"ჩუმად იმიტომ ვარ, რომ ბევრს ვფიქრობ"
"კარუსელებსა და გაყალბებულ ეგზიტპოლებს ახალი მეთოდები შეცვლის"

”ქვეყანა, რომელსაც 8 მილიარდზე მეტი საგარეო და ამდენივე შიდა ვალი აქვს, საკუთარ ეკონომიკას უნდა ანგრევდეს?”


ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვის საგნად იქცა, მერობის  კანდიდატად "მრეწველთა" დასახელებული გოგი თოფაძე კი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. რას ფიქრობს ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებზე და როგორი უნდა იყოს "მრეწველების" ლიდერის აზრით თბილისის მერი, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- უამრავი საქმე მაქვს და მხოლოდ ტელეეკრანზე გამოჩენაზე ვერ ვიფიქრებ. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები მთელი
საქართველოს მასშტაბით ემზადებიან არჩევნებისთვის და ამ აჟიოტაჟში ზოგს დაავიწყდა, რომ მაისში მხოლოდ თბილისის მერის არჩევნები არ ტარდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. იმედი მაქვს, ახლა მაინც ჩატარდება ობიექტურად, მაგრამ ის, რაც უკვე გამოაშკარავდა (არარსებული საცხოვრებელი კორპუსები, სადაც ასობით ამომრჩეველია დარეგისტრირებული, ზოგიერთ ბინაში კი 28 კაცია
ჩაწერილი), იმაზე მეტყველებს, რომ კარუსელებსა და გაყალბებულ ეგზიტპოლებს ახალი მეთოდები შეცვლის.

საქართველოში 1995 წლიდან აყალბებენ არჩევნებს, მაგრამ უცხოელი დამკვირვებლები შაბლონურ, ერთი და იმავე შინაარსის დასკვნას აკეთებენ, არჩევნები მცირე დარღვევებით, მაგრამ ობიექტურად ჩატარდაო. უცხოელებს რომ გაყალბების ახალი და სრულყოფილი ტექნოლოგიები აქვთ, ამაში ახლახან, ერაყში ყოფნისას დავრწმუნდი. იქ, სადაც 20 მილიონი ერაყელი და 5 მილიონი ქურთი (მათ ეკონომიკური ავტონომია აქვთ ერაყში) ცხოვრობენ, ქვეყნის პრეზიდენტად ქურთი ეროვნების წარმომადგენელი აირჩიეს. ცნობილია ერაყელი და ქურთი ხალხის ისტორიული დაპირისპირება და შეუძლებელია, 20 მილიონ ერაყელს ქურთი პრეზიდენტისთვის მიეცა ხმა, მაგრამ დასავლეთს, განსაკუთრებით კი აშშ-ს სწორედ ეს სჭირდებოდა და შედეგიც სახეზეა.

გაყალბების ამ ტექნოლოგიებს ჩვენებსაც ასწავლიან და თუ ვინმემ უცხოეთში გადაწყვიტა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ეროვნების კაციც კი დაგვინიშნონ პრეზიდენტად.

ბრძოლა ძნელი იქნება, მით უმეტეს, რომ ოპოზიციაში არეულობაა. ეს განხეთქილება ხელისუფლებისაგან ან სულაც სხვა ქვეყნებიდან მართული მგონია. ჩუმად იმიტომ ვარ, რომ ბევრს ვფიქრობ.

ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს ისეთი ლიდერი (პრეზიდენტი იქნება თუ მერი), რომელიც ვიღაცისთვის ჭკუის საკითხავად ხან ლონდონში გარბის, ხან ვაშინგტონში და ხანაც მოსკოვში. ჩემთვისაც და ქართველი საზოგადოებისთვისაც მიუღებელია პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის გარეთ ეძებს დასაყრდენს.

ირაკლი ალასანია სერიოზულ კაცად მიმაჩნდა, განათლებულია, კარგი ბიოგრაფია აქვს, მაგრამ გაუგებარი იყო სამი დღის განმავლობაში გაკეთებული მისი რადიკალურად განსხვავებული განცხადებები.

ნოღაიდელს მორალური უფლება არა აქვს, ოპოზიციაში იყოს. იმ კატასტროფაში, საქართველომ რომ განიცადა, ნოღაიდელს ლომის წილი უძევს. მარტო "ნაციონალურ" ხელისუფლებაში კი არა, "მოქალაქეთა კავშირის" ზეობის დროსაც ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და ქართულ ბიზნესს მიზანმიმართულად ანგრევდა. არ მჯერა, რომ არ იცოდა, რა ნაყოფს გამოიღებდა მისი ე. წ. სიხისტე ქვეყანაში. ახლა ტელეეთერში ჭკუას გვარიგებს და რაღაც ფულზე ლაპარაკობს. თუ ბევრი ფული აქვს, ე.ი. კორუმპირებული ყოფილა. პრემიერ-მინისტრს არ აქვს იმხელა ხელფასი, რომ დიდი კაპიტალი დააგროვოს თუ რუსები აძლევენ ფულს, მით უმეტეს, არ მინდა რუსეთის ფულით მოსული კაცი. ვინმეს ხელდასხმული კიდევ ახალ ტრაგედიას მოუტანს საქართველოს.

ზოგიერთმა ქვეყანამ ხომ შეძლო საზოგადოების გაერთიანება და სხვისგან თავს მოხვეულ ლიდერებზე უარის თქმა? ჩვენც უნდა შევძლოთ!

- ალასანიამ თავისი გადაწყვეტილება სწორედ ოპოზიციის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. "მრეწველები" თუ დაუჭერთ მხარს საერთო-ოპოზიციურ კანდიდატს?
- არჩევნებში მონაწილე ყველა ოპოზიციური კანდიდატის გაერთიანება ნამდვილად გააჩენდა დიდ შანსს, მაგრამ ნოღაიდელის ინიცირებულ ან მასთან ასოცირებულ ერთობას ნამდვილად ვერ ამოვუდგები მხარში.

თუ მთელი ოპოზიცია ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანდა, ვალდებული ვიქნები, ჩემი კანდიდატურა მოვხსნა და მას დავუჭირო მხარი. ჩემთვის მიუღებელიც რომ იყოს ის პირი, მაინც ერთობის მხარეს დავდგები.

გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე, დასახელებულთაგან ყველაზე კარგ კანდიდატად გია ჭანტურია მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, შესაძლოა, არჩევნებზე კონკურენტები ვიყოთ, ეს კაცი უფრო წარმომიდგენია ქალაქის მერად, ვიდრე სხვა პოლიტიკოსი.

- თქვენი კანდიდატურის დასახელება ზოგიერთმა იმ 7 მილიონს დაუკავშირა, რომელსაც საგადასახადო სამსახური გედავებათ. ითქვა, თოფაძე ამით ხელისუფლებასთან ივაჭრებსო.
- "ყაზბეგს" კარგა ხანია ებრძვიან, მაგრამ ის ტერორი, რაც შემოდგომაზე მოუწყვეს ქართულ ბიზნესს, არნახული იყო. ბევრი საწარმო გაკოტრდა. ეს უკვე ხელისუფლების აგონიაა. ზოგჯერ ეჭვი მიჩნდება, რომ ხელისუფლება გასაქცევად ემზადება.

7 მილიონის გადახდა რომ დამაკისრეს, ვუთხარი, რუსთავის ქარხანა წაიღეთ-მეთქი და გავაჩერე საწარმო, რომელსაც წელიწადში 12-13 მილიონი შეაქვს ბიუჯეტში. ხედავთ,  რამხელა შემოსავალს კარგავს სახელმწიფო! ეს ხომ იმ ტოტის მოჭრაა, რომელზეც ზიხარ. ქვეყანა, რომელსაც 8 მილიარდზე მეტი საგარეო და ამდენივე შიდა ვალი აქვს, საკუთარ ეკონომიკას უნდა ანგრევდეს? მე არ გადავიხდი უსამართლოდ დაკისრებულ "ხარკს", ბოლომდე ვიბრძოლებ. რამდენიმე თვეა, შეტანილი გვაქვს საჩივრები შესაბამის ინსტანციებში და ველოდები "ყაზბეგის" საკითხის გადაწყვეტას. რაკი იციან, ევროპაში ვაპირებ დავას, განგებ აჭიანურებენ პროცესს. დარწმუნებული ვარ, ამ დავას ევროპის ნებისმიერ არბიტრაჟსა და სასამართლოში მოვიგებ.

- მერობის კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ რომ შემოგთავაზონ თანხის ჩამოწერა?
- არა მგონია, ჩამომაწერონ. ჩემი კოლეგა ბიზნესმენების გამკვირვებია - შემოდგომაზე (როდესაც ბიზნესმენების დარბევა დაიწყო) ვინ არ მოვიდა ჩემთან, ერთად დავდგეთ, ხმა ამოვიღოთო. მაშინ ჯერ კიდევ არ იდგა ჩემი 7 მილიონის საკითხი, მაგრამ, საუბედუროდ, ერთად დგომის ნაცვლად, როდესაც ბიზნესმენებთან ვაჭრობა დაიწყეს, გადასახადს გაგინახევრებთ ან რამდენიმე თვით გადაგივადებთო, ბევრი დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგების უმეტესობამ ხელისუფლებასთან ვაჭრობა არჩია და ზოგმაც გადაიხადა, მე ბრძოლას ბოლომდე მივიყვან.

ერაყის ქურთისტანში 5 მილიონი მოსახლეა და 22-მილიარდიანი ბიუჯეტი აქვთ. ერაყი ნავთობისა და გაზის შემოსავლის 15%-ს აძლევს მათ და ამით ცხოვრობენ. იქ რამდენიმე პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. ქურთები ჩვენზე ჭკვიანად იქცევიან და ეკონომიკას აშენებენ. ჩვენებივით კი არ არიან, საწარმოს მილში კვამლს რომ დაინახავენ და სვავებივით დააცხრებიან. ქართველმა ბიზნესმენებმა ახლო აღმოსავლეთში უნდა ვეძებოთ ბაზარი. წყალს ნავთობში დღესვე გაგვიცვლიან, მაგრამ ხელისუფლება წყლის გაყიდვასაც აპირებს. ჩვენ წყალს ვყიდით, მაშინ, როდესაც 5 წელიწადში წყალი ნავთობზე დიდი სიმდიდრე იქნება. ეს ხელისუფლება გაიქცევა, ჩვენ კი გაყიდული დაგვრჩება წყალიც, პორტიც, რკინიგზაც, მანგანუმიც და ოქროც... ნურავინ იფიქრებს, რომ ქვეყნის სიმდიდრის განიავება შერჩება. ხალხი ყველას მოჰკითხავს. ამათ თუ პასუხი არ ვაგებინეთ, ჩვენი შთამომავლობა მათხოვრობისთვის იქნება განწირული.

ქალაქის მერს, თუ ამათი ბანდის წევრი არ იქნება, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: თბილისი გენური ინჟინერიის პროდუქტების ნაგავსაყრელია. ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქტის მარკირება არ ხდება. ამის აღკვეთა ხომ შეუძლია მერს? ქალაქის გონიერ მერს საწარმოების ამუშავებაც შეუძლია. თურქებმა ნატახტარში პატარა საკონდიტრო საწარმო გააკეთეს და პრეზიდენტმა ზარ-ზეიმით გახსნა. არადა, გაიხსენეთ, რა საწარმო იყო "მზიური"! - შვეიცარიული დანადგარებით აღჭურვილი უგემრიელეს შოკოლადს უშვებდა. დღეს ეს საწარმო განადგურებულია.

ასევე განადგურებულია, მაგალითად, პარფიუმერიის ფაბრიკა "ივერია". ქართულ ნედლეულზე სუნამოებს "ნანასა" და "ნონას" ვუშვებდით. საექსპორტოდ გაგვქონდა და იტაცებდნენ. შესაძლოა, "შანელის" დონის არ იყო, მაგრამ თუ "შანელი" 200 ლარი ღირს, ჩვენი სუნამო 50 ლარი ხომ მაინც ეღირებოდა?

რომელი ერთი ჩამოვთვალო, შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენივე რეგიონში ხელისუფლების პასუხისმგებლობის მაგალითები ხომ გვაქვს, ასე ვინ იქცევა? აგვისტოს ომის დროს პეკინში ვიყავი, ოლიმპიადაზე. აზერბაიჯანის დელეგაციას პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობდა, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. 10 აგვისტოს დილითვე შეწუხებული მოვიდა ჩემთან მეუღლესთან ერთად, თანაგრძნობა გამომიცხადა და მითხრა: "მამაჩემმა ანდერძად დამიტოვა, კავკასიაში უსათუოდ აირევა სიტუაცია და რაც უნდა მოხდეს, ქართველებთან იყავიო".

ბევრი ვისაუბრეთ. ალიევმა მაშინ მითხრა, მამაჩემსა და მე ხალხი არ გვაპატიებს, ჩვენი ძირძველი მიწა, ყარაბაღი არ დავიბრუნოთ. ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის, მაგრამ ვხედავ, რა დიდი უბედურებაა ომიო. აზერბაიჯანი ჩვენზე გაცილებით მდიდარია, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს ჯარის მოსამზადებლად, მაგრამ დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად ფრთხილ, გონივრულ პოლიტიკას ატარებს და სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

თუ ქვეყანა დავანგრიეთ და ისეთი პოლიტიკური ლაფსუსები მოგვივიდა, როგორიც უკრაინასთან, ძალიან შეგველახება სახელი. რუსეთმა სააკაშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ე. ი. სააკაშვილი იქ ვეღარ ჩავა, სადაც მედვედევს დაპატიჟებენ. მასპინძლებმა უნდა აარჩიონ ან ერთი, ან მეორე... გავლენიდან გამომდინარე, ხომ გასაგებია, ვისზეც გააკეთებენ არჩევანს? ამით რუსეთმა საერთაშორისო ასპარეზზეც მოუჭრა გზა სააკაშვილს.

ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ ესენი ბოლომდე იბრძოლებენ, რადგან უკან დასახევი არა აქვთ. არჩევნები რომ წააგონ, მერე ხომ პასუხისგება მოუწევთ? სხვა არაფერი დარჩენიათ, კედელთან არიან მიყენებული და თავს იცავენ იმით, რომ მთელი ძალ-ღონით იბრძვიან ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ამ კედელს თუ შევასკდით, არაფერი გამოვა, ოპოზიციას საერთო გეგმა აქვს მოსაფიქრებელი.

საქართველოს ბედი ამ გაზაფხულზე გადაწყდება.
irakli
01 მარტი 2010 16:19
ბატონო გოგი, ბრძანებთ, ჭანტურია ჩემზე უკეთესი კანდიდატიაო და კენჭისყრას მაინც არ იშლით. ჭანტურიას ალასანია და უგულავა უთუოდ მოუგებენ. გამოდის, კენჭს IV ადგილზე გასასვლელად იყრით. ამას სულელი თუ იზამს. თქვენ სულელი არ ხართ. ე.ი. კენჭისყრით ვალის ჩამოწერას გსუღთ მიაღწიოთ.სჯობს გადაიხადოთ. უნდა შეიგნოთ, რომ გადასახადს და ჯარიმას ყველა უნდა იხდიდეს.
zaza kalashovi
01 მარტი 2010 14:16
ბატონო გოგი გამარდჯობატ! მინდა პატარა დაზუსტება სევიტანო ტკვენს ზემოტ ნახსენებ ერაკის პრეზიდენტის არცევაზე.
ერაკსი პრიზიდენტს ირცევს პარლამენტი და არა სახალხო არცევნებიტ, იკ კონსენსუსიტ იკნა არცეული დჯალალ ტალაბანი პრეზიდენტად პარლამენტის მიერ. ხოლო კურტისტანსი მასუდ ბარზანი კურტი ხალხის მიერ არწა. ის მტავარი პავორი ტი ამ არცევნებსი კოველგვარი გაკალბების გარესე. მოხარული ვარ რომ ტკვენ დგეს კურტისტანტან მციდრო ურტიერტობებს ამკარებტ.
პატივისცემიტ ტკვენდამი -ზაზა კალასოვი.
პ.ს . ვტხოვ საკარტველოს დგევანდელ ხელისუპლებას მიჰბადზონ ბატონ გოგი კურტისტანტან ურტიერტობის გაჰრმავებასი,ცემის მხრიდან მზად ვარ ხელი სეუცკო ამ დზმურ და მეგობრულ ურტიერტობას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?