სახე სარკეში (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

სახე სარკეში (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მე არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ჩაახედოს სააკაშვილმა თავისი მომხრეები სარკეში და მათი პოლიტიკური ძალის რეალური სახე დაანახოს, მაგრამ მომხრეების უმეტესობა იმდენად ჰყავთ ზომბირებული, რომ არანაირი სარკე არ შველით.

რაც უნდა მახინჯი სახე დაინახონ, მაინც ამბობენ, ყველაზე კარგები ჩვენ ვართო. არადა, სარკეში ჩანს სახე, რომელმაც ბოღმისგან ხრწნა დაიწყო, ცხვირი და ყურები უკვე მოსძვრა, ერთი თვალი ამოთხრილი აქვს და კბილები ჩაცვენილი. კბენაც კი აღარ შეუძლია წესიერად. ამ ხალხს, რა თქმა უნდა, სჯერა სააკაშვილის ნათქვამის, რომ ეს საუბრები რუსულმა სპეცსამსახურებმა შეაკოწიწეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნამდვილობას ბოკერიაც ადასტურებს და გვარამიაც. მათ სჯერათ დავით ბაქრაძის ომახიანი გამოსვლისა, ჩვენთვის რევოლუცია და ძალადობა მიუღებელიაო, მიუხედავად იმისა, რომ იმ ჩანაწერში სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებს გვარამიას, რევოლუციური სცენარით უნდა წავიდეთო. სჯერათ, რომ სიტყვა "ბოევიკები" მხოლოდ კუნთმაგარ ბიჭებს ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ამ სიტყვას ორჯერ ახსენებს - ერთხელ გვარამიასთან და მეორედ ბოკერიასთან საუბრისას და თან სიტყვა "სროლასთან" ერთად. "ბოევიკები დააყენეთ, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ", - ეუბნება ის გვარამიას, ბოკერიას კი უმეორებს: "უნდა იყოს ცხვირ-პირის ნაყვა და თუ გაისვრიან, გაისროლონ". კი, მართალია, თავის მომხრეებს არ მოუწოდებს გასროლისკენ, მაგრამ ისეთი წინააღმდეგობის გაწევისკენ ხომ მოუწოდებს, რომ ხელისუფლებას გასროლა აიძულონ? "საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება, რომ ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. სხვანაირად კაპიკია ჩვენი ფასი... ყურადღებას ისე ვერ მივიქცევთ", - ესეც მათი ბელადის სიტყვებია, საიდანაც კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი არეულობაზე ოცნებობს. მისთვის ადამიანების სიცოცხლე ჩირის ფასია, მათ შორის, საკუთარი მომხრეების.

სოცქსელში შემხვდა "ნაციონალების" რამდენიმე მომხრე, რომლებიც ამბობდნენ: აბა, მეორე მხარე სამშობლოს გვართმევს. უნდათ პუტინს ჩაგვაბარონ და ჩვენ ხელებჩამოშვებულები ხომ არ ვიქნებით, ქვეყანა უნდა დავიცვათო; ანუ მართლა ომიაო. აი, მათი ზომბირების კიდევ ერთი მაგალითი: მართლაც სჯერათ, რომ ხელისუფლება ყველაფერს პუტინის დავალებით აკეთებს. ახალი თეორია წამოაყენეს: ხელისუფლება მედიასაც იმიტომ უტევს, რომ თავად ღიად ვერ ბედავს დასავლურ კურსზე უარის თქმას (ეტყობა, "ნაცების" ეშინია) და უნდა ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამყაროს, რომ მერე დასავლეთმა თავად გვითხრას უარი და არჩევანი მარტო ევრაზიულ კავშირზე შეჩერდესო. თან ამ ვერსიას ისეთი ადამიანებიც ავითარებენ, საკუთარ თავს ექსპერტებს რომ უწოდებენ და ლოგიკურ აზროვნებაზე პრეტენზია აქვთ. მინდა მათ ვკითხო: თუ ეს ლოგიკა სწორია, მაშინ რა გამოდის - 2007 წელს, ბუქარესტის სამიტის წინ, როცა ყველაზე კარგი შანსი გვქონდა მაპ-ის მიღების, სააკაშვილი რომ სპეცრაზმით "იმედში" შევარდა და ავტორიტარიზმის დამყარებას ჩაუყარა საფუძველი, ისიც პუტინის დავალებით მოქმედებდა, რომ ჩვენთვის მაპ-ი არ მოეცათ? თუ ეს ლოგიკა მხოლოდ ივანიშვილის შემთხვევაში მუშაობს და სააკაშვილის - არა? სააკაშვილი კარგი კაცი იყო, ამას არ იკადრებდა და ივანიშვილი ცუდია და ამიტომ კადრულობს? ესაა თქვენი ლოგიკა?!

ნეტავი კიდევ რა უნდა ჩაიდინონ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ თქვენ სარკეში რეალური სურათი დაინახოთ?!

ჟურნალისტების სათქმელი

სიმართლე გითხრათ, შემეცოდა გვარამია მიშას ხელში... ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-ის მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ რომელიმე პარტიას ან იდეოლოგიას უჭერს მხარს, არამედ ის, რომ მისი რეალური მესაკუთრე არის კონკრეტული პარტია და მისი ლიდერი (და არა ვინმე ყარამანიშვილი, რომელსაც, მგონი, სახეზე თანამშრომლებიც ვერ ცნობენ) და ეს პარტია ყოველთვის ეცდება ჟურნალისტებისა და მათი საქმიანობის მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენებას. ამიტომ ახლა მაინც გადამწყვეტი სიტყვა ჟურნალისტებმა უნდა თქვან და არა გვარამიამ.

2007 წლის მოვლენების დროს "იმედის" ჟურნალისტებიც დავდექით ანალოგიური გამოწვევის წინაშე, როდესაც ჩვენი მეპატრონე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე გახდა და იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც პატარკაციშვილი-კოდუას საუბრის გამოქვეყნების შემდეგაც დავრჩით ტელევიზიაში, მივიღეთ რადიკალური, შეიძლება დღესაც ბევრისთვის საკამათო, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთადერთი პრინციპული გადაწყვეტილება - მხარი დავუჭირეთ საინფორმაციო გამოშვებების შეჩერებას და შემდეგ მესაკუთრესთან მოლაპარაკებების დროს პრინციპულად ვიცავდით პოზიციას, რომ არ გავიდოდით ეთერში, ვიდრე ჩვენი მეპატრონე პოლიტიკოსი იქნებოდა. ამით არხის მესაკუთრეს არ მივეცით საშუალება, გაურკვეველი მიზნებისთვის გამოვეყენებინეთ და ამით საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდი სამოქალაქო დაპირისპირებაც ავიცილეთ თავიდან. ჩვენ არ დაგვიწყია იმის მტკიცება, რომ ბადრი პატარკაციშვილი ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელებს მხოლოდ რჩევებს აძლევდა და ჩვენთან არაფერ შუაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ტელევიზიის მესაკუთრე ვინმე ჯაოშვილი იყო.

არ ვამბობ, რომ დღეს ისეთი ვითარებაა, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმაც იგივე უნდა გააკეთონ-მეთქი, მაგრამ ინიციატივა აუცილებლად საკუთარ ხელში უნდა აიღონ და არ ითვალთმაქცონ, რომ ვითომ ეს ტელევიზია მიშასი არ არის! მივესალმები მათი საინფორმაციო სამსახურის იდეას, რომ შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მათ სარედაქციო პოლიტიკას მონიტორინგს გაუწევს.