"მოვისმინე ვერსია, რომ "მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს" - კვირის პალიტრა

"მოვისმინე ვერსია, რომ "მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს"

"მაკა ჩემთვის დღესაც ძვირფასი ადამიანია, მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალის ინტერესები კი ჩემთვის უცნობია"

ერთი თვის წინ "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა, რასაც "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი, გია გაჩეჩილაძე საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და პარტნიორების საეჭვო გარიგებებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც ტელევიზიის დანარჩენმა მფლობელებმა გაკოტრების სქემის ამოქმედება დაიწყეს. გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ რეალურად კრედიტის დაფარვის მოთხოვნით, ასათიანის მეუღლე კოტე გოგელია ტელევიზიის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს.

გია გაჩეჩილაძე (უცნობი): - ვფიქრობ, ჩემი, როგორც დამფუძნებლის ტელეკომპანიიდან ჩამოცილება უნდათ.

მარტივია, თუ კომპანიას ზედმეტი მეწილეებისა და დამფუძნებლებისგან გაწმენდენ, მთელ აქტივებს ბევრად სარფიანად გაყიდიან.

დღეს ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადებას არ საჭიროებს, "მაესტრომ" კრედიტი 2019 წლამდე აიღო, რომლის დაბრუნებასაც კოტე გოგელია განსაზღვრულ დროზე ადრე, დაუსაბუთებლად ითხოვს. "მაესტროს" ფუნქციონირებისთვის ხელი არასოდეს შემიშლია, მაგრამ გაკოტრებას ბოლომდე შევეწინააღმდეგები.

- თქვენ და მაკა ასათიანი წლების განმავლობაში მეგობრობდით. როდის და რატომ დაიწყო თქვენ შორის წილებზე დავა?

- მაკა ჩემთვის დღესაც ძვირფასი ადამიანია, მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალის ინტერესები კი ჩემთვის უცნობია, თუმცა, ფაქტია, "მაესტრო" გოგელიას გამო რამდენიმე დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დატოვა. სად არის ამ დროს სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი "მაესტრო"? ვერ ვადასტურებ, თუმცა მოვისმინე ვერსია, რომ "მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს, რომ დღეს ტელეკომპანიას კეზერაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი გიორგი ისაკაძეც მართავს.

- თქვენ გაკოტრების ზღვარზე მყოფ "მაესტროში" 10-მილიონიანი ინვესტიციის დაბანდებაზე საუბრობთ.

- თუ დამფუძნებლები შევთანხმდებით, ინვესტორზე ინფორმაციას გავასაჯაროებ. დამფუძნებლები ფინანსური დეტალების განხილვაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ, ამიტომ ბრძოლის სასამართლოს გზით გაგრძელება მიწევს...

ჩვენ გიორგი ისაკაძესაც მივმართეთ. მან დაგვიდასტურა, რომ კეზერაშვილს დიდი ხანია იცნობს, თუმცა, მისთვის ტელეკომპანიის მიყიდვა კატეგორიულად უარყო.

კეზერაშვილთან მოლაპარაკებას უარყოფს "მაესტროს" დირექტორი ბაია გადაბაძეც:

- "მაესტროს" უამრავი კრედიტორი ჰყავს, მათ შორის, მაკა ასათიანიც, რომლისთვისაც კრედიტის გადახდას ტელეკომპანია ვერ ახერხებს. მსგავს ვითარებაში კანონი გვავალდებულებს, კომპანია გაკოტრებულად გამოვაცხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი, როგორც დირექტორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. რაც შეეხება კეზერაშვილთან მოლაპარაკებებს, გამორიცხულია, მფლობელებმა ტელეკომპანია მას ოდესმე მიჰყიდონ. ისაკაძე კი ჩემი მეგობარია და "მაესტროში" წარმატებულ პროექტს ხელმძღვანელობს.

გია გაჩეჩილაძესთან ერთად არაერთი სირთულე გადაგვიტანია, ამიტომ მსგავს საკითხებზე საუბარი მეუხერხულება. მის მიერ დასახელებულ 10-მილიონიან გარანტიას კი ამ დრომდე ველოდებით, მაგრამ...

რა მოხდება ტელეკომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ, არავინ იცის. ვფიქრობ, გაყიდვაზე ლაპარაკიც არ იქნება, შესაძლოა, კომპანიას ვალები ჩამოეწეროს.

რუსუდან შელია