"წესით, დღეს გვარამიას არ უნდა გაჰკვირვებოდა ამ ჩანაწერების არსებობა" - კვირის პალიტრა

"წესით, დღეს გვარამიას არ უნდა გაჰკვირვებოდა ამ ჩანაწერების არსებობა"

"ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდგომ პერიოდში ერთ-ერთი იყო, ვისაც ხელისუფლება ჯაშუშობასა და შეთქმულებაში ადანაშაულებდა.

კონსტანტინე გამსახურდია: - იმისათვის, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის დისკრედიტაცია მოეხდინა, დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია - ყველა ტელევიზიაში ატრიალებდნენ აუდიოჩანაწერებს და ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ ჩვენი ჯაშუშობა. თითქოს ჩვენ 2007 წლის 2-7 ნოემბრის დღეებში დაგეგმილი გვქონდა გადატრიალება და სახელმწიფო შენობების ძალადობრივი დაკავება. ეს იყო შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში, სადაც ის არ იყო. გააქტიურდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და ყველა სატელეფონო ზარზე, რომელიც ჩემს ძმასთან და სხვა პირებთან მქონდა, კომენტარის გაკეთება მიწევდა. ამავე დროს, კადრებში ჩანდა, თითქოს ჩემი სახლიდან გამოვიდა რუსეთის საელჩოს დესპანი, ელჩის მოადგილე ვოლინკინი. ამ ადამიანს გამოვართვი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტი - როსტოვის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, რომელიც ჩაუტარდა ზვიად გამსახურდიას ცხედარს. ჩემს საუბრებში არსად ჩანს, რომ ჩვენ რამეს ვგეგმავდით. ერთადერთი, ნახსენებია ხალხი - 150 ათასი კაცი, რომელიც ვერ დავძარით. როდესაც ლაპარაკია ხალხზე, შეიძლება ვგულისხმობდი იმ მასას, რომელიც აქციაზე იყო შეკრებილი. ხელისუფლება მაშინ ელოდა, რომ დაუმორჩილებლობის აქციას განვავრცობდით - გზას გადავკეტავდით, პარლამენტთან მოვაწყობდით სირცხვილის კორიდორებს და ა.შ.

მთავრობას მაშინ სათქმელი არაფერი ჰქონდა, გარდა კარიკატურისა, რომელზეც იყო გამოსახული ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც მართავდა 7 ოპოზიციონერ მარიონეტს. მათ შორის ვიყავი მეც. არადა, ბადრი საერთოდ არ ითვლებოდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად. შემდეგ მივიღეთ ფილმი გვარამიას ავტორობით, სადაც საუბარი იყო ჯაშუშებზე და მოხსენიებული ვიყავით არა მარტო მე და ჩემი ძმა, სხვა ოპოზიციონერებიც - ნათელაშვილი, ბერძენიშვილი და ხაინდრავა, რომელთაც რუს დიპლომატებთან კავშირი დააბრალეს.

წესით, დღეს გვარამიას არ უნდა გაჰკვირვებოდა ამ ჩანაწერების არსებობა, ვინაიდან, ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.

ჩემს საქმეში პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ამერიკის ელჩი რომ არ ჩარეულიყვნენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით წამიყენებდნენ ბრალდებას. ცოტნეს ჯაშუშობის მუხლი წაუყენეს, მაგრამ მერე მოუხსნეს.

დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ძალას, რომელიც ასოცირებულია მიხეილ სააკაშვილთან, აქვს დესტაბილიზაციისა და მაიდანიზაციის უნარი და რესურსი. ჩვენ, მაგალითად, 2007 წელს ნამდვილად გვქონდა იმის საშუალება, მოგვეხდინა დესტაბილიზაცია, მაგრამ ამაზე არ წავედით. ხელისუფლებამ რაც შემოგვთავაზა, იმას დავჯერდით - გადადგა სააკაშვილი და გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, არადა, საპარლამენტო არჩევნებს ვითხოვდით.

ნანა ფიცხელაური