ოდესელის ოდისეა - ქართულ-უკრაინული სკანდალი - კვირის პალიტრა

ოდესელის ოდისეა - ქართულ-უკრაინული სკანდალი

"სააკაშვილის მიმართ არა მხოლოდ ექსტრადირების, აღსრულების პროცედურებიც უნდა ამოქმედდეს"

სატელეფონო ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასა და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას რევოლუციური სცენარით ბრძოლისკენ მოუწოდებს, ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ მალევე დაადასტურეს, რომ ჩანაწერი ავთენტური იყო და სააკაშვილთან მსგავსი შინაარსის სატელეფონო საუბრები მართლაც შედგა, თუმცა მათივე მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისგან მხოლოდ რეკომენდაციები მოისმინეს და მათ აღსრულებაზე არც კი უფიქრიათ. მიუხედავად ამისა, გვარამია და ბოკერია უშიშროების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ - სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზებას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში შსს-თან თანამშრომლობით უსაფრთხოების ღონისძიებები უკვე გატარდა და დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის უწყებებსაც მიმართეს.

ქართულ-უკრაინული სკანდალი

რატომ მოუწოდებს ქართულ ტელეკომპანიასა და ოპოზიციურ პარტიას ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი რევოლუციური ბრძოლისკენ, ამ კითხვაზე უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ვოლოდიმირ ბოიკო აღნიშნავს, დიდი ალბათობით, პოროშენკოს ადმინისტრაცია გავრცელებულ ჩანაწერებს არც მომავალში გამოეხმაურება:

- აქ ტელევიზიებსა და პრესას, ძირითადად, პოროშენკოს ადმინისტრაცია აკონტროლებს, შესაბამისად, პრეზიდენტის ჯგუფი განსაზღვრავს, რა ინფორმაცია გავრცელდეს მედიაში და რა დაიბლოკოს. თანაც, უკრაინაშიც თითქმის ყოველდღე სკანდალური პოლიტიკური კომპრომატები ვრცელდება, რომლის მთავარი ადრესატი, როგორც წესი, ოდესის ექსცენტრიკული გუბერნატორი სააკაშვილი გახლავთ.

ის უკრაინაშიც დიდ პოლიტიკურ სკანდალებშია გახვეული.

- რას ფიქრობს მოსახლეობა, რომელთა დაქირავებული მაღალჩინოსანი სხვა ქვეყანაში რევოლუციის ორგანიზებაზე ლაპარაკობს?

- უკრაინელები უკვე აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი სინამდვილეში პოპულისტი პოლიტიკოსია, რომელიც თავს იმის უფლებასაც აძლევს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდოს. თანაც, არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობა ოფიციალურად არის დეკლარირებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი პოროშენკო სააკაშვილის რევოლუციურ ვნებებზე განმარტებას არ გააკეთებენ. არადა,

უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია, ქართველ სამართალდამცავებს რეალური სცენარის გარკვევაში დაეხმაროს და დაადგინოს, როგორ გეგმავდა სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას.

თუმცა, პოროშენკო არც ამ ვალდებულებას შეასრულებს. მას სააკაშვილი სხვა უკრაინელ ოლიგარქებთან საბრძოლველად სჭირდება, ამიტომ გუნდიდან ჯერჯერობით არ ჩამოიცილებს. საქართველოს ექსპრეზიდენტსა და მის ხმაურიან გუნდს უკრაინის კანონმდებლობა არც აინტერესებთ. ისინი აქ საეჭვო ბიზნესებს ლობირებენ და სახელმწიფო ბიუჯეტს პირადი მიზნებისთვის იყენებენ. ეს ოდესაშიც კარგად იციან, რაც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ არჩევნებზეც ცხადი შეიქნა - სააკაშვილის კანდიდატმა, საერთაშორისო დონის თაღლითმა ბოროვიკმა, მოსახლეობის ნდობის მოპოვება ვერ შეძლო და მერის არჩევნებში დამარცხდა. ნათელია, სააკაშვილი და მისი ჯგუფი უკრაინაში სახელმწიფო პრობლემების აღმოსაფხვრელად კი არა, პირადი კეთილდღეობისთვის იმყოფებიან - უკრაინა მათთვის დროებითი თავშესაფარია. მეტიც, სააკაშვილი უკრაინელებთან საუბრისას არც მალავს, რომ მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური რევანშია. ვფიქრობ, გავრცელებული ჩანაწერების გამო სააკაშვილი რიგითი უკრაინელებისგან ადეკვატურ პასუხს მალე მიიღებს.

ვინ არის "ბეჟო"?

უკრაინულ საიტზე აუდიოჩანაწერების გავრცელებამდე ერთი კვირით ადრე, "უკრაინულმა ვიკილიქსმა" სააკაშვილისა და ბოკერიას სტამბოლის აეროპორტში სავარაუდო შეხვედრის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, გავრცელებული სატელეფონო საუბრები სწორედ სტამბოლის აეროპორტში შეხვედრამდეა ჩაწერილი. აუდიომასალაში კარგად ისმის, რომ გიგა ბოკერია ტელეფონში დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დაადასტურა კიდეც, რომ მადრიდიდან დაბრუნების შემდეგ, სტამბოლის აეროპორტში ოდესის გუბერნატორს მართლაც შეხვდა, თუმცა "უკრაინულ ვიკილიქსში" გამოქვეყნებულ მასალას ბოდვა უწოდა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ სააკაშვილის მოწოდებების შემდეგ, "უკრაინულ ვიკილიქსზე" გამოქვეყნებული მასალა დამაჯერებელია: - "უკრაინულ ვიკილიქსში" გამოქვეყნებული სტენოგრაფიული მასალა სააკაშვილისა და ბოკერია-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერებს დროში ემთხვევა. გავრცელებულმა აუდიომასალამ "ვიკილიქსზე" მითითებული გადატრიალების სცენარი, ფაქტობრივად, დაადასტურა. მსგავსი ინფორმაცია უსაფუძვლოდ არ ვრცელდება. ცნობილია, რომ უკრაინაში საინფორმაციო სააგენტოების ნაწილს უკრაინელი ოლიგარქი კოლომოისკი აკონტროლებს, რომელიც გავლენიანი პოლიტიკოსია. მას მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროები ჰყავს და კერძო დეტექტივების მთელი არმიაც ექვემდებარება. "უკრაინულ ვიკილიქსზე" გამოქვეყნებულ მასალებში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა: სააკაშვილი ბოკერიას ჰპირდება, რომ ფინანსურად ვინმე "ბეჟო" დაეხმარება და საქმის ეფექტურად შესასრულებლად მას 160-ს გადასცემს...

ცალსახაა, რომ სააკაშვილი ბეჟუაშვილზე მიუთითებს. კეზერაშვილთან ერთად, დავით და გელა ბეჟუაშვილები, "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებლები იყვნენ. მეტიც, სააკაშვილმა გელა ბეჟუაშვილს საგარეო დაზვერვა სწორედ იმ მიზნით ჩააბარა, რომ მისი საშუალებით მნიშვნელოვანი ფინანსური კაპიტალი დაეგროვებინა. დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილს ძმები ბეჟუაშვილები ბნელი საქმეების შესასრულებლად ფინანსურად დღესაც ეხმარებიან. შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რა ფული ტრიალებდა "ნაცმოძრაობაში" და დღესაც სად მიდის ქვეყანაში შემოსული შავი კაპიტალი. ამ ფაქტებზე როგორც რუსული, ისე ამერიკული საინფორმაციო წყაროები წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ. სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობას" სახელმწიფოში პროვოკაციების მოსაწყობად დღემდე მათი მფარველობის ქვეშ არსებული ოფიციალური სტრუქტურებიც დაეხმარებიან. მაგალითად, კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილის მეგობარია და უმაღლეს თანამდებობაზეც მისი რეკომენდაციით დაინიშნა. ის "ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს დღესაც უპირობოდ შეასრულებს. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან ვალერი ზუმბაძე და ოთარ ორჯონიკიძე, რომლებიც წლების განმავლობაში კუდ-ში მუშაობდნენ და ვანო მერაბიშვილის მითითებებს ასრულებდნენ.

- რა ტიპის პროვოკაციების მოწყობას პროგნოზირებთ?

- "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერ მხარდამჭერს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს. ეს კარგად გამოჩნდა საბანკო ზედამხედველობის საკითხზეც, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

გახდა თუ არა სააკაშვილი "ნაცმოძრაობისთვის" პოლიტიკური ტვირთი?

უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა: "რკინის კონსტრუქციები", "ბოევიკები", "გაისროლონ", "ასე თუ მივიქცევთ ყურადღებას", "რევოლუციური სცენარით უნდა წახვიდეთ", "ინსტრუქტაჟის ტონი" - მსგავსი გამონათქვამებით სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა. ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება, რომ ასეთი რამ მისცე ხელში... იმედია, ჩვენი წამოსვლის შესახებ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი".

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი: "ქვეყანაში რევოლუციურ განვითარებას ცალსახად არ ვემხრობი. რაც მთავარია, დაუსრულებელი დაპირისპირება და მუდმივად სისხლზე აპელირება მოსახლეობასაც ყელში ამოუვიდა. ეს ბოლო სოციოლოგიურმა კვლევებმაც ცხადყო, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობამ პოლიტიკური პროცესების მიმართ სრული ნიჰილიზმი გამოამჟღავნა. ასე რომ, დაპირისპირების ინსპირირებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ შეძლებს. ვფიქრობ, ჩემ ნაცვლად თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უნდა უპასუხონ კითხვას: გახდა თუ არა სააკაშვილი პარტიისთვის პოლიტიკური ტვირთი? ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაშიც იკითხება, დანარჩენი კი შიდაპარტიული საუბრის თემაა და ამაზე თავად "ნაციონალებმა" უნდა ილაპარაკონ".

აღიძვრება თუ არა სააკაშვილის წინააღმდეგ მორიგი საქმე?

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩანაწერში სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებს და ის მხოლოდ მსმენელია. აღიძვრება თუ არა საქმე სააკაშვილზე და რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს უკრაინის მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად, იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს.

- პირველ რიგში, სატელეფონო ჩანაწერების წარმომავლობა და კანონიერება უნდა დადგინდეს. ისიც უნდა დადგინდეს, როგორ გაჟონა გრიფით "საიდუმლო" მასალებმა უცხოურ საიტებზე. თუ გამოვლინდება, რომ ჩანაწერები სანქცირებულია და მათი მტკიცებულებად გამოყენებაც სამართლებრივ ნორმებს არ ეწინააღმდეგება, კონკრეტულ პირებს ბრალი უნდა წაეყენოთ და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში სასამართლო პროცესებზე ბრალდებული პირის გამოცხადება აუცილებელი სულაც არ არის. სასამართლოს შეუძლია სააკაშვილს ბრალი დაუსწრებლადაც წაუყენოს. მის წინააღმდეგ სხვა საქმეზე გამოძიება დიდი ხნის წინ დაიწყო და მის საქმეებს ადვოკატი კურირებს.

- ბრალის წაყენების შემთხვევაში, რა სამართლებრივი ბერკეტებით უნდა იმოქმედოს გამოძიებამ, როდესაც სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორია?

- ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ექსტრადირების, აღსრულების პროცედურები უნდა ამოქმედდეს.

საბოლოოდ მაინც უკრაინის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს როგორც ექსტრადირების, ისე სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალის უკრაინაშივე აღსრულება. რაც მთავარია, სამართალდამცავებმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ. მსგავს საქმეში ეჭვის არსებობა საერთაშორისო ასპარეზზე სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ კრახს იწვევს. შესაძლებელია, შესაბამისი მოთხოვნით ინტერპოლისთვის მიმართვაც...

"რუსთავი 2"-მა გვთხოვა, ერთად გვებრძოლა"

მიხეილ მაჭავარიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი: - ფარულ ჩანაწერებზე კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა ვისაუბროთ. 10 ოქტომბერს, როგორც კი NDI-ს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, უკრაინულ საიტზე საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებით წამებისა და გაუპატიურების ამაზრზენი ვიდეოფირი გავრცელდა. პარადოქსია, "ქართულ ოცნებას" დაავიწყდა, რომ წამებაში მონაწილე პირების ნაწილი ბინძური გარიგებების გამო თავად არ დაიჭირა. მოგვიანებით, ხელისუფლების მხარდამჭერებმა იერიში ჩვენს ოფისებზე მიიტანეს - საღებავები ესროლეს და დაარბიეს. მეტიც, ასეთ დაძაბულ ვითარებაში პრემიერმა გაუგონარი განცხადება გააკეთა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" იერიშები კიდევ უფრო წაახალისა. ამ ფონზე სააკაშვილმა საკუთარ მოსაზრებებზე ისაუბრა, თუმცა "რუსთავი 2"-ის ეზოში არც ერთი კონსტრუქცია და "ბოევიკი" არ დგას.

- ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილებას 22 ოქტომბერს ელოდებოდა. ამავე პერიოდში ტელეკომპანიაში კარვები და გასაშლელი საწოლები მიიტანეს, თუმცა მოსამართლემ საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადადო. რატომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ დაპირისპირების გეგმა, გადაწყვეტილების გამოტანის გადავადების გამო ჩაიშალა?

- თუ 22 ოქტომბრისთვის ვემზადებოდით, "რუსთავი 2"-ში რკინის კონსტრუქციები, კუნთმაგარი ადამიანები ან სანგრები სადმე დაინახეთ? გასაშლელი საწოლები და კარვები არაფერს ნიშნავს... თანაც, ერთია სააკაშვილის პირადი მოსაზრებები და მეორე, რომელი რეკომენდაცია გაითვალისწინა გვარამიამ.

- თქვენი პარტიის თავმჯდომარის რევოლუციური მოწოდებები თქვენთვის არაფერს ნიშნავს?

- პარტიის თავმჯდომარის პოზიცია გასაგებია, მაგრამ მადრიდში მას ჩვენი გუნდის წევრები შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს - პარტიას მხოლოდ "რუსთავი 2"-ის დაცვის სურვილი ამოძრავებს. რაში გვჭირდება რევოლუცია, როდესაც "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის მხარდაჭერა პრაქტიკულად არა აქვს?

- რევოლუციური სცენარი იქნებ იმისთვის გჭირდებოდათ, რომ არჩევნებზე მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არც თქვენ გაქვთ და როგორც ჩანაწერში სააკაშვილი ამბობს, ამ გზით ძალის დემონსტრირებასა და ყურადღების მიქცევას მოახერხებდით?

- სახელმწიფო გადატრიალების სცენარი დღეს მხოლოდ ივანიშვილს აწყობს, რადგან ფიქრობს, რომ მსგავსი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს... "რუსთავი 2"-მა პარტიის წევრებს თავად გვთხოვა მხარდაჭერა და სიტყვის თავისუფლებისთვის ერთად ბრძოლა.

- პარადოქსია, პარტიის თავმჯდომარე გვარამიას კონკრეტულ მითითებებს აძლევს და თქვენ ამტკიცებთ, რომ აქციებში მხოლოდ ტელეკომპანიის თხოვნით მონაწილეობდით?

- თუ ამ ჩანაწერებს გამოვეკიდებით, კი ბატონო, ვისაუბროთ რევოლუციურ სცენარზე... გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების შემდეგ სააკაშვილთან კიდევ არაერთი საუბარი შედგა და, ალბათ, უკანონოდ მასაც იწერდნენ. შესაძლოა, საზოგადოებას ეს ჩანაწერებიც მოასმენინონ და იცით, ამით რას მიაღწევენ? ერთხანს არავინ აღარ ილაპარაკებს "გაზპრომზე", გაპარტახებულ ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში მრავლად დაგროვდა.

"რუსთავი 2": "ამით თავს დავიზღვევთ გადაცდომისაგან"

ტელეკომპანია "რუსთავი 2" არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის, რომელმაც არხის საინფორმაციო სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტია უნდა გაამყაროს.

"ვემიჯნებით პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს და მათი თამაშის წესებს. ჩვენი სურვილია, ვაკეთოთ ის საქმე, რაც ვიცით - გავაშუქოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ჩვენი მიზანია ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები. თუმცა, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ საზოგადოების ნაწილს შესაძლოა დარჩეს კითხვები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს, რასაც "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს" - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა.

გიორგი ლაფერაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა დეკლარირებულია, ბოლოდროინდელი სატელეფონო ჩანაწერების გამო შესაძლოა, მაყურებელთა ნაწილს ჰქონდეს კითხვები, რამდენად გულწრფელები ვართ, როდესაც დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ. ამიტომაც მოგვეწონა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული საბჭოს შექმნის იდეა...

- კიდევ რა შემოგთავაზათ არასამთავრობო სექტორმა?

- შეხვედრა დახურული იყო, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, რისი თქმაც ხმამაღლა შეიძლებოდა, ვთქვით. მთავარი თემა იყო, როგორმე გაგვემყარებინა ის პროცესები, რის დეკლარირებასაც ვახდენთ. საბჭო გააკონტროლებს, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქცია ჯდება თუ არა სტანდარტის ფარგლებში. ისე არ გაიგოთ, რომ საბჭოს შეუძლია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, ამას ვერავინ შეცვლის, საბჭო იქნება მხოლოდ დამატებითი ბერკეტი, რათა თავი დავიზღვიოთ გადაცდომებისგან.

- შეიძლება "რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს შევადაროთ?

- იქ სხვა ტიპის საბჭოა - ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაცია. როგორც ვიცი, მათ აქვთ ფინანსური და კონტენტის კონტროლის მექანიზმი, ანუ მონაწილეობენ დაგეგმარების განხილვაში და იძლევიან რჩევებს, რამდენად სჭირდება არხს ესა თუ ის პროექტი... "რუსთავი 2" არის კომერციული, კერძო ორგანიზაცია, რომელსაც არ სჭირდება რჩევა ამა თუ იმ პროექტზე.

- საბჭო იხსნის "რუსთავი 2"-ს მფლობელებისა და მათი მეგობრების ჩარევისგან?

- ასეთი მცდელობები ადრეც ყოფილა და მომავალშიც იქნება. მე არ მაქვს მზა პასუხი თქვენს კითხვაზე, მაგრამ როდესაც საბჭო დაიწყებს ფუნქციონირებას, მის წევრებს ჰკითხეთ, რამდენად თავისუფალია ეს არხი.

P.S. ტელეკომპანია საზოგადოებრივ საბჭოში თანამშრომლობას სთავაზობს შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; სიდა; მედიის განვითარების ფონდი; სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; ფონდი ინტერნიუსი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. ტელეკომპანია საზოგადოებრივ საბჭოში ასევე იწვევს ჟურნალისტ ნინო ჯაფიაშვილს, მედიამკვლევარ ნინო დანელიას, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანს ნინო ივანიშვილს.

"გაისვრიან და გაისროლონ"

სააკაშვილი: "უნდა წახვიდეთ რევოლუციაზე, გამაგრდეთ, ბარიკადები გააკეთონ, მოიმარაგოთ წყალი, ესა, ისა და იყოს მრავალკვირიანი სთენდოფი, გარშემო უნდა დაამწყვდიოთ დიდი ბარიკადები, ეხლავე დაიწყეთ მომზადება, ჩვეულებრივი ციხესიმაგრე გააკეთეთ, კარვები გარშემო, ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ. ეხლა უნდა დაიწყოთ მშენებლობა... 1500-2000 კაცს ჩვეულებრივად ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ვსიო, ძალიან გაუჭირდებათ. იშოვეთ ბოევიკები, რომლებიც დაიცავენ, საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება. უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ?"

რუსუდან შელია