"მათ პიროვნულად ვძულვარ"
01-03-2010
"სააკაშვილი იძულებული გახდება, მერის სავარძელი ქუჩაში გამოიტანოს და მოგვართვას"

ნოღაიდელის მონაწილეობით ოპოზიციის გაერთიანების მცდელობად მონათლული უცნაური მანევრის ავტორად ლევან გაჩეჩილაძე დასახელდა. შესაბამისად, მას დაჰბრალდა ალასანიას შეცდომაში შეყვანა და "ჭაობში ჩათრევა". ამიტომაც ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნის შესახებ "მთავარ დამნაშავეს" ლევან გაჩეჩილაძეს ვესაუბრეთ:

- პოლიტიკაში თერთმეტწლიანი საქმიანობის შედეგად არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების გამოცდილება დამიგროვდა. ყველა ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ ის პარტიებიც, რომელთა ლანძღვის ობიექტიც დღეს სრულიად უსაფუძვლოდ გავხდი. ეს პარტიები ვერც ჩემზე მეტი
გამოცდილებით დაიკვეხნიან და არც ჩემზე დიდი შედეგები ჰქონიათ არჩევნებზე. ვილანძღები იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას შევთავაზე არა სახელდობრ "ალიანსის", არამედ ეროვნული ლიდერი გამხდარიყო. ამის მიღწევა კი მხოლოდ ოპოზიციის ერთობით შეიძლება. 

ირაკლის ეს ნაბიჯი სულაც არ ნიშნავს "ალიანსიდან" მის წასვლას. თუ "ალიანსის" ზოგიერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ალასანია
ხელიდან გაუსხლტათ, ეს ნიშნავს, რომ გამოჭერილი ჰყოლიათ. თუ კაცს გამოუცდელს უწოდებ და არ ენდობი, ლიდერად რაღად ირჩევ?

- ალასანიასთვის ეროვნული ლიდერობის შეთავაზებით უარს ამბობთ, კონკურენცია გაუწიოთ მას, თუ შეთანხმდით, რომ ერთი თქვენგანი მერი გახდება, მეორე კი - პრეზიდენტი?

- ზოგიერთი ამბობს, აქციებით არაფერი მოგვიპოვებიაო, არადა, პირდაპირი წესით მერის არჩევა სწორედ ჩემი თავის ხეთქის შედეგია, მაშინ როდესაც ზოგი უვნებელი და თეთრი ხელთათმანებით გამოვიდა ბრძოლიდან. ადგილობრივი არჩევნები ამ რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისია. არსებულ რეჟიმს აღარა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის უნარი. სააკაშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა, მისთვის ყველა ქვეყნის კარი დაიხურა. იზოლაციისკენ მივდივართ. ასეთ ვითარებაში მერის არჩევნები ეროვნული ლიდერის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს.  

- ე. ი. კიდევ არ გადაწყვეტილა, ვინ იქნება ლიდერი?
- მხოლოდ ის არის გადაწყვეტილი, რომ ირაკლიმ მარჯვენა ხელი უნდა მოჰკიდოს "ალიანსს", მარცხენა ხელი ე. წ. პრაიმერისტებს და ერთად გამოვავლინოთ ერთიანი ლიდერი. თუ ისინი არ ჩაერთვებიან ამ მოლაპარაკებებში, საბოლოოდ მე და ირაკლი ალასანია მაინც მოვილაპარაკებთ, თუ როგორ გამოვავლინოთ ლიდერი. არანაირი ამბიცია არ მამოძრავებს. მინდა, საზოგადოებამ ისევ გაიღვიძოს და გამარჯვება ირწმუნოს. რწმენის დაბრუნება გამარჯვებას უდრის.

- ჭადრაკის სასახლეში ცრემლი ამიტომ მოგადგათ თვალზე?

- ეს სიხარულის ცრემლი იყო, რადგან ერთობისთვის ხალხის განწყობა დავინახე მაშინ, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მლანძღავდა როგორც პოლიტიკოსს. ვისაც ხელი მოვკიდე და პოლიტიკურ ველზე გამოვიყვანე, იმათ დამიწყეს გინება. მათ პიროვნულად ვძულვარ. იმის გამო, რომ ხალხმა ჩემი წინადადება მიიღო, სიძულვილით აივსნენ. დავით ბერძენიშვილმა ისიც კი გაიხსენა, ლევან გაჩეჩილაძემ სამგორში წააგოო. სამგორში იმდენი ხმა ავიღე, რაც მთელმა რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოში. სამგორშიც იმიტომ წავედი, რომ ოპოზიციის ლიდერი ვიყავი და ყველაზე რთულ უბანზე უნდა მებრძოლა.

სამგორში ჯარისკაცები დარაზმეს. ეს განზრახვა წინასწარ ვიცოდი, მაგრამ ბრძოლაზე ხელი არ ამიღია. არ მინდა ოპონენტების ღვარძლიან განცხადებებს ვუპასუხო. ამაზე მაღლა შემიძლია დადგომა. დღეს, როცა საქართველო იღუპება. ამ რეჟიმის დატოვება იმის გარანტია იქნება, რომ ჩვენს შვილიშვილებს ქართული პასპორტი აღარ ექნებათ. ხელისუფლების კონტროლირებადი მედია ახალგაზრდობას მენტალიტეტსა და ფასეულობებს უცვლის. "ახალ მემარჯვენეებს" რომ ვტოვებდი, ცრემლი მაშინაც ჩამომივარდა. წამოვედი და პარტია დათოს ჩავაბარე.

- მაგრამ ოპოზიციის გაერთიანების კონტურები არ ჩანს. "ალიანსი", "ფორუმი" და სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, სადაც ნოღაიდელია, ჩვენი ადგილი იქ არ არისო.
- ყველა ამ პოლიტიკურმა ძალამ კარგად იცის, რომ ერთიანი კანდიდატის გამოვლენის საქმეში ნოღაიდელის მნიშვნელობა და როლი ძალზე მცირეა. როგორ შეუძლია ერთ პარტიას რომელიმე სხვა პარტიას აუკრძალოს, პრაიმერს არ დაუჭირო მხარიო. ნოღაიდელს ხმის მიცემა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ხომ არ უნდა ავუკრძალოთ? დარწმუნებული ვარ, ნოღაიდელი არც მიიღებს ეროვნული ლიდერის, მერის კანდიდატურის გამოვლენაში მონაწილეობას.

- ნოღაიდელის ან თუნდაც რუსული ფულის ფაქტორიც უნდა გამოვრიცხოთ?

- ფულის თემა თითიდან გამოწოვილია მაშინ, როდესაც საქართველოში მილიარდზე მეტი რუსული ფულია შემოსული ხელისუფლების წყალობით.
ყველა ლიდერის გასაგონად ვამბობ: ფული პოლიტიკაში საჭიროა, მაგრამ არ გვჭირდება ისეთი ფული, რომელიც რაიმე ვალდებულებებს დაგვაკისრებს. არც ერთ ოპოზიციურ ლიდერზე არ ვიფიქრებ, რომ ის ფულის გამო დაივალდებულებს თავს ვინმესთან. ეჭვიანობა ერთიანობას ყოველთვის ანგრევს. რადგან ჩემზე ეჭვიანობ, ე.ი. პოლიტიკურად მე უფრო გეზიზღები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. დღეს კი პრიორიტეტული მისი მოცილებაა.

- ითქვა, რომ საგურამოში ბიძინა გეგიძის აგარაკზე სააკაშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე გიმსჯელიათ.
- ამაზე ბიძინას აგარაკზე კი არა, სხვა დროსაც გვილაპარაკია, მაგრამ პრიორიტეტული თემა ამჯერად საერთო კანდიდატზე შეთანხმება იყო. ვმსჯელობდით იმ პრობლემებზეც, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა. ხალხი გაშმაგებული უყურებს "კავკასიას". ეს ტელევიზია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალზე სუბიექტური იყო. მთელი კვირა ჩემზე ლაპარაკობდნენ და ერთხელაც არ მივუწვევივარ ვინმეს. დავით აქუბარდია, ეტყობა, ჩემზე გაღიზიანებულია. მიუხედავად ამისა, ხომ შეუძლია გადაცემაში მაინც მიმიწვიოს, ბოლომდე გამწუროს, ყველა კითხვა დამისვას და პასუხის გაცემის საშუალება მომცეს. ცეცხლი, რომელიც ტყუილად დაინთო ოპოზიციაში, უნდა ჩაქრეს.  

- სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ახსენა, პოლიტიკოსები მზად არიან ქართველების სისხლით დასვრილი ჩექმაც კი აულოკონ მტერსო.
- რუსული ჩექმა, შულავრის კომიტეტი და ყვირილი, რუსები მოდიანო, პროპაგანდაა იმისათვის, რომ ლევან გაჩეჩილაძესა და მის მეგობრებს რუსეთის აგენტობა დააბრალოს და თვითონ სავარძელში დარჩეს. ჭკვიანი პრეზიდენტი სარკოზის მექრთამეს უწოდებდა? ან გამოაცხობდა წერილს ჩრდილოკავკასიელებისთვის, რომ მათ რუსეთის გვერდის ავლით ელაპარაკოს?

- ზოგისთვის თქვენ ხართ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არჩევნებისთვის კი არა, ჭექა-ქუხილისთვის ემზადებიან.
- როდესაც არ არის კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, ეს უკვე ნიშნავს არჩევნების გაყალბებას, რადგან ამ გარემოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსხვავებული მდგომარეობა აქვთ. თბილისი პატარა ქალაქია, ხალხი ისედაც გაიგებს, ვინც გაიმარჯვებს. თუ ოპოზიციონერმა გაიმარჯვა და ხელისუფლებამ გამარჯვებულად უგულავა გამოაცხადა, ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ შეძლებს ხალხის უკმაყოფილების შეჩერებას, რადგან მესამედ წაართმევენ თავისუფალი არჩევანის უფლებას. ვისაც გამარჯვება უნდა, გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ჩვენ არა ვართ ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც მხოლოდ სამსახურად აქვთ ოპოზიციაში ყოფნა. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდება, მერის სავარძელი ქუჩაში გამოიტანოს და მოგვართვას.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?