრადის ოლქი და სხვა რეგიონები.

მოსკოვის მიერ გამოყოფილ თანხებს გაიყოფენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მმართველი ბანდიტური კლანები. ამ რეგიონებში არ იქნება არც ეკონომიკა და არც ნორმალური ცხოვრება, მაგრამ როცა რუსეთს ფინანსები შემოელევა, ამ რეგიონებში მცხოვრები ხალხი შიმშილით მოკვდება. ცოტა ხანს დაიცადეთ და თავად ნახავთ, რომ აფხაზები და ოსები ქართველებს ბოდიშის მოხდას დაუწყებენ და შეეხვეწებიან, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევ საქართველოს შემადგენლობაში მიიღოთ.

- საქართველოში ბევრს საუბრობენ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი აგრესიის შესაძლებლობაზე.
- მე თეთრი სახლის ქცევა მაშფოთებს. ბუში, რომელსაც ყველა დასცინოდა, როგორადაც უნდა თქვან, გმირი იყო. მას ღმერთის სწამდა და მიიჩნევდა, რომ მისი მთავარი ამომრჩეველი ღმერთია. ობამას კი, ღმერთის არ სწამს და სჯერა რეიტინგების. ვეჭვობ, 2008 წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტი ბუშის ნაცვლად ობამა რომ ყოფილიყო, აშშ საქართველოში ხომალდებს არ გაგზავნიდა და რუსეთი საქართველოს მთლიანად დაიპყრობდა.

ქართული ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდგომ რუსულ ტანკებს თბილისში ეპატიჟება. ასეთი ქცევით შეიძლება, რუსეთს საომარი მოქმედება მართლაც გამოსტყუო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული ოპოზიცია რუსეთს ემუდარება - თუ ღმერთი გწამს, თბილისში შემოდიო.
ოპოზიციონერები ამაოდ იმედოვნებენ, რომ თბილისში რუსული ტანკების გამოჩენის შემთხვევაში კრემლი მათ პრეზიდენტს აარჩევინებს, ვინაიდან, მოსკოვს საქართველოს პრეზიდენტად დიდი ხანია, მზად ჰყავს იგორ გიორგაძე, რომელიც მოსკოვთან ახლოს, სახელმწიფო აგარაკზე ცხოვრობს.

ქართული ოპოზიციის მოქმედების შემყურეს ხშირად მიჩნდება სურვილი, მათ ქეჩოში ვწვდე და იცით, რატომ? იმიტომ, რომ კარგად ვიცი, რა უსიამოვნებები შეიძლება შეხვდეთ საქართველოს უბრალო მოქალაქეებს საქართველოში რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)
tamada
10 მარტი 2010 07:06
lali--შენნაირი ტაშფანდურები არიან ყველაფერს რომ აფუჭებენ,იმიტომ რომ რატომღაც უკუღმა იგებენ წაღმა გასაგებს.სიბნელის და სიჩლუნგის შენზე კარგ მაგალითს აქ ცოტას თუ ნახავს კაცი.შენი გონება მეტს თუ ვერ ქაჩავს,სხვას ამიტომ არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა.ნათქვამია-ცარიელი თავთავი თავს მაღლა წევსო.ეს გჭირს შენც.
dato
09 მარტი 2010 00:50
ეს ქალბატონი გმირია, რუსეთსში ხო ტირანია მეფობს?
lali
08 მარტი 2010 02:23
სვანი, ტამადა, მარინა .. აი ნიმუში სიბნელის და სიჩლუნგის!!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები