"გვახსოვს ის დაწყევლილი 7 ნოემბერი" - კვირის პალიტრა

"გვახსოვს ის დაწყევლილი 7 ნოემბერი"

"რიყეზე სასტიკად გაგვისწორდნენ სპეცრაზმელები. უდანაშაულო ადამიანებს სისხლით გვაზღვევინეს კეთილი ნების გამომჟღავნება"

"ასე დაიწყო დიქტატურა ქვეყანაში. ასე დაიწყო ბრეჟნევიზაცია, რის შემდეგაც ქვეყანაში ყველა ცენტრალური არხი ერთ ხმაში ლაპარაკობდა და ლოცულობდა ბელადზე"

ზოგიერთი პოლიტიკოსი დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან პარალელს ავლებს და ეს საზოგადოების დიდ ნაწილს აღიზიანებს. განსაკუთრებით ისინი არიან აღშფოთებული, ვინც 8 წლის წინ იწვნია მაშინდელი ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაციის სისასტიკე და იარებს დღესაც იშუშებს. 8 წლის წინ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიდი უფსკრული გაჩნდა. სამწუხაროდ, მაშინდელმა პირველმა პირებმა ამ უფსკრულის ამოვსებაზე არ იზრუნეს, რაც 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამით დაგვირგვინდა.

ნიკა დიდიშვილი, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას დაზარალებული: - ჩემთვის მძიმე გასახსენებელია 7 ნოემბერი. ამ დღეს ხელისუფლება რიყეზე შეკრებილ მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა.

ამას წინათ ნიკა გვარამია იხსენებდა, 2007 წლის 7 ნოემბერს გადატრიალებას აპირებდნენო და ეს მოვლენა რატომღაც დღეს არსებულ მდგომარეობას შეადარა, რაზეც გამეცინა. ეს კაცი რეალობას მოწყვეტილია. ჩვენ რიყეზე იმ მიზნით არ მივსულვართ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოგვეხდინა.

აქციაზე ხალხი არსებული ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოსახატავად მივიდა. პირადად მე და ჩემ გვერდზე მყოფ ადამიანებს: გიორგის, ვახოსა და სხვებს სასტიკად გაგვისწორდნენ სპეცრაზმელები. უდანაშაულო ადამიანებს სისხლით აზღვევინეს კეთილი ნების გამომჟღავნება. როგორც ალტერნატიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, ზონდერმა სპეცრაზმელებმა სიცოცხლისათვის საშიში კინეტიკური ენერგიის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. სტრასბურგის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადგინა, რომ გამოყენებულ იქნა მსოფლიოში აკრძალული დუმ-დუმის ტყვიები, რომელსაც თურმე დათვებზე სანადიროდ იყენებენ. მეც, გიორგიც და ვახოც ამ ტყვიებით დავიჭერით.

მას შემდეგ ვეძებთ სამართალს, ჩვენი საქმე სტრასბურგში იყო გაგზავნილი, მაგრამ... რასაც მივაღწიეთ, ის არის, რომ წელს სამივენი დაზარალებულად გვცნეს. სამივეს ქვედა რბილი ქსოვილი მძიმედ დაგვიზიანდა, გადაადგილებას ვერ ვახერხებდით, იყო ქვედა კიდურების დაკარგვის საშიშროებაც. მე მქონდა როგორც მოტეხილობა, ასევე დამწვრობაც და ექიმები ვერ ადგენდნენ, რამ გამოიწვია ეს. დაზარალებულები უმძიმეს მდგომარეობაში მიგვიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში. ორივე წვივზე მთლიანი კუნთი გაგლეჯილი მქონდა და დღესაც არა მაქვს მგრძნობელობა. შემდეგ ნეკროზი განვითარდა. იყო ლაპარაკი ფეხის ამპუტაციაზეც, მაგრამ მკურნალი ექიმის პროფესიონალიზმისა და ღვთის წყალობით გადავრჩი. ვახოს ორივე წვივის ძვალი ჩამსხვრეული ჰქონდა. გიორგის ცალ ფეხზე მყესები ჰქონდა გაგლეჯილი და ამპუტაციას ძლივს გადაურჩა... წლების მანძილზე ვმკურნალობდით და რამდენიმე ოპერაცია დაგვჭირდა. მე და გიორგიმ ხელჯოხი ახლახან გადავაგდეთ.

ჩვენ და ჩვენი ოჯახები ახლაც ვიშუშებთ იარებს. რომ იტყვიან, ხელახლა დავიბადეთ და საერთო ტრაგედიამ დაგვამეგობრა. ამ უბედურებამ ჯანმრთელობა შეგვირყია. არც გვეგონა, ოდესმე დამოუკიდებლად თუ შევძლებდით სიარულს. მე პირადად ჰიპერტონია დამჩემდა და ენდოკრინოლოგიური პრობლემაც მაქვს. კიდევ როდის და სად რა გამოვლინდება, კაცმა არ იცის.

ვახო კი ამ ამბავს შეეწირა, გასულ წელს უკურნებელი სენით გარდაიცვალა. 7 ნოემბერს ვერ მოკლეს, მაგრამ მისი გარდაცვალება სწორედ იმ სისხლიან დღეს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. ამ შემთხვევამდე საღ-სალამათი ადამიანი დაინვალიდდა, რასაც ძალიან განიცდიდა, მუდმივად ავადმყოფობდა, საბოლოოდ კი სიმსივნე დაუდგინეს. ვახო სიცოცხლის ბოლომდე ყავარჯნებით დადიოდა. მისი სიკვდილი იმ ხელისუფლების კისერზეა. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში ვიწექით და გვეგონა, სამშვიდობოს ვიყავით, ათას ზეწოლას, მუქარასა და ფსიქოლოგიურ წნეხს ვუძლებდით. მიუხედავად დიდი ბრძოლისა და ნერვიულობისა, სამართლიანობას ვერ მივაღწიეთ. იმდენი სტრესი გადამატანინეს, თავი ბებერი მეგონა. კეთილმა ადამიანებმა შეგვიმსუბუქეს ეს კოშმარი.

2007 წლის 7 ნოემბერი იმ ხელისუფლების შავი და სამარცხვინო დიდი ლაქაა. ეს ტრაგედია მარტო ჩვენ სამს კი არა, საქართველოს დაუჯდა ძვირად. პირადად ჩემთვის ეს იყო ტრაგედიაც და გამარჯვებაც, ვინაიდან ხალხმა ერთად დგომა შეძლო და იმ საშინელებას შეეწინააღმდეგა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ერქვა. ვისურვებდი, საქართველოში აღარასოდეს გათენებულიყოს ისეთი დღე, როგორიც ის დაწყევლილი 7 ნოემბერი იყო".

მერაბ მეტრეველი ჟურნალისტი: - არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორ შემოდის "იმედის" ნიუსრუმში უამრავი ნიღბიანი და აირწინაღიანი შეიარაღებული ადამიანი, გვიბრძანებენ, იატაკზე დავწვეთ. ვწვებით... მაშინ პრაქტიკანტები გვყავდა, ძირითადად, გოგონები. ძალიან შეშინდნენ, ტიროდნენ. ტელევიზორს ვერ ვუყურებდით, რადგან იატაკიდან თავის აწევის უფლება არ გვქონდა. მოგვიანებით ვნახე, რა ხდებოდა სტუდიაში, როდესაც ჩვენ იატაკზე დაწოლა გვაიძულეს - გიორგი თარგამაძე ეთერიდან ამბობს, მგონი, მოვიდნენო და კამერა ითიშება. ეს კადრი არის სიმბოლო იმისა, რაც მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს. 21-ე საუკუნის საქართველოში ტელევიზიას რომ სპეცრაზმით არბევ, ამაზე დრამატული რა უნდა იყოს? ამის შემდეგ დანარჩენი ყველაფერი დეტალია.

ეს ჟესტი არის ყველაზე მძაფრი, ყველაზე რადიკალური. ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა, გამხდარიყო ევროპის ნაწილი, მოიქცა ისე, როგორც ევროპაში, სულ ცოტა, მიუღებელია. იმედია, ასეთი რამ აღარ განმეორდება. იმის გამო, რომ ყველაფერს ვაშუქებდით, გვედავებოდნენ, თითქოს სახელმწიფო გადატრიალებაში ვმონაწილეობდით. არადა, სინამდვილეში ამ აბსურდული საბაბით ძალადობრივად დახურეს ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა.

ასე დაიწყო დიქტატურა ქვეყანაში. ასე დაიწყო ბრეჟნევიზაცია, რის შემდეგაც ქვეყანაში ყველა ცენტრალური არხი ერთ ხმაში ლაპარაკობდა და ლოცულობდა ბელადზე..."

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი:

- ფიზიკური ძალადობა ხალხზეც და მედიაზეც არის პოლიციური რეჟიმის დამყარების მცდელობა, რამაც უმძიმესი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. რვა წლის წინ, 7 ნოემბერს, ხალხის დარბევის დროს, სხვა უამრავ უმძიმეს ვიდეოკადრთან ერთად,

ყველამ ვნახეთ, ყვითელ საწვიმარ უნიფორმებში გამოწყობილმა ხელკეტებიანმა ძალოვანებმა როგორ სცემეს კაცს, რომელსაც ვაჟი გადაეფარა დასაცავად. ეს კადრი დარჩა ადამიანების ცნობიერებაში, რადგან ეს არის ვიზუალურად მოცემული ხატი, რომელიც ასახავს არსებულ ვითარებას. მისი შედეგია უკვე არსებული შედეგები, ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არჩევნები ვერ მოიგო.

ხალხი მათ დაძახილზე აღარ გავა ქუჩაში, რადგან როგორი მოკლეც უნდა მოგეჩვენოთ ხალხის მეხსიერება, ის ძალიან ღრმაა და კონკრეტულ, კრიტიკულ მომენტში შესაბამის იმპულსებს იღებს მეხსიერების შორეული სიღრმიდან.

ამ მეხსიერებას არ ახსოვს 7 ნოემბრის გამო ბოდიშის მოხდა, რომელიც სიტყვით შესაძლოა, არც თქმულიყო, როგორც ბოდიში, მაგრამ ქმედებებით გვეგრძნო. უამრავი ფაქტორიდან გამომდინარე, ახლაც არ იგრძნობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ"" გააცნობიერა, 7 ნოემბერს რა ჩაიდინა. ხშირად ამბობენ ხოლმე, კარგიც ხომ გააკეთესო და ამაზე ბავშვისა და ნაბანი წყლის ამბავი მახსენდება. კარგია ბავშვის დაბანა, მაგრამ მერე ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გააყოლო. კარგი თუ კეთდებოდა, ის კარგი ცუდს გადააყოლეს.